მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზრდასრულთა განათლება საქართველოში - რეალობა და პრობლემები - 01 ნოემბერი 2018

 

სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მხარდამჭერი პროგრამები უნდა არსებობდეს, რათა ყველა ადამიანს ნებისმიერ ასაკში საჭირო უნარების განვითარების საშუალება ქონდეს

გელა მამულაშვილი

ერთ-ერთი ექსპერტული შეფასებით, დაახლოებით 50 წელიწადში დღევანდელი პროფესიების ნახევარზე მეტი აღარ იარსებებს. მეცნიერების, ტექნოლოგიების არნახული ტემპით განვითარება ადამიანებს აიძულებს ახალ ცოდნას, უნარ-ჩვევებს დაეუფლონ. ზრდასრულთა განათლების სისტემა სწორედ ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებისკენ არის მიმართული.

შიდა თუ გარე გამოწვევები უფრო განათლებულ და კონკურენტუნარიან საზოგადოებას მოითხოვს. საჭიროა სპეციალური მომზადება, მუდმივი მზადყოფნა წარმოქმნილი სირთულეების გადასალახავად. ყოველივესთვის კი, საშურია უწყვეტი განათლების პროცესში ჩართული ვიყოთ.

ამ მიმართლებით, უპირველესად, საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი მუშაობს, რომელიც ქვეყნის შვიდ რეგიონში ათ ზრდასრულთა განათლების ცენტრს აერთიანებს. ქვეყანაში მოქმედებს ონლაინ-სასწავლო პროგრამები (მაგალითად, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში) სტუდენტებისთვის, საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის. უფასო ონლაინ-სწავლების საერთაშორისო რესურსებს უკვე ბევრი იცნობს. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში უწყვეტი განათლების ცენტრები ფუნქციონირებს.

/ „ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია, და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია“, - დიდი ილია. /

ჩვენმა რესპონდენტმა, გიორგი მენაბდემ „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ონლაინ-სასწავლო პროგრამა გაიარა და „ოქროსბეჭდიანი“ სერტიფიკატიც მიიღო. მისი თქმით, როგორც სამოქალაქო აქტივისტს აღნიშნული კურსი სასიცოცხლოდ სჭირდებოდა და შემდგომ მუშაობაში აქტიურად გამოიყენებს:

„დაახლოებით ორთვიანი ლობირება-ადვოკატირების კურსი გავიარე. დარგის სპეციალისტებისგან იმდენი ახალი ცოდნა და ინფორმაცია მივიღე, რომ პრაქტიკულ საქმიანობაში აუცილებლად გამომადგება. სხვა თუ არაფერი, ადვოკატირების რეალურ არსს ჩავწვდი და პროექტის ნორმალურად შედგენა ვისწავლე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

ქეთი დათუნაშვილმა თავის დროზე ილიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა. რაიონში დაბრუნებულმა ნახა, რომ მიღებულ სპეციალობას დიდად ვერ გამოიყენებდა. მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ყველაზე მეტად ფსიქლოგიური მეცნიერება აინტერესებდა; თან იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონებში ადამიანის სულის მცოდნეებზე დიდი მოთხოვნილებაა:

„დაოჯახების შემდეგ გაჩენილი პრობლემების გამო ჯერ თვითონ დამჭირდა ფსიქოლოგი და კონსულტაციებიც გავიარე. ამის შემდეგ სპეციალისტების ონლაინ-კურსებით დავინტერესდი და ხშირად ვუსმენდი, ამ გზით ჩემთვის ბევრ საკითხში გავთვითცნობიერდი. ბოლოს აღმოვაჩინე, რომ არათუ ჩემთვის, უკვე სხვა, ჩემ დღეში მყოფთათვისაც შემეძლო თანადგომის გაწევა. მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი მოწოდება და თავიდან ჩავაბარე ფსიქოლოგიის სპეციალობაზე. იცით რამდენი ადამიანი ელოდება ჩემგან, უკვე პროფესიონალისგან დახმარებას?“.

მურთაზ დ.-ს ცხოვრება ისე წარიმართა, რომ არასრულწლოვნობიდან მოყოლებული საპატიმრო დაწესებულებებში სასჯელი ორჯერ მოიხადა. მისივე თქმით, ხელობა, მობილური ტელეფონების შეკეთება რომ არ შეესწავლა, ალბათ კიდევ მოხვდებოდა ციხეში და „დამსახურებულ რეციდივისტადაც“ ჩამოყალიბდებოდა:

„ბოლოს თავისუფლებაზე გამოსული საქმით დაკავებამ, ხელობამ გადამარჩინა. სმასაც მოვუკელი და ნელ-ნელა ამქვეყნიურ ცხოვრებას დავუბრუნდი. რაიონში ვმუშაობ, მეორად ტელეფონებს იაფად იძენ, ვაკეთებ და თბილისში ვასაღებ. ჯიბის ფული ნამდვილად არ მაკლია. ჩვენ მთიან, ტურისტულ რეგიონში ვცხოვრობთ. ახლა, უცხოეთში სამუშაოდ წასული ჩემი და სასტუმროს აშენებს და ამისთვის გიდობის პრაქტიკული კურსი უნდა გავიარო, რომ ტურისტები თავადვე მოვიზიდოთ“. 

/ „განათლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მსოფლიოს შეცვლისთვის“, - ნელსონ მანდელა. /

საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი 2014 წლის აპრილში სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის DVV International საქართველოს ოფისის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ორგანიზაცია აერთიანებს DVV International მიერ შექმნილ ზრდასრულთა და სათემო განათლების ათ ცენტრს საქართველოს შვიდ რეგიონში: აჭარა, სამეგრელო-ზემო-სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და კახეთი.

ქსელის წევრი ორგანიზაციებია: კოდის, შაუმიანის, ჯვარის, სენაკის, ლელიანის, ქედის, ოზურგეთის, ახალციხის, ახალქალაქისა და ამბროლაურის სათემო/ზრდასრულთა განათლების ცენტრები. აღნიშნული ორგანიზაციები 2006 წლიდან წარმატებით ახორციელებენ პროექტებს საქართველოს რეგიონებში და თემის განვითარებას ხელს უწყობენ. მათი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის და ადგილობრივ თემში მათი ინტეგრაციის საკითხებში.

/ „არ არის იმის მტკიცება საჭირო, რომ განათლება ყველაზე დიდი მადლია ადამიანებისთვის. განათლების გარეშე ადამიანები უხეშები, ღარიბები და უბედურები არიან“, - ნიკოლაი ჩერნიშევსკი. /

იმის შესახებ, თუ ზრდასრულთა განათლების რა რეალობისა და პრობლემების წინაშე ვიმყოფებით, ქსელის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოვუსმინოთ.

ააიპ ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ანანიძე გვეუბნება, რომ გასული წლების მსგავსად, მათთან ინდივიდუალური და პროფესიული დახელოვნების კურსები მიმდინარეობს. კერძოდ: კულინარიის, ქსოვის, ხელსაქმისა და სუვენირების დამზადების, მართვის მოწმობის თეორიული, საოჯახო ტიპის სასტუმროს სერვისების, კომპიუტერის კურსები. ასევე ხელს უწყობენ ახალგაზრდებს და აქვთ ინგლისურ, მათემატიკასა და ზოგად უნარებში ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები:

მიმდინარე წელს, აღნიშნულ კურსებსა თუ ტრენინგშეხვედრებზე  500-ზე მეტი ადამიანი მივიღეთ (ძირითადად, ქედის მუნიციპალიტეტიდან). არც 1-9 წლამდე პატარები გვავიწყდება და მათთვის ინგლისური ენის კურსები გვაქვს. პარალელურად ტრენინგები და საჯარო შეხვედრები, ასევე დისკუსიები მიმდინარეობს.

წელს მოხალისე ევროპიდან, კერძოდ, გერმანიიდან მივიღეთ. ორგანიზაციას შარშანაც ყავდა მშვიდობის კორპუსის მოხალისე. ისინი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ბიუჯეტირების, ორგანიზაციის მართვისა და განვითარების კუთხით გვეხმარებიან. ასევე,  პროექტების წერასა და თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაში გვერდში გვიდგანან“.

ანანძე იმასაც გვიმხელს, რომ ზრდასრულთა განათლებისა და დასაქმების კუთხით ორგანიზაცია სოციალური საწარმოს გახსნას (სარესტორნო მომსახურების მიმართულებით) გეგმავს, სადაც კულინარიის კურსი იფუნქციონირებს, ხოლო წარმატებული კურსდამთავრებული ადგილზევე დასაქმდება:

„ასევე დასაქმდება სოციალურად დაუცველი ერთი ადამიანი მაინც. ვცდილობთ თითოეულ კურსდამთავრებულს დასაქმებაშიც ხელი შევუწყოთ. ზრდასრულთა განათლების ქსელის მეშვეობით სახვადასხვა დამსაქმებელი დროდადრო გვიკავშირდება, როცა აჭარაში ვაკანსია აქვს (ეს შეიძლება იყოს დისტრიბუტორი, მიმტანი და .)“.

ბატონი დავითის თქმით, მოქალაქეებს განათლება იმ დანაკლისის ასანაზღაურებლად ჭირდებათ, რაც შეიძლება თავის დროზე ვერ მიიღეს:

„ფიქრობენ, რომ გადამზადება შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება. ამაზეც ვმუშაობთ და სხვადასხვა შეხვედრებს, დისკუსიებსა და ტრენინგებს ვატარებთ. თანამედროვე ეტაპზე ტექნოლოგიები სწრაფად იცვლება და ვითარდება, რასაც თითოეულმა ადამიანმა ფეხი უნდა აუწყოს. ზრდასრულებში გარკვეული უხერხულობაა, რა დროს ჩემი სწავლებააო. სამ წელზე მეტია ვმუშაობთ, თავიდან ზრდასრულთა მიღება გაჭირდა, სკეპტიკურად უყურებდნენ. მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ თუნდაც ერთმა-ორმა მეზობელმა ან მეგობარმა კარგი მომსახურება მიიღო, ცდა გადაწყვიტეს და არც წაუგიათ. ზემოთ ჩამოთვლილი კურსები უკვე სამი წელია მიმდინარეობს და ჩავარდა არ გვქონია. მსმენელთა არმოსვლის გამო კარები არ დაგვიხურავს“.

/ „განათლება ადამიანს ღირსებას მატებს, მონაც კი იწყებს იმის გააზრებას, რომ ის მონობისთვის დაბადებული არარის“, - დენი დიდრო. /

ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი ნანა ნერსეზაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წელს ორგანიზაციამ აქტიურად იმუშავა ზრდასრულთა განათლებაზე, როგორც პიროვნული განვითარების, ისე პროფესიული მიმართულებით: 

„პიროვნული განვითარების კურსები შემდეგი მიმართულებით გვაქვს: კომპიუტერის, ინგლისური ენის კურსები, სამოქალაქო განათლების კლუბი. ვცდილობთ თემის მოსახლეობაში მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა გავზარდოთ და სხვადასხვა მეთოდებით, მათი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიაზე ან თემში არსებული პრობლემების ადვოკატირება ვასწავლოთ. მოგვარების პროცესშიც აქტიურად არიან ჩართულები.

გვაქვს ხანდაზმულთა კლუბი, რომელშიც მოხალისეები აქტიურად მუშაობენ. ასევე იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციები თემის მოსახლეობისთვის (ინდივიდუალური და ჯგუფური, დაინტერესების მიხედვით). ვმუშაობთ ბავშვების და მოზარდების მშობლებთან, სკოლის და საბავშვო ბაღის პედაგოგებთან ფსიქო-განათლების მიმართულებით, „პოზიტიური მშობლობის“ მისაღწევად. ამ მიმართულებით მთელ მუნიციპალიტეტში მასშტაბურ პროექტს ვახორციელებთ.

სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ცნობიერების გასაზრდელად მოსახლეობაში თემატურ ფესტივალებს ვმართვთ. მიმდინარე წლის ფესტივალის თემაა „პოზიტიური მშობლობა“.  გასულ წლებში ზრდასრულთა განათლების, გენდერის, ძალადობის, ეთნიკური მრავალფეროვნების და სხვა აქტუალურ თემებზე გვქონდა. მიმდინარე წელსაც, ყველა ჩამოთვლილ საკითხზე სემინარი ან სხვა ღონისძიება გვქონდა.  

რაც შეეხება პროფესიულ კურსებს, გვაქვს ელ. შედუღების, ჭრა-კერვის, სტილისტის, მეფუტკრეობის, მებაღეობის, მღებავისა და ფართო პროფილის მშენებლის კურსები თემის მოსახლეობისთვის. წლის განმავლობაში, ჩვენს აქტივობებში ჩართულია 2500-ზე მეტი ადამიანი (იგულისხმება როგორც კურსები, სემინარები და ტრენინგები, ისე საჯარო შეხვედრები და სხვა აქტივობები)“.

რაც შეეხება კითხვას, რაში ჭირდება ზრდასრულ  მოსახლეობას განათლება-განვითარება, ნანა ნერსაზაშვილი გვპასუხობს, რომ ემხრობა უწყვეტი განათლების პრინციპს - „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“. აღნიშნავს, რომ ეს პრინციპი საქართველოში მოქმედი ზრდასრულთა განათლების ცენტრების ფუნქციონირების მთავარი საყრდენი ღირებულებაა:

„მრავალწლიანი საქმიანობის მიუხედავად, ზრდასრულ მოსახლეობასთან ჯერ კიდევ განათლების მნიშვნელობის აღიარებაზე ვმუშაობთ. მეორეა, რომ ჩვენ გარშემო ყველაფერი  სწრაფად იცვლება. აუცილებელია, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობა ნებისმიერ ასაკში შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით პიროვნულად და პროფესიულად გაიზარდოს, ახალი პროფესია შეიძინოს.

მნიშვნელოვანია დასაქმებულის უნარ-ჩვევის მუდმივი ზრდის, განათლების მხარდაჭერა როგორც დამსაქმებლის, ისე სახელმწიფოს მხრიდან. როგორც გერმანიაშია, სახელმწიფო ინსტიტუტებიდან მხარდამჭერი პროგრამები უნდა არსებობდეს, რათა ყველა ადამიანს ნებისმიერ ასაკში საჭირო უნარების განვითარების საშუალება ქონდეს. შედეგად, ის წარმატებული და პროდუქტიული თანამშრომელი იქნება, - საჯარო მოხელე, ფერმერი ან ბიზნესის მფლობელი.

უწყვეტი განათლება-განვითარება საქმიანობის შედეგებს აუმჯობესებს, რაც ჯერ  მოქალაქის და მერე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება; ქმნის შედეგზე ორიენტირებულ სოფლის მეურნეობას, ავითარებს მცირე ბიზნესს; სადაც ერთეული ადამიანი ისეთივე დაცული და საყრდენია, როგორც „ძლიერნი ამა ქვეყნისანი“.

/ „განათლება - საგანძურია, შრომა კი - მისი გასაღები“, - პიერ ბუასტი. /

სენაკის სათემო განათლების ცენტრის დირექტორის, ნონა ქადარიას ინფორმაციით, წელს მათთან ჩატარდა 12 პროფესიული კურსი, პიროვნული განვითარების ტრენინგები, კინოჩვენებები, დისკუსიები, საჯარო შეხვედრები, უფასო იურიდიული და სამედიცინო კონსულტაციები, ადვოკატირების კამპანია სამხედრო დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის თემაზე; ბენეფიციარებს გაეწიათ ბიზნეს კონსულტაციები და დაეხმარნენ სხვადასხვა ბიზნესგანაცხადების შედგენაში. ასევე, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ჩატარდა პროფესიული განათლების 9 კურსი, სთავაზობენ იურისტისა და ფსიქოლოგის დახმარებას.

მისივე თქმით, ცენტრში მეორე წელია მიმდინარეობს ფინანსური განათლების ტრენინგები და, ასევე, „დაზოგვის თამაშები“:

„მიმდინარე წელს (9 თვის მონაცემებით) ჩვენს ცენტრში პიროვნული და პროფესიული განათლების კურსებზე, ასევე სხვადასხვა სახის ტრენინგებსა და შეხვედრებზე ბენეფიციართა რაოდენობა  780 ადამიანს შეადგენს. ადვოკატირების კამპანიის შედეგად განხორციელდა საკანალიზაციო სისტემის შეფასება და ექსპერტის დასკვნა-რეკომენდაციები დაიდო. 9 დევნილმა მეწარმემ მიიღო დაფინანსება დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში; 6 მეწარმე „აწარმოე საქართველოს“ მხრიდან დაფინანსებას ელოდება. 27 ადამიანი სხვადასხვა კომპანიაში და საჯარო სამსახურში დასაქმდა“.

პრობლემებს რაც შეეხება, ნონა ქადარიას თქმით, სასურველია ადგილობრივი მუნიციპალიტეტი უფრო აქტიური მხარდამჭერი იყოს:

„არასაკმარისი ბიუჯეტია. საჭიროა ბენეფიციარების გადამზადება და მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესაბამისად; ბენეფიციარებზე მორგებული სერვისების შეთავაზება; მრავალფეროვანი პროფესიული გადამზადების კურსები, პიროვნული განვითარების შესაძლებლობა“.

/ „განათლებული ადამიანი მუდამ მაღლდება გონებაში და შორსმჭვრეტელობაში, გაუნათლებელი ადამიანი კი მუდამ ქვევით ეშვება უვიცობასა და სიბილწეში“, - ჩინური სიბრძნე. /

ჩოხატაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის წარმომადგენელმა ნანა ცინცაძემ გვითხრა, რომ წელს ორგანიზაცია შემდეგი სტრატეგიული მიმართულებებით წარმართავს თავის მუშაობას: ინდივიდუალური განვითარებისა და პროფესიული განათლების პროგრამა; ინფორმაციის მიწოდება არაფორმალურ განათლებაზე; ახალგაზრდული პროგრამები:

2018 წლის იანვრიდან დღემდე ჩვენი მომსახურეობით ისარგებლა 1016 ადამიანმა, მათ შორის 18 წლამდე - 250, 18  - 35 წლამდე -335; 35 წელს ზემოთ - 431, 637 - ქალი, 379 - კაცი“.

მისივე თქმით, ზრდასრულმოქალაქეების განათლება-განვითარება საჭიროა იმისთვის, რომ შეძლონ  კვალიფიკაციების მოპოვება, ცოდნისა და გაცნობიერების არეალის გაფართოება, ახალი უნარებისა და კომპეტენციების შეძენა, პიროვნული ზრდა:

„ხოლო პრობლემა,  რომელიც ზრდასრულთა განათლების მიმართულებით დგას, ქვეყანაში  დაკვიდრებული აზრია იმის შესახებ, რომ ადამიანი პროფესიას ერთხელ ირჩევს და შეცდომა არ უნდა დაუშვას, რადგან მთელი სიცოცხლე სით მუშაობა მოუწევს. ამასთან, პროფესიასაც დროულად უნდა დაეუფლოს, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ განათლებაზე ფიქრი მისთვის შესაძლოა ოცნებადვე დარჩეს“.

/ „განათლებულსა და გაუნათლებელ ადამიანს შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც მკვდარსა და ცოცხალს შორის“, - არისტოტელე. /

ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი თამუნა კაპანაძეც გვეუბნება, რომ წელს სხვადასხვა პიროვნული და პროფესიული განათლების კურსებს ახორციელებენ. კერძოდ, ეს არის უცხო ენები - ინგლისური, რუსული, თურქული, გერმანული, საბუღალტრო საქმე და აუდიტი, კომპიუტერის საოფისე პროგრამები, ჭრა-კერვა, ხის ავეჯის დამზადება, მეფუტკრეობა, ასევე ფინანსური განათლების ტრენინგები:

„ცენტრი მუშაობს კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან, ყველა კურსს უფასოდ სთავაზობს. ახორციელებს ახალგაზრდულ ღონისძიებებსაც, ატარებს სხვადასხვა ტრენინგებს, აწყობს საზაფხულო სკოლებს სამოქალაქო განათლების მიმართულებით. პოპულარიზაციას უკეთებს მოხალისეობის ინსტიტუტს, გვყავს მოხალისეები, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებს ორგანიზებას უკეთებენ და ადგილობრივი ფესტივალების ორგანიზებაში ერთვებიან.

ორგანიზაცია ასევე „საქართველოს მოხალისის“ განხორციელებაში ჩაერთო, მუშაობს გარემოსდაცვითი მიმართულებითაც. ორგანიზაცია „CENN-ის (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი) მხარდაჭერით მოეწყო ეკო-ჰაბი, რომელიც ადგილობრივ სკოლებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო რესურსი, „CENN-ის და მის კონკურსში ჩართული სკოლების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებშიც მონაწილეობა მიიღონ. ზრდასრულთა განათლება, რეალური დასაქმების შესაძლებლობების გარეშე ძალიან მოთხოვნადი არ არის. მაგრამ ცენტრი ცდილობს ამ შესაძლებლობის პოპულარიზაციას ხელი შეუწყოს“.

/ „გსურთ აღმოფხვრათ დანაშაულებანი? გაავრცელეთ ხალხში განათლება“, - ვიქტორ ჰიუგო. /

„მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნონა ხიდეშელი აცხადებს, რომ ჩვენში არსებული საგანმანათლებლო პრობლემების მთავარი მიზეზი გაუცნობიერებელი ცხოვრებაა, - ელემენტარულად არ ვიცით, რა გვინდა. მისივე შეფასებით, ქვეყანაში პროფესიონალების სიმცირეა და ყველა სფეროში მეტი ცოდნა გვჭირდება. 

მიდგომები გლობალურად შესაცვლელი გვაქვს. ეს მდგომარეობა ჩვენმა ე.წ. ტრადიციულმა სოციო-კულტურულმა აზროვნებამ შვა; თვალდახუჭული მინდობა ბელადზე, მასწავლებელზე, მამაო-დედაოზე, ფილოსოფოსზე და ა.შ. მშობელი, რომელიც შვილს საშულებას არ აძლევს, რომ დამოუკიდებელი არჩევანი გააკეთოს, იფიქროს, იწვალოს და ასე რამეს მიაღწიოს.

შრომას უნდა მივეჩვიოთ, ახალგაზრდები მოტივირებული უნდა იყვნენ და ეს მოტივაციებიც არ ჩანს. აქ სკოლის პრობლემა დგას, რომელიც ასევე ყველანაირ მოტივაციას კლავს. ნოვაციები ნაკლებადაა წარმოდგენილი. თითქოს გამომგონებლობის, კრეატიულობის უნარი დავკარგეთ.

ვუყურებ ახალგაზრდებს და უკვე დაღლილები არიან, არაფერი აღარ უნდათ. უმაღლეს სასწავლებლებს ამთავრებენ და მერე მათ ცხოვრებაში დიდი სიცარიელეა. აი ეს რაღაც შენ თავად უნდა შექმნა. ისეთი განცდა მაქვს, რომ დიდი შესვენების პერიოდში ვიმყოფებით. ეს აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს ეხება.

თითქოს საკუთარ დღევანდელობასა და მომავალზე პასუხისმგებლობა მოხსნილი გვაქვს. ადამიანი ხშირად იმასაც ვერ ხვდება რა მოწონს; და თუ მოეწონა, მას ან ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს ამით დაკავდეს, ან უბრალოდ მშობელი არ თვლის, რომ ეს აქტუალურია და მომავალში მომგებიანი საქმე იქნება.

ჩემ ცხოვრებაში გარკვეული გამოსავალი ვიპოვე, - მივხვდი, რომ საკუთარი თავი უნდა შემესწავლა, უნდა მეპოვა თუ აღმომეჩინა და, საერთოდ, საკუთარი უნარები გამერკვია. ალბათ, ყველა ადამიანმა ეს უნდა გააკეთოს, - კარგად გაარკვიოს რა შესაძლებლობები გააჩნია და უკვე ამ შესაძლებლობიდან გამომდინარე გაბედულად იმოქმედოს. ეს კი, უპირველესად, ქვეყნის ზრდასრულ თანამემამულეებს ეხება.

ასევე, ამ უნარებით უნდა მოხდეს სხვადასხვა პოზიციებზე ადამიანების შერჩევა და არა ამ ყბადაღებული ნეპოტიზმით, რომელიც პრინციპში კლავს ამ ქვეყანას; რადგან სადაც კი შეხება მქონია, ნებისმიერ სფეროში სერიოზული დილეტანტიზმია. როგორ დავიჯერო, რომ ნორმალური პერსონალი არსად გვყავს, უბრალოდ, ყველგან ყველაფერი არეულია, - ამბობს ნონა ხიდეშელი.

რომ შევაჯამოთ, ზრდასრულთა განათლების ქსელის ცენტრები, სხვადასხვა ონლაინ-სწავლების პლატფორმები, უმაღლესი სასწავლებლები ამ მიმართულებით პროგრესის მისაღწევად აქტიურად მუშაობენ. ამაზე მიღწეული კონკრეტული შედეგები მეტყველებს. მაგრამ აღნიშნულ გზაზე საგრანტო დაფინანსებასთან ერთად, ხელისუფლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთო ამოცანების (მათ შორის, მწვავე სოციალური პრობლემების) გადასაწყვეტად.

დასაქმება, კარიერული წინსვლა, ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება/სიღარიბესთან ბრძოლა, დემოკრატიული ღირებულებების განვითარება, პიროვნების განვითარება, - გახლავთ იმ ინტერესთა არასრული ჩამონათვალი, რის გამოც სახელმწიფოსთვის ზრდასრულთა განათლების მიმართულების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი უნდა იყოს.   

პროგრესული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველო განვითარებად, ნაკლებშემოსავლიან ქვეყნად რჩება. მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს თავს ვერაფრით აღწევს. სწრაფი ცვლილებების პირობებში მოქალაქეებისთვის ახალი ცოდნის, განათლების, უნარ-ჩვევების შეძენა უბრალოდ აუცილებელია. ამ რეალობის გათვალისწინებით, ქვეყანაში ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითრება საერთო-ეროვნული მიზნების მისაღწევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  

დაბოლოს, - „განათლება არის ის, რაც რჩება ადამიანს, როცა ყველაფერი დაავიწყდება, რაც კი სკოლაში ასწავლეს“, - აინშტაინი.

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია