მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სარკინიგზო რეალობა - სამუშაოები 70 მეტის სიმაღლეზე დამცავი აღჭურვილობის გარეშე - 28 თებერვალი 2018

„რკინიგზაზე დასაქმებულ ადამიანებს, მინიმალური სახელფასო ანაზღაურების სანაცვლოდ, ხშირად უწევთ ისეთი მძიმე სამუშაოს შესრულება, რომელიც საფრთხის ქვეშ აგდებს მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“

ufleba.ge

რკინიგზის დეპარტამენტს ლოჭინის ძველი სარკინიგზო ხიდის დემონტაჟის დროს თანამშრომლების უსაფრთხოების დაცულობასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. საუბარია თბილისის შესასვლელში სარკინიგზო ხიდზე მიმდინარე სამუშაოებზე, რომლის კადრები თვითმხილველებმა გადაიღეს და „კურიერს“ გადასცეს. ვიდეომასალაში კარგად ჩანს, რომ რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე მუშები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე მუშაობენ. დემონტაჟი რამდენიმე დღეა, დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე მიმდინარეობს.  რკინიგზასა და ჯანდაცვის სამინისტროში ახლა დაწყებულია მოკვლევა იმის დასადგენად, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ადამიანების უსაფრთხოებასა და სიცოცხლეზე.

შრომის უსაფრთხოების კანონი, რომელმაც დასაქმებულთა უფლებები და სიცოცხლე უნდა დაიცვას, 2 კვირის წინ დაამტკიცა პარლამენტმა. სამოქალაქო სექტორის შეფასებით დოკუმენტი სრულად ვერ ასახავს საჭიროებებს და ის ისევ დასახვეწია. განსაკუთრებით კი ინსპექტირების კუთხით. არსებული ბარიერები კი მის ეფექტურობას ამცირებს.

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარეს, ვიტალი გიორგაძეს ესაუბრება:   

- გავრცელებული ვიდეოკადრების შემდგომ, უკვე საზოგადოებისთვისაც გახდა თვალსაჩინო, საქართველოს რკინიგზაში არსებული ის მძიმე რეალობა, რაზედაც რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი წლებია ამახვილებს ყურადღებას.

რკინიგზაზე დასაქმებულ ადამიანებს, მინიმალური სახელფასო ანაზღაურების სანაცვლოდ, ხშირად უწევთ ისეთი მძიმე სამუშაოს შესრულება, რომელიც საფრთხის ქვეშ აგდებს მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

რკინიგზის ტოპ-მენეჯმენტი, გავრცელებულ ვიდეოკადრებს კვლავ არაადეკვატურად გამოეხმაურა! ისევ უარი ეთქვა დასაქმებულების წარმომადგენლებს, პროფკავშირს, მონაწილეობა მიეღო არსებული პრობლემის ძირეულ კვლევაში და მიიღო ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც რეალურად ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში კომპანიისა და იქ დასაქმებული ათიათასობით რკინიგზელის კეთილდრეობას.

ადმინისტრაციამ საშუალო რგოლის მენეჯერების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

მომხდართან დაკავშირებით რკინიგზელთა ახალი პროფესიულ კავშირი დეტალურად ფლობს ინფორმაციას და შესაბამისად, მიაჩნია რომ მიღებული გადაწყვეტილებები გახლავთ რეალური დანაშაულის მიჩქმალვა.

ადგილი აქვს მცდელობას, ჯოხი გადატეხონ ადამიანებზე, ვისი ბრალეულობაც მხოლოდ ის გახლავთ, რომ უსიტყვოდ და მონური მორჩილებით ასრულებენ ტოპ-მენეჯმენტის ბრძანებებს. უწევთ გარისკონ არა მარტო საკუთარი, არამედ თავიანთი კოლეგების სიცოცხლე.

ლოჭინის ძველი ხიდის დემონტაჟის ამსახველ ვიდეოსთან დაკავშირებით სს „საქართველოს რკინიგზა“ განმარტავს:

„ლოჭინის ხიდზე მიმდინარე ლიანდაგის ზედნაშენის დემონტაჟის გეგმიური სამუშაოების წარმოების დროს ვიზულარი დაკვირვებითაც კი იკვეთება რკინიგზაში მოქმედი უსაფრთხოების ინსტრუქციების დარღვევა.

პროფესიული და სამსახურებრივი პასუხისმგებლობის გრძნობის გათვალისწინებით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს ხელოვნურ ნაგებობათა ცენტრის უფროსმა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა აღნიშნულ სამუშაოებს.

ამასთან, რკინიგზაზე მოქმედი შრომის შინაგანაწესის შესაბამისად გაფრთხილება გამოეცხადათ აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს უფროსს, მის მოადგილეს ხელოვნურ ნაგებობათა დარგში და ამავე სამმართველოს მთავარ ინჟინერს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირისთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს რკინიგზას ფიზიკურად არ გააჩნია უსაფრთხოების ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები, რომელიც აუცილებელია მსგავსი ტიპის სამუშაოების შესასრულებლად. მეტიც, ამ აღჭურვილობის შეძენისთვის რკინიგზის ბიუჯეტში მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული.

მთელი ამ ხნის განმავლობაში, სწორედ ქვედა რგოლის ხელმძღვანელებისა და პროფესიონალი რკინიგზელების დამსახურებით, რიგითი ზეინკლების, ლიანდაგის მონტიორებისა და სავაგონო მეურნეობის მუშათა თანამონაწილეობით ხდებოდა, ისედაც მიზერული ხელფასიდან, ერთობლივი ძალისხმევით სამუშაო იარაღების, სპეც ხელთათმანების თუ სხვა დამცავი საშუალებების შეძენა. 

მივმართავთ დასაქმებულებს და მათ უშუალო ხელმძღვანელებს:

ნუ გახდებით მსხვერპლნი მანკიერი გარიგებების, ჩვენც რკინიგზელები ვართ და წლების წინ, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სწორედ იმ მიზნით ჩამოვაყალიბეთ ყველამ ერთხმად, რომ რკინიგზელებს ღირსება აღვედგინა. ღირსება, რომელიც ყოველთვის გვქონდა და ყოველთვის იმაზე მეტად გვიღირდა, ვიდრე ჯამაგირი!

ჩვენ, რკინიგზელებმა, ყველამ კარგად ვიცით, რა ელის სამმართველოს უფროსს თუ უშუალო ბრიგადირს, რომელიც დირექტორთა საბჭოს, მუშისთვის ხელთათმანს მოსთხოვს! 

კარგად ვიცით, რომ საწარმოო შემთხვევები, ყოველთვის ჩვენს გვერდით გარდაცლილ მუშებს ბრალდება!

ვიცით, რომ პრობლემა სისტემურია და ვიცით, რომ ეს სისტემა რკინიგზაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინგრეს!

ვალდებულნი ვართ გავერთიანდეთ ამ საერთო მიზნის მისაღწევად! იქნება სოლიდარობა?! ყველაფერი გამოვა!

- ლოჭინის ხიდის მშენებლობის ვიდეოკადრებში კონკრეტულად რა იკვეეთბა?

- ვიდეოში ჩვეულებრივად ჩანს, რომ ადგილზე აწარმოებენ სამუშაოებს, სადაც უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები დაცული არ არის. არ აქვთ სპეციალური აღჭურვილობა და ინსტრუქტაჟი გავლილი არ აქვთ, რაც პირდაპირ სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაა. ადამიანები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე ასეთ რთულ სამუშაოს ასრულებენ.

როგორ აღვნიშნეთ, რკინიგზის დეპარტამენტმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება კი მოახდინა, მაგრამ ის ადამიანები მოხსნა (ჯოხი მათზე გადატეხა), რომელთა რეალური დანაშაული ის გახლავთ, რომ უბრალოდ მონურ პირობებში მყოფნი, ყველაფერში ზემდგომ პირებს ემორჩილებიან.

- რას გულისხმობთ?

- იმას ვგულისხმობ, რომ თვითონ რკინიგზას შეძენილი არ აქვს მსგავსი აღჭურვილობა და ჩემთვის გაუგებარია ამ ადამიანებს რას თხოვდნენ. ბრძანება გაიცა, რომ აქ სამუშაოები შესრულებულიყო და ხელმძღვანელმა, დირექტორმა შესანიშნავად იცოდა, რომ ამ სამუშაოს შესაბამისი აღჭურვილობა სჭირდებოდა; და ეს ყველაფერი უბრალოდ არ ჰქონდათ, რკინიგზა ამას არ ყიდულობს.

უფრო მეტიც, თვითონ ეს უფროსები, ვინც დაისაჯნენ (უშუალოდ ხელმძღვანელები),  სისტემატურად, ყოველ თვეში თავიანთი და მუშების ხელფასებიდან, მაგალითად, თვეში 50 ლარს სწირავენ, რომ აღნიშნული სპეცტანსაცმელი, ხელთათმანი და მსგავსი რაღაცები შეიძინონ. 

როგორც რკინიგზაში ხდება ხოლმე, შეპირდნენ ამ ადამიანებს, რომ ახლა თქვენ დაისჯებით, მაგრამ შემდგომში ჩვენ ამას გავითვალისწინებთო. ანუ, ოღონდ მათზე, უშუალოდ დირექტორატზე არ მიმართულიყო პასუხისმგებლობის საკითხი და მათ უშუალო ხელმძღვანელები გადაეფარნენ, რომლებიც ამ საქმეში რეალური დამნაშვეები არ არიან. 

სამწუხაროდ, სისტემური პრობლემაა, რომ რკინიგზაში ასეთ მართვასთან გვაქვს საქმე. არ გამოვრიცხავ, რომ ის რამდენიმე ადამიანი, ვინც დანაშაული საკუთარ თავზე აიღო, ცოტა ხანში უფრო დიდ თანამდებობაზე ვიხილოთ; რადგან მათ ზემდგომი ადამიანი რეალურად გადაარჩინეს.

- ასეთ პირობებში მუშაობამ ადგილზე რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს?

- სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს, დაღუპვა, რომელიც არსებულ რეალობაში ყოველთვის დასაქმებულს ბრალდება ხოლმე. სამწუხაროდ, რაც კი მსგავსი შემთხვევები გვქონია, მხოლოდ და მხოლოდ დასაქმებულს ბრალდება ადგილზე გამოწვეული შედეგები. ვისაც რეალურად ეკუთვნის პასუხისმგებლობა, ისინი ამ ყველაფერს თავიდან იცილებენ.

- სადღეისოდ, სისტემაში საშუალო ხელფასი რამდენია?

- საშუალო ანაზღაურება რკინიგზაში 500-600 ლარია.

-  საქართველოს რკინიგზას რომ ფიზიკურად არ გააჩნია უსაფრთხოების ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებები, რომელიც აუცილებელია მსგავსი ტიპის სამუშაოების შესასრულებლად, ეს მდგომარეობა რით არის გამოწვეული?

- ჩვენ, დავუშვათ, ნანახი გვაქვს რკინიგზის ბიუჯეტი, სადაც რეალურად გაწერილია, რომ დეპარტამენტმა უნდა შეიძინოს ეს საშუალებები, აღნიშნული შესყიდვები წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. თუმცა პრაქტიკაში იმას ვხედავთ, რომ ეს ინვენტარი არ არსებობს. არ ვიცი, ამაში ფულს ზოგავენ, არ ხარჯავენ, თუ უფრო კორუფციულ გამოვლინებასთან გვაქვს საქმე. 

ეს ყველაფერი უკვე აუდიტის სამსახურის მიერ დასადგენია. ჩვენ, სამწუხაროდ, აღნიშნულ დოკუმენტაციაზე წვდომა არ გვაქვს.

-  რა ელის სამმართველოს უფროსს თუ უშუალო ბრიგადირს, რომელიც დირექტორთა საბჭოს, მუშისთვის ხელთათმანს მოსთხოვს?

- როგორც წესი, ასე ხდება, თუ უშუალო ხელმძღვანელი მის ზემდგომს სამუშაოს შესასრულებლად აუცილებელ პირობებს მოსთხოვს, ამ შემთხვევაში ეს ადამიანები ქვეითდებიან; რადგან ხელმძღვანელები მათზე ბრაზდებიან და უბრალოდ ჯიბრში უდგებიან ასეთ ადამიანებს, რომლებიც მართლა ცდილობენ, რომ დასაქმებულებზე იზრუნონ. ყველაზე ადვილ შემთხვევაში, ასეთებს ან დააქვეითებენ, ან აითვალწუნებენ. 

ამიტომ უშუალო ხელმღვანელები ერიდებიან მათივე უფროსებთან პრიციპულად დააყენონ ის საკითხები, რომელთა უზრუნველყოფაც ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია. ამით კი, თავის სიცოცხლესაც სწირავენ და სხვისასაც.

- რატომ არის რკინიგზაში არსებული პრობლემები სისტემური ხასიათის?

- რკინიგზაში ყოველთვის ასეთი მართვაა, სამწუხაროდ, ეს რეალობა დღესაც გრძელდება. რკინიგზა დიდი, საკმაოდ შემოსავლიანი ორგანიზაციაა, ძალიან ბევრი ინტერესებია და, შესაბამისად, პრობლემური გამოვლინებები ტრადიციად არის დამკვიდრებული. რეალურად, ვერ კონტროლდება ამ სისტებით, რა სისტემითაც დღეს რკინიგზას ხელმძღვანელობენ. 

აქ ბიუროკრატიკულ სისტემასაც ვგულისხმობ და საკმაოდ ბუნდოვან ფინანსურ მენეჯმენტსაც.

- როგორ უნდა დაინგრეს ეს სისტემა (რაზეც საუბრობთ), გამოსავალი სად არის?

- რკინიგზის მართვის მენეჯმენტის უამრავი მოდელი არსებობს, იგივე, დავუშვათ დასავლური მოდელები, თუნდაც ჩვენი ძველი საბჭოური მოდელი. უბრალოდ, ადმინისტრირებაა საჭირო და კანონის დაცვა არის აუცილებელი. ადამიანები, რომლებიც დანაშაულს ჩაიდენენ, უნდა იყვნენ დასჯილები.

მთავარი პრობლემა სწორედ ის გახლავთ, რომ რკინიგზაში არავინ პასუხს არ აგებს, აქ ჩადენილი დანაშაული არ ისჯება. ეს ყველაზე დიდი პრობლემაა და შედეგიც სახეზეა.

- ამ შემთხვევაში დეპარტამენტის ხელმძღვანელობის პასუისხმგებლობის საკითხი რა დონეზე დგას?

- ჩვენ ეს საკითხი ცალსახად დავაყენეთ, თუმცა, როგორც ვნახეთ, ისევ მთელი ტვირთი დაბალი რგოლის ხელმძღვანელობაზე გადავიდა. 

არსებულ მდგომარეობას მოქალაქეებიც ეხმაურებიან:

დათო გოჩავა: „დიდი ტვინიც არაა საჭირო მიხვდე, „საქართველოს რკინიგზის“ მომავლით რეალურად ვინ არის დაინტერესებული. ფაქტია, რომ ბოლო წლებში არაკომპეტენტურობამ და კორუფციამ წარმოუდგენელ სიმაღლეებს მიაღწია და ამას „სახელმწიფო“ უჭერს მხარს. „საქართველოს რკინიგზა“ ერთ-ერთ ყველაზე არაეფექტიან სარკინიგზო საწარმოდ ჩამოყალიბდა რეგიონში. ასე იქნება დიდი ხანი, თუ არ შეიცვლება რკინიგზის მართვის ფილოსოფია და ხერხები. იმას, რასაც მოქმედი დირექტორთა საბჭო აკეთებს, სახელმწიფო ინტერესების უგულვებელყოფა ჰქვია - მხოლოდ პირადი ინტერესები განსაზღვრავს მის მოქმედებას. შეიძლება ამ ყველაფრის შეცვლა, თუ რკინიგზელები ერთად დავდგებით - არ არის ეს ძნელი და რთული. ერთხელ მაინც ვცადოთ, იქნებ გამოგვივიდეს! ვინც დღეს რკინიგზას მართავს, მართლა არ აქვს რაიმეს შეცვლის შანსი“.

უჩა ღვთისიაშილი: „ვერ ელევიან მაგ გუნცაძე-ცაგურია-კაციტაძეებს და ხორავას. თუ ეგენი არ გაუშვეს, მაშინ ბრძოლაა საჭირო, რომ მათნაირებისგან გათავისუფლდეს რკინიგზა. მათი ბოგინი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რკინიგზაში, ისე არაფერი გამოვა“.

გიორგი ბაბუნაშვილი: „აბა, უჩა თავის შვილს ხომარ დასჯის. თავებს რომ იშტერებენ, ვითომ არ იციან, მუშებს რომ არანაირი უსაფრთხოება არა აქვთ. იტყვიან რამეს და წადიო, ხომ იცით მათი პასუხი“. 

ანა მარია დ: „დიდი ხანია მოუწოდებთ გაერთიანებისაკენ. მაგრამ ადამიანებს აშინებენ და ისინიც რომ არ დაკარგონ ის მინიმალური ხელფასი, (რომელსაც ალბათ პურის ფულად იყენებენ) ჩუმდებიან“. 

ცნობისთვის, „საქართველოს რკინიგზა“ სახელმწიფოს 100%-ი წილის მქონე კომპანიაა, სადაც 13 000 ადამიანია დასაქმებული;

2017 წლის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის დასკვნის თანახმად, კომპანია ხშირ შემთხვევაში უხეშად არღვევს შრომითი უსაფრთხოების სტანდარტებს;

2016-17 წლებში გარდაიცვალა 9 და მძიმედ დაშავდა 10-ზე მეტი რკინიგზელი;

რკინიგზაში იმფრასტრუქტურას ვასილ ხორავა ხელმძღვანელობს,

მისი გადადგომის მოთხოვნით კი, რკინიგზელები 18 დღე უშედეგოდ შიმშილობდნენ.

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია