მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მამუკა სალუქვაძე: თბილისი განაშენიანების საზღვრებში რაციონალურად უნდა ვითარდებოდეს - 06 ივლისი 2018

მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ გარეთ ძალიან ფასეული ტერიტორიები შევინარჩუნოთ და ისევ ურბანული ცოცვა, გადღაბვნა  არ მოხდეს“

ufleba.ge

სითი ინსტიტუტ საქართველომთბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მუშაობა დაასრულა და დედაქალაქის მერიას წარუდგინა. კალაძის უწყება დოკუმენტს რამდენიმე დღეში მიიღებს და დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის. არსებული ინფორმაციით, მხრეებს შორის დოკუმენტზე კონსენსუსი მიღწეულია, რადგან მასში ყველა შესწორება მერიის მოთხოვნით შევიდა.

ამ თემაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელს, „სითი ინსტიტუტი საქართველოსდირექტორს, მამუკა სალუქვაძეს ესაუბრებით.

- ბატონო მამუკა, გენერალური გეგმის კონტექსტში, ყველაზე კრიტიკული უბნები სად გვაქვს, სადაც დროული ჩარევა უნდა მოხდეს?

- შემოტანილი გვაქვს არეალები, სადაც ბუნებრივი პირობებიდან, გეოდინამიკური საფრთხეებიდან და რისკ-ფაქტორებიდან გამომდინარე, განაშენიანება უნდა შეიზღუდოს. ჩვენს ძირითად რუკაზე და ტექსტობრივ მასალაშიც ეს ყველაფერი კვლევის სახით მოცემული გვაქვს. აღნიშნული ტერიტორიები მაქიმალურად დეტალურად უნდა შევისწავლოთ და ნებართვები მხოლოდ ამის შემდეგ გაიცეს, თუკი ეს შესაძლებელია.

გვაქვს რთული რელიეფის მქონე მთიანი რაიონები, როგორიცაა, მამა დავითი, თაგორის მთა და სხვ. იცით, რომ თბილისში გარკვეულწილად ქვაბულშია და ასეთი უბნები მრავლად არის. მათი გეოლოგიური შემადგენლობაც ისეთია, რომ შეზღუდვებს, მათ შორის, საფუძვლიანად შესწავლას საჭიროებს.

მსგავსი შეზღუდვის საკითხი ჟვანიას ქუჩაზეც მითითებული გვქონდა. ძირითად რუკაზე ესეც არის და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს, სად არის ამგვარი არეალები.

- კიდევ რომელ პრობლემურ ლოკაციებს გამოყოფთ?

- შინდისის მიმართულებით, დედაქალაქთან მრავლად შემოერთებულ ტერიტორიებზე, სადაც დაცული სატყეო მიწებია, წყალდაცვითი ზონებია, რომლებზეც ასევე შეზღუდვები ვრცელდება. ამ ადგილებში განაშენიანება ან არ უნდა იყოს, ან პროცესი მცირე მასშტაბით წარიმართოს

- დღეს იქ რა ხდება?

- ბევრგან ნებართვები გაცემულია, ზოგი ძველია, ნაწილი შედარებით ახალი. არქიტექტურის სამსახურს ნებართების გაცემის პროცესში მივუთითებთ, რომ ამგვარ ტერიტორიებს მაქიმალურად ყურადღება მიაქციოს. რაზეც ნაბართვები უკვე გაცემულია, შეიძლება მშენებლობა დაწყებულიც არ არის. სადაც პროცესი მიმდინარეობს, უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ, - გადახედონ გაცემულ ნებართვებს, დასკვნებს, რომელიც ამ ობიექტებს ხელში აქვთ; რადგან კაცმა არ იცის, ეს ყველაფერი რით შეიძლება დამთავრდეს, თუ კვლევა-შემოწმება ხარისხიანად გაკეთებული არა.

ამაზე განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ, არქიტექტუტის სამსახურს სათანადო ინფორმაცია მივაწოდეთ.

- სადაც ინფრასტრუქტურა უკვე გამართულია, მანდ გამოსავალი რა შეიძლება იყოს?

- აქაც ყველაფერი გადასამოწმებელია. ამისთვის სპეციალური სამსახურები არსებობს  და ძალიან ფრთხილად უნდა მოიქცნენ, რადგან დაზღვეული არ ვართ იმ უბედურებისგან, რაც თავის დროზე მოხდა, - ვერეს, მზიურის ხეობას ვგულისხმობ. გასათვალისწინებელია, ეს კოლექტორებიც ხომ არ არის დაზიანებული ან გაჭედილი.

პროგნოზირებაც უნდა შეგვეძლოს, სტიქიური მოვლენის შემთხვევაში მოვლენები როგორ შეიძლება განვითარდეს. მერიას ამგვარი წინადადებები და რეკომენდაციებიც წარვუდგინეთ.

- მთაწმინდის ბოლო შემთხვევისას რასთან გვაქვს საქმე?

- ფაქტია, რომ რაღაც წესრიგში ვერ არის. გადავრჩით, რომ ჩამოშლამ მუშები ან სხვა ვინმე არ დააზიანა. როგორც წესისაყრდენი კედელი მაინც უნდა კეთდებოდეს. მით უმეტეს, ძალიან კარგად ჩანს, რომ იქ არამყარი ქანებია. ამას სკრუპულოზური შესწავლა სჭირდება.

რამდენადაც ვიცი, მერია აღნიშნულ პრობლემას  სწავლობს მას შემდეგ, რაც ეს ფაქტი მოხდამხოლოდ დოკუმენტების გადახედვა მნიშვნელოვანი არ არის, ისევ და ისევ, კარგი გეოლოგიური კვლევა უნდა გაკეთდეს.

- ვერეს ხეობასთან დაკავშირებით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა რას ითვალისწინებს?

- რეკრეაციული ტერიტორია გვაქვს მონიშნული და, ბუნებრივია, ხეობაში მშენებლობას მაქსიმალურად ვეწინააღმდეგებით. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ნებართვებია გაცემული.

ასევე, ვარაზისხევთანაც დაკავშირებით ძალიან ვუფრთხით მცირე მდინარეების ხეობებს და მათთვის ცალკე არეალები გვაქვს მონიშნული. კანონდებლობიდან გამომდინარეგარკვეული შეზღუდვებიც გვაქვს დადებული, რათა მშენებლობა მდინარეების კალაპოტში არ განხორციელდეს.

არადა, ბევრ ადგილას ასეთი მშენებლობა მიმდინარეობს, დახურული ობიექტებიც არის და მიუღებელი პროცესი ბევრგან  წარიმართა.

გენერალურ გეგმას შეუძლია ეს კონკრეტული ადგილები მიანიშნოს, რეკომენდაციები გასცეს. ჩვენმა გეგმამ ასევე ბევრ ადგილას მოითხოვა, რომ მცირე მდინარეები გაიხსნას იმ ადგილებში, სადაც კი ეს შესაძლებელია. იქ ბუნებრივი და რეკრეაციული ლანდშაფტი იყოს, სადაც ადამიანებს დასვენების საშაულება ექნებთ.

ხაზს ვუსვამ, იქ არამც და არამც მშენებლობა არ შეიძლება. ესეც სპეციალური რუკების სახით ქალაქის მერიას მივაწოდეთ.

- პარკებთან დაკავშირებით რა წინადადებებია?

- 7 საქალაქო და სარაიონო პარკის ლოკაციები შევთავზეთ. არც გამოსასყიდი მიწებია და ვინმესთან ამაზე დიდი მოლაპარაკებები საჭირო არ არის, - რეალურად, მუნიციპალური ტერიტორიებია. იგივე დიღმის ჭალები, არსენალის მთაზე, დირსის დასახლების მიმდებარედ და .

ვიცი, რომ მერია იგივე თემქის მიკრორაიონებს შორის რომ ხეობაა, უკვე პროექტის შესამუშავებლად კონკურსის გამოცხადებას აპირებს. მივესალმებით და ეს წინადდება მუშაობის დაწყებისთანავე, პირველივე სამ თვეში შევთავაზეთ.

ძალიან კარგია, თუ ამ გამწვანებული ტერიტორიებისთვის პროექტები მომზადდება. ახლა, მათ შორის, დიღმის ტყე-პარკზეც მიმდინარეობს სამზადისი, რომ პროქტის შესამუშავებლად კონკურსი გამოცხადდეს.

- სარკინიგზო ხაზებთან დაკავშირებით რას სთავაზობთ?

- ჩვენი პოზიცია ცნობილია, - სამგზავრო სარკინიგზო ხაზის დატოვებასთან დაკავშირებით, რასაკვირველია, დამატებითი კვლევებია საჭირო.

სატვირთოს რაც შეეხება, ჩვენ ვამბობთ (მერიასთან შეთანხმებული ვართ), რომ ეს ყველა ვარიანტში გადატანილი უნდა იქნას. სად გადავა და როგორ გადავა, ამას კვლევები ანახებს, რომელიც საქართველოს რკინიგზამ ან ზოგადად ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს.

- საბაგირო ხაზებთან დაკავშირებით რას უნდა ველოდოთ?

- 12 მარშრუტი დატანილი გვაქვს. აქედან კვლევის შედეად 10 ხაზი ფრანგულმა კომპანიამსისტრაშესაძლებლად დასახა. აღნიშნულ წინადადებას ვეთანხმებით და ორი დავუმატეთ, სადაც ეს შესაძლებლად მიგვაჩნია.

ასე რომ, საბაგიროები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

- მთლიანობაში, დედაქალაქი რა მიმართულებით უნდა ვითარდებოდეს?

- ოპტიმალურად და რაციონალურად ქალაქის განაშენიანების საზღვრებში, რადგან ძალიან ბევრი თავისუფალი ტერიტორიაა. ამაზე გამოთვლები და კვლევები გავაკეთეთ. ამ წუთში ეს სივრცე მთლიანად ეყოფა ქალაქის განვითარებას იმ პროგნოზის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობა 2030 წლისთვის  დიდად არ იზრდება.

ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ქალაქის განაშენიანებული ნაწილის გარეთ ძალიან ფასეული ტერიტორიები შევინარჩუნოთ და ისევ ურბანული ცოცვა, გადღაბვნა  არ მოხდეს. ისე არა, რომ შემდეგ ამისთვის იყოს საჭირო დამატებითი კომუნიკაციები და .. საჭირო იყოს, რაც ქალაქს ძალიან ძვირი დაუჯდება.

- გეგმის მიღება რა ეტაპზეა?

- ველოდებით, რომ ძალიან მალე მიიღებენ და საკრებულოს გადაუგზავნიან.    

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია