მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თადარიგის გენერალი: ვეტერანს რომ დაამშევ, შენ რა სახელმწიფო ხარ? - 28 სექტემბერი 2018

ufleba.ge

დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და საკურთხის სუფრა აკურთხა.

დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ გავიდა 25 წელი სოხუმის დაცემიდან. დაცემას მოსდევს ამაღლება. ასე რომ, ვინ დაეცა, ეს მარტო ღმერთმა იცის. ჩვენ ვიცით ის, რომ ღვთის წყალობა ჩვენზეა, " - განაცხადა ილია მეორემ.

ამასთან, ტაძარში დაბრძანებულია წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები და ტაძრის მღვდელმსახურებმა სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. დღეს ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.

ასევე, დღეს სოხუმის დაცემის დღეა.

meotkhe.ge დღეს გმირთა მოედნის მემორიალთან ომის ვეტერანს, თადარიგის გენერალ ოთარ მაისურაძეს ესაუბრა:

- სამი ომის ვეტერანი გახლავართ. არც შევარდნაძის, არც სააკაშვილისა და არც ივანიშვილის გულისთვის არ მიბრძოლია, მე ერის გენერალი ვარ, სამშობლოსთვის, ჩემი ხალხისთვის ვიომე. აქ ვისაც უყურებთ, ყველა ჩემ გვერდში ნაბრძოლი ბიჭები არიან, სისხლი დაღვარეს და ამათ ვენაცვალე!

დღეს კი, ვეტერანებს სიგარეტისა და პურის ფული არ აქვთ, იმისთანა დღეში ჩაყარა ვეტერანები ყველა მთავრობამ. სამწუხაროდ, მთავრობისთვის ვეტერანი არ არსებობს.

- 27 სექტემბერი თქვენთვის როგორი დღეა?

- რა თქმა უნდა, გლოვისა და გულისტკივილის დღეა. რამდენი თითით საჩვენებელი ბიჭი დავკარგეთ, ამ სამგლოვიარო კედელზე უამრავ მათგანზე არაფერი წერია. იმისთანა ბიჭები დავკარგეთ, ავღანეთიდან მოყოლებული სამაჩაბლოში, აფხაზეთში, ისინი აქ ნახსენებიც კი არ არიან.

- აფხაზეთი რატომ დავკარგეთ?

- აფხაზეთი ჩვენ, მებრძოლებს არ დაგვიკარგავს, კუთხე მთავარსარდალმა დაკარგა, თორემ აქ დამარცხებული მეომარი არცერთია. ჩვენ იქ ბოლომდე კაცურად და საბრძოლო სულისკვეთებით ვიბრძოდით, მაგრამ აქ მეორე საკითხია, - ბოლოს და ბოლოს, ეს ტერიტორია გაყიდული იყო თუ გამოყიდული? სამწუხაროდ, ეს ჩვენ აღარ გვეხებოდა, ჩვენი საქმე ბრძოლის ველი იყო.

- ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა რა გზით უნდა გადაწყდეს?

- დღე და ღამე პუტინის გინებით რას მიაღწიეს? ისლილიპუტინიადა თვითონ ორმეტრიანები, მაგრამ რეალურად რა გამიკეთეს? კოდორის ხეობის სარდალი ვიყავი, იქიდან უკან გამომიყვანეს და ხეობა რუსებს ხონჩით მიართვეს.

ამიტომ, სანამ ქართველ ერს ელემენტარული ერთიანობა (რაშიც ძალიან მოვიკოჭლებთ) და რუსებთან ნორმალური ურთიერთობა არ გვექნება, საშველი არ დაგვადგება. მეზობლებთან ძმობა და მეგობრობა უნდა აღდგეს, სხვა გამოსავალი არ ჩანს.

- ჩვენი მთავრობის ნაბიჯები რამდენად საკმარისია?

- ერთი პროცენტითაც კი საკმარისი არ არის.

- მაშინ რა უნდა გაკეთდეს?

- უპირველესად, ნაბრძოლ ხალხს, ომის ვეტერანებს უნდა მიხედონ, ვინც სისხლი არ დაიშურა. მერე მშიერ მოსახლეობას უნდა მიხედონ, რომ ქვეყანაში რაღაც სამართლიანობა და წესრიგი არსებობდეს. მშიერმა ვეტერანმა და საერთოდ ხალხმა ამ სახელმწიფოს კარგი რა უნდა გაუკეთოს? ასეთი პოლიტიკით ქვეყანა სადამდე მიიყვანეს და რა მაღალ მატერიებზე ვსაუბრობთ? ასეთ ვითარებაში ვინ რის დამბრუნებელია?

- უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

- მხოლოდ და მხოლოდ დიალოგი მოგვიტანს დადებით შედეგებს. ხალხის მიმოსვლა უნდა აღდგეს, ადამიანებს შორის ურთიერთობის განახლებას ალტერნატივა არ აქვს. გვეყო ტყვიის სროლა, უკვე საკმარისზე მეტად ვესროლეთ ერთმანეთს.

ამიტომ დიალოგი მოგვიტანს სასურველ შედეგებს, ურთიერთობების აღდგენის გარეშე არაფერი გამოვა.

- ზემოთ სოციალური პრობლემები ახსენეთ, რა უნდა გაკეთდეს ვეტერანთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?

- დღემდე ვეტერანს თვეში 22 ლარს აძლევენ, ეს  22 ლარი ეყოფა საჭმელზე? ვეტერანს რომ დაამშევ, შენ რა სახელმწიფო ხარ?

სამედიცინო მომსახურებაც დამაკმაყოფილებელი არ არის. მე ახლა ორივე თვალზე კატარაქტა მაქვს და ოპერაცია უნდა გავიკეთო. ჯერ ჩემთვის თანხის გადმორიცხვაზე დიდი ომი გამოვიარე, ძლივს გადმოვარიცხვინე; ვინ არ ჩაერია, ვეტერანთა დეპარტამენტი, სხვებიც და 29-ში თვალების ოპერაციას ვიკეთებ. ალბათ, გენერალი რომ არ ვყოფილიყავი, არც ამას გადმომირიცხავდნენ. აქედანაც კარგად ჩანს ჩვენი ყოფა.

მინდა, რომ ჩემი ერი კარგად და მშვიდობიანად იყოს. არა მთავრობების, არამედ ჩემი ერის გენერალი ვარ, ჩემი ხალხისთის, საქართველოს გულისთვის ვიბრძოლე და არა პრეზიდენტებისა და პრემიერ მინისტრების გულისთვის. ეს არის ჩემი კომენტარი.       

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია