მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"მერიას მყარი ბერკეტები აქვს, ვაკის პარკში მშენებლობის ნებართვის გაცემაზე უარი თქვას" - 22 იანვარი 2019

ufleba.ge

ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ თბილისის მერიას ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

როგორც ორგანიზაციის იურისტმა, ანანო ცინცაბაძემ განაცხადა, ინვესტორიც და მერიაც კანონს არასწორად განმარტავენ და ერთნაირი არგუმენტები აქვთ. იურისტი მიიჩნევს, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების პროცესში მესამე სექტორიც უნდა ჩაერთოს.

„მთავარი კითხვაა, რატომ ჰგავს მერიისა და ინვესტორის არგუმენტები ერთმანეთს, როცა მერიას მყარი სამართლებრივი არგუმენტები აქვს, ახალი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, ინვესტორს ვაკის პარკში მშენებლობაზე უარი უთხრას. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, მერიას აქვს მყარი ბერკეტები უარი თქვას მშენებლობის ნებართვის გაცემაზე“, – განაცხადა ცინცაბაძემ.

მისი თქმით, სასამართლომ ადმინისტრაციულ პროცესზე იმსჯელა, თუ რა პროცედურით გაიცა მშენებლობის ნებართვა.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სამართლიანად იქნა მიღებული და საეჭვო არ იყო, რომ ზონალური შეთანხმება დასაბუთების გარეშე გაიცა. სამართალწარმოების პარალელურად მშენებლობის ნებართვას, რომლის კანონიერებაზეც მსჯელობდა სასამართლო, ძალა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებმა ნებართვის შეჩერება ითხოვეს, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ნებართვის მოქმედება მიმდინარე იყო, რასაც ისიც ადასტურებს, რომ 2016 წლის მიწურულს კომპანიმ გახანგრძლივებაზე მიმართა მერიას და მათ არ წარადგინეს დამატებითი დოკუმენტები, რის გამოც მერიამ არ განიხილა ნებართვის გახანგრძლივების საკითხი“, – განაცხადა იურისტმა.

მისი განმარტებით, კომპანიას მოქმედი ნებართვის მიუხედავად, ვაკის პარკში სამშენებლო სამუშაოები არ ჩაუტარებია.

„ცალსახად ვაცხადებ, არც მშენებლობის ნებართვას და არც სხვა დოკუმენტაციას ვადა არ აქვს. ვადა აქვს მშენებლობის განხორციელების უფლებას. არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულ მშენებლობის ნებართვაში წერია, რომ მშენებლობა განხორციელდეს 2016 წლის სექტემბრამდე და არ წერია, რომ ამ დოკუმენტს აქვს ვადა. მშენებლობის ნებართვა გაიცემა ოთხ სტადიად. ტერმინი  – სპეცნებართვა კანონმდებლობაში არ არსებობს, ორივე მხარე გულისხმობს ზონალურ შეთანხმებას, რომელიც მშენებლობის ნებართვის მესამე სტადიაზე გასაცემი დოკუმენტია. მხოლოდ ზონალური შეთანხმებითაა შესაძლებელი მაგალითად, სარეკრეაციო ზონაში მშენებლობის დაშვება, პარამეტრის გაზრდა. ზონალური შეთანხმება იქნება, მიწის გამოყენების აქტები თუ სხვა დოკუმენტები, რომელიც სხვადახვა სტადიაზე გაიცემა ყველა მიემართება ერთ კონკრეტულ მშენებლობაზე. მშენებლობის ვადები კი, არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემულ ნებართვაშია გაწერილი“, – აღნიშნა ანანო ცინცაბაძემ.

როგორც მან განაცხადა, ზონალური შეთანხმება არაფერს წარმოადგენს თუ მშენებელს მშენებლობის ნებართვა არ მისცეს. შესაბამისად, მისი თქმით, მერიაც და ინვესტორიც არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებენ, როცა ამბობენ, რომ ზონალური შეთანხმება უვადოა.

„ვაკის პარკის ტერიტორიაზე ამ მშენებლობის ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლით სექტემბერი. ვადა გავიდა და ინვესტორს არ აქვს უფლება ააშენოს სასტუმრო“, – განაცხადა ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ წარმომადგენელმა.

იურისტი განმარტავს, რომ ზონალური შეთანხმება მესამე სტადიაზე გაიცა, რომელიც მასშტაბებს არეგულირებდა. მეოთხე სტადიაზე კი, გაიცა მშენებლობის ნებართვა, რომლის თანახმად, წინა სტადიაზე გაცემული ყველა დოკუმენტაცია ძალაშია 2016 წლის სექტემბრამდე.

საუბარია 2013 წელს გაცემულ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობის ნებართვაზე. ინვესტორს ვაკის პარკში მრავალსართულიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. ნებართვის გაუქმების მიზნით, დავა სასამართლოს სამივე ინსტანციაში მიმდინარეობდა, რომელიც ბოლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ საჩივარი 2013 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვის გაუქმების შესახებ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისის მერია სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან მოლაპარაკებას ცდილობს. ალტერნატივის სახით მერია ინვესტორს ადგილზე ძველი რესტორნის აღდგენას ან მიწის ადგილმონაცვლეობას სთავაზობს, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია