მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ის ურჩხულია, რომელიც შიგნით გაზარდეს და თავის მშობელს თვითონვე ჭამს - 20 სექტემბერი 2018

არ მჯერა თქვენი დაპირებების, არც თქვენი პროგრამების, გადაიხადეთ და ხმას გადმოგიგდებთო“

საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესზე და ბოლო დღეებში აგორებულ ტალღაზე, რომელიც მარიხუანას ლეგალიზაციასა და წარმოებას შეეხება, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ვესაუბრებით:

- ბატონო გია, როგორ აფასებთ მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს, რა დამახასიათებელ ნიშნებს გამოყოფთ?

- მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ეს საერთოდ არ არის არჩევნები. ეს არის კენჭისყრა, სადაც ფაქტობრივად ამომრჩეველსა და კანდიდატებს შორის არანაირი ბმა აღარ არსებობს. ამომრჩეველი თავის მასაში დისტანცირებულია კანდიდატებისგან, არ სჯერა არავისი, მის თვალში ყველა კომპრომიტირებული ან უპერსპეტქივოა და, შესაბამისად, პროცესს ასე ნიჰილისტურად უყურებს.

ჯერ ერთი, ამომრჩეველი პირდაპირ კომუნიკაციაში არ შედის, პროცესს ძირითადად ტელევიზორში უყურებს და ასე ფიქრობს, - არ მჯერა თქვენი დაპირებების, არც თქვენი პროგრამების, გადაიხადეთ და ხმას გადმოგიგდებთო; არ გადაიხდით და ვიჯდები სახლში, დაახლოებით ეს ვითარება გვაქვს.

ანუ, ეს არჩევნები კი არა, სატელევიზიო რეალითი-შოუა სახელწოდებით პრეზიდენტი, თანაც პროვიციული, ძალიან დაბალი, მდარე ხარისხის, რომელსაც მერე მთელი 6 წელი უნდა ვუყუროთ.

რეალურად, ეს არ არის პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ეს არის რესურსების ომი და ვინც მეტს გადაიხდის, ის იგებს. ბუნებრივია, რომ ხელისუფლებას რესურსებით უპირატესობა აქვს. მით უმეტეს, რომ მოწინააღმდეგეები აბსოლუტურად დისკრედიტირებული და დეგრადირებული ჰყავს. ასეთი მოცემულობა გვაქვს.

- ამ პირობებში, შეგვიძლია ვთქვათ 28 ოქტომბერს რა შედეგები დადგება?

- როგორც აღვნიშნე, ყველაფერი რესურსების ჭიდილის გათვალისწინებით წარიმართება.  ისიც გასაგებია, რომ რაც უნდა სისულელეები აკეთონ, ხელისუფლებას ბევრად მეტი რესურსები აქვს.

ამ სისულელეებსაც არ აკლებენ და ამას ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ, - ხან მარიხუანა, ხან სალომე, არ ვიცი, ხვალ და ზეგ რას გამოაგდებენ კიდევ. ამ დროს, რადგან რესურსები იგებს, ცხადია, ხელისუფლებას უპირატესობა აქვს.

- სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე რაზე მიანიშნებს?

- ამაზე შინაარსობრივად არ ვილაპარაკებ. სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს ვიღაც შეიძლება იზიარებდეს ან არა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პროცესები, რაც ახლა რუსეთსა და საქართველოს შორის მიდის (ეს ჰააგაში იქნება, სტრასბურგში თუ სამომავლოდ), იქ ჩვენ გარკვეული არგუმენტები გვაქვს, რომლებსაც სალომე ზურაბიშვილი თავისი გამონათქვამებით, ფაქტობრივად, აბათილებს. ანუ, ამით ქართულ მხარეს, იმ სახელმწიფოს აყენებს ზიანს, რომლის მეთაურიც საარჩევნო პროცესის შედეგად უნდა გახდეს.

იგივე ადვოკატურის ეთიკით ადვოკატს უფლება არ აქვს, რომ თავისი კლიენტის საწინააღმდეგოდ ან ინფორმაცია გასცეს, ან შეფასებები აკეთოს. შედეგი ის არის, რომ ადვოკატს საადვოკატო საქმიანობის წარმოება ეკრძალება, ამის პერსპექტივა აღარ აქვს.

ასევეა პოლიტიკოსიც, რომელიც თავისი სახელმწიფოს ადვოკატია. ჰააგაში სააკაშვილს კიარ ასამართლებენ და მისი პროცესი კიარ მიდის, საქართველოს პროცესი მიმდინარეობს. თქვენ იმ საქმეს რომ გადახედოთ, დაინახავთ, რომ ქართული მხარის ბევრ არგუმენტთან სალომე ზურაბიშვილის რიტორიკა წინააღმდეგობაში მოდის.

აქედან გამომდინარე, მეორე მხარე ამას არგუმენტად აიფარებს და სასამართლოში თავზე დაგვახევს. აი ეს მოხდება. ახლა ჩვენ ვიპლაპარაკოთ, რომ გულწრფელია, სიმართლეს ლაპარაკობს და .. პოლიტიკაში მთავარი სიმართლე არ არისმ, მთავარია შენი ქვეყნის ინტერესები დაიცვა. რა თქმა უნდა, წესიერი უნდა იყო მოსახლეობის წინაშე, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში შენი ქვეყნის ინტერესებს უნდა იცავდე. როდესაც მის საწინააღმდეგოდ იქცევი, არ ვიცი ამას რა ჰქვია.

სააკაშვილი ვინც იყო და რაც გააკეთა, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ კანდიდატობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანი ამაზე როგორ შეიძლება ლაპარაკობდეს.

- ამის გათვალისწინებით, „ქართულმა ოცნებამსალომე ზურაბიშვილს მხარი რატომ დაუჭირა?

- ამის შესახებ თვითონაც არ იციან. ეს არის ეგრეთ წოდებული გაფუჭებული ტელეფონის შედეგი. თავიდან რაღაც დემოკრატიულობანას თამაში დაიწყეს (თან ძალიან უხარისხოდ) და საბოლოო ჯამში შევიდნენ ჩიხში, საიდანაც სხვა გზა არ ჰქონდათ გარდა იმისა, რომ ზურაბიშვილისთვის მხარი დაეჭირათ.

ანუ,  სალომემ მათ შეუსრულა, ქართული ოცნების ხარჯზე საკუთარი ოცნება აისრულა.

- მარიხუანას ლეგალურად წარმოებაზე ხელისუფლების გაცხადებული გეგმა და ამაზე საზოგადოების რეაქცია რა შეფასებას იმსახურებს?

-კანაფთან დაკავშირებით მე არ მაქვს პრინციპული მოსაზრება და ახლა ისტერიკაში ნამდვილად არ ჩავვარდები. მაგრამ ეს საკითხი მინიმუმ ძალიან სერიოზულ დისკუსიას და მსჯელობას იმსახურებს; რადგან ეს რიგითი საკითხი არ არის, ვიტყოდი, რომ ლამის სარეფერენდუმო საკითხი შეიძლება იყოს.

ახლა, ამაზე ეკონომიკური აღმავლობის სურათების ხატვა სუფთა სისულელე და ტყუილია, რასაც ნამდვილი დაბოლება შეიძლება ეწოდოს; რომ თითქოს ახლა კანაფი ქართულ ეკონომიკას ააშენებს და მისთ.

ამ ყველაფერზე ელემენტარულად მეტი ინფორმაცია უნდა არსებობდეს. ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, რაღაც ჯგუფის მხრიდან ლობირებულია. აღნიშნული ჯგუფი სარგებლობს სიტუაციით, როდესაც იქ რაღაც აქციები იმართებოდა ნარკოტიკებთან დაკავშირებით, კონსტიტუციური პროცესი მიმდინარეობდა და .. ამ დროს, ვიღაცამ დრო იხელთა და ამ თემის ლობირება დაიწყო. ანუ, საკუთარი ინტერესების გატარება, - არა სახელმწიფოსა და მის ეკონომიკაზე ზრუნვა.

მსგავსი დახატული სურათები ჩვენ ბევრი გვინახავს, მაგრამ რეალიზუბული არცერთი არ ყოფილა. რა უბედურ დღეშიც არის ეს ეკონომიკა, ისეთივე დღეში ვიქნებით, გინდ კანაფი მოიყვანე და გინდ სხვა.

ამ დროს, აქ უსაფრთხოების საკითხები დგება. ქვეყანას არ აქვს გამოცდილება ასეთი ტიპის ჩაკეტილი სისტემების მართვის, სადაც ძალიან მაღალი დონის კონტროლია საჭიროა. ის არგუმენტი, რომ ეს მარტო ექსპორტზე გავა, არადამაჯერებელია. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ არსებობს, სადაც წარმოებული პროდუქცია პირველ რიგში შიდა ბაზარს არ ითვისებდეს.

ვიღაცა რომ დარწმუნებას ცდილობს, იცით რა, იქიდან შიდა ბაზარზე არაფერი მოხვდება და ყველაფერი უცხოეთში წავაო, ეს უკვე ძალიან მიამიტ და ბრიყვ ხალხზე გათვლილი რიტორიკაა, მეტი არაფერი.

ასე რომ, ამ ყველაფერს მეტი დაფიქრება უნდა, მეტი დისკუსია და ..

რაც შეეხება ამაზე რეაქციას, პოლიტიკურად ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ აქ ნარკოთავისუფლებაზე ორიენტირებული ახალგაზრდობის სეგმენტს მოიზიდავდა. როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ ეს ძალიან დიდი სეგმენტია. სინამდვილეში ვიმედოვნებ, რომ ეს ასე არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი პოლიტიკური მოტიოვი იყო. მაგრამ პოლიტიკური ლოგიკით ხელისუფლებამ უფრო მეტი პრობლემა გაიჩინა, ვიდრე რამე მოიგო ამ ყველაფერით.

უკვე თვითონვე უკან დაიხიეს. ჩვენ ვხედავთ ბოლო განცხადებებს, რომ ამ საკითხზე დისკუსიები დაიწყება.

ანუ, დღეს ქართული ოცნების პრობლემა და ოპონენტი ოპოზიცია კიარ არის, არც მიშა სააკაშვილია, რომელზეც მუდმივად აპელირებენ. ქართული ოცნების მთავარი პრობლემა სადღეისოდ თვითონ ქართული ოცნებაა. ანუ, მათ შიგნით ურჩხული გაზარდეს, რომელიც თავის მშობელს თვითონვე ჭამს. დაახლოებით, ამ პროცესში ვიმყოფებით. ამას აჯობებს პირველ რიგში შიგნით არსებულ მდგომარეობას მიხედონ, რადგან ამას შიგნით თუ არ მიხედეს ყველაფერი უკან მორჩებათ.

- აქვსოცნებასამისთვის საჭირო რესურსი?

- იმედი მაქვს, რომ პროცესს ჯერ კიდევ შეუქცევადი ხასიათი შეძენილი არ აქვს.  

meotkhe.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია