მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ შეუშვეს ჰერელი ახალგაზრდა აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მშობლიურ მიწაზე? - 01 ნოემბერი 2018

ძალიან მინდა, ჩემი არშეშვება უფრო გაუგებრობად ან შესაძლო კომპიუტერულ შეცდომად განვიხილო

ufleba.ge

ცოტა ხნის წინ, კახის რაიონის (ჰერეთი-საინგილო) მკვიდრი დანიელ ყულოშვილი  საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ლაგოდეხი-ბელაქნის მონაკვეთზე არ გადაუშვეს და უკან გამოაბრუნეს. ამის შესახებ ყულოშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და შესაბამისი ორგანოებისგან თანადგომა ითხოვა. ჰერელი ახალგაზრდა ისტორიულ კუთხეში არსებულ კონკრეტულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის აუცილებლობაზეც საუბრობს.

„ufleba.ge“ სწორედ დანიელ ყულოშვილს ესაუბრა.

- 21 სექტემბერს, ღამის 23:00 - 00:00 შუალედში აზერბაიჯანელმა მესაზღვრეება არ შემიშვეს ისტორიულ ჰერეთში. რიგითმა მესაზღვრემ ნახევარსაათიანი ლოდინის შემდგომ განმიცხადა, რომ პრობლემა იყო, რის გამოც უკან უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში. ჩემი პროტესტის შემდეგ გადამიყვანეს მეთაურთან, რომელმაც განმიცხადა, რომ ბრძანება ბაქოდან მოდისო. ჩემი ოჯახის უსაფრთხოების მიზნით, იმ დღესვე რეაგირებისგან თავი შევიკავე.

ჩემი არშეშვება ისტორიულ ჰერეთში პირდაპირი პროვოკაციაა ადგილობრივი ჩინოვნიკების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის დაძაბვას. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთეული ჩინოვნიკების და ორმაგი აგენტების ნახელავია.

როგორც ჩანს, შევეწირე ჰერეთში ქართული ტაძრების დაცვას, მოსახლეობის ინტერესების სააშკარაოზე გამოტანას და მათი უფლებების დაცვას. კარგად მოეხსენებოდათ ჩინოვნიკებს, რომ არშეშვებას ჩემს კუთხეში, სადაც მე ჩემი სამშობლო საქართველოს სიყვარული ვისწავლე, უხმაუროდ არ დავტოვებდი.

დღეს გამოჩნდება ჩვენი ძალა, რადგან ეს პრობლემა ყველას გვეხება. დღეს მე არ შემიშვეს, ხვალ თქვენ არ შეგიშვებენ, ზეგ ტაძრებში შესვლას აკრძალავენ და .

ამიტომ მივმართავ საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებს, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, ამ ფაქტთან დაკავშირებით გაამახვილონ ყურადღება და მოახდინონ დროული რეაგირება.

აზერბაიჯანის მთავრობა ჩააყენონ საქმის კურში იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ შიგნიდან ვიღაც შეგნებულად ცდილობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის არევას. მოსთხოვონ პასუხი და მიზეზის დასახელება ამ ფაქტან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეუშვეს საქართველოს მოქალაქე ისტორიულ ჰერეთში.

მე ჩემს მიწაზე არ შემიშვეს, იქ სადაც შევისწავლე სამი უმთავრესი ცნება, - ენა, მამული, სარწმუნოება.

მე ვარ ჰერელი საქართველოს დაკარგული კუთხის შვილი, რომელსაც თქვენი თანადგომა სჭირდება ამ მარაზმატულ ფაქტან დაკავშირებით. დანარჩენი თქვენთვის მომინდვია. სწორედ ჰერეთიდან შევისწავლე ჭეშმარიტი ქრისტიანობა. მიყვარს ჩემი კუთხე (სადაც ცხრა წელი გავატარე), მისი ძველი ქართული ტრადიციებით, რომლის უმრავლესობაც საქართველოს ბევრ კუთხეში გაქრობის პირასაა. 

ჩემი დიდი წინაპარი მიქაილ ყულოშვილი 2011 წლის 5 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა.

მამაჩემის ბიძაშვილი, კაპიტანი ერეკლე ყულოშვილი 2008 წელს გმირულად დაეცა ცხინვალის მისადგომებთან.

- ჰერელებთან მიმართებაში მსგავსი ინციდენტები როდიდან დაიწყო?

- პირველი მსგავსი ინციდენტი 2015 წელს დაფიქსირდა, როდესაც საპატრიარქოდან წარგზავნილი მღვდელი, მამა დემეტრე (თეთრუაშვილი) ჰერეთში არ შეუშვეს. რაც აშკარა უპატივცემლობის გამოხატულება იყო და არის. მოქალაქეობის საკითხი (მამა დემეტრე საქართველოს მოქალაქე იყო) მეგობრულ სახელმწიფოებსა და სტატეგიულ პარტნიორებს შორის სასულიერო პირებზე არ უნდა გავრცელებულიყო.

ამ კანონთან დაკავშირებით სასულიერო პირის იმფორმირება წინასწარ არცკი მომხდარა, ამიტომ ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. ძალიან შემძრა ამ საკითხმა.

მეორე ჯერზე, კახში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა. კერძოდ, ფილმის სცენარში გამოიყენეს ქართული ტაძარი, რომელიც მასში მოხსენიებულია, როგორც ალბანური ძეგლი. ძალიან მტკივნეული საკითხია, ვიდეომასალა გუგლში იძებნება და დაინტერესებული მკითხველი ადვილად ნახავს.

- და მაინც, ბოლო ინციდენტს, უშუალოდ თქვენს არშეშვებას მშობლიურ მიწაზე რას უკავშირებთ?

- ძალიან მინდა, ჩემი არშეშვება აზერბაიჯანში უფრო გაუგებრობად ან შესაძლო კომპიუტერულ შეცდომად განვიხილო.

რაც შეეხება სოციალურ ქსელში ჩემს პოსტს,  მჯერა, რომ ჩემს სამშობლოში, საქართველოში კვლავ არსებობს სამართალი (ისიც, რომ კვლავ ჩქეფს ქართული სული)  და რიგით ქართველს ამ პრობლემის აღმოფხვრაში დამეხმარებიან. ისტორიას ვერსად გავექცევით, საქართველოს დაკარგული კუთხის შვილი ელემენტარულ თანადგომას ვითხოვ, რომ თავისუფალი გადაადგილების უფლება არ შემეზღუდოს.

დიდი იმედი მაქვს, რომ ისევ შემეძლება ჰერეთში გადასვლა და წმინდანი წინაპრის განსასვენებლის წინ ანთებული სანთლით კვლავაც დავდგები. ასევე, ჰერეთის მთის მწვერვალს დავლაშქრავ და იქაური სამოთხისებური ბუნებით დავტკბები.

ვიმედოვნებ, რომ ჰერეთში მოგვარდება სასკოლო წიგნების, სახელმძღვანელოების პრობლემა. ერთი შეხედვით, რთული და გადაუჭრელი პრობლემები არ უნდა იყოს, მთავარია სწორ, პოზიტიურ დღის წესრიგს მივყვეთ.

ჰერეთში შეწყდება ისტორიული ძეგლების წარმოშობის, ისტორიის გაყალბება. ჩამოიხსნება არასწორი (დამახინჯებული ინფორმაციით) აბრები ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებიდან. აღდგება ჰერეთში კულტურის სახლი და კინოთეატრი.

სახელმწიფოებრივი ნების შემთხვევაში, დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს  ჯანდაცვის საკითხის მოგვარება ჰერელებისთვის, - საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი საერთოდ არ გავრცელდა ჰერეთის ქართველებზე.

ამ ფონზე, ორმაგი მოქალაქეობის საკითხიც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. აზერბაიჯანის მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქეობის უფლება არ ეძლევათ. ეს საკითხი კი, საქართველოში მცხოვრები ჰერელების სახელმწიფო სექტორში დაუსაქმებლობასთან პირდაპირ კავშირშია.

დიდი მედი მაქვს, რომ თბილისში ჰერელთა მტკივნეული პრობლემების გადაჭრის აუცილელობას სათანადოდ აცნობიერებენ.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია