მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი სესიაშვილი - ჩემი საკანონმდებლო ინიციატივა შეღავათს ყველა კონფესიისთვის აუქმებს - 20 მარტი 2019

ufleba.ge

ჩემი ინიციატივა შეღავათს ყველა კონფესიისთვის აუქმებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„თუმცა, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან საკონსტიტუციო შეთანხმებაში არსებობს ნორმა, რომელიც სხვა პირობებთან ერთად, მას ამ უპირატესობას ანიჭებს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარი მაქვს საერთაშორისო გამოცდილებაზე. მათ შორის, მოყვანილი მაქვს რამდენიმე ქვეყანა, სადაც მსგავსი ტიპის პრობლემები იყო და რამდენიმე რელიგიურ ორგანიზაციას ასეთივე შეღავათი ჰქონდა. შესაბამისად, ისინი უპირატესობით სარგებლობდნენ. ეს პრაქტიკა არის. საუბარი მაქვს ნატო-ს წევრ ქვეყნებზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისი თქმით, თუ წარმოდგენილი კანონპროექტი დამტკიცდება და შეღავათი ყველა კონფესიისთვის გაუქმდება, აბსოლუტურად ყველა რელიგიური ჯგუფი ისარგებლებს ალტერნატიული შრომითი სამსახურის კანონით.

„ეს ასე არ არის, რომ მღვდელი ხარ და არიქა, ახლა ანაფორა უნდა გაგხადო და ავტომატი დაგაჭერინო. მათ შეუძლიათ, ალტერნატიული შრომითი სამსახურით ისარგებლონ ისევე, როგორც ყველა იმ ქვეყანაშია, სადაც გაწვევის სისტემა არსებობს და ჩვეულებრივად მოხდება მათი რეკრუტირება ალტერნატიულ შრომით სამსახურში. ეს უფლება არა თუ რელიგიური ორგანიზაციისთვის, მათ შორის, ნებისმიერი მოქალაქისთვის არსებობს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დარჩება თუ არა კონკორდატის გათვალისწინებით მართლმადიდებელ ეკლესიას ის უპირატესობა, რომ გადავადება შეეხოს, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ ეს პრობლემური საკითხია და საკამათო თემაა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, დავდგებით თუ არა დისკრიმინაციის წინაშე, მე ვფიქრობ, კი არ დავდგებით, უკვე ვდგავართ. იმიტომ, რომ ეს მუხლი გადავადებას განსაზღვრავს, კონკორდატში კი, გათავისუფლება წერია. ეს ორი სხვადასხვა მოცემულობაა; ერთი გივადებს, მეორე გათავისუფლებს. თუ წმინდა სამართლებრივად მივუდგებით, მათ შორის სხვაობაა, რადგან ერთს აქვს გადავადება, მეორეს კი გათავისუფლება. თუმცა, გათავისუფლების ნაწილშიც გამოიყენება გადავადების მუხლი. იმიტომ, რომ სამხედრო განყოფილებები 30-ე მუხლით სარგებლობენ და არა კონკორდატით“, – განაცხადა სესიაშვილმა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ რელიგიურ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მათ პრობლემა ძალიან კარგად ესმით და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემის წინაშე არსებულ გამოწვევებს სწორად იაზრებენ.

სესიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „გირჩის“ შეთავაზების გამო გაწვევაში არის ჩავარდნა, რაც პრობლემაა და ის როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ვალდებული იყო, ამაზე რეაგირება მომეხდინა.

„პრობლემა არის „გირჩის“ შეთავაზების გამო გაწვევაში ჩავარდნა და ამაზე საჭიროა რეაგირება. ამიტომ, ამ ფონზე ჩემი რეაქცია იყო, რომ ჩვენ ეს უნდა გავაუქმოთ. თუმცა, არც ერთ რელიგიურ პირს არ უნდა შეექმნას რამე ტიპის პრობლემა“, – განაცხადა სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არაპოპულარული ნაბიჯია, რადგან ახალგაზრდების დიდ ნაწილს ეს არ მოსწონს.

„მე მათთვის ვარ ბოროტი ადამიანი, რომელიც მათ აიძულებს, მაგრამ მე მათ არ ვაიძულებ. ეს ქვეყნის საჭიროების ძალიან პრობლემატური გამოწვევაა, რასაც მეც მათთან ერთად ვგრძნობ“, – განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კანონპროექტის განხილვა არ შეჩერებულა და არც გადადებულა.

„პროექტი ჩვეულებრივად, პროცედურულად წარიმართება. თუმცა, ამ პერიოდს გამოვიყენებ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მქონდეს კომუნიკაცია ყველა შესაბამის კონფესიასთან, ვინც ამ პროცესს კეთილსინდისიერად იყენებს. მე ვერ ვხედავ იმ სივრცეს, რომ „გირჩის“ ამ რელიგიურ ორგანიზაციასთან მქონდეს კომუნიკაცია. მით უმეტეს, მათ თავიანთი პოლიტიკური ინტერესები აქვთ და ეს პოლიტიკური ინტერესები შეგვიძლია, პოლიტიკაში გადავიტანოთ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია