მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება - 26 ივნისი 2018

"შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ეტაპობრივად ჩამოვა 3,9%-ზე"

ufleba.ge

საქართველოს მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება. „მცირე მთავრობის" კონცეფციაზე, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებაში მაქსიმალურად მოქნილი და ოპერატიული იქნება, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

ცვლილებები შეეხება შემდეგ უწყებებს:

- კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ადამიანი, მასზე ზრუნვა და ადამიანური კაპიტალის შექმნა. აქედან გამომდინარე, ისეთი დარგების, როგორიცაა განათლება, კულტურა და სპორტი, მაღალი კოორდინაციის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიზნის მისაღწევად.

- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს.

- ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო უქმდება, ხოლო მის ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე: დევნილთათვის განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მიგრაციის კომპონენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეითავსებს, ხოლო სოციალური პოლიტიკა გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

- გარდა ამისა, რელიგიის სააგენტო შეერწმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.

- ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

დარწმუნებული ვარ, ამ ცვლილებებით ჩვენ დასაბამს მივცემთმცირე მთავრობის" კონცეფციის განხორციელებას, რადგან სწორედ ასეთი მთავრობის ყოლა შედის დღეს ჩვენი ხალხის ინტერესებში. რასაკვირველია, სტრუქტურული ოპტიმიზაციის კვალდაკვალ, შემცირდება სამთავრობო ხარჯები და ის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ეტაპობრივად ჩამოვა 3,9%-ზე. ჩვენთვის სწორედ ეს ნიშნული იქნება ის მაქსიმუმი ზედა ჭერი, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ. ბიუროკრატიაზე დაზოგილი სახსრები კი სხვადასხვა ინიციატივების სახით, სახელმიფო ბიუჯეტის წყაროს, ანუ ისევ ჩვენს საზოგადოებას მოხმარდება. ამ სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად, მთავრობა, დღესვე მიმართავს საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით.

ესაა ჩვენი ხედვა და ეს ხედვა, დარწმუნებული ვარ, სრულ თანხვედრაშია საზოგადოების დაკვეთასთან, რომ ქვეყანას სჭირდება მცირე ბიუროკრატია. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვხარჯოთ მართვაზე იმაზე მეტი, ვიდრე დღეს არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის, იმ გამოწვევებისთვის, რაც დღეს ჩვენი ეკონომიკის წინაშე არსებობს. დარწმუნებული ვარ, „მცირე მთავრობის" კონცეფციის დანერგვის შემდეგ ჩვენ მივიღებთ სრულიად ახალ მოცემულობას, სადაც სამთავრობო უწყებები ორიენტირებულნი არიან კონკრეტულ შედეგებზე, კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე და ამას თითოეული მოქალაქე აუცილებლად იგრძნობს, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ წევრები „რუსთავი 2-თან“ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურებიან. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მცირე მთავრობის იდეა არის ერთ-ერთი გამოსავალი ქვეყანაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მათ შორის ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად.

მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, ვინ დარჩება ახალ მთავრობაში. „ქართული ოცნების“ წევრები აცხადებენ, რომ გუნდისთვის ახალი სახეები და ახალი ენერგია მნიშვნელოვანია.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადება იუსტიციის მინისტრის - თეა წულუკიანთან დაკავშირებით გააკეთა.

„ამ პრობლემის ცოტა გაზვიადება ნამდვილად მოხდა. ყველას გვესმის და ყველა საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც ამ სექტორში არსებობს, მაგრამ მე ვთქვი და მინდა გავიმეორო, ყოველთვის ადამიანის სუბიექტური წვლილი ამ პრობლემების შექმნაში რამდენად დიდია, ყოველთვის უნდა იქნას დანახული და განსაზღვრული, ეს ისეთი სფეროა, სადაც მაინცდამაინც ერთ ადამიანზე გადავიტანოთ მთელი აქცენტი, რომ მის გამო არის ის მოცემულობა, რაც არის, ჩემი აზრით, სწორი არ იქნება,“- განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამინისტროების გაერთიანებაზე ლაპარაკობენ და აცხადებენ, რომ ეს უწყებების შერწყმა ეფექტურობას ემსახურება.

„ყველა სამშენებლო პროექტი იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ქვეშ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამინისტროები, რომლებიც არაპროფილურები არიან მშენებლობის კუთხით, მაგრამ გარკვეული მშენებლობის წარმოება უწევდათ, მათ ეს ფუნქცია აღარ ექნებათ და ერთი სამინისტროს ქვეშ იქნება ყველაფერი ეს მოყრილი... გუნდში ახალი სისხლი, შემართება ყოველთვის საჭიროა - “- განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაზა პაპუაშვილმა გააკეთა.

„მეც მაქვს ხომ კითხვები, თუნდაც რა პრინციპით ერთიანდება კულტურისა და განათლების სამინისტროები. ნებისმიერი ასეთი ცვლილებები მცირე მთავრობა იქნება თუ როგორც იქნება, თვითონ უნდა მოირგოს ქვეყანამ, როგორც შეესაბამება მის ინდივიდუალურ განვითარებას. თუ ეს შემოქმედებითი მდგომარეობა იქნება, შემოქმედება, მაშინ, ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნება და არა ახლა იმის გამო, რომ ვინმეს ვეპრანჭოთ, არა კანონს დავწერთ,“- განაცხადა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა პაპუაშვილმა.

მთავრობაში დარჩება მხოლოდ 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრი. მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ ეს არის ოპტიმალური რაოდენობა, რომ ხელისუფლება არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია