მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"მართლმსაჯულება და სასამართლო ხელისუფლება ერთ ვიწრო ჯგუფს ხელში აქვს ჩაგდებული" - 14 იანვარი 2019

ufleba.ge

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ მოსამართლეთა ათკაციან სიას აკრიტიკებს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე. ბარამიძე კანდიდატებს დაჯგუფების წევრებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მის სათავეში ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი დგას, რომელიც, თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ინტერესებს ემსახურება.

„საქართველოში მართლმსაჯულება და სასამართლო ხელისუფლება ხელში აქვს ჩაგდებული ერთ ვიწრო ჯგუფს, რომელიც საზოგადოებაშიც ცნობილია მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის სახელწოდებით, რომელიც სარგებლობს პირადად ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტის მფარველობით და რომელიც ფაქტობრივად ყველა გადაწყვეტილებას ივანიშვილთან შეთანხმებით იღებს თავად საზოგადოების ინტერესების გაუთვალისწინებლად და საზიანოდ. იყო რიგი საკითხებისა, რომლებიც ამ ხალხის ძალისხმევით ვერ გავიდა სასამართლო რეფორმების სხვადასხვა ეტაპზე. მათ შორის, აიღეთ სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევის წესი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა. საბოლოოდ, ეს იდეა არ გავიდა. ამ ხალხის ძალისხმევით მოხდა ახალი ინსტიტუტის განეიტრალება. ვგულისხმობ სასამართლო ინსპექტორის ინსტიტუტს“, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული პროცესი დღეს არ დაწყებულა.

„ეს პროცესი დაიწყო რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა მურუსიძის თანდასწრებით, რომ ის მოსამართლეები, მათ შორის პირადად მურუსიძე, რომლებიც წინა ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებდნენ, სინამდვილეში უკანონო ბრძანებების შემსრულებლები კი არ იყვნენ, არამედ წინა რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ“, – განაცხადა ბარამიძემ.

ალექსანდრე ბარამიძემ ასევე განაცხადა, რომ ვიდრე ხელისუფლებაში იყო, ცდილობდა, წესების დაცვით ემოქმედა, თუმცა არ გამოუვიდა, რის შემდეგაც ოპოზიციაში გადაინაცვლა.

„როდესაც მე ვიყავი მინისტრის მოადგილე, ჩემი მოვალეობა იყო შემემუშავებინა კანონპროექტები, მაგრამ არ ვიყავი ერთადერთი ადამიანი, ვისაც ხელეწიფებოდა კანონების მიღება. გარდა ამისა, სხვა მნიშვნელოვანი თემებიც არსებობდა, რომლებზეც საჭირო იყო მუშაობა, იგივე სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმა, პროკურატურის რეფორმა და ა.შ. ბევრი რამ მოხერხდა, ბევრი რამ ვერ მოხერხდა. როცა მივხვდი, რომ რეალურად გაკეთება შეუძლებელი იყო ასეთ პირობებში, მაშინ დავტოვე თანამდებობა. სანამ თანამდებობაზე ხარ, ცდილობ, დადგენილი თამაშის წესების ფარგლებში გაიტანო. როცა ეს არ ხერხდება, მიდიხარ ოპოზიციაში, რაც გავაკეთე კიდეც“, – განაცხადა ბარამიძემ.

ალექსანდრე ბარამიძემ იმ სამი რეკომენდაციის შესახებაც ისაუბრა, რომელთა ერთობლივად გათვალისწინების შემთხვევაში, მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლება ე.წ. კლანისგან გათავისუფლდება – პარლამენტმა ჩააგდოს თითოეული კანდიდატურა; მოხდეს იუსტიციის საბჭოს „დემონტაჟი“; გაიწეროს შესაბამისი პროცედურები და მოთხოვნები, რომლის შესაბამისად მოსამართლეობის კანდიდატებს შეარჩევენ, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია