მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი - ქართველებს იავნანას ვეღარავინ გაგვაწყვეტინებს! - 28 მარტი 2019

ufleba.ge

აშშ-ში მოღვაწე ჟურნალისტისა და რეჟისორ-სცენარისტის, ქეთი ორჯონიკიძე-ქეისის მუსიკალურ კლიპში ქართველი ემიგრანტის ემოციებია გადმოცემული. მთავარი გმირი სამშობლოსგან შორსაა, მაგრამ ფიქრებით, სულითა და გულით საქართველოშია. ამიტომ სურს მხოლოდ ქართული მელოდია ისმინოს. როცა ნიუ იორკის ცათამბჯენებს უყურებს, თვალწინ მშობლიური ეკლესიებისა და მონასტრების ხატება წამოიმართება. მის ნაღვლიან თვალებში მონატრებას და სევდას ადვილად ამოიკითხავთ.

„ufleba.ge“ ქეთი ორჯონიკიძე-ქეისის ესაუბრება. 

- ქეთი, ყველა პროექტს აქვს თავისი ისტორია, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?

- ემიგრანტი პოეტი, ნანა მეფარიშვილი, ახალი ჩამოსული იყო ამერიკაში და მოხუც ქალბატონთან მუშაობდა. ერთხელაც, მშობლიური იავნანა წაუღიღინებია თავისთვის. უცხო ენაზე ნამღერი მოხუცს არ მოეწონა და ქალბატონ ნანას სიმღერა შეაწყვეტინა. პოეტს ეტკინა მშობლიური ჰანგი რომ დაუწუნეს და ცრემლები მოერია. შემდეგ, როგორც ყველა ხელოვანს სჩვევია, თავისი გულისტკივილი ლექსში ჩააქსოვა.

ქალბატონი ნანა დღესაც ემიგრაციაშია და კლიპის პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ ეს ამბავი დღეს რომ მომხდარიყო, შეიძლება ასე მძაფრად აღარ განეცადა. მაგრამ ახალ გარემოში (ისიც სამშობლოდან შორს), ემოციურად სხვანაირად ხარ დატვირთული.

აი, ასე შეიქმნა ლექსი "უცხო ქალბატონო", შემდეგ ემიგრანტებში გავრცელდა და დიდი რეზონანსი გამოიწვია. ბევრმა ამ პატარა ლექსში საკუთარი თავი და მტკივნეული განცდები დაინახა. ეს ლექსი ნანა მეფარიშვილმა თავის პირველ კრებულშიც შეიტანა.

- კომპოზიტორზე რას იტყვით?

- მუსიკის ავტორი, ქალბატონი ზაირა ჩოხელია. არ ვიცი, როგორ ჩაუვარდა ხელში ეს ლექსი, მაგრამ ისიც ემიგრანტი იყო და გასაკვირი არ არის, "უცხო ქალბატონო" მის სულთან და განცდებთანაც ძალიან ახლოს მისულიყო.

ქალბატონი ზაირა ტრიო "მაგნოლიაში" მღეროდა მანანა ჩიტაურთან და მზია ბეკურიშვილთან ერთად. როგორც ვიცი, 40-ზე მეტი სიმღერის ავტორია. მას სიმღერები აქვს შექმნილი მამამისის, ლაზარე ჩოხელისა და სხვა ქართველი პოეტების ლექსებზე, მათ შორის, გოდერძი ჩოხელის ლექსზეც.

მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი ზაირა საქართველოში დაბრუნდა და თავის საყვარელ სამშობლოში ლაღ და ბედნიერ ცხოვრებას ვუსურვებ.

- ამ სიმღერის შესახებ თქვენ საიდან გაიგეთ?

- მე და თენგიზ შაუთიძე სტუდია "დენსინგ ქრეინში" ქართული კულტურის ცენტრში ვმოღვაწეობთ, რომელიც ქალბატონი ლიკას და ვიქტორ სირელსონების დაარსებულია. თენგიზი 40 წელზე მეტია, რაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა. ნიუ იორკში ბავშვებს ქართულ სიმღერებს ასწავლის, მე კი, ფილმის კლასს ვხელმძღვანელობ. ამ ცენტრის ფარგლებში ერთი მიზანი გვამოძრავებს - ემიგრანტ ბავშვებს შევუნარჩუნოთ ქართული ენა, სული და ტრადიციები...

თენიზ შაუთიძე ჩემი ემიგრანტული ფილმების მუდმივი მაყურებელია, ამიტომ დამიძახა და ეს სიმღერა მომასმენინა. მაშინვე მოვიხიბლე და სიუჟეტი თვალწინ დამიდგა. ასე დაიწყო ყველაფერი.

- ბრძანეთ, რომ თქვენი თემაა, ემოციურად რამ იმოქმედა?

- საერთოდ, ემიგრანტების ცხოვრებაში ამგვარი ისტორიები მრავლად ხდება. დავძენ, რომ ეს მხოლოდ ამერიკისთვის არ არის დამახასიათებელი, ასეთი რამ ემიგრანტს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება გადახდეს.

ლექსში "საბრალო" პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. მან უბრალოდ არაფერი იცის საქრთველოს შესახებ. თორემ, რა თქმა უნდა, ამ ამერიკელ, ბიზნესმენ ქალბატონს შესაცოდი არაფერი აქვს.

მეც ხშირად მქონია ასეთი განცდები. ვფიქრობ, ეს პატარა ერების კომპლექსია. სულ გინდა რაღაც მოუყვე და ამტკიცო, თუ რამდენად ლამაზი ენა, გემრიელი სამზარეულო და მდიდარი კულტურა გვაქვს. ხშირად სხვა ამით ნაკლებად ინტერესდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყურები ჩამოვყაროთ. ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია უნდა გავაგრძელოთ. 

დარწმუნებული ვარ, როდესაც ძლიერ და ეკონომიურად მყარ სახელმწიფოს შევქმით, ჩვენ ხალხს სხვა ქვეყნებში თავის გადასარჩენად მუშაობა აღარ მოუწევს. მაშინ უფრო ამაყები და ლაღები ვიქნებით, სიმღერასაც, მით უმეტეს, ქართველებს იავნანას ვეღარავინ გაგვაწყვეტინებს!

ამგვარი ისტორიები კი, მრავლად ხდება ემიგრანტების ცხოვრებაში. ეს მხოლოდ ამერიკისთვის არ არის დამახასიათებელი, ასეთი რამ ემიგრანტს ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება გადახდეს.

მაგალითად, ეს ამბავი ახლახან მე გადამხდა თავს. ჩემი კომპანიის ბოსი, მე და კიდევ ერთი თანამშრომელი საქმიანი შეხვედრაზე მივდიოდით და ტაქსი გამოვიძახეთ. მძღოლი ქართველი აღმოჩნდა. შემომხედა თუ არა მიხვდა და სურვილი გაუჩნდა ჩემთან გულითადი საუბარი გაება. პატრიოტი  და გულიანი ბიჭი იყო. უნდოდა  ყველაფერზე ელაპარაკა, ჩვენ სატკივარს შეხებოდა. 

მეც მქონდა ამის სურვილი, მაგრამ თუ მას ლაპარაკს გავუბამდი, სამსახურს დავკარგავდი, რადგან ამას უზრდელობაში ჩამითვლიდნენ. ამიტომ ფურცლის ნაგლეჯზე ჩემი ფეისბუქის მისამართი დავწერე და ჩუმად მივაწოდე, რომ დამკავშირებოდა. იმის თქმა მსურს, რომ არის სიტუაციები, რასაც მხოლოდ ემიგრანტი მიხვდება და გაიგებს. 

მეორე ისტორიასაც მოგიყვებით, ესეც მე გადამხდა. მოქმედება ისევ ტაქსში ხდება. ბრუკლინიდან მანჰეტენზე მივდიოდი და მძღოლი სამხრეთ ამერიკიდან, კერძოდ გაიანიდან იყო. მან კრეოლის ენაზე ჩართო სიმღერები, თან ერიდებოდა, ფიქრობდა, იქნებ არ სიამოვნებსო. მაგრამ თავს ვერ ერეოდა, იმდენად უნდოდა რაღაც თავისი მოესმინა. 

იმდენი კომპლიმენტი ვუთხარი, რომ ბოლოს თვითონ შემომთავაზა, ახლა ქართულ სიმღერას მოვუსმინოთო. მე რატომღაც გოგიტა გოგიძის - „არ წახვიდე, არ დამტოვო“ გამახსენდა და ამ კაცმა საჭეზე მელოდიას თითები რომ ააყოლა, ისე გამეხარდა, მეგონა მილიონი ვიშოვე. 

ამ შემთხვევაში მე და გაიანელმა მძღოლმა გავუგეთ ერთმანეთს, მაგრამ ხშირად ხდება, რომ შენი არ უნდათ, უბრალოდ არ აინტერესებთ. აი, მაშინ გეუფლება ზუსტად ისეთი გრძნობა - „საბრალო“, რაც ქალბატონ ნანა მეფარიშვილს აქვს აღწერილი თავის ლექსში. ის ადამიანი ჩვენთვის არის საბრალო, რამდენი რამ დაკარგა, რომ საქრთველოთი არ დაინტერესდა, თორემ, რა თქმა უნდა, თვითონ მშვენივრად არის და დარწმუნებული ვარ აწყობილი აქვს თავისი საქმე.

- როგორც ვიცით, თქვენ პროექტში ამერიკელებიც მონაწილეობენ...

- რა თქმა უნდა, პატარა კოლექტივში 2 ამერიკელია. ქალბატონი დებრა მქნულთი-კურთნეი, რომელმაც არაჩვეულებრივად გაართვა თავი ბიზნესმენი ქალბატონის როლის შესრულებას. მისი სახით საქართველომ კიდევ ერთი ერთგული ამერიკელი მეგობარი შეიძინა. მეორე კი, გრეგ ვეითკნეხტია. გრეგი უკვე დიდი ხანია საქართველოს მეგობარია. მან ჩვენი ქვეყნის შესახებ ჩემ ფილმებში „ნანა“ და „ქართული პური“ მუშაობის დროს გაიგო, სადაც ჩემი პირველი ასისტენტი იყო. ის ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე უზომოდ არის შეყვარებული.

- ისიც გვითხარით, ზოგადად, ამერიკელები რამდენად უცხოები არიან ქართული შემოქმედების მიმართ?

- ქართული აქ არაფერ შუაშია. საერთად, ამერიკელები არ იკლავენ თავს სხვა ქვეყნის ფილმების, მუსიკის ან მწერლობის გაცნობით. იციან, რომ დღევანდელ ბაზარზე თავად ბატონობენ და ასეთი დამოკიდებულება აქვთ - ყველა ჩვენსას უსმენს და რატომ უნდა მოვისმინოთ სხვისიო. სარეჟისოროზე რომ ვსწავლობდი, პროფესორები ამას თავად აღნიშნავდენენ და ფაქტობრივად ეხვეწებოდნენ მოსწავლეებს, ფრანგი და იტალიელი რეჟისორების ფილმებისთვისაც გადაეხედათ, რათა გემოვნება აემაღლებინათ. ხოლო ამერიკელი სტუდენტები პასუხობდნენ, - თუ იმათი სჯობს, თავად ამერიკულ ფილმებს  რატომ უყურებენ, ტყუილად დრო რატომ უნდა დავკარგოთო.

ძირითადად ასეთი განწყობაა ყველა სფეროში. ყველა ამერიკელს არა, მაგრამ უმრავლესობას ასეთი დამოკიდებულება აქვს.

საერთოდ, ამ პატარა კლიპში მოთხრობილ ისტორიას ვერ ვუწოდებ ამერიკულ ისტორიას. ასეთი განცდა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ეროვნების ემიგრანტს შეიძლება დაეუფლოს. ამ შემთხვევაში ქალბატონმა ნანამ თავისი ქვეყნის ისტორიას და კუტურას მოუხმო თავის გასამხნევებლად. სხვა ეროვნების ემიგრანტი ალბათ სხვანაირად დაიცავდა თავს.

ამიტომ მსმენელის 99%-მა გულთან ახლოს მიიტანა და დაინახა ის, რაც ჩაფიქრებული იყო. პირადად მე ძალიან ბევრი გულთბილი წერილი და ზარი მივიღე. რა თქმა უნდა, ეს ხელოვნებაა და ყველას მოსაწონს ვერ შექმნი, ისიც რამდენი რამ უნდა თქვა 3 წუთში? გამოჩნდა რამდენიმე ქართველი, რომლებმაც ეს ამერიკელების გაკრიტიკებად მიიღეს, მაგრამ ის ქართველები თავად ემიგრაციაში არიან და ამისთანა ისტორიები ასობით აქვთ მოსმენილი. 

ვიმეორებ, ეს ალბათ პატარა ერების კოპლექსია, ვაიმე არ გვიწყინონ, ჩვენ პატარები ვართ, ჩვენ ხომ აქ ვცხოვრობთ და ამათით ვსლუდგმულობთო. დამიჯერეთ, ამერიკაში ტყუილად არავინ არაფერს იძლევა.

საერთოდ, ხელოვნებას უყვარს სიმართლე. ხელოვნებას არ უყვარს პირფერობა და მლიქვნელობა. ხოლო ჯანმრთელი კრიტიკა ნებისმიერ პროექტს ამდიდრებს და ალამაზებს. მთავარია ეს კრიტიკა შეურაცხყოფაში არ გადაიზარდოს. ასევე, ჩვენც გვმართებს თავის შეკავება, როდესაც საქათველოზე ინფორმაციას ვავრცელებთ. ჩვენც უნდა შევაფასოთ სიტუაცია და ინფორმაცია ისეთი დონით და ისე ოსტატურად გავცეთ, რომ მეორე მხარე არ გავაღიზიანოთ.

სხვათაშორის, რადგან ამერიკელები ძლიერი, დიდი და ლაღი ერია, მშვენივრად იღებენ ჯანსაღ კრიტიკას. ჩემი პირველი ფილმის, „თუთიყუშის“ გადაღებისას ამერიკელმა მსახიობებმა ბევრი გროტესკი შემატეს თავიან პერსონაჟებს. მაგალითად, ჩემი პერსონაჟი გიორგი (კახი კავსაძე) „ქართულ პურში“ ამბობს მსუქნები თქვენთან, ამერიკაში მოიკითხეთო. ყველაზე მეტად ეს ფრაზა მოსწონს ამერიკელ მაყრუებელს და ფილმის გაშვების დროს დიდი ოვაციებით და სიცილ-კისკისით ხვდებიან.

- კლიპში აქამდე გიმუშავიათ თუ ეს თქვენი სადებიუტო ვიდეორგოლია?

- მადლობა ამ კითხვისთვის, სხვათაშორის, ეს ჩემი პირველი კლიპია. ასე რომ „უცხო ქალბატონო“ ჩემი დებიუტია.

- რით განსხვავდება ფილმზე მუშაობა კლიპზე მუშაობისგან?

- ძალიან ცოტა დრო გაქვს და ბევრი გინდა რომ თქვა, მითუმეტეს, როცა ასეთი ემოციებით დატვირთულ სიტყვებს გინდა ფრთები შეასხა. ვოცნებობდი, ნეტავ მისამღერი მაინც ჰქონდეს ამ სიმღერას, რომ უფრო მეტი მეთქვა.

- რა სიმბოლოებია ამ კლიპში, თქვენ პოზიციებს რომ გამოხატავს?

- ვუყურებ ჩვენს სპორტსმენებს და გული სიამაყით მევსება. ეს ბიჭები ქართულ დროშებს სხვადასხვა კონტინენტზე აფრიალებენ და ერთ-ერთი პირველები არიან დღევანდელ სინამდვილეში, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ. 

დავით ტყეშელაშვილი მრავალგზის ევორპის და მსოფლიო ჩემპიონია შერეულ ორთაბრძოლებში. მრავალჯერ გვასახელა და ააფრიალა ქართული დროშა. დავით ტყეშელაშვილის სახით გავაერთიანე ყველა ის სპორტსმენი, ვისაც საქართველოს სახელი გარეთ გაუტანია. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთ ადამიანებს უნდა უკეთებდეს ტელევიზია, რეჟისორები და სოციალური ქსელები პოპულარიზაციას, რომ ახალი თაობა სწორი მიმართულებით გაიზარდოს.

რაც შეეხება დავით ქაცარავს ( უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ფოტოების მოწოდებისთვის), მასში გავაერთიანე ყველა ის ქართველი ვაჟკაცი, რომელიც დღეს ფიზიკურად თავის დროსა და ენერგიას არ იშურებს და სამშობლოს სადარაჯოზე დგას. სამწუხაროდ, ასეთები დღეს საქართველოში ბევრი არ გვყავს; რომ იცოდეს, ზუსტად რა უნდა და რას აკეთებს. 

მოდით ასე ჩამოვაყალიბებ ჩემს სათქმელს, არ არის ადვილი, რომ იყო ემიგრაციაში, არ არის ადვილი, რომ მშობლიური სიმღერა შეგწყვეტინონ, არ არის ადვილი, რომ სხვას ემსახურბოდე, მაგრამ ამ ყველაფერზე უფრო რთულია დღევანდელ საქართველოში ცხოვრება და უზარმაზარი რუსეთის მიერ გაბმული მავთულხლართების წინ დგომა.

ვფიქრობ, ძალიან სიმბოლურია ჩემთვის ჩემი პატარა ნათიას კლიპში გამოჩენა, რორდესაც ის ქართულად წერს საქართველოს. წლების მანძილზე მაშფოთებდა დედით და მამით ქართველი ბავშვების ნახვა ემიგრაციაში, რომლებშიც ქართულის ნიშან-წყალსაც ვერ დაინახავდი. ვფიქრობდი, ნეტავ ასე ერთი ხელის მოსმით შეიძლება გაქრეს საუკუნეებით მოტანილი ენა, მამული და სარწმუნოება? 

ამიტომ ნათიას დაბადების დღიდან მხოლოდ ქართულად ველაპარაკებოდი. ამისთვის დიდი ბრძოლა მიწევდა, ჩემი ამერიკული ოჯახის წევრებთან. ისინი გამუდმებით მითითებდნენ და შემახსენებდენენ, რომ ბავშვთან ინგლისურად მელაპარაკა. რა თქმა უნდა, მე ჩემი აზრი არ შემიცვლია და ვაგრძელებდი ბროძლას. დღეს კი, ყველაზე ამაყები სწორედ ისინი არიან, რომ ნათია ქეისი ქართულად გამართულად მეტყველებს წერს და კითხულობს.

- რა სიახლეს ველოდებით მომავლში თქვენგან?

- ჩემს შემოქმედებაში გარდამავალი პერიოდია. მოგეხსენებათ, ჩემმა სამმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა - „თუთიყუში“, „ნანა“ და „ქართული პური“ - მრავალი ფესტივალი მოიარა და უამრავი ჯილდო აიღო. ამჟამად სამი სრულმეტრაჟიანი ფილმების სცენარებზე ვმუშაობ. 

იხილეთ ვიდეოკლიპი: https://www.youtube.com/watch?v=YiWs4B2xDGU&fbclid=IwAR3irjpnIobj-CVzesuFLcZBg70BuseYqcVGxpcyMECgfgZB5oUHJUJrWdM

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია