მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა პეტიციებით მიმართავენ მოქალაქეები მთავრობას? - 04 ივნისი 2018

„ჩართულობა საუკეთესო საშუალებაა, უკეთესი გადაწყვეტილება მომზადდეს, მეტად გაითვალისწინონ პირთა სამართლიანი ინტერესები, ვისაც გადაწყვეტილება შეეხება“

ufleba.fe

დემოკრატია ხალხის მმართველობას ნიშნავს. ხელისუფლება ვალდებულია საჭირბოროტო საკითხებზე მოქალაქეებს მოუსმინოს და გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოს. ამ ურთიერთობის ერთ-ერთი გამოცდილი გზა, მთავრობისთვის პეტიციით მიმართვაა. 

განმარტებით ლექსიკონებში ვკითხულობთ, რომ პეტიცია წერილობითი კოლექტიური თხოვნაა ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისადმი, მთავრობის მეთაურისადმი, იგივე  კოლექტიური შუამდგომლობაა, - ინტერნეტმა მნიშვნელოვნად გაზარდა და გააადვილა პეტიციაზე ხელმოწერები, ასევე, გააუმჯობესა მოქალაქეთა დიალოგი სახელმწიფო სტრუქტურებთან.

აიჩეინჯ.გოვ.ჯი მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმაა, რომლის განხორციელების ვალდებულება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს მეორე სამოქმედო გეგმის მიხედვით აიღო. ქვეყნის ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან/და მოქალაქეთა ჯგუფს შეუძლია პორტალზე პეტიციის განთავსების საშუალებით მთავრობის ყურადღება გაამახვილოს იმ საკითხზე, რომელიც მისი აზრით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მოითხოვოს ცვლილებები. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მთავრობა ვალდებულია, განიხილოს პეტიციაში აღწერილი საკითხი და რეაგირება მოახდინოს.

ვებპორტალისვე ინფორმაციით, პეტიციის გამოქვეყნებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მან უნდა 10 000 ხელმოწერა დააგროვოს. ამის შემდეგ მას მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნილი ელექტრონული პეტიციის ექსპერტების კომისია განიხილავს.  ამავე კომისიის ინიციატივით, შესაძლებელია ზოგიერთი პეტიცია საქართველოს მთავრობის სხდომამ განიხილოს.

ამ „მოთელვის“ შემდეგ გადავიდეთ ვებგვერდზე და ვნახოთ, რა საკითხებზე მიმართავენ მოქალაქეები მთავრობას რეაგირებისთვის. ანა ტიკარაძე არაჯანსაღი საკვების ბავშვებზე რეკლამირების აკრძალვას მოითხოვს. პეტიციას თანდართული აქვს გოგონას ფოტოსურათი, რომელსაც, ისედაც თავდახრილს, თვალებზე ხელი აქვს აფარებული: 

„სახელმწიფოს უნდა იზრუნოს არაჯანსაღი საკვების რეკლამირების გაკონტროლებაზე იმგვარად, რომ ეს ბავშვებზე გამიზნული არ იყოს. ისევე, როგორც კონტროლდება ალკოჰოლსა და სიგარეტზე - 21.00 საათამდე ტელევიზიით და საზოგადო ადგილებში არ იყოს არაჯანსაღი საკვების რეკლამები. სადღეისოდ არანაირი საშუალება არ არის ავარიდოთ ბავშვებს არაჯანსაღი საკვების რეკლამების ყურება, გარდა იმისა, რომ ხელი ავაფაროთ თვალებზე. დროა ბავშვების ჯანმრთელობა უპირველეს მიზნად დავისახოთ. თითოეულის აქტიურობა და ჩართულობა მნიშვნელოვანია, ერთად შევცვლით გარემოს“. 

ამ დროისთვის, განსახილველად საჭირო 10 ათასიდან, პეტიციას მხოლოდ 5 ხელმოწერა აქვს. 

შემდეგი ავტორი ჯორჯ მაარე პოლიეთილენის პარკების მოხმარების სრულად აკრძალვას ითხოვს, ჯერჯერობით 10 ხელმომწერი ჰყავს.  

აღსანიშნავია, რომ მთავრობა პეტიციაზე 10 ათასი ხელმოწერის შეგროვებას არ დაელოდა და ამის გარეშეც პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირებას გეგმავს. გარემოს დაცვის სამინისტრომ ახალი ინიციატივა შეიმუშავა, რომელიც მალე მთავრობაში  დასამტკიცებლად შევა. ვერაფერს გეტყვით, მთავრობის წარმომადგენლებს აიჩეინჯ.გოვ.ჯი-ზე ჯორჯ მაარეს პეტიცია ნანახი აქვთ თუ არა. 

მარინა სუდაძე ითხოვს, რომ საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს,  22 ლარის ნაცვლად 300 ლარი განესაზღვროთ:

„22 ლარი არაადეკვატური თანხაა და ადამიანების მინიმალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს. შეიცვალოს, საქართველოს მთავრობის 279-ე დადგენილება სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ, მე-5 მუხლის ზ.ვ) -ქვეპუნქტი“. 

პეტიციას გამოქვეყნებიდან მესამე დღეს 8 ხელმოწერა აქვს. ძნელად წარმოსადგენია, სამართლიან მოთხოვნას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდეს. 

ფიქრია ბაწაშვილი ითხოვს, რომ დაბრუნდეს მარტოხელა მშობლის სტატუსი და აღნიშნულის მქონე პირებს შვილების სრულწლოვანებამდე დახმარება დაენიშნოთ. მიმართვა მეხუთე დღეს 10 ხელმოწერითაა. 

ეკა მამრიკიშვილი აცხადებს, რომ მაღალმთიან რეგიონებზე შეღავათების გავრცელება დისკრიმინაციულად ხდება. მისი თქმით, კანონის რეგულირება ყველა ბენეფიციარზე სრულად არ გავრცელდა (რომელიც მუდმივად ცხოვრობს მაღალმთიან რეგიონში), რაც  კანონის ზედმეტად ვიწრო ფორმულირებამ გამოიწვია: 

„მთავრობამ უნდა შეიმუშავოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელშიც საგადასახადო კოდექსის ნორმა გავრცელდება მთავრობის დადგენილებაში მითითებულ მთლიან მუნიციპალიტეტზე და არა კონკრეტულ ერთ დასახლებაზე (მაგ. სოფელზე), სადაც მუდმივად ცხოვრობს პირი. მსგავსი კანონპროექტის ინიცირება, აღმოფხვრის პრაქტიკაში არსებულ პრობლემას და პარლამენტს მისცემს შესაძლებლობას, რომ კანონის ხარვეზი გამოსწორდეს“.

პეტიციას 11 ხელმომწერი ჰყავს, დარჩენილია 25 დღე. 

ვახტანგ ლალუაშვილს სურს, რომ სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი გახდეს: 

„ახალგაზრდების უმეტესობას სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ სურს.  უმეტესობისთვის ეს დროისა და რესურსების ფუჭი ხარჯვაა. გაწვევას თავი რომ აარიდონ, ზოგჯერ არაჯანსაღ მეთოდებს მიმართავენ. ზოგი ვენებს ისერავს, რომ გიჟად ჩათვალონ და არ გაიწვიონ. ზოგი უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს სწავლას, მიუხედავად იმისა, რომ არ სურს. ზოგიერთი კი, ახლადშექმნილ რელიგიურ მიმდინარეობაში სასულიერი პირად რეგისტრირდება. ქმედებები მეტყველებს, რომ კანონი გასაუქმებელი ან რადიკალურად, ძირ-ფესვიანად შესაცვლელია. უმეტეს ქვეყნებს არასავალდებულო სამხედრო სამსახური აქვთ  და ამით არ დაქცეულან“. 

ვადის გასვლამდე 11 დღეა დარჩენილი და წინადადებას 35 ხელმომწერი ჰყავს. 

ელენე შაშიაშვილი ოცდათერთმეტ მხარდამჭერთან ერთად  ილტოს ხეობისათვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებას ითხოვს:  

„ახმეტის რაიონში ილტოს ხეობა თავისი მდებარეობით მაღალმთიან სტატუსს იმსახურებს. რეგიონში ახალგაზრდების რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს. მხოლოდ ერთი სკოლაა სოფელ ნადუქნარში, სადაც ცოტა მოსწავლე დადის. თუ მაღალმთიანი სტატუსი და შეღავათები მიენიჭება, მიგრაციაც შემცირდება. რეგიონი ტურისტულადაც სტრატეგიულია“.

ვლადიმერ გოგალაძე ითხოვს, რომ მოსკოვის გამზირს არჩილ ტატუნაშვილის სახელი დაერქვას. ამ საკითხზე სოციალურ ქსელში დიდი აქტივობის მიუხედავად, პორტალზე ხელმოწერების ბოლო დღეს, მიმართვას 120 მხარდამჭერი ჰყავს.    

ვებგვერდზე გამოქვეყნებული პეტიციების ნახვის შემდეგ, ქუჩაში გავედი და მოქალაქეებს ვკითხე, თუ რომელი აქტუალური პრობლემის განსახილველად მიმართავდნენ მთავრობას. რესპონდენტები ინტერესით გამომეხმაურნენ. მათივე თხოვნით, სრულ ვინაობას არ ვასახელებთ. 

დიმიტრი თ-ს ბოლო ათწელეულების განმავლობაში, დედაქალაქში ქაოტური მშენებლებები აღელვებს. მისი თქმით, ასე გაგრძელება წარმოუდგენელია, რადგან თბილისი მალე ტელეეკრანებზე ხშირად ნაჩვენები, დაბომბილი სირიის სამწუხარო პეიზაჟებს დაემსგავსება:

„ბოდიშის მოხდით, მაგრამ მტერი უნდა იყო, საკუთარ მშობლიურ საცხოვრისს ასე უდიერად მოექცე. ნახეთ, აგერ ვაკეში, ერთ გოჯ მიწაზე რამხელა კორპუსები შენდება, ან ეს მცირე ნიადაგი როგორ გაუძლებს მსგავს გიგანტურ დაწოლას. გვერდით საცხოვრებელ კორპუსებში ადამიანებს გარეთ გამოსავლელი და სასუნთქი ჰაერი არ დაუტოვეს. იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ ბინების ფასები განახევრდა. ეს არის დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა? დროული და მკაცრი კონტროლის გარეშე, მალე ამ „ბეტონის ჯუნგლებში“ ცხოვრება, პატარების გაზრდა შეუძლებელი გახდება. ამ დროს, დედაქალაქის მერიას, ახალი გენერალური გეგმის მიღებაც არ სურს. ამაზე პეტიციით მივმართავდი მთავრობას და იცით რომელ ფოტოსურათს დავურთავდი? აი, სპორტის სასახლეს ზედ თავზე გრანდიოზული ბეტონის ყუთი რომ დაადგეს! ეს ხომ სიმბოლოა უპასუხისმგებლობის, მტაცებლობის და ა.შ.  იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ რის ვაი-ვაგლახით გადარაჩენილ დასასვენებელ პარკებში, ბაღებსა თუ შუა სკვერებში უზარმაზარ კორპუსებს დგამენ“.

ავთანდილ ბ. ხელით მაჩვენებს ვაკეში მარტო ერთ ადგილზე, გალაქტიონ ტაბიძის ძეგლის მიმდებარედ რამდენი მოწყალების მთხოვნელია. ერთად გავდივართ მიწისქვეშა გადასავლელიდან მეორე მხარეს და 50 მეტრის რადიუსში 6 ასეთი ადამიანი გვხვდება. ბატონი ავთო გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ასეთი სიდუხჭირე დედაქალაქში არ ახსოვს და მაინც გულის სიღრმეში იმედოვნებს, რომ ეს რეალობა მალე კოშმარულ მოგონებად დარჩება:

„გეკითხებით, როგორ შეიძლება პატარა, მცირერიცხოვან და ბუნებრივი რესურსებით არცთუ შეჭირვებულ ქვეყანას ქუჩებში ამდენი მოწყალების მთხოვნელი ყავდეს? ეს როგორ უნდა მომხდარიყო, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ლამის 30 წლისთავზე, ამ ქვეყნის მთვრობებმა საკუთარი მოსახლეობისთვის, მისი ყველაზე გაჭირვებული ფენისთვის ელემენტარული სოციალური დაცვის გარანტიები ვერ შექმნეს? აბა, რისთვის ვაშენებთ დეკლარირებულად სამართლიან საზოგადოებას, როდესაც ადამიანები ყოველი ფეხის ნაბიჯზე პურის ფულს ითხოვენ, რომ სიცივისა და შიმშილის ტყვეობაში არ აღმოჩნდნენ? ალბათ, გინახავთ, აქვე ერთი შაოსანი ქალბატონი შუა გზაში დგას და ყიფშიძის ქუჩიდან წამოსული მანქანები მის გარშემო „ვირტუოზულ სვლებს“ რომ არ აკეთებდნენ, არ ვიცი აქამდე რა დაემართებოდა. 60, 70 წლის ქალები ხელგაწვდილი ქუჩაში დგანან და ჩვენი მთავრობა წარმატებულ მუშობაზე საუბრობს. ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი პეტიციაა მათ მისიმართზე გადაგზავნილი, ხოლო ფოტოსურათად ის სამწუხარო რეალობა წარმოიდგინონ, რაც მე და თქვენ აქ კიდევ ერთხელ ვიხილეთ“.

ნუკრი გ-ს ქვეყანაში ისედაც რის ვაი-ვაგლახით დასაქმებულთა უფლებები აწუხებს. თავად მუშაობდა რკინიგზის გვირაბების გაყვანაზე და საკუთარი თვალით იხილა ის, რაზეც მთავრობას მიმართავს რეაგირებისთვის:

„ახალს ვერ გეტყვით, რომ დღემდე შრომითი უფლებები (მათ შორის, შრომის უსაფრთხოების ნორმები) ფეხქვეშ გათელილია. მაგალითად, გვირაბებში მუშებს გაუსაძლის პირობებში ამუშავებდნენ, გახსოვთ ამის გამო რამდენი ადამიანი დასახიჩრდა. ელემენტარულად, გვირაბში გეგმიურ აფეთქებას ისე აწყობდნენ, რომ მეორე მხარეს ადამიანებს წესიერად არც ატყობინებდნენ. უმსგავსობებზე ხმა რომ ამოვიღე, უცერემონიოდ გამომაგდეს. ასეთივე რთული მდგომარეობაა შახტებსა და მაღაროებში, იცით რა უბედურებაც ტრიალებს. მთავრობას პეტიციით მივმართავდი, რომ სანამ შრომის უსაფრთხოებაზე მიღებული კანონი სათანადოდ იმუშავებს და უფლებები დაცული იქნება,  სამუშაო უბნებზე დასახიჩრებულებსა და დაღუპულთა ოჯახებს სათანადო ყურადღება მიექცეთ. შემზარავ სტატისტიკაზე მოგეხსენებათ. არ შეიძლება შახტებში დაღუპულთა ოჯახები მხოლოდ ერთჯერადი დახმარებით გაისტუმრონ, რადგან ამ ადამიანებს არასრულწლოვანი შვილები დარჩათ. ამიტომ კეთილი უნდა ინებონ ოპერატორმა კომპანიამ და მთავრობამ, რომ ასეთ ოჯახებს ბავშვების სრულწლოვან ასაკას მიღწევამდე სრულფასოვანი დახმარება გაეწიოთ. ჩვენ თუ ნორმალური საზოგადოება ვართ, ეს კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ და მივაღწიოთ კიდეც, რადგან ერთი ადამიანის, მისი ოჯახის დაჩაგვრა, პოტენციურად ყველა ჩვენგანის უფლებების გათელვას ნიშნავს“. 

დიმიტრი ა. დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაგროვილ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, კონკრეტულად სამარშრუტო ტაქსებში (ე.წ. მარშრუტკებში) ნორმალურად მგზავრობა უკვე შეუძლებელია და ამას დროულად შველა სჭირდება:

„პიკის საათებში, ე.წ. ყვითელი მარშრუტკები მუდმივად გადატენილია. მგზავრები ლამის თავზე ასხედან ერთმანეთს. მძღოლიც სანამ ბოლო ამოსული მოქალაქე მას თავზე არ წამოაჯდება, საჭესჩაჭიდებული გატრუნულია და ხმას არ იღებს. სუნთქვა ხომ ჭირს და „სალონში“ ნორმალური გადაადგილებაც შეუძლებელია, თუ იძულებით ყველას თვალწინ  „ზეეროტიულ წიაღსვლებს“ არ მიმართავ. არ ვაჭარბებ, თქვენც ხომ იცით, იქ რაც ხდება. არ არის ეს „მარშრუტკები“ დედაქალაქის შიგნით მგზავრობაზე გათვალისწინებული და რა უნდა უქნა? შედეგიც სახეზეა, მგზავრების მუდმივი უკმაყოფილება უჰაერობაზე, კონდიციონერების ჩაურთველობაზე, შიგნით ვერგადაადგილებაზე, ბოლომდე გატენვაზე, რომელი ერთი ჩამოვთვალო? ვადაც გასული აქვთ, ერთი ნახეთ, გზებზე როგორ ჯაყჯაყებენ. ამიტომ მთავრობამ, თბილისის მერიამ კეთილი უნდა ინებონ და ავტობუსების მსგავსად, სასწრაფოდ მათი ჩანაცვლებაც დაიწყონ. თორემ ცხელი ზაფხული კარს მომდგარია და ნამდვილი „კინო“ მერე ნახეთ. ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი პეტიციაა მთავრობისა და კალაძის უწყების მიმართ და იმოქმედონ“. 

მეოთხე რესპონდენტთან საუბრის შემდეგ, პრობლემებით დამძიმებულ ქვეყანაში კიდევ რამდენიმესთვის რომ მეკითხა, „ამა ქვეყნის ძლიერებს“  რა პეტიციით მიმართავთ-მეთქი, სტატიაში ამისთვის ადგილი აღარ დამრჩებოდა. ამიტომ იურისტ ვახტაგ ხმალაძეს მივმართე კითხვით, მოქალაქეებისთვის ამგვარი ტრიბუნა რამდენად მნიშვნელოვანია: 

„პორტალის უმთავრესი დანიშნულება ის უნდა იყოს, რომ სრული ინფორმაცია იდოს იმის თაობაზე, რაც მთავრობაში ხდება. სხვადასხვა გადაწყვეტილებები, რომ დაინტერესებულ პირს ხელმისაწვდომი ინფორმაცია ჰქონდეს, თუ რა გადაწყდა, რა კეთდება, რა დაიგეგმა და ა.შ. როდესაც საკითხის განხილვაზე გადაწყვეტილება მზადდება, პროცედურები კანონით დადგენილია და ეს პროცესში დაინტერესებული პირების ჩართვასაც მოიცავს. ასეთები შეიძლება იყვნენ იურიდიული პირები, როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო სუბიექტები, ფიზიკური პირები. ჩართულობა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ უკეთესი გადაწყვეტილება მომზადდეს. უფრო მეტად გაითვალისწინონ იმ პირთა სამართლიანი ინტერესები, ვისაც ასეთი გადაწყვეტილება შეეხება. ეს ამგვარი პორტალის ერთი ჩვეულებრივი დანიშნულებაა.

ამ პროცესში მონაწილეობა უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე თქვენ, მე ან ვინმე სხვამ რაღაც წინადადება მივწეროთ მთავრობას, რომ კარგი იქნება, ეს საკითხი ასე გადაწყდესო. შეიძლება ეს საკითხი მთავრობის დღის წესერიგში არ შედიოდეს, წინადადება იყოს დილეტანტური ან მისი გაზიარება უბრალოდ არასწორი იყოს. წესით, ამ წერილის ავტორს პასუხიც უნდა გასცენ და უთხრან, რას აპირებენ წინადადებასთან დაკავშირებით. მოქალაქეთა აქტიურობის შემთხვევაში პასუხის გაცემაც საკმაოდ დიდი ადამიანურ რესურსს მოითხოვს. რადგან ეს პასუხი უნდა იყოს კომპეტენტური, დასაბუთებული და ამას გარკვეული დრო, ცოდნა და, შესაბამისად, დიდი ადამიანური რესურსი სჭირდება“. 

ხმალაძე ვებგვერდთან დაკავშირებით ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ეს უპირველესად მთავრობამ უნდა გააკეთოს, - დაუკვეთოს სოციალური რეკლამა, მოამზადოს და ტელევიზიით გაუშვას. 

კითხვაზე, ერთი პეტიციის განსახილველად 10 ათასი ხელმოწერა ძალიან ბევრი  ხომ არ არის, ხმალაძე გვპასუხობს:

„პასუხი მარტივი არ არის. რაღაც წინადადებისთვის მცირერიცხოვანი ჯგუფის შეკრება საკმაოდ ადვილია, მეზობლებს ჩამოუვლი და ხელსაც მოაწერინებ. მაგრამ ასეთი წინადადება რამდენად ფართო, საჯარო ინტერესის მქონეა და საჭიროა მისი განხილვა? რესურსების არაგონივრული ხარჯვა ხომარ იქნება? 

ამიტომ გარკვეული რაოდენობის ხელმოწერების აუცილებლობა დგება. იცით, საკანონმდებლო ინიციატივა რომ განხორციელდეს, 30 ათასი ხელმოწერა არის საჭირო. კონსტიტუციური ცვლილების თაობაზე კანონპროექტი რომ შევიდეს, 200 ათასი ხელმოწერის აუცილებლობაა. ეს რატომ კეთდება? ჩანდეს, მოქალაქეთა ფართო წრეში არსებობს ასეთი ინტერესი და მოთხოვნა; და რომ ეს რომელიმე ვიწრო ან მარგინალური ჯგუფის წინადადება არ არის, რომელსაც მაღალი ალბათობით შედეგი არ მოყვება, მაგრამ გარკვეული რესურსები დაიხარჯება. 

- თქვენ მთავრობას რა პეტიციით მიმართავდით?

- პეტიციაში საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს ასახული. ეს სასამართლო ხელისუფლებაში მდგომარეობას ეხება. სამწუხაროდ, არსებულმა  სამართლებრივმა რეგულირებამ (რომელიც წლების განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა), ცივილიზებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი სასამართლო სისტემის შექმნა ვერ უზრუნველყო. დღესაც არაერთი კითხვა ჩნდება სასამართლოების სხვადასხვა გადაწყვეტილების მიმართ. კითხვები ჩნდება სამართლიანობის თვალსაზრისით და ამის საფუძველი იქნება, ვთქვათ, პოლიტიკური ხელისუფლების ზეგავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე, რაღაც კლანური ზეგავლენა თუ რამე სხვა, ეს იმდენად არსებითი არ არის. 

მნიშვნელოვანი ის გახლავთ, სადღეისოდ ვერ ვამბობთ იმას, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა გვაქვს, რომელშიც თქვენც, მეც და ნებისმიერ პირსაც შეუძლია სამართლიან გადაწყვეტილებას მიაღწიოს. სხვათაშორის, პრობლემას ის ვითარებაც ამძაფრებს, რაც მოსამართლეთა უვადოდ განწესების წესი ძალაში შევიდა. არაერთი მოსამართლე, რომელთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლიანობის თვალსაზრისით პრობლემური იყო, უკვე უვადოდ დაინიშნა. წესი შესაცვლელია.         

ბოლოსკენ: 

„პირველად იყო სიტყვა“ და მას დიდი ძალა აქვს. ასეთი სიტყვებისგან ლოგიკურად ჩამოყალიბებული წინადადება (საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველი სამართლიანი მოთხოვნა) ქვასაც გახეთქავს. „კართაგენი უნდა დაინგრეს“, „არა ძალადობას!“, „მე მაქვს ოცნება!“, „სსრკ - ბოროტების იმპერია!“, - გინდ პეტიცია დაარქვით და გინდაც მოწოდება, ამ სიტყვებმა და მათმა დიდმა შემოქმედებმა თავის დროზე სამყარო გადაატრიალეს. 

პეტიციების სამთავრობო პლატფორმა ახალ განდებს, კინგებსა და რეიგანებს ელოდება, რათა ჩვენ ყველამ ერთად ნიჰილიზმს, უძრაობას, უიმედობას, სხვა უამრავ-უარყოფით უ-ს თავი დავაღწიოთ და განვითარების ახალ, ფართო გზაზე გავიდეთ. დღეს საქართველოს მოქალაქეებს, უპირველესად, დიდი ილიასეული, გულმხურვალე სიტყვა და საქმე გვაკლია, ამიტომ, ჰა, - აგერაა ბურთი და მოედანი.      

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია