მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თემურ ჭიჭინაძე: ”სავსებით შესაძლებელია, დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფი იყოს 7–8 თეთრი” - 19 ივნისი 2012

for.ge
ნიკა ასლანიძე

მას შემდეგ, რაც არცთუ ორაზროვნად გაიჟღერა, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილმა ”თელასი” იყიდოს და, შესაბამისად, დედაქალაქში ტარიფი დენზე საგრძნობლად გაიაფდეს, კიდევ უფრო გამძაფრდა კითხვა, - ობიექტურად რა უნდა ღირდეს დენი. For.ge–ს კითხვებს ”თელასის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი („პრივატიზაციამდელი“) თავმჯდომარე, მერიის ენერგეტიკის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ენერგეტიკის აკადემიის წევრი თემურ ჭიჭინაძე პასუხობს

ბატონო თემურ, თბილისში დენი 17 თეთზე მეტი ღირს. მოსახლეობას ამ ტარიფის მომსახურება უჭირს, ძალიან ძვირია. თქვენ რას ფიქრობთ – რა უნდა ღირდეს დენი ისე, რომ ბიზნესიც გამართულად მუშაობდეს და ხალხსაც არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ ძარცვავენ.

- გეტყვით პირდაპირ – სავსებით შესაძლებელია, დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფი იყოს 7–8 თეთრი.

თქვენ ისეთ რამეს ამბობთ, რომ დაწვრილებით მოგიწევთ თქვენი გათვლების დასაბუთება.

- შევეცდები. საქმე ის არის, რომ, თავიდანვე, ”თელასის” პრივატიზაციის სწორი იდეა, ძალიან დამახინჯებულად განხორციელდა. გახსოვთ, რა პერიოდშიც ხდება ეს ამბავი. 90-იანი წლების მიწურული, შეფერხებები ენერგომომარაგებაში, აღურიცხავი დანაკარგები, საფასურის ამოღების ძალიან დაბალი % და ყველა სხვა უბედურება ერთად იყო დაგროვილი. გადაწყდა და მიმაჩნია, რომ სწორადაც გადაწყდა, დარგის პრივატიზირება. ერთ-ერთ პირველ ობიექტად ”თელასი”, ანუ თბილისის ელექტროგამანაწილებელი ქსელი შეირჩა. ენერგეტიკას მხოლოდ პრივატიზება და ინვესტიციების მოზიდვა თუ გააჯანსაღებდა, განსახელმწიფოებრივება აუცილებელი პროცესი იყო, მაგრამ, პირველივე ნაბიჯებიდანვე გამოჩნდა, რომ ამ კეთილი განზრახვის შესრულება ძალიან ძნელი იქნებოდა.

რატომ გრჩებათ ასეთი შთაბეჭდილება?

- იმიტომ, რომ, თავიდან, კორუფციული გარიგებების თავიდან აცილების მოტივით სახელმწიფომ დაიქირავა საინვესტიცო ბანკი Merrill Lynch-ი, რომელსაც გამჭვირვალედ უნდა ჩაეტარებინა ტენდერი და მოეზიდა ინვესტორი. ამ საერთაშორისო კომპანიის მიერ პროცესის ორგანიზება თითქოს უნდა გამხდარიყო კიდეც ტენდერში სუფთა და გამჭვირვალე კომოპანიების მოზიდვის გარანტი. მე, როგორც ”თელასის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გავხდი ამ სატენდერო კომისიის წევრი და ამდენად, მთელი ამ პროცესის თვითმხილველი ვარ. თუმცა, როგორც კი შევეწინააღმდეგე ტენდერის არამართლზომიერად მიმდინარეობას, რაც ერთი მონაწილის დახურული კონვერტის მეორე მონაწილისთვის გადაცემაში გამოიხატა (ანუ, AES-სს წინასწარ შეატყობინეს ტენდერში მონაწილე ძალიან სერიოზული ფრანგული კომპანია EDF-ის პირობები), სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, ქონების მართვის იმდროინდელმა მინისტრმა მიხეილ უკლებამ, იმ მოტივით, თითქოს მე ფრანგებს ვლობირებდი, სატენდერო კომისიის სხდომაც დამატოვებინა და კომისიის წევრობიდანაც გამიყვანა. საბოლოოდ კარგად გამოჩნდა ვინ რას და ვის ლობირებდა. ეს ყველაფერი ოქმშიცაა შეტანილი.

გვახსოვს, რომ დიდი ამბავი იყო კონტრაქტის შინაარსთან დაკავშირებითაც. მაშინ ამბობდნენ, რომ კონტრაქტს ხელი ისე მოეწერა, რომ მის შინააარსს ქართული მხარე არც კი გაცნობია.

- დიახ, ასე იყო. კიდევ ცალკე და სხვა საუბრის თემაა, როგორ გაფორმდა კონტრაქტი ინგლისურ ენაზე და როგორ არავინ იცოდა მისი კონკრეტული შინაარსი; უფასოდ, ანუ იმავე კონტრაქტის ფასში როგორ გადასცეს AES-სს მაღალი ძაბვის ქვესადგურები (35-110 კილოვატიანი), რაც მაშინ ოფიციალურად ითვლებოდა სტრატეგიულ ობიექტებად და მათ გასხვისებას კონსტიტუცია კრძალავდა და ა.შ.

ასე იყო თუ ისე, ქონების მართვის სამინისტრომ ”თელასი” შეაფასა 25 მილიონ დოლარად. ეს ციფრი რა გათვლებს ეყრდნობოდა ამას ვერავინ იტყვის. ასე შეფასდა და მორჩა (სხვათაშორის, ამ 25 მილიონიდან, შემდგომში, 3 მილიონამდე, Merrill Lynch-ს ერგო გაწეული მომსახურებისთვის).

ინვესტორს სამი პირობა - დედაქალქის ელექტროენერგიით 24–საათიანი მომარაგება, ხელშეკრულების დადება ყველა მომხმარებელთან და ყველა აბონენტის გამრიცხველიანება უნდა შეესრულებინა და საამისოდ 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

აქ საინტერესო დეტალი ისიცაა, რომ სანამ ტენდერი გამოცხადდებოდა, როგორც კი Merrill Lynch-ის დაქირავება მოხდა, პირველი პირობა, რაც Merrill Lynch-მა დააყენა იყო, ტარიფის გაზრდა, რათა პროექტი ინვესტორისთვის მიმზიდველი ყოფილიყო. ტარიფი, რომელიც მაშინ 4.5 თეთრს შეადგენდა, სასწრაფოდ გაზარდეს 6 თეთრამდე. როდესაც ტარიფი იყო 4.5 თეთრი, პროპორცია იყო შემდეგი – ამ ტარიფიდან „თელასს“ მიჰქონდა 1.4 თეთრი, 3.1 თეთრი კი მიჰქონდა „საქენერგოს“. ანუ თელასი დისტრიბუციაში 1 კილოვატზე იღებდა 1.4 თეთრს, რაც ზუსტად 2 წელიწადში გახდა 7.5 თეთრი.

ალბათ ამის საშუალებას ტენდერის პირობები აძლევდა გამარჯვებულ კომპანიას. სხვაგვარად, თვითებურად ხომ არ გაზრდიდა ტარიფს ან მასში საკუთარ წილს?

- ცხადია, ამ პროცესს ახსნა აქვს, მაგრამ საქმე ის არის, რამდენად რეალური და სამართლიანია ეს ახსნა. პირობაში იყო, რომ ინვესტორს 10 წლის განმავლობაში უნდა ჩაედო 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია. გაფორმდა, რომ თითქოს განხორციელდა ჭარბი ინვესტიცია, თითქოს დაიხარჯა 200 მილიონი. ანუ, დაიწერა, რომ, რაც უნდა გაკეთებულიყო 10 წელიწადში, გაკეთდა 2 წელიწადში და ორჯერ მეტი თანხაც გაწერეს. შესაბამისად, ინვესტორმა დაიწყო დანახარჯის ამოღებაზე და მოგებაზე ზრუნვა, ანუ მოითხოვა და მიიღო გაზრდილი ტარიფი და მასში გაზრდილი საკუთარი წილი.

თუკი ეკუთვნოდა, თუკი ამის საშუალებას ტენდერის პირობა და კანონმდებლობა აძლევდა, რატომ არ უნდა მოეთხოვა. ინვესტორს თბილისელების სოციალურ მდგომარეობაზე ფიქრი რატომ უნდა მოვთხოვოთ?

– კეთილი, ეს რომ მართლაც ასე ყოფილიყო, ბიზნესის წესები და კანონები დაცული იქნებოდა, მაგრამ განხორციელდა კი რეალურად ეს ეგრეთ წოდებული ჭარბი ინვესტიცია? ვინმემ, რომელიმე მაკონტროლებელმა, ან მარეგულირებელმა კომისიამ, ან თბილისის მერიამ, რომელიც დღემდე ფლობს „თელასის“ 25%–ს, ინვესტორის მიერ დადებული ანგარიშები შეამოწმა? მე გეტყვით, რომ არა. და თუ მკითხავთ - რატომ მოხდა ასე, გეტყვით, რომ ეს რიტორიკული კითხვაა.

ან სახელმწიფო მაკონტროლებელმა, ან საერთაშორისო აუდიტმა, ინვესტორის მიერ დადებული ანგარიშები შეამოწმა, გადაამოწმა ან დაადასტურა? მე გეტყვით, რომ არა.

ცხადია, რაღაც სამუშაოები შესრულდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდში იმ მოცულობის სამუშაო, რომ ეს ტარიფზე ასე კატასტროფულად ასახულიყო, არ გაკეთებულა. იყო მომენტები, როდესაც ერთი და იგივე სამუშაოები, როგორც ინვესტიცია, კომპანიას ანგარიშში შეჰქონდა ორჯერ და აქ უზარმაზარ თანხებზეა საუბარი. კერძოდ, ერთი და იგივე სამუშაოზე, მაგალითად, კაპიტალურ რემონტზე და ამორტიზაციაზე ერთი და იგივე თანხა, 160 მილიონი, ორჯერ ასახეს ტარიფში და აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ კაცმა არ იცის სად წავიდა ქსელის რეაბილიტაციის მოტივით მიწიდან ამოღებული უზარმაზარი ოდენობის უმაღლესი ხარისხის სპილენძისა და ალუმინის კაბელები და შესყიდვების რა მექანიზმებით მუშაობდა AES-ი ამ რეაბილიტაციის პროცესში.

ხდებოდა ისეც, რომ როცა არ ქონდა AES-ს ფული და ვერ აფინანსებდა პროექტს, იღებდა სესხს სათაო ოფისიდან, ძალიად დიდი პროცენტით, იმაზე მეტით, ვიდრე მაშინ ჩვენთან იყო. სესხი შედიოდა ინვესტიციაში, მაგრამ პროცენტი შედიოდა ტარიფში. ეს ხდება 1999–2001 წლებში. ტარიფის ბოლო ცვლილება განხორციელდა 2001 წელს, როდესაც ავიდა 12.4 თეთრზე. თავიდან პირობა იყო, რომ ტარიფი უნდა გათვლილიყო დანახარჯების და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინებით, მაგრამ ესენი ყველა ხარჯს, მათ შორის – ადმინისტრაციულს, მივლინებებს (და მივლინებებს, მოგეხსენებათ, უმაღლესი კომფორტით ახორციელებდნენ) თუ სხვა ხარჯებს ასახავდნენ ტარიფში. უნდა ითქვას, რომ მაშინდელი „სემეკი“ შედარებით უწევდა ამ ყველაფერს წინააღმდეგობას, მაგრამ პოლიტიკური ნება იყო ძალიან ძლიერი, ამდენად, ამ წინააღმდეგობას შედეგი არ მოჰყოლია და მივიღეთ ის, რაც გვაქვს - უზომოდ გაზრდილი ტარიფი.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მაინც რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება 2-ჯერ და მეტადაცაა შესაძლებელი თან ისე, რომ ”თელასმა”, როგორც ბიზნესმა, წარმატებით იმუშაოს.

– ამის დასტურია ყველაფერი ის, რაც უკვე მოგახსენეთ, - ტარიფი უმართებულოდაა გაზრდილი. ამას გარდა, გეტყვით, რომ 1999 წელს შეწონილი ტარიფი შეადგენდა 2,7 თეთრს და ”თელასი” მაშინ კილოვატ ენერგიას 12 თეთრად ჰყიდდა. დამერწმუნეთ, არ არის რეალურად განხორციელებული იმდენად მასშტაბური ინვესტიცია, რომ ასეთი მაღალი ტარიფის არსებობა ამ დანახარჯებით იყოს გამოწვეული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კეთილი ნებისა და ანტიმონომოპოლიური (მოგეხსენებათ. ”თელასი” ბუნებრივი მონოპოლიაა) რეგულირების ამოქმედების შემთხვევაში დედაქალაქში ელექტროენერგიაზე ტარიფმა კილოვატზე 8 თეთრს არ უნდა გადააჭარბოს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია