მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სად გადის პასუხისმგებლობის ზღვარი მშენებლობის უფლებასა და საარსებო სივრცის წართმევას შორის? - 30 ივლისი 2018

ურბანული პოლიტიკა და განადგურებული ბუნებრივი მემკვიდრეობა

ufleba.ge

კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად ჩვენ გამეტებით ვანგრევთ იმ ბუნებრივ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. ალბათ, აქედან იწყება ის უბედურება, რაც მივიღეთ საყდრისში, ვარძიაში...

ქვეყნის დედაქალაქი ნელ-ნელა ბეტონის ერთ უზარმაზარ გროვას ემსგავსება, სადაც ყველაფერს ითვალისწინებენ ადამიანის უსაფრთხო და ჯანმრთელი სიცოცხლის გარდა. რაღა შორს წავიდეთ, დედაქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური უბნის, ვაკის მაგალითზე ვისაუბროთ, სადაც ბუნებრივი გარემო ორი ათული წელია, ნადგურდება და ამის გამჩერებელი არავინაა. ყველას აქ სურს აშენება, რადგან უცბად გამდიდრების წყურვილი ყოვლისწამლეკავია. ვის უტოვებენ ამ გადატენილ უჰაერო სივრცეს, დღეს ამაზე არავინ წუხს.

კონკრეტიკაზე ვისაუბროთ: პირველი მერცხალი ვაკის ყოფილი სტუდქალაქის გვერდითა საფეხბურთო სტადიონი იყო, რომელსაც მშვენიერი სარბენი ბილიკიც ჰქონდა. აქ მთელი რაიონი მოდიოდა სავარჯიშოდ, სასეირნოდ, დროის სიმშვიდეში გასატარებლად. ერთ დღესაც მიადგნენ და ბულდოზერებით გადაუარეს. არავის უკითხავს გვერდით მცხოვრებლებისთვის, თანახმა თუ იყვნენ საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ბუნებრივი ლანდშაფტის ასე დაუნდობლად წაშლაზე. ველური კაპიტალიზმი ფეხს იდგამდა და „უბრალო ადამიანების“ აზრი ვის აინტერესებდა? მოედანი უმოკლეს დროში აითვისეს და სარფიანად გაასხვისეს კიდეც.

ფული, ბაბა, ფული, თორემ ბალახი, ხეები და სუფთა ჰაერი ეშმაკსაც წაუღია.

90-იან წლებს გამოვლილმა მეზობლებმა ერთი კი გაიფიქრეს, რომ „დეველოპერული ბუმი“ ერთ დროს სამაგალითო სტადიონის გაქრობაზე შეჩერდებოდა, მაგრამ, თურმე, სად ყოფილხარ? გარშემო მიწის გოჯი არ დატოვეს, რომ ბეტონის უსახური გროვა არ წამოეჭიმათ. ასე იცვლებოდა და მახინჯდებოდა ვაკის ბუნებრივი პეიზაჟი.

ახლა ვინ მეტყვის, რომ ყოფილი მეცხრე საავადმყოფოს ეზო-ყურე დედაქალაქის ბუნებრივ მემკვიდრეობას არ შეადგენდა? ამაზეც სათანადო პასუხი გამცეს, როდესაც ბოლო წლებში დაცულ ტერიტორიას ჩვენს თვალწინ დედა უტირეს. „მეცხრეს“ ჯერ ნაძვებითა და ფიჭვებით გაძეძგილი ეზო ჩამოაჭრეს და მერე უკვე გამზირის მხარეც სრულად აითვისეს.

საავადმყოფოს სამედიცინო საქმიანობას არ უხილავს იმდენი უბედურება, რაც აქ ახალი დროების მშენებლების ხელში დატრიალდა. დღეს აქ ბალახიანი კი არა, ასფალტიანი მიწაც აღარ არის, ყველგან ბეტონის კოლოფებია გამოჭიმული. საშინელებათა ჟანრის ფილმის სიუჟეტს დაემსგავსა აქაურობა. ვინმემ ჰკითხა მეზობლებს ლანდშაფტის ასე გადაგვარებაზე?

ხე აღარ დარჩა ამ დალოცვილ მიწაზე, სადაც ადრე კაშკაშა სიმწვანეში ფრინველთა გაბმული ღუღუნის ხმა ისმოდა. ჯალალ-ედ-დინი ცოცხალი რომ ყოფილიყო, აქაურობის გაცამტვერების უკეთეს ხერხს ვერ მოიფიქრებდა. სადაც ბეტონის კედლები არ დგას, სანაგვედ არის გადაქცეული, დღეს იქ უბრალო გავლაც სახიფათოა.

კლინიკის ეზოში პატარა სტადიონი რის ვაი-ვაგლახით დროებას და მის პირმშო დეველოპერებს წლებია, როგორღაც უძლებდა. ირგვლივ გაჩაღებულ საგიჟეთში ის რჩებოდა ოაზისად, სადაც უბნელები მინი-ფეხბურთს თამაშობდნენ, ზოგიც სასეირნოდ გამოდიოდა. მახსოვს, მამა ქალიშვილთან ერთად ჩოგბურთის ბადეს აბამდა შუაში და გულიანად თამაშობდნენ.

ვიღაცამ ამასაც თვალი დაადგა და სტადიონის ადგილზე უზარმაზარი კორპუსის ასაშენებლად ბნელი ორმოც სასწრაფოდ გაითხარა. მეზობლების გაოცებას კი არა, უკვე გაგიჟებას აღარაფერი აკლდა, მაგრამ ჩვენებური კაპიტალიზმის ნაშიერებს ვინ და რა გააჩერებდა? ამ ქვეყანაში რეალურ ხელისუფლებას ხომ „ფულის ტომრები“ ფლობენ და პრემიერსა თუ მის წინამორბედებს ვინ რას ეკითხება?

გათხარეს ორმო და მისი ცემენტით ამოვსება დაიწყეს... მას მერე ჩემი შორიდან ნაცნობი მამა-შვილი ჩოგბურთის ბადით აღარ გამოჩენილა. ნეტავ, სად გადაინაცვლეს? უახლოესი სტადიონი სპორტის აკადემიის უკანა ეზოშია, მაგრამ ისიც სანახევროდ დაანგრიეს. იქ გრუნტი არ გამოდგა მშენებლობისთვის, თორემ აქამდე მასაც ბოლომდე აითვისებდნენ.

კიდევ კარგი, რომ „მეცხრეს“ ეზოში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის მშენებლობა დაიწო. ისევ ღმერთმა გადმოგვხედა უბადრუკებს, თორემ... ასევე, თავის დროზე, ვაკის სამება რომ არ აშენებულიყო, დღეს აქაც ნემსი არ ჩავარდებოდა, როგორც ეს იქვე, გვერდითა ტერიტორიაზე ხდება. ხშირად მიფიქრია, ერთადერთი ძალა, ვინც ველური მშენებლობის აპოლოგეტები გააჩერა, ეკლესიაა. ამ გზით საპატრიაქრომ მიწების მცირე მონაკვეთები დაუტოვა თავის მრევლს.

სამების გვერდზე ჯერ მინი საფეხბურთო სტადიონი აშენდა. მთელი ქალაქიდან აქ სხვადასხვა ასაკის ბავშვები მოჰყავდათ და პროფესიონალ ფეხბურთელებთან ავარჯიშებდნენ, მაგრამ მისი შემოსავალი დეველოპერთა უცაბედ მოგებას როგორ გაუტოლდებოდა? მით უმეტეს, როდესაც ტერიტორია ვაკეს ეხება, სადაც კვადრატულ მეტრს ცეცხლი უკიდია.

ჰოდა, სულ მცირე ხანში ეს ლამაზი გასართობი ადგილი დაინგრა და უზარმაზარი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. დღეს იქ იმხელა ბიზნესობიექტია, რომ ვისღა ახსოვს პატარა მობურთალი ბავშვები. თან ყველა ასეთი მშენებლობა იმხელა სივრცეს იკავებს, რომ მალე ვაკეში გასავლელი ადგილებიც აღარ დარჩება. აღარაფერს ვამბობ სამანქანე გზაზე, რაც დღეს ამ უბანში უკვე კატასტროფაა.

კიდევ უფრო ზემოთ, ტიციან ტაბიძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გახსოვთ, რა მშვენიერი მდელო იყო? ჩვენს უბნელებს პატარაობისას იქ ფოტოები აქვთ გადაღებული, ისეთი სილამაზეა გარშემო, რომ დღეს მხოლოდ ამ სურათებით არის შესაძლებელი უახლესი წარსულის წარმოსახვითი აღდგენა. ჩვენი ქალაქის ამ ბუნებრივი მემკვიდრეობის მნიშვნელობა შეუფასებელი დარჩა.

ინერცია სრულად აკრეფილი იყო და ამ გემრიელ ლუკმას ვინ გააჩერებდა? ჰოდა, მისდგნენ გამეტებით, ერთი სანტიმეტრიც არ დატოვეს ირგვლივ თავისუფალი. ორი ორმოცსართულიანი „ტყუპის“ მშენებლობა დაიწყო, რაც 2008 წლის საყოველთაო კრიზისმა გააჩერა. წლების შემდეგ, მშენებლობა განახლდა და ისე გაფართოვდა, რომ ორივე მხარეს ადამიანების სამოძრაო სივრცე შთანთქა. უკანა მხარეს, აბულაძის ქუჩაზე, ახალი მონაკვეთი შეიერთეს და მემანქანეებისა თუ მოსიარულეების „ლოცვა-კურთხევა“ ცას აღწევს.

ადამიანები კითხვას სვამენ, ვინ არის ამ ქვეყნის რეალური მმართველი, _ პრეზიდენტი-პრემიერი-პარლამენტი ერთად აღებული, თუ ამ გრანდიოზული მშენებლობის მამამთავარი? რომელ კულტურული თუ ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვაზეა საუბარი, როდესაც ადამიანებს ნორმალური გადაადგილების საშუალებას უსპობენ ყოველი ფეხის ნაბიჯზე? ისე ხდება ახალ-ახალი საჯარო სივრცეების შემოღობვა, რომ ყველა „საქმის კურსშია“, ამ ქალაქის მცხოვრებთა გარდა.

რომელ გენერალურ გეგმაში ჯდება მიწის ასეთ უმცირეს მონაკვეთზე გიგანტური მშენებლობები? ან რა კომუნიკაცია გაუძლებს ასეთ გრანდიოზულ ურბანულ მოთხოვნებს? ან სად წავა ამდენი მანქანა აღნიშნული ნაგებობების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ? დარჩა 90-იანების გახუნებული ფოტოსურათები, სადაც უბნელი ბავშვები ულამაზეს მდელოზე დანავარდობენ.

სჯობს, არც იკითხოთ, ამ „ცათამბჯენების“ უკან რა ხდება. რა და ეს არის უზარმაზარი ბეტონის სანაგვე, რომელიც ათეული წლის წინათ მიატოვეს და აქ უკან მომხედავიც არავინაა. ეს ტერიტორიაც ვაკის სტადიონის ბუნებრივი გაგრძლება იყო, სადაც ადრე აბანო-ქიმწმენდა-სამრეცხაოები ფუნქციონირებდა. დღეს ხელოვნური შემოღობვაც დანგრეულია და კაციშვილის ჭაჭანება არ არის.

რა უფლებით წაართვეს აქაურებს ბუნებრივი გარემო _ ამხელა ტერიტორია, რომელიც ორი ათული წლის განმავლობაში მყარად დაკონსერვებულია? სად გადის ელემენტარული პასუხისმგებლობის ზღვარი  მშენებლობის უფლებასა და ადამიანებისთვის საარსებო სივრცის წართმევას შორის? ვინ აგებს პასუხს ასეთ უსულგულო დამოკიდებულებაზე ქალაქის, აქ მცხოვრები მოქალაქეების მიმართ?

ბოლო წლებში ამ ტერიტორიიდან გალაკტიონის ძეგლის გადატანასაც აპირებდნენ. რა დროს მუზა და პოეზიაა, როდესაც ბოლომდე გაველურებულ კაპიტალისტებს უმოკლეს ხანში არნახული ფულის „დათრევა“ უნდათ? ამ ქანდაკებაში აღვლენილი გალაკტიონის მეამბოხე სული სწორედ რომ დღევანდელ ყოფასაც ეხმაურება.     

ზემოთ გამზირის გაგრძელებაზე, თავის დროზე, კორპუსის მშენებლობა ისე დაიწყეს, რომ სავალი ტროტუარი სულ რამდენიმე დღეში გააქრეს. მერე აღმოჩნდა, რომ ეს ობიექტი, როგორც დანარჩენი დიდი უმრავლესობა, არანაირი სამშენებლო ნორმის ფარგლებში არ ჯდებოდა. ამის შემდეგ ნაგებობა დაანგრიეს და ყველა მოელოდა, რომ სივრცე პირვანდელ, ბუნებრივ სახეს დაიბრუნებდა; სამანქანე გზა სრულად დატოვებული იქნებოდა, სავალი ტროტუარი მოქალაქეებს დაუბრუნდებოდა...

ნურას უკაცრავად, ბეტონის ფილების აღების შემდეგ ადგილზე გაცილებით დიდი მშენებლობა წამოიწყეს. თან ეს ისეთი ტემპებით გააკეთეს, რომ „ნახალოვკა“, ამასთან შედარებით, გამონაგონი ამბავი იყო. გამზირის ისეთ კუნჭულში ჩასვეს, რომ გარედან ვერაფრით გაარკვევ, სად იწყება და სად მთავრდება ეს ერთმანეთზე უშნოდ მიჯაჭვული შენობები. ვიღაცამ ხომ ადვილი ფული იშოვა და ეს მორალისტური წიაღსვლები ვის რად უნდა?

თუ ყურადღება მიგიქცევიათ, იქვე, ჭავჭვაძისა და ყიფშიძის გადაკვეთაზე, ხანშიშესული, შავოსანი ქალბატონი დილიდან საღამომდე მოწყალებას ითხოვს. გვერდით მიმდინარე „გრანდიოზული მშენებლობისა“ და სივრცის გაქრობის გამო ეს ადამიანი პირდაპირ მანქანის სავალ გზაში დგას. თქვენ ერთხელ უნდა ნახოთ, რეალურად რა დღეშია ეს ქალი, როგორ ვირტუოზულად დახტის და ყიფშიძიდან მთელი სისწრაფით წამოსულ მანქანებს უსხლტება. თავის მხრივ, მძღოლებიც გაგიჟებული არიან, ასეთ სიურეალისტურ გარემოში რომ უწევთ მოძრაობა. მოპირდაპირე მხარეს, „ლიბერთი ბანკის“ გვერდით თითქმის ორი ათული წელი გაჩერებული მშენებლობაა. უცნაური რკინის კონსტრუქცია პირდაპირ ყვირის: დამასრულეთ, თქვე დალოცვილებოო. დამცავი ბადეც თითქმის ბოლომდე ჩამოფლეთილია და „პაპა კარლოს“ სხვენს დამსგავსებია. ტერიტორია წლების განმავლობაში ისეა მიგდებული, რომ პატრონი აშკარად დაკარგვია. ვინ იცის, რამდენჯერ გადავიდა ხელიდან ხელში, მაგრამ „მყვარებელი“ მაინც არავინ გამოუჩნდა.

დღეს ტროტუარებიც, ლამის, მთელ ჭავჭავაძეზე გამქრალია _ იქვე, ორმოცსართულიანი „ტყუპების“ წინ, ყოფილი ქონების მართვის სააგენტოს ადგილზე მიმდინარე მშენებლობის წინ და ა.შ.

იქვე, ვაკის პარკში გადავიდეთ, სადაც წლების განმავლობაში  დედაქალაქის ბუნებრივი  მემკვიდრეობის „გადნობის“ პროცესი მიმდინარეობს. ელემენტარულ სტატისტიკას რომ გადახედოთ, ათწლეულების წინათ რამხელა იყო პარკის ტერიტორია და დღეს რამდენია, გული მოგიკვდებათ. თავის დროზე, ირგვლივ მშენებლობები ისე გაჩაღდა, რომ არავისთვის არაფერი უკითხავთ. მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ ყოველდღიურად სავარჯიშოდ, დასასვენებლად, ბავშვების გასასეირნებლად მოდიან.

აქეთა მხარეს რესტორნები წამოჭიმეს და პარკის სუფთა ჰაერი კვამლითა და მწვადის სუნით ჩაანაცვლეს. საინტერესოა, სადმე დედამიწის ზურგზე თუ არის მსგავსი პრეცედენტი, როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ უმთავრეს რეკრეაციულ ზონაში სამრეწველო ობიექტს დგამენ? ამხელა ქალაქში ჭამა-ყლაპვის დაწესებულებისთვის ადგილი დაილია, ბატონებო? თუ თქვენი აზროვნება მუცლის ჭყლოპინს არ სცდება? დავუშვათ, ვიღაც გადაგვარებულმა მოგცა უფლება, რომ ვაკის პარკში რესტორანი ჩადგა, ნუთუ, ქვეცნობიერად არაფერმა შეგაწუხა, როდესაც ასეთ ნაბიჯზე მიდიოდი? ეჰ, მოვრჩეთ ახლა მორალისტურ ღაღადს, თორემ ტრაგიკულიდან კომიკურობამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

პრევენციის სახით კი აქვე დავწერ: ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარკის აქეთ კიდეზე, ამავე გაყოლებაზე, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება. გვარებზეც კი საუბრობენ, ვინც ამ არამი საქმის გაჩარხვითაა დაკავებული. არ გაბედოთ, ბატონებო, თორემ ეს ის ზღვარი იქნება, როდესაც მოსახლეობა გამოვა და აგურ-აგურ დაშლის, ისეა სასიცოცხლო სივრცის განადგურება ყელში ამოსული. ისიც იკმარეთ, რომ ზემოთ, ტიციან ტაბიძის ბოლოში, უკვე პარკის სივრცეში შვიდსართულიანი კორპუსი აშენდა, რომლის სახურავიდან საბაგირომდე ერთი ხელის გაწვდენაა დარჩენილი.  

ზედა მხარეს პარკის კუთვნილი მიწები სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა დაიკავეს. ფერდობის ძირში სარბენ ბილიკამდე ჩამოვიდნენ და ეს სივრცე მათ უკანა ეზოდ გადაიქცა. აქაც იგივე კითხვის დასმა შეგვიძლია, _ სად, რომელ ქვეყანაში აძლევენ უცხო ქვეყნების საელჩოებს დასასვენებელი პარკების ტერიტორიებს? უპასუხისმგებლობასა და ბედოვლათობასაც რაღაც ზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს? თუ ნებისმიერი ქვეყნის მომადლიერებისთვის ბუნებრივი მემკვიდრეობის ჩუქება გახდა საჭირო, ამ ერთი ციცქნა მიწისგან რაღა დარჩება?

არ დაგავიწყდეთ, რომ ვაკის პარკში ეს ის სავარჯიშო, სარბენი ბილიკია, სადაც რიგით მოქალაქეებთან ერთად ეროვნული ნაკრები გუნდები ვარჯიშობენ, აქ ახლო დასახლებებიდანაც კი ჩამოდიან. აქ უკვე წითელი ხაზი ანთებულია და კიდევ ერთი მსგავსი ნაბიჯი გაუთვალისწინებელ შედეგებს მოიტანს. და თუ გაინტერესებთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ სივრცეს ადამიანებისთვის, 80 წლის ქალბატონ ლატავრას ჰკითხეთ, რომელიც დღეს არ აცდენს, რომ ფალიაშვილის ქუჩიდან აქ არ ამოვიდეს და სუფთა ჰაერზე არ ისეირნოს.

სუფთა ჰაერს რაც შეეხება, ამ მხრივ ჭავჭავაძის გამზირსა და პარკის ზოლს შორის იმხელა განსხვავებაა, რომ... ეს ერთხელ მაინც საკუთარი თავით უნდა გამოსცადო, რომ სრულიად განსხვავებულ რეალობაში დარწმუნდე. ამიტომ გავუფრთხილდეთ სივრცეს, რომელიც სულის მოთქმის საშუალებას გვაძლევს, თორემ ჰაერის დაბინძურებით დაავადებები რომ იმატებს, ამაზე შიშველი სტატისტიკა დიდი ხანია, ღაღადებს.

ხოლო ვაკის პარკის შუაგულში უზარმაზარი სასტუმროს მშენებლობის გაჩერება თავიდან ბოლომდე ქართული სამოქალაქო საზოგადოების დამსახურებაა. ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ სავლე პავლედ არ იქცა და პარკს „ბუდაპეშტის“ წინა ეზოდ გადაქცევა ემუქრებოდა. სამოქალაქო საზოგადოებამ იქვე გვერდით კარვები დასცა და მშენებლობას საკუთარი მკერდით წინ აღუდგა. ბრძოლა ვაკის პარკის გადარჩენისთვის გრძელდება და ეს გზა სამაგალითო უნდა იყოს ამ ქალაქის ბუნებრივი მემკვიდრეობის დასაცავად. სხვა შემთხვევაში კატასტროფა გარდაუვალია.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მდინარე ვერის ხეობაში წარღვნის შემდეგ საუბრები მთელი ამ ზოლის ბეთანიამდე „ცენტრალპარკად“ გადაქცევის შესახებ, ჯერჯერობით, ლიტონ სიტყვებად რჩება. ის კი არა, ბევრი საწინააღმდეგო საუბრების მიუხედავად, წყალდიდობამდე დაწყებული მშენებლობებიც ხეობაში „წარმატებით“ გაგრძელდა. სიმწვანის აღმდგენი ნაბიჯები კი დამაჯერებელი ვერ არის.

დაბოლოს, წლების წინათ, ყიფშიძის ქუჩის დასაწყისში, ქვემოთ, ხილიანისკენ ჩასასვლელში, მორიგი კორპუსის მშენებლობა დაიწყეს. საძირკველი ამოიყვანეს, ზედ არმატურებიც ჩასვეს და ასე დაუტოვეს შთამომავლობას. დღეს მასზე ხავსია მოდებული და აღარც კი ჩანს. მიზეზი საგულისხმო იყო, _ იქვე ქვემოთ, ორ ნაბიჯში, უზარმაზარი მიწა „ორბიტას“ მოწყდა და ქვემოთ ჩაიზნიქა. ამ ტერიტორიაზე გრუნტის უვარგისობა ყველამ იცოდა (განსხვავებით ვერის მეორე ნაპირისგან, რომელიც უფრო კლდოვანია), მაგრამ ველური კაპიტალიზმი აქაც დამკვიდრებას ცდილობდა. ამაზე უკვე ისედაც დამძიმებულმა მიწამ უარი თქვა და კბილები (მცირე მეწყერი) გამოაჩინა. როგორც ჩანს, რაღაც უფრო დიდი კატასტროფა უნდა მოხდეს, რომ გავჩერდეთ და „ნატვრის ხმის“ გმირივით ზოგჯერ დედამიწასაც ყური მივადოთ და მოვუსმინოთ.   

ჩვენ ამ დროს 100 კმ-ით დაშორებულ საყდრისზე ვსაუბრობთ, რომელსაც პატრონი არ გამოუჩნდა და ბოლომდე აღგავეს პირისგან მიწისა. ნუთუ, იქაც მოქმედი ეკლესია და ღვთის რისხვის შიში უნდა აღდგომოდა ამა ქვეყნის ძლიერებს, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის ეს უნიკალური ძეგლი არ წაეშალათ? სამწუხაროდ, იქ მხოლოდ ადგილის სახელი, „საყდრისი“ იყო შენარჩუნებული, რაც მორიგი ოქროს ციებ-ცხელებით შეპყრობილთათვის საკმარისი რ აღმოჩნდა.

კიდევ რომელი მონაკვეთი უნდა შემოგვიღობონ, დაგვინგრიონ და იქ ბეტონის ხუხულა ჩაგვიდგან, რომ მოთმინების ფიალა აგვევსოს და საკმარისი წინააღმდეგობა გამოვიჩინოთ? ყველამ ერთად ვიმსჯელოთ ამაზე და გადაწყვეტილებებიც დროულად მივიღოთ, თორემ მალე ეს ქალაქი, განსაკუთრებით მისი ცენტრალური უბნები, ჩერნობილის მოჩვენებათა საცხოვრისს დაემსგავსება, სადაც სულიერის ჭაჭანებაც აღარ იქნება.  

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია