მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი: თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონში არსებული პირობები მოსწავლეების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია - 24 ოქტომბერი 2018

ანგარიშის გამო, სკოლა-პანსიონის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ufleba.ge

თბილისის უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ამის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მოსწავლეების ფიზიკური კონტროლი ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის მხრიდან უხეში ფორმებით ხორციელდება.

„2018 წელს სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა თბილისის N202 საჯარო სკოლის (უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი) მონიტორინგი განახორციელა. სკოლა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პანსიონურ მომსახურებას უწევს მხედველობისა და სხვა თანმხლები დარღვევების მქონე ბავშვებს. მონიტორინგმა გამოავლინა რიგი დარღვევები, როგორც ინსტიტუციური მოწყობის, ასევე ხარვეზიანი რეგულაციებისა და მავნე პრაქტიკის არსებობის კუთხით.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პანსიონური მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ცხოვრების პირობები, სადაც მისაწვდომობა, უსაფრთხოება, კვება და სამედიცინო მომსახურება ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად. სკოლაში არ არის დანერგილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ძალადობის პრევენციის სერვისები, ასევე არ არსებობს ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის რესურსი.

დადგინდა, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს მათი უწყვეტი ვიზუალური და ფიზიკური კონტროლი, რაც ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრის მხრიდან საკმაოდ უხეში ფორმებით ხორციელდება. კრიტიკას ვერ უძლებს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამორტიზებულია, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

სკოლის პერსონალი სათანადოდ არ მუშაობს უსინათლო მოსწავლეთა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განსავითარებლად. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ცოდნა მობილობასა და ორიენტაციაზე, ასევე თეთრ ხელჯოხზე საკმაოდ მწირია. სკოლის მოსწავლეები არ არიან უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომისა თუ მოდიფიკაციის თეთრი ხელჯოხებით და სხვადასხვა დამხმარე საშუალებებით.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შესწავლილ და გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

- ომბუდსმენის მიერ თბილისის  №202- უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის შესახებ მომზადებული ანგარიშის შემდეგ, აღნიშნული დაწესებულების დირექტორმა თანამდებობა დატოვა და პირველი ნოემბრიდან სკოლას ახალი დირექტორი ეყოლება, – ამის შესახებ პირველ არხს განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ განუცხადა.

დგებუაძის თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშს ნაწილობრივ ეთანხმება, თუმცა ასევე აცხადებს, რომ სკოლის ერთჯერადი, ორსაათიანი შემოწმება საკმარისი არ არის სრულყოფილი დასკვნის მოსამზადებლად.

დგებუაძის განცხადებით, კვების ნაწილში ანგარიშის შინაარსს არ ეთანხმებიან, რადგან სკოლაში მენიუ განახლდა და მოსწავლეები დაბალანსებულ კვებაზე გადავიდნენ, რასაც სამინისტრო პერიოდულად ამოწმებს.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ეკა დგებუაძის ინფორმაციით, იგეგმება რეაბილიტაცია, რომელიც აისახება სკოლის რეაბილიტაციის გეგმაში, თუმცა ვადები უცნობია.

ეკა დგებუაძემ კომენტარი გააკეთა მოსწავლეების ფიზიკურ და ვიზუალურ კონტროლთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გამოთქმულ შენიშვნაზე და განაცხადა, რომ ამ მხრივ შესაძლო დარღვევებს სამინისტრო თავად სწავლობს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია