მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ანზორ საკანდელიძე: „ღმერთმა ნუ ქნას ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, თბილისში შენობების 90%-ზე მეტი დაინგრევა!“ - 02 ივლისი 2018

ufleba.ge

საქართველოს მშენებელთა ლიგისხელმძღვანელი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ დედაქალაქი დიდი საშიშროების წინაშე დგას და ძლიერი მიწისძვრის შემთხვევაში შენობების 90%-ზე მეტს დანგრევა ემუქრება.

ანზორ საკანდელიძე:

- სამშენებლო სფერო დიდი უბედურების წინაშე დგას. როგორ და ვის მოაფიქრდა არ ვიცი, ჯერ კიდევ 2003 წლამდე, როდესაც ნგრევა დაიწყო, პირველ რიგში, მშენებლობის სამინისტროს მიადგნენ. მშენებლობის სამინისტრო ისტორიულად არცერთ დროს, არცერთ ქვეყანას არ გაუუქმებია, ჩვენთან ეს იყო უვიცობის გამოხატულება უბედურებასთან ერთად. ძალიან ცუდ დღეში ვართ, მთელ მსოფლიოში, რაც საშიშროებებია დამდგარი - სეისმური, მიწისძვრის, გლობალური გეოლოგიური ცვლილებები რაც ხდება, ამის შემსწავლელი კომიტეტი არსებობს, რომელიც ყოველ ათწლეულში დებს შედეგებს და კატასტროფული მონაცემებია დადებული ბოლო 10 წლის მანძილზე. 2000-დან 2010 წლამდე კატასტროფული მიწისძვრებისაგან მსოფლიოში დაიღუპა 42%-ით უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე განვლილი წინა 50 წლის განმავლობაში. არის პროგნოზები, რომ 2010-დან 2020 წლამდე და შემდეგ წლებში, ეს კატასტროფული სტატისტიკა კიდევ უფრო დამძიმდება და შედეგები უფრო მძიმე იქნება. ჩვენ გვყავს ცნობილი, დღესაც მოქმედი და აქტიური გეოფიზიკოსი, აკადემიკოსი თამაზ ჭელიძე, რომელიც ხშირად საუბრობს, რომ საქართველოში არსებობს დიდი რისკები, მოსალოდნელია დამანგრეველი მიწისძვრები და ასახელებს 9 ბალს. თქვენ წარმოიდგინეთ, რა საშიშროება ემუქრება თბილისს, რომელიც მხოლოდ 8 ბალზეა გათვლილი. ამდენი წლებია ვამბობ, რომ ჩვენს გარშემო ყველა სახელმწიფოს ქალაქები გათვლილია 9 ბალზე, რუსეთმა 8 ბალი გამოტოვა და პირდაპირ გადავიდა 9-ზე სამხრეთ რეგიონებში, ასეთი საშიშროებების დროს, როდესაც არ გაქვს მშენებლობის სამინისტრო, განიარაღებული ხარ. 25 წელიწადია სსრ კავშირი დაინგრა და საქართველოში არცერთი შენობა არ არის სეისმურად შემოწმებული.

- შენობები, რომელიც ბოლო წლებში აშენდა, არანაირი მონაცემები არ არსებობს, რამდენ ბალიან მიწისძვრას გაუძლებს?

- არ ვიცით, სეისმომედეგობას არავინ ამოწმებს, ყველაფერი მიშვებულია თვითდინებაზე, უგულავამ თავის დროზე ყველაფერი გააუქმა და ტრაბახობდა, ყოველგვარი შემოწმებები მოვხსენი, ამით სამშენებლო ბიზნესს ხელი შევუწყე და გავაიაფეო. გააიაფა რა, მთელი სამშენებლო ბიზნესი მამამისს დანაციონალების კლანსჰქონდა, რაც თარგამაძეებმა უკრაინიდან ფალსიფიცირებული არმატურა და ლითონი ჩამოზიდეს... ჩერნობილის აფეთქება რომ მოხდა და მკვდარ ზონად გამოცხადდა, 10 წლის მერე ნელ-ნელა შევიდნენ და დაიწყეს სამრეწველო ობიექტების დაშლა, ადნობდნენ ამ ლითონს და იმით დამზადებული ლითონი ინტენსიურად შემოდიოდა საქართველოში. ეს ბიზნესი ეკუთვნოდა გივი თარგამაძეს და მის ძმას. ყველა შენობა შესამოწმებელია. შენობები, რომელიც ბოლო წლებში აშენდა, არანაირი მოანაცემები არ არსებობს, რამდენ ბალიან მიწისძვრას გაუძლებს, არ ვიცით და სიტყვაზე ვენდობით, რასაც მშენებლები ამბობენ. პროექტების ექსპერტზები მოხსნეს და ყველაზე უბედურება რაც არის, საექსპერტო კანტორები გახსნეს სახლებში, კვალიფიკაციას იქ არ კითხულობენ, საჭირო არ არის რაიმე სერტიფიკატის ფლობა შესაბამისი ცოდნა გაქვს თუ არა, 35 წელიწადი ლექციებს ვკითხულობდი, 18 წელიწადი რკინა-ბეტონის ქარხნის დირექტორი ვიყავი, არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმოღვაწეობ, ყველგან რაღაც გამოცდილება მაქვს და რომ მეუბნებიან ექსპერტიო, მეუხერხულება. საკუთარი თავისთვის არასოდეს მიწოდებია ექსერტი, ეს წოდება უნდა მოიპოვო, ასეთი რამ საქართველოში არ არსებობს, თვითონ ირქმევენ ექსპერტებს, ერთი სფეროს ექსპერტობითაც აღარ კმაყოფილდებიან და ყველაფერზე ხელს აწერენ. მიხვალ, 500 დოლარს მისცემ და დააწერინებ ცნობას, რომ პროექტში ეს სწორეა და მორჩა. რა ცნობა გასცა, ამაზე პასუხს არავინ სთხოვს. 20-სართულიანი სახლის მშენებლობის ნებართვა რომ გასცეს და გვერდით მდებარე სახლს ფუნდამენტი გამოაცალეს, სახლი ჰაერში გამოეკიდა და შემდეგ ატმოსფერული ნალექებით ფიზიკომექანიკური თვისებები შეიცვალა, მოხდა დეფორმაცია, დაიბზარა მთელი სახლი და დასანგრევი გახდა. ინსოლაციის და ბუნებრივი განათების კანონი რომ გააუქმეს 2009 წელს და სახლი სახლს მიადგეს, ეს არის საშინელება. თეორიულადაც დარღვეულია, ეპიურები ერთმანეთში იკვეთება, ელემენტალურია სახანძრო ნორმები, რომ შენობას გარშემო უნდა უვლიდე. ინსოლაციაზე აღარ არის ლაპარაკი, შენობაში თუ არ შედის მზის სხივი, ეს კლავს მიკრობებს და გამოდის, რომ ხალხს აცხოვრებ ავადმყოფობის გამოწვევის მუდმივი რისკის ქვეშ. პირდაპირ კავშირშია ეს ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობის წყაროსთან. არ ხდება ბუნებრივი ვენტილაცია, ჯერ ერთი, რა სარემონტო მასალებს ვიყენებთ, აბსოლუტურად შეუმოწმებელს, სხვა ქვეყანაში თუ სამგზის ამოწმებენ, ჩვენთან ეს პროცესი აბსოლუტურად უკონტროლოა. ყოფილ სსრ კავშირში, თუ სადმე უხარისხო ნაგავი გამოუშვეს, ფალსიფიცირებული და რადიაციული, ყველაფერი აქ შემოყარეს. მუდმივი რადიაციის ქვეშ ვართ, ჩვენთან გაჭირვებაა და იაფფასიან მასალებს ყიდულობენ, რაც უფრო იაფფასიანია მასალა, ყველაზე მეტი ტოქსიკურობაა შიგ. წებოს რომ უკეთებენ რეკლამას, უცბად შრებაო, რაც მალე შრება, ის უფრო მომწამლავია და ამას არავინ ამოწმებს. ხელოსნები ამას ევრორემონტს უძახიან და მე ამას ევროსიკვდილი დავარქვი.

ერთადერთი, რასაც ჩვენმა ორგანიზაციამ მიაღწია ის იყო, რომ კორპუსები სიმაღლეში რომ მიდიოდა, შემოვიღეთ კანონი, რომელიც 2010 წლიდან ამოქმედდა, მერე 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროში შექმნეს მშენებლობის დეპარტამენტი. ჩვენთან 250-კაციანი მშენებლობის სამინისტრო გააუქმეს, რომელიც სხვა ქვეყნებში არ გაუუქმებიათ, რომელიც არის სამშენებლო-სეისმოუსაფრთხოების გარანტი, ასევე სამშენებლო უსაფრთხოების გარანტი და პლუს ამას, სტრატეგიული დარგია. გვირაბები, ხიდები და .. ამას ხელიდან ვინ გაუშვებს, ომში რომ ებმები და ინგრევა, ხომ უნდა აღადგინო?! უკრაინას როცა იუშენკო მართავდა, სააკაშვილმა და მან ერთად გააუქმეს ეს კანონი, მაგრამ შეხედეთ რა მოხდა - იქ ერთ წელიწადში ყველაფერი დაინგრა და წელიწადნახევარში აღადგინეს. იმათ ჭკუა ეყოთ და მიხვდნენ, აქ ყოველწლიურად ეს რისკები იზრდება და სანამ მშენებლობის სამინისტროს არ აღვადგენთ, უფრო დიდ უბედურებაში შევდივართ. 2010 წელს რომ კანონი მიიღეს, იქ შეიზღუდა სართულიანობა. კანონში მითითებულია, რომ თუ შენობა არის რკინა-ბეტონის კარკასული ტიპის, მისი სართულიანობა შეიზღუდა 12 სართულამდე 8-ბალიან ზონაში. თბილისი ხომ 8-ბალიანი ზონაა. მეორე - ურიგელო ტიპის რკინა-ბეტონის შენობები ჰქვია, როდესაც სართულის გადახურვებს ერთიანად აბეტონებენ, ის 7 სართულზე მეტი არ შეიძლება. 7 სართულია ნაცვლად, 14,16, ახლა ოცსართულიანები მასიურად შენდება. ბათუმში ვიყავი და რომ ვნახე, გული გამისკდა.

- .. კანონის მიხედვით, 12 სართულიან სახლზე მეტის აშენება თბილისში კანონით აკრძალულია, მაგრამ არ სრულდება?

- დიახ, მაგალითისთვის მოვიყვან ჩემი უბნის ამბავს. ზაქარიაძის ქუჩაზე ვცხოვრობ, იქ დაიწყეს 32-სართულიანი 6 მეგაკორპუსის მშენებლობა. ვაკვირდებოდი, გეოლოგიური შემოწმება არავის გაუკეთებია, საინჟინრო-გეოლოგია საერთოდ ამოიღეს და ამას აღარავინ აკეთებს. ძველი მონაცემები რაც აქვთ გადაწერენ, ვიღაც ექსპერტს ხელს მოაწერინებენ, ვითომ ექსპერტიზა გაიარა. რას დაამსგავსეს ქალაქი! ჩემს უბანში რომ აშენებდნენ, ვეუბნებოდი, ქუჩის იქით გადადით და ნეხეთ, პროფკავშირების შენობასთან რომ დაიწყეს მშენებლობა და 20 წელიწადია გაჩერებულია, აღარ იციან რა უქნან, წყლით აივსო საძირკველი, ვეუბნები, იქიდან 20 მეტრში ხარ, ის წყალი აქაც ამოგივა და ასეც მოხდა. მეზობლებმა ამის გამო სასამართლოში ვიჩივლეთ, მოვიგეთ საქალაქო სასამართლოში, არ გვაძლევენ პროექტის ტექნიკურ ნახაზებს, რომ მივხვდეთ რკინა-ბეტონის კარკასული ტიპია თუ არა, სანამ დაიწყებდნენ მშენებლობას. მერე რომ ამოიყვანეს და შევხედე, სულ აღარ მინდოდა ნახაზები. იმ ნახაზებს დაადეს გრიფისაიდუმლო“, რომ მშენებლობა დაეწყოთ, სასწაულია, გრიფი დაადეს თან პროექტს კი არა, პროექტის კონსტრუქციულ ნაწილს. კანონთან შესაბამისობას ვითხოვდით, რომელიც გულისხმობს, რომ 12 სართულზე მეტი კორპუსი არ უნდა ააშენონ. გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში. ამ პერიოდში უკვე 10-12 სართული აშენებული აქვთ. მოვიგეთ სააპელაციოშიც, მაგრამ არ გაჩერდნენ 32 სართული სახურავში მაინც მოაქციეს. 6-დან ეს ერთი კორპუსი ააშენეს. მერიის წარმომადგეელს მივმართე, თუ არ შეაჩერებთ ამ მშენებლობას, ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდებით-მეთქი. ზარალის ანაზღაურებაზე რომ მიდგება საქმე, თქვენ დაგაბრაკლებენ და ის თანხები თქვენი გასასტუმრებელი გახდება-მეთქი. სამი ინსტანციის სასამართლო მოვიარეთ, ყველგან მოვიგეთ და მართლაც გააჩერეს მშენებლობა, რომ გადაიხედოს პროექტი. ინვესტორები მერიას შემოუბრუნდნენ, ჩვენ მათ არ გავუჩერებივართ, ახლა 10 მილიონის სამუშაოები უკვე შევასრულეთ და მერიამ უნდა აგვინაზღაუროსო.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ამას წერტილი უნდა დაესვას და ერთადერთი გამოსავალია მშენებლობის სამინისტროს აღდგენა. სხვა ამას არაფერი უშველის, რაც მეტი დრო გავა, უფრო მეტი პრობლემა დაგროვდება და თავზე დაგვემხობა ყველაფერი. თამაზ ჭელიძე ამბობს, რომ კავკასიონის მთელ ქედზე მიმდინარეობს ქანების დაშლა, პლუს ამას, სამხრეთიდან დაიძრა არაბეთის ფილაქანი, რაზედაცაა სახელმწიფოები, დაეჯახა და მიაწვა ევრაზიის ფილაქანს, აწვება და მოათრევს ჩრდილოეთისკენ წელიწადში 15 სმ-ის სიჩქარით, დაპანიკებულია ევრაზიის ქვეყნები, სტამბოლში სპეციალური მონიტორები უყენიათ და გაფაციცებით შესცქერიან, ამ დროს მსგავსი არაფერი ხდება საქართველოში. ამასთანავე, ყველა 9-ბალიანზე გადავიდა, მაღლივი შენობები შეამოწმეს, დასანგრევი დაანგრიეს და ხალხი გამოასახლეს. განსაკუთრებით ცდილობენ სტამბოლის გადარჩენას, კალიფორნიისა და იაპონიის გამოჩენილი სეისმოლოგები მუშაობენ, წინასწარ იციან, რომ მიწისძვრა მოხდება და მსხვერპლი ნაკლები იყოს.

ყველაზე დიდი პრობლემა მაინც თბილისში დგას, ღმერთმა ნუ ქნას და ძლიერი მიწისძვრა მოხდეს, თუ მეტი არა, შენობების 90% დაინგრევა. შენობები დომინოს პრინციპით დაანგრევენ ერთმანეთს, მთელი ყიფშიძის ქუჩა, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია და .. ვერაზე ზემოთ გავლა აღარ შეიძლება... სამშენებლო კოდექსი ვერ დავამუშავეთ, ეს კიდევ ცალკე საკითხია. სეისმურ ნორმებს რაც შეეხება, ჩათვალეთ, არ გვაქვს; სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმები საერთოდ არ გვაქვს და ჩვენი ქვეყანა გინესის წიგნშია შესატანი, სადაც არცერთი შენობა დღემდე არ არის შემოწმებული სეისმურ უსაფრთხოებაზე. ამ დროს, სეისმური უსაფრთხოების ნორმების დარღვევით გამოწვეული დარღვევებით, მსოფლიოში დაღუპულთა ნახევარზე მეტი, ამ დაავადებებისაგან იღუპება. ეს არის ოფიციალური სტატისტიკა და ზოგი მკვლევარი 70%- კი ასახელებს. ხალხი მიშვებული გვყავს, შევუშვებთ ბინებში, სადაც არაფერს ვამოწმებთ, ამ დროს უცხოეთში ადამიანს კი არა, შინაურ ცხოველს არ უშვებენ თავის სათავსოში, სანამ ყველაფერს არ შეამოწმებენ. აქ იმდენი პრობლემები დაგროვდა, გლობალურ კატასტროფამდე მივალთ, თუ არ გავინძრევით და რამეს არ გავაკეთებთ.

წყარო: meotkhe.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია