მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რა სიახლეები იქნება განათლების სისტემაში - 06 თებერვალი 2019

ufleba.ge

განათლების სისტემაში კომპლექსური რეფორმა განხორციელდება, რომელიც ბევრ ცვლილებას გულისხმობს და როგორც სკოლამდელ, ასევე, ზოგად, პროფესიულ, უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებას მოიცავს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში,  2021-2023 წლებისთვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელისთვის. გარდა ამისა, დაინერგება ახალი სასწავლო პროგრამები და რესურსები, რომლებიც ინკლუზიური და სამოქალაქო განათლების პრინციპებს დაეფუძნება. შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა.

უწყების ცნობით, ზოგადი განათლების მიმართულებით შემუშავდა უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებული „ახალი სკოლის“ მოდელი. ახალი მოდელი სკოლების ავტონომიასა და დეცენტრალიზაციას, უნიფიცირებული მიდგომიდან დიფერენცირებულ მიდგომაზე გადასვლას, სკოლის დირექტორის ლიდერად ჩამოყალიბებას, გადამზადებულ პედაგოგებს გულისხმობს. „ახალი სკოლის“ მოდელის პილოტირება 150-ე საჯარო სკოლაში განხორციელდა და ეტაპობრივად 2024 წლისთვის ყველა სკოლაში დაინერგება.  „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში სკოლებში  კომპიუტერული კლასები განახლდება, აღიჭურვება ინტერნეტითა და უსადენო ინტერნეტით (WiFi). 

ასევე, სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით (Minecraft Education Edition, Scratch და სხვა). განვითარდება ვებგვერდის – el.ge, სადაც თავმოყრილი იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. დაინერგება ე.წ. სთრიმინგ გაკვეთილები. სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციებს, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.

ამასთან, 2018-2019 სასწავლო წელს მე-11 და მე-12 კლასელთათვის მოიხსნა გამოსაშვები გამოცდები. როგორც განათლების სამინისტროს განმარტავს, შეფასების ახალი მოდელის მიზანია უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივი ზრდა, ეროვნული გამოცდების პროგრამის სასკოლო პროგრამასთან დაახლოება და მშობლების დანახარჯების შემცირება.

ასევე, 2020 წლიდან მისაღები გამოცდები სამ სავალდებულო საგანში ჩატარდება: ქართულსა და უცხო ენაში. მესამე კი, უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით განისაზღვრება: მათემატიკა – ტექნიკური, ხოლო ისტორია – ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

ამასთან, რეფორმის ფარგლებში მასწავლებლებისთვის გაუქმდება კრედიტქულები. პედაგოგები გათავისუფლდებიან თვითშეფასების ვალდებულებისაგან. გამარტივდება და დაჩქარდება პროფესიაში კადრების შესვლის გზები.

2019 წელს თბილისსა და რეგიონებში ცხრა ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა და 265 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდება.  განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განახლდება რვა სპეციალური სკოლაც. დაიწყება 35 ახალი სკოლის მშენებლობა. ასევე, დაგეგმილია განათლებისა და მეცნიერების ქალაქის აშენება, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს.

რეფორმა სკოლის უსაფრთხობასაც ითვალისწინებს. სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შესაქმნელად მანდატურის სამსახური სამ მნიშვნელოვან რგოლს გააერთიანებს: მანდატურს, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებსა და კრიზისული ინტერვენციის ჯგუფს, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით შეიქმნა.

უწყების ცნობით, 2019-2020 წლებში მანდატური წარმოდგენილი იქნება დამატებით 260 საჯარო სკოლაში. 8 არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს 2019 წელს სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ორი ახალი დაემატება. გარდა ამისა, შეიქმნება მანდატურის სამსახურის რვა რეგიონული ცენტრი.

რეფორმის ფარგლებში ცვლილებები პროფესიული განათლების სფეროშიც იგეგმება. როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროფესიული განათლება რეგიონული განვითარების საჭიროებებსა და სწრაფ დასაქმებაზე იქნება ორიენტირებული. დაგეგმილია ახალგაზრდების პროფესიული მიმართულებით დაინტერესება და მათთვის მომზადება-გადამზადების პროგრამების შეთავაზება. პროფესიული სასწავლებლის დიპლომი სრული ზოგადი განათლების ატესტატს გაუთანაბრდება. კერძო სექტორთან თანამშრომლობით კერძო პროფესიული სასწავლებლებიც დაარსდება.

უმაღლესი განათლების კუთხით კი, რეფორმის ფარგლებში შემუშავდა ორწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) დანერგვას ისახავს მიზნად. იგეგმება ცენტრის გაწევრიანება ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR), რაც უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული დიპლომების უპირობო აღიარებას ევროპაში და ქართველი და უცხოელი სტუდენტების მობილობას.

რაც შეეხება მეცნიერების მიმართულებას, განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ევროკომისიის ინიციატივაში ეუროექსეს (EURAXESS) საქართველოც გაწევრიანდება. შეიქმნება ეუროექსეს-საქართველო (EURAXESS-Georgia) პორტალი, რომელიც ინიციატივის პანევროპულ პორტალთან ინტეგრირდება. პორტალში ამჟამად 40-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული და მასში ჩართვა ქართველი მკვლევრებისთვის ხელმისაწვდომს გახდის ევროკავშირის შიდა სამეცნიერო რესურსებს, გაზრდის საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას. გამოიცემა ახალი რეფერირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „საქართველოს მეცნიერება“ (Georgian Science). სახელმწიფო სრულად დააფინანსებს საჯარო და კერძო უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიათვის ელსევიერის (ELSEVIER) სამეცნიერო ბაზებზე წვდომას.

განათლების სამინისტრო განმარტავს, რომ რეფორმა ყველა მიმართულებისთვის კომპლექსურ და მათ შორის ინტერდისციპლინურ მიდგომებს გულისხმობს, რაც განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.

კომპლექსური რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მართავს. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა, - ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია