მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცოლის ცემის ფასი საქართველოში - 18 ივნისი 2012

netgazeti.ge
თაზო კუპრეიშვილი

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 41 წლის მამაკაცი, წაყენებული ბრალდების მიხედვით, მიმდინარე წლის 8 ივნისს დამნაშავედ სცნო და ცოლის ცემისთვის ჯარიმა -1 000 ლარი დააკისრა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ დაზარალებულ ცოლსა და ბრალდებულ ქმარს შორის მუდმივად იყო დაძაბულობა და კონფლიქტი და ქმარი ცოლს ხშირად სცემდა, რაც ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე კატეგორიულად უარყო.

დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, ქმარმა უკანასკნელად 2012 წლის 20 აპრილს, გამთენიისას სცემა, რის შემდეგაც დაზარალებული მეგობრის სახლში გაიქცა. მეგობარმა მისი დაწყნარება სცადა და ქმრის სახლში დააბრუნა, თუმცა, ქმარმა მას განუცხადა, რომ მის უკან მიღებაზე უარს აცხადებდა და ასეთი ცოლი არ სჭირდებოდა. ამის შემდეგ დაზარალებული მშობლების სახლში წავიდა.

სასამართლო განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი წლების მანძილზე ხდებოდა, 20 აპრილს მშობლების სახლში დაბრუნებულ ქალს კი ცემის შედეგად თავი და ფეხი ტკიოდა.

ცოლის ცემაში ბრალდებულმა ნინოწმინდელმა მამაკაცმა უარყო ცოლის ბრალდება და სასამართლოზე მოწმედ საკუთარი ძმა, მამა და შვილი გამოიყვანა. სასამართლომ ძმისა და მამის ჩვენებები არ გაითავლისწინა, რადგან ისინი ბრალდებულის ახლო ნათესავები იყვნენ. მოსამართლემ ასევე არ გაითავლისწინა ბრალდებულისა და დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის ჩვენება.

”მისი ჩვენება გამომდინარეობს ღრმა ემოციური გრძნობით. ირკვევა, რომ არასრულწოვანს არ უყვარს თავისი დედა და უყვარს მამა, რაც დაკავშირებულია მათი ოჯახის მდგომარეობასთან,” - წერია სასამართლო საქმის მასალებში.

ცოლის ცემაში ბრალდებულმა მამაკაცმა ცოლის ცემის ფაქტი უარყო, თუმცა სასამართლოზე განაცხადა, რომ ცოლი ოჯახში ცუდად იქცეოდა, რაც გამოიხატება მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაში, კერძოდ, შვილებს არ უვლიდა, საჭმელს არ ამზადებდა, სარეცხს არ რეცხავდა და ტანსაცმელს არ აუთოებდა. ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ თავისი ცოლი ავად არის, ხშირად გონებას კარგავს და დაზიანებები შესაძლოა ამის გამო მიიღო, თუმცა, სასამართლოზე დაზარალებულის ავადმყოფობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ყოფილა წარმოდგენილი.

ბრალდებულმა ნინოწმინდის რაიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე განაცახდა, რომ 1999 წლიდან მას და მის მეუღლეს ცოლქმრული ურთიერთობა არა აქვთ და ერთად არ ცხოვრობენ. აღნიშნული გარემოებას დაცვის მხარემ ბრალდებულის სასარგებლო გარემოებად წარმოადგინა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ დაადგინა, რომ კონფლიქტის მხარეებად ქცეულ ცოლ-ქმარს ერთ-ერთი შვილი 1999 წლის შემდეგაც შეეძინათ.

მოსამართლე არარატ ესოიანმა მიიჩნია, რომ ბრალდებული აღნიშნული ფაქტებით სასამართლოს შეცდომაში შეყვანას შეეცადა და 2012 წლის 8 ივნისს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქმარი ცოლის ცემაში დამნაშავედ სცნო.

სასამართლომ მას სასჯელი - ჯარიმა 1 000 ლარი - სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დააკისრა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია შრომისუნარიანობის დაკარგვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის 14 ივნისს გამოაქვეყნა სტატისტიკა, სადაც ასახულია 2007 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ოჯახში ძალადობის ყველა რაოდენობირვი მაჩვენებელი. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის მანძილზე საქართველოში ოჯახში ძალადობის 1025 ფაქტი დაფიქსირდა, რომელშიც მონაწილეობდა 1997 პირი.

შსს-ს ცნობით, მოძალადეებს შორის სჭარბობენ მამაკაცები - 887, ხოლო ქალების რაოდენობა შეადგენს 89-ს. შესაბამისად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი უფრო მეტად ქალები (904 ქალი) ხდებიან, ვიდრე მამაკაცები (117 კაცი)

არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის” რეგიონული კოორდინატორი ელისო ამირეჯიბი მიიჩნევს, რომ შსს-ს სტატისტიკა რეალურ სიტუაციას ნაკლებად ასახავს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ სამართალდამცავებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. უკიდურეს შემთხვევად კი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხე იგულისხმება. ელისო ამირეჯიბის თქმით, მანამდე ყველა ცდილობს კონფლიქტის ჩუმად მოგვარებას და ფიქრობენ, რომ ამის მოგვარება პოლიციის გარეშეც არის შესაძლებელი.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია