მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჰერალდიკის საბჭო - დგება დრო სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში - 13 იანვარი 2019

ufleba.ge

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, ხვალ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი სიმბოლოსთვის ღირსი პატივის მიგების მიზნით, საკუთარი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან, ღობეებიდან გადმოფინონ ან სახურავებსა და ავტომანქანებზე აღმართონ საქართველოს სახელმწიფო დროშა.

„სახელმწიფო დროშა ეროვნული ერთიანობის, ერის ისტორიული გზის, მისი სულისკვეთებისა და მომავლისკენ სწრაფვის სიმბოლოა. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად, საქართველომ დაიბრუნა დროშა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო საქართველოს სიმბოლო.

დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლის გზაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა მოსჩანდა ეროვნული მოძრაობის, ხალხმრავალი გამოსვლების დროს. სახელმწიფოებრიობის აღდგენასთან ერთად, დროშამ ადგილი დაიმკვიდრა სახელმწიფო დაწესებულებების, საქართველოს წარმომადგენლობების შენობებზე, სახელმწიფო მოღვაწეების სამუშაო ოთახებში.

თავისუფალი საზოგადოების განმტკიცებასთან ერთად, როდესაც პოლიტიკურმა განვითარებამ შეიძინა მშვიდი მდგრადი ხასიათი, დგება დრო, რომ სახელმწიფო დროშამ დაიმკვიდროს და აღიდგინოს ადგილი საქართველოს მოქალაქის ცხოვრებაში.

მცდარია სახელმწიფო დროშის გაიგივება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებთან, პოლიტიკურ პარტიებთან, საპროტესტო აქციებთან. სახელმწიფო დროშის დღე უმთავრესად ეროვნული დღესასწაულია. სახელმწიფო დროშა თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის საკუთრება და ღირსების სიმბოლოა“, – ნათქვამია საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს განცხადებაში.

ჰერალდიკის საბჭო არასაჯარო დაწესებულებებს სახელმწიფო დროშის აღმართვისა და გამოფენის წესს სთავაზობს, რომელიც საბჭოს ვებგვერდზეა განთავსებული. აღნიშნული წესების დაცვა მოქალაქეების მხრიდან სასურველია, თუმცა არა სავალდებულო.

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია