მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენებურად - 19 ოქტომბერი 2018

 

სახელმწიფო ყველა პრობლემას ვერ მოაგვარებს, პასუხისმგებლიან ბიზნესს შეუძლია ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთოს“

ufleba.ge

საბჭოეთის დროს, პროვინციულ სკოლაში თათბირზე სიტყვით გამოსული პედაგოგი, ყველასთვის მოულოდნელად, სულ მაკარენკოს და უშინსკის დანაბარები ტერმინოლოგიით  ამეტყველდა. კოლეგებმა ერთმანეთს მრავალმნიშვნელოვნად გადახედეს და სიტუაცია ერთ-ერთმა მათგანმა განმუხტა, - ადროვეთ, ჩანს ამის შესახებ ახლა გაიგოო. უკვე ჩვენი  დროებისთვის დაახლოებით მსგავსი მოვლენააკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა“, რომელიც ბიზნესსამყაროში ფართოდ გამოიყენება.

ევროპის კომისია მას განსაზღვრავს როგორცცნებას, სადაც კომპანიები ნებაყოფილობით ითვალისწინებენ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს, ზოგადად საქმიანობისას და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას“. ამგავრი პრაქტიკა სხვა სახელებითაც გვხვდება: კორპორატიული პასუხისმგებლობა, კორპორატიული მოქალაქეობა და კორპორატიული მდგრადობა.

სახელმძღვანელოში (რედაქტორი - აირინ პეტერს ონი, გამომცემელი - გაეროს განვითარების პროგრამა) ვკითხულობთ, რომ ეს არის კომპანიის საქმიანობის ზეგავლენა სამყაროზე და მის შედეგად ჩამოყალიბებული ურთიერთობები:

რას აწარმოებს ბიზნესი, როგორ ყიდულობს და ყიდის, როგორ ზემოქმედებს გარემოზე, როგორ ასაქმებს, ასწავლის და ანვითარებს თანამშრომლებს, როგორ ფინანსდება და იმართება, როგორ ახდენს ინვესტირებას თემში და სცემს პატივს ადამიანის უფლებებს, მისი სამუშაო ძალა და მომხმარებელი - ამ ყოველივეს ერთობლიობა განსაზღვრავს კონკრეტული საწარმოს ზეგავლენას საზოგადოებაზე“.

CSR-ზე ორი წიგნის ავტორ ლელა ხოფერიას საჯარო ლექციაზე (კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნესი და საზოგადოება) კი მოვისმინეთ, რომ Corporate Social Responsibility შედარებით ახალ და ძალიან სწრაფად მზარდ ტენდენციას წარმოადგენს. დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის წარმოების ერთი-ერთი განუყოფელი კომპონენტი გახდა. სულ უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებს ეს კონცეფცია განვითარებად ქვეყნებში:

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს ბიზნესის პასუხისმგებლობას იმ ზეგავლენაზე, რომელსაც ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ახდენს საზოგადოებასა და ბუნებრივ გარემოზე. არსებითად, ეს არის ბიზნესის კეთილი ნება საკუთარ თავზე აიღოს  უფრო მეტი პასუხისმგებლობა, დააკმაყოფილოს საქმიანობის უფრო მაღალი სტანდარტები, ვიდრე მას კანონით ეკისრება,  იმოქმედოს ეთიკურად, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებები და დადებითი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვან დადებით ზეგავლენას ახდენს კომპანიის ბიზნესსაქმიანობაზე საქმიანობის გაუმჯობესებული მენეჯმენტის, თანამშრომელთა და მომხმარებელთა ლოიალობის ზრდის, ასევე კომპანიის იმიჯისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესების გზით.

შესაბამისად, ამ კონცეფციის სიძლიერე, მისი მორალური ღირებულების გარდა, მდგომარეობს მრავალფეროვან და გრძელვადიან სარგებელში, რომელიც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვას მოაქვს ყველა დაინტერესებული მხარისათვის - როგორც ქვეყნისა და საზოგადოებისათვის, ასევე თავად ბიზნესკომპანიებისათვის“.

მაკარენკო-უშინსკირომ არ გამოგვივიდეს, კონკრეტული მაგალითებით ქართულ რეალობას გადავხედოთ. სუპერმარკეტებში კუდრაჭა ოპერატორები გეკითხებიან, - ნავაჭრისთვის ათთეთრიანი პარკები ხომ არ გნებავთო. ყოველი გაყიდულიდან გარკვეული პროცენტი საქველმოქმედო ფონდების ანგარიშზე მიემართება. საგულისხმოა, რომ სტაბილურ აქციაში ძალიან ბევრი მყიდველი მონაწილეობს.

სამწუხაროდ, ამავე სუპერმარკეტებში ახლადმიღებულ თანამშრომლებსსტაჟირებისსაფარქვეშ ამუშავებენ და ხშირად დაპირებულ ანაზღაურებასაც არ აძლევენ. ასევე, პერსონალის სიმცირის გამო დამატებით სამუშაოს აკისრებენ და საფასურს არ უხდიან. ყოველთვიური კუთვნილი ხელფასის დაკლებაც აქ ჩვეულებრივი ამბავია, ნაცნობ-ახლობებში გაიკითხეთ და დარწმუნდებით.     

სოციალური პასუხისმგებლობის კარგ მაგალითებს იძლევიან ბიზნესკომპანიები, რომლებიც სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მაგალითად, „დედების ფონდს“, „გადაარჩინე სიცოცხლეს“, „ნატვის ხეს“, „ერთგულებასდა მისთ. აფინანსებენ. აღნიშნულ ფონდებს პაციენტებისთვის დასახმარებელი ფული, ძირითადად, ხმაურიანი აქციებისას უჩნდებათ და სხვა დროს ბიუჯეტი ცარიელი აქვთ. სულ ახლახან, პოტენციურ ბენეფიციარს გერმანიაში სასწრაფოდ გადაფრენისთვის (სიმსივნეზე საოპერაციოდ) ბილეთის ფული სჭირდებოდა და ფონდს (გადაარჩინე სიცოცხლე) ეს არ აღმოაჩნდა. მარტო სოციალური ქსელის მომხმარებელთა იმედად კი, მოზარდის გამოჯანმრთელება გადაიდო.

სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი უნდა იყოს დედაქალაქის ქუჩებსა და გადასავლელებზე დამონტაჟებული, საკულტო ფორმის რკინის ყუთები წარწერით, - „დაეხმარეთ სულიერებას“. მაგრამ ამ საკითხში ვინ ვისთან თანამშრომლობს დაზუსტებით ვერაფერი დავადგინე (ინფორმაცია უბრალოდ არ მოიძებნა). იმედია, მასში ბიზნესის წარმომადგენლების თუ გამვლელი მოქალაქეების მიერ ჩაყრილი ფული დანიშნულებისამებრ მიემართება.

დააფიქსირებდით, იმავე სუპერმარკეტებში სალაროსთან დადგმულ ყუთებს კონკრეტული ადრესატები აწერია. რკინის ყუთების შემთხვევაში თუ ასე არ ხდება, ამ ტიპის ინკოგნიტო ქველმოქმედების დანახვაზე ოსტაპ ბენდერი გაგახსენდებათ, „ატეც ფიოდორის“ „ალპურ მათხოვრობაზერომ ამახვილებს ცხოველ ყურადღებას.   

ახლა, ვნახოთ სამამულო ბიზნესკომპანიები, რომელთათვისაც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა უცხო ამბავი არ არის.

წელს, m² უძრავი ქონებასოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო 2018“-ის გამარჯვებული გახდა. დეველოპერმა კომპანიამ ჯილდო ნომინაციაში - წარმატებული პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის - მიიღო. პროექტი მთაწმინდის ნახანძრალი ფერდობის აღდგენას, ადგილზე ბიომრავალფეროვანი და თვითგანახლებადი გარემოს შექმნასა და მის ფარგლებში საგანმანათლებლო კამპანიას მოიცავს.

პროექტის ფარგლებში 3000 ხე-მცენარის ჩარგვასთან ერთად, m² 3 წლის განმავლობაში ნარგავების მოვლასაც დააფინანსებს. გარდა ამისა, კომპანია პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად იწყებს ხანძრის პრევენციის კამპანიას სკოლებში. დაწყებულია რისკების შემცირების კამპანია საცხოვრებელ კომპლექსებში.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დაჯილდოების ცერემონია საქართველოში პირველად ჩატარდა. ღონისძიების ინიციატორები CSR კლუბი და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი არიან.

თიბისი ბანკისსოციალური პასუხისმგებლობის საშუალო წლიური ბიუჯეტი - 2 მილიონი ლარია. ძირითადი პრიორიტეტებია: 1. ლიტერატურა; 2. ხელოვნება (სახვითი ხელოვნება, კინო, ფოლკლორი, ფოტოგრაფია...); 3. კულტურული ძეგლები, მუზეუმები; 4.  სოციალური პროგრამები; 5. შიდაკორპორატიული სოციალური პროექტები.

ლიტერატურული პრემიასაბა“, თიბისი ფონდი,  #წერექართულად, არტარეა - კულტურის პირველი არხი საქართველოში, თიბისი გალერეა, საერთაშორისო ფოტოფესტივალიქოლგა“, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალიგარიყულა“, შიდა სოციალური პროექტი - თიბისელები თიბისელებისათვის, - ბანკის ამ პროექტების შესახებ ბევრმა იცის და დაწვრილებით აღარ შევჩერდებით.

საქართველოს ბანკიკორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, ძირითადად, ფონდსიცოცხლის ხისმეშვეობით ახორციელებს. იგი სხვადასხვა კომპანიისა თუ მომხმარებლების აქტიური ჩართულობით სოციალური საკითხების მოგვარებაზე ზრუნავს.

სიცოცხლის ხეშშმ ბავშვების მხარდასაჭერად პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მდგრად პროექტებს ახორციელებს. ამ დროისთვის უკვე განხორციელდა 60-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო დაფინანსებამ 3 მილიონ ლარს გადააჭარბა. ასევე, პერიოდულად ცხადდება საგრანტო კონკურსებიც, სადაც შშმ პირების დასახმარებლად აქტიურად ერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, საინიციატივო ჯგუფები თუ სხვა შესაბამისი დაწესებულებები. ფონდი საქართველოში სოციალური მეწარმეობის აქტიური მხარდამჭერიცაა.

ლიბერთი ბანკისმუდმივმოქმედი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, რომლის ფარგლებშიც 50-ზე მეტი მიუსაფარ ბავშვთა სახლის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის სრული ანაზღაურება ბანკმა უზრუნველყო.

ლიბერთისხელშეწყობით საგურამოში, შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა. ასევე, ბანკის სათაო ოფისში ხელი მოეწერა მემორანდუმს Educare Georgia-სთან, რომლის ფარგლებშიცლიბერთი ბანკიონლაინ განათლების ხელშეწყობის პროგრამაში ჩაერთო. 700-მდე დაუცველი ოჯახის  ფინანსური და მატერიალური მხარდაჭერა მოხდა. 2014 წლიდან მოქმედებს სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერის პროგრამა, რომელმაც ფონდის ანგარიშზე ჯამში 600,000 ლარზე მეტი გადარიცხა.

აიფიემ კვლევებისმიერ გამოქვეყნებულ TOP-10-ში სსქართული ლუდის კომპანიასოციალური პასუხისმგებლობის მხრივ ადგილობრივ მწარმოებელ კომპანიებს შორის ერთ-ერთი ლიდერია.

კომპანიის თითოეული თანამშრომელი სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობაზე მზადყოფნას გამოთქვამს. ამასთან, შიდა კორპორაციული კულტურა    საშუალებას იძლევა ვთქვათ, რომ კომპანიის თითოეულ თანამშრომელს გუნდურად მუშაობის პრინციპის ყველა ნიუანსი და დადებითი  მხარე გაცნობიერებული აქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენს კომპანიაში დასაქმებულთა თითქმის 70 % იძლებით გადაადგილებული პირია. ამიტომ ჩვენი წარმოება თავად არის წარმატებული სოციალური პროექტი“, – გვეუბნება სსქართული ლუდის კომპანიის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა მიქაცაძე.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, მისი აქტუალობიდან გამომდინარე, ხშირად ხვდებააიფიემკვლევებისმედია სტატისტიკის ფოკუსში. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების დაკვეთაა. მოგეხსენებათ, ბიზნესკომპანიების საქმიანობისთვის რამდენად კარგი რეკლამა და მარკეტინგული სვლაა სოციალური პასუხისმგებლობით შენიღბული აქტივობები. შესაბამისად, წლიდან წლამდე მეტი მოცულობით ხდება ამ ტიპის ღონისძიებების, იდეების მედიაგაშუქება“, - გვითხრესაიფიემში“.

აიფიემკვლევებისმიერ გამოქვეყნებული ბოლო TOP-10 კი ასე გამოიყურება: ლიბერთი ბანკი, ვითიბი ბანკი, არემჯი, ქართული ლუდის კომპანია, ემ კვადრატი, სილქნეტი, ევექსი, ვისოლ პეტროლიუმი.

თავის მხრივ, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG)“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების კუთხით მუშაობა 2004 წელს დაიწყო და წლების მანძილზე აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებასა და ექსპერტიზის ხელმისაწვდომობაზე:

დასახული მიზნის მისაღწევად აქტიურად ვმუშაობთ, როგორც სამთავრობო სტრუქტურებთან, ისე უშუალოდ მსხვილ და მცირე ბიზნეს კომპანიებთან, მედიასთან და უმაღლეს სასწავლებლებთან“, - განმარტავენ „CSRDG“-ში.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბისთავმჯდომარე კახა მაღრაძეს ვკითხეთ, თუ რამდენად დამაკმაყოფილებელია ამ მიმართულებით ქართული კომპანიების აქტივობა და რამდენად გააზრებული აქვთ ამის საჭიროება:

- მსხვილი და საშუალო სიდიდის კომპანიები ამას გამოიყენებენ, მაგრამ კვლევა არ ჩატარებულია, ეს რამდენად ხშირად ხდება. ასევე, გააზრებაც სხვადასხვანაირია, - ზოგი ქველმოქმედების ტიპის ღონისძიებას ახორციელებს, ზოგი უფრო მეტად თანამედროვე სტანდარტებს იყენებს.

მაგალითად, ამასთან დაკავშირებით ფონდნატახტართანკამპანიის (იზრუნე მომავალზე) ფარგლებში მიმუშავია. ფონდი 2011 წლიდან, ასოციაციაჩვენი სახლი საქართველოსთანერთად, მზრუნველობამოკლებული მოზარდების დასაქმებისა და განათლების  მიმართულებით იღწვის. გაყიდული ლიმონათიდან თანხა გროვდება, რათა 15, განსაკუთრებით 18 წლიდან ახალგაზრდები გაძლიერდნენ და დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლონ.

პროექტი სამაგალითო იმიტომაა, რომ ჯერ ერთი კომპანია წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობას სტაბილურად აგრძელებს. ამაში მომხმარებელიც ჩართული ჰყავს, გაყიდული ლიმონათის ბოთლიდან თანხა ფონდში აკუმულირდება. მესამე, - ამ პროცესში მონაწილეობს არასამთავრობო ორგანიზაცია, მისი ფსიქოლოგები, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით მზრუნველბამოკლებულ მოზარდებს ეხმარებიან, რომ შეიძინონ უნარ-ჩვევები, მიიღონ განათლება, დაეუფლონ გარკვეულ პროფესიებს იმისთვის, რომ სახელმწიფო ზრუნვის სისტემის დატოვების შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლონ.

ფონდინატახტარისძალისხმევით, რამდენიმე ადვოკატირების კამპანიაც ჩატარდა იმისთვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა თანხები გამოყონ ასეთი ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რომლებმაც ზრუნვის სისტემა უკვე დატოვეს და რეალური ცხოვრების წინაშე პირისპირ აღმოჩნდნენ.

ბევრი კომპანია ადამიანის უფლებების, ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების, გარემოს დაცვის, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერის მიმართულებით უამრავ თანხას ხარჯავს. ასე რომ, საკმაოდ აქტიურები არიან. უბრალოდ, ნელ-ნელა მუშაობის ახალ სტანდარტებზე გადადიან.

- რა ახალ სტანდარტებს გულისხმობთ?

- სხვადასხვაა, არის საერთაშორისო პრინციპები, მაგალითად, გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპი. მოქმედებს ცალ-ცალკე გაძლიერების პრინციპები, შშმ პირებთან დაკავშირებული სხვადასხვა სტანდარტები და სხვ. ამაზეა საუბარი, რომ ეს ყველაფერი უფრო მდგრადი იყოს, ორიენტირებული არა მარტო საზოგადოების, არამედ ბიზნესის მოგებაზე.

- სახელმწიფო, მთავრობა ამ ტიპის პასუხისმგებლობის გამოჩენას რამდენად ხელს უწყობს?

- არსებობს გარკვეული შეღავათები, რომელიც უფრო საგადასახადო მიმართულებით საქველმოქმედო საქმიანობას ეხება. თვითონ კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით არც საკანონმდებლო და, პრინციპში, არც სამოქმედო დონეზე, ჯერეჯერობით, სახელმწიფო ბიზნესის აქტიური წამახალისებელი არ არის.

მაგრამ ევროდირექტივების ფარგლებში სახელმწიფოს გარკვეული ვალდებულებები აქვს, ამ მიმართულებით ბიზნესი დააინტერესოს და სტიმულირება მოახდინოს, რომ საზოგადოების სხვადასხვა საჭიროებების მიმართ უფრო პასუხისმგებლიანი იყვნენ.

ეს განსაკუთრებით ადამიანის უფლებებს, მაგ. სამუშაო ადგილებზე შრომითი უფლებების დაცვას და მსგავს საჭირბოროტო მიმართულებებს ეხება.

მთლიანობაში, სახელმწიფოს გამოკვეთილი პოლიტიკა ჯერ არ აქვს. ცალკეულად, ვთქვათ, გარემოს დაცვაზე, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე უწყებებს ბიზნესთან მიმართებაში  ინიციატივები აქვთ, რომ ქვეყნის განვითარების სხვადასხვა მიმართულებით საზოგადოებრივ პროცესებში ისინი ჩართონ.

- ბიზნესკომპანიებისთვის ამ ტიპის საქმიანობის წარმოება რატომ არის მნიშვნელოვანი?

- პრაგმატულად რომ მივუდგეთ, საზოგადოების წინაშე გარკვეული ვალდებულებები ისედაც აქვთ და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ამაზე პასუხია. მაგრამ თანამედროვე მიდგომა სწორედ იმას გულისხმობს, რომ ბიზნესმა ჯობია საზოგადოებისთვის ისეთი რამ გააკეთოს, რაც მისთვისვე სასარგებლო იქნება; რადგან ეს ნიშნავს, რომ ამათუიმ მიმართულებით კორპორაციული პასუხისმგებლობის აქტივობების განხორციელებას სტაბილურად გააგრძელებს და მდგრადი პროცესი იქნება. ყოველივე კი, ორივე მხარეს მოგებას მოუტანს.

ელემენტარულად, ეს კომპანიებისთვის რეპუტაციული კუთხით მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით, საქართველოში უფრო ამ მიმართულებას აქცევენ ყურადღებას, ავითარებენ  და იყენებენ.

- ამ მიმართულებით ცნობიერება როგორ უნდა ამაღლდეს და ამ პროცესში ჟურნალისტების როლს სად ხედავთ?

ყველა თავისებურად აქტიურობს. ბიზნესი თვითონ ცდილობს კორპორატიული პასუხისმგებლობების პოპულარიზაციას, ასევე, არიან სხვადასხვა ორგანიზაციები თუ დაინტერესებული პირები. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს დაინტერესება და ჩართულობა, რადგან ბიზნესი მას უფრო უსმენს. კიდევ ჩვენი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბისნაირი ორგანიზაციების აქტიურობა გადამწყვეტია. ანუ, საკითხი კომპლექსურია.

მედია ყველაზე ინერტულია. ბიზნესთან დაკავშირებით მაინც ურჩევნია, რომ, ვთქვათ, კომერციული ინტერესი ჰქონდეს, ვიდრე მისი მხრიდან კარგი ინიციატივები ან საინტერესო პროექტები დამოუკიდებლად გააშუქოს და მხარი დაუჭიროს. თუმცა არის გარკვეული პროექტები, სადაც მედია მონაწილეობს ბიზნესთან ერთად კორპორაციული პასუხისმგებლობის აქტივობებში და ესეც საინტერესოა.

მედიაც ვიღაცამ უნდა დააინტერესოს, შეაფუცხუნოს ამ თვალსაზრისით, რომ ყველა საინფორმაციო საშუალებებში მეტი ილაპარაკოს ამ მიმართულების მნიშვნელობაზე; რადგან სახელმწიფო ყველა პრობლემას ვერ გაწვდება და ვერ მოაგვარებს. პასუხისმგებლიან ბიზნესსაც იმის შესაძლებლობა აქვს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთოს. ამიტომ მათ ამ საქმეში ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ“, - გვეუბნება კახა მაღრაძე. 

რომ შევაჯამოთ, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ქართული რეალობისთვის უცხო ხილი აღარ არის და აქტივობა ყოველწლიურად ძალებს იკრებს. ბიზნესი სულ უფრო მეტად აცნობიერებს სოლიდარობისა და ზრუნვის პროექტების აუცილებლობას. ამ თვალსაზრისით, სხვადასხვა დარგში კვალიფიციურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თავის მხრივ, სახელმწიფო ყველაფერს ვერ გაწვდება და ამ ტიპის პასუხისმგებლობის უფრო მეტად წარმოჩენა-განვითარებისთვის სათანადო საფუძვლების შექმნა უნდა უზრუნველყოს. ამაზე ქვეყანას კონკრეტული ევროდირექტივებიც გვაქვს, - ჰა, ბურთი და მოედანი.

გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველო ღარიბ ქვეყნად რჩება. კომპანიებს სამოქალაქო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით საზოგადოებისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. ჩვენ ყველამ ერთად დაუსრულებელგარდამავალ პერიოდს“ (სიდუხჭირეს და უპერსპექტივობას) სოციალური პასუხისმგებლობით, თანამოქალაქეების ყოფის გულწრფელი გაზიარებით, რეალური ურთიერთთანადგომით უნდა დავაღწიოთ.   

დაბოლოს, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ 2018 წელი კომპანიების კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მხრივ უფრო წარმატებული იქნება.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია