მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემები საქართველოს მოსახლეობას დაიცავს" - 19 თებერვალი 2019

ufleba.ge

საქართველოს მთავრობა იწყებს 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროგრამის განხორციელებას, რომლის მიზანია საქართველოს მოსახლეობის დაცვა კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფებისგან. ფართომასშტაბიანი პროგრამის დაფინანსებაში გაერთიანებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტი (27 მილიონი აშშ დოლარი), საქართველოს მთავრობის წვლილი (38 მილიონი აშშ დოლარი) და შვეიცარიის მთავრობის გრანტი (5 მილიონი აშშ დოლარი). პროგრამა შესრულდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ხოლო მისი უშუალო განმახორციელებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა სხვა სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამის საჯარო წარდგენა გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მან ხაზი გაუსვა, რომ ახალი პროგრამის განხორციელების შედეგად, საქართველოში შეიცვლება ეროვნული მიდგომები კლიმატის ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების მიმართ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ შეიქმნება ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემები, რაც საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზების 1.7 მილიონიან მოსახლეობას დაიცავს.

„თუ ადრე ჩვენ უკვე მომხდარ კატასტროფებზე რეაგირება გვიწევდა, ახალი ინიციატივის განხორციელების შედეგად გაიზრდება ქვეყნის ეროვნული შესაძლებლობები კლიმატური ინფორმაციის ანალიზისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის მიმართულებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, რომ ქვეყანამ საკუთარ თავზე იწვნია კლიმატის ცვლილების დამანგრეველი შედეგები.

„ამინდის კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ ბუნებრივი კატასტროფები გარდაუვალი არ უნდა იყოს. ჩვენი ახალი პროგრამა საკმარის რესურსებს იძლევა პოლიტიკისა და სისტემების გასავითარებლად, მოსახლეობის მოსამზადებლად და ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რის შედეგადაც ექსტრემალური ამინდი ბუნებრივ კატასტროფაში აღარ გადაიზრდება“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა ისაუბრა საქართველოსა და შვეიცარიის ერთობლივი ძალისხმევის შესახებ კლიმატის ცვლილებების მიმართ ადაპტაციისა და მთის მდგრადი განვითარების საქმეში. მან ხაზი გაუსვა ამ პარტნიორობის მნიშვნელობას შვეიცარიისთვის.

„საქართველო და შვეიცარია მთაგორიანი ქვეყნებია და კლიმატის ცვლილებებმა მათზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს. კლიმატური ცვლილებების მიმართ ადაპტაცია დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, გაუმკლავდნენ შედეგებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ ძალისხმევას ზურგს შესაბამისი პოლიტიკა უმაგრებდეს. ამ მხრივ, ჩვენი მიზანია გავაზიაროთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აისახება ეფექტურ პოლიტიკასა და კონკრეტულ ქმედებებში“, – აღნიშნა შვეიცარიის ელჩმა.

ექსპერტების შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ზომებს არ გაატარებს, ქვეყნის ზარალი მომავალი ათწლეულის განმავლობაში 12 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. დაუყოვნებელი ქმედების შედეგად, ასეთი ზარალი თითქმის 90 პროცენტით შემცირდება.

კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროგრამა ასევე პირდაპირ შეუწყობს ხელს საქართველოს მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მიღწევას. პროგრამის შედეგებს შორისაა კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირება (გლობალური მიზანი 13), მდგრადი ურბანული განვითარება (მიზანი 11) და ათასობით ადამიანის დაცვა მაღალი რისკის მქონე რეგიონებში, მათ შორის მაღალ მთაში და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია