მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
როგორ ხვდებიან ახალ წელს საქართველოში - 28 დეკემბერი 2018

ufleba.ge

საქართველო პატარა, მაგრამ მრავალფეროვანი ქვეყანაა და ამიტომ აქ, მის სხვადასხვა რეგიონში, ახალი წლის შეხვედრის განსხვავებული ტრადიციები და რიტუალები არსებობს. თუმცა, არის რამდენიმე დეტალი, რომელიც საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის აუცილებელი ატრიბუტია. ერთ–ერთი მათგანია თოვლის პაპა (ბაბუა), რომელიც მიუხედავად ევროპული სანტა კლაუსების მოჭარბებისა, ჩვენში მაინც წლის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულის ერთ–ერთ მთავარ ატრიბუტად რჩება.  

საქართველოში საუკუნეებია არსებობს მეკვლეს ტრადიცია, რომლის არჩევასაც ოჯახი ძალიან მნიშვნელოვნად თვლის, რადგან სწორედ მეკვლეზე და მის ფეხბედნიერობაზე დამოკიდებული მომავალი წლის ხვავი, ბარაქა და ბედნიერება ოჯახში. მეკვლეს საახალწლო ხონჩით ხვდებიან. სხვადასხვა კუთხეებში, მისი მიღების განსხვავებული წესები არსებობს. უძველესი ქართული საახალწლო ტრადიციები, განსაკუთრებით კარგად საქართველოს მთიან რეგიონებშია შემორჩენილი.    

მაგალითად, სვანეთში დღემდე არსებობს ასეთი წესები: ახალი წლის ღამეს, სვანები სურსათით სავსე გიდელს ჭიშკარზე ჩამოკიდებენ. ეს გიდელი სპეციალურად მეკვლესთვისაა განკუთვნილი. ხევსურები საახალწლოდ არაყს ხდიან, ლუდს ხარშავენ, ბედის კვერებს აცხობენ, სადაც სხვადასხვა ფიგურები, მათ შორის, ჯვარი, ადამიანი, ცხენი, ქერის თავთავია გამოსახული. ხევსური მამაკაცები ახალ წელს ხატში იკრიბებიან.

ქართლში ტრადიციად იყო ბასილას ქანდაკების გამოცხობა, ასევე, ოჯახის წევრებისათვის ბედის კვერი. ბედის კვერს შინაურ ცხოველებსაც უცხობდნენ. საახალწლო ხონჩას აქ "აბრამიანს" უწოდებენ.

„საინგილოში (ისტორიული ჰერეთი)  საახალწლოდ დაამზადებენ ხონჩას; დააწყობენ ზედ პურებს, ლავაშს, დადგამენ ჯამით თაფლს, ერბოს, ღვინოს, ბამბის წითელ და თეთრ ძაფებს და სახლის-დიდთან ერთად წავლენ ვენახის საკვლევად. მივლენ ერთ კარგ მოსავლის მომცემ ვაზთან. სახლის უფალი ჯერ გასხლავს ვაზს, მერე ააგებს, ჭიგოების ჩარჭობის დროს ნიადაგს ღვინით მოალბობენ; იგივე უფროსი ვაზის ძირში დაკლავს წითელ ფრთოსან მამალს, წითელ ფრთებს მოაგლეჯს და ბამბის ძაფით ამ ფრთებს ჭიგოსა და ვაზზე მიაკრავს და თან იტყვის: "ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა." თითო ლუკმა პურს ამოაწებენ თაფლსა და ერბოში, შეჭამენ, ცოტა ღვინოს მოსვამენ და შინ დაბრუნდებიან. ახალი წლის დღეს ინგილოებმა სადილი იციან ადრე. უფრო ქათმის წვენსა და ფლავს აკეთებენ. სადილად მოელიან გარეშე მეკვლესაც, რომელიც უნდა იყოს ვინმე ბედისგან დაუჩაგრავი, ან ნათესავი, ან ნაცნობი. მანამ მეკვლე არ ეწვევათ, არავის მიიღებენ სახლში“.

სამეგრელო–გურიაში ახალ წელს კალანდას უწოდებენ და სროლით ეგებებიან. ეს საახალწლო ტრადიციები დაწვრილებით არის აღწერილი სხვადსხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებებში, რომელნიც წარმოშობით ამ რეგიონებიდან იყვნენ. განსხვავებით აღმოსავლეთ საქართველოსგან, დასავლეთში ჩიჩილაკის ტრადიციაა, რომელსაც დასავლეთში ყველა ოჯახში შეხვდებით.

რაჭველები ახალ წელს ბაჭულებით ხვდებიან. „აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს "კერია-ბერია"-ს, რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას "მაკვრიელი" ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხავს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით "შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის", შემდეგ წყლის მოსატანად წავა. მის დაბრუნებამდე ყველანი დგებიან. მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს "კერია-ბერია"-ს უნაწილებენ“. 

წყარო: presa.ge   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია