მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვლადიმერ იმნაძე: ვეტერანები თავს საქართველოსთვის დებდნენ და არა საბჭოთა კავშირისთვის - 10 მაისი 2019

ufleba.ge

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან, მეორე მსოფლიო ომის გმირებს პატივი მიაგეს. მათ მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით დაღუპულები გაიხსენეს.

ufleba.ge ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს,  გენერალ ვლადიმერ იმნაძეს ესაუბრა. 

- მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს ფაშიზმზე გამარჯვების ბრწყინვალე დღეს ვულოცავ. ჩვენ ამ ხალხს ცხვირწინ დროშები კი არ უნდა ვუტრიალოთ, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რომ დღეს საერთოდ ვარსებობთ; რადგან თავის დროზე ფაშიზმს რომ გაემარჯვა, არ მგონია ბევრ ჩვენგანს მოღვაწეობის საშუალება ჰქონოდა.

მეორეც, ყველაზე მეტად, რაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს და, საერთოდ, ვეტერანს აინტერესებს, ეს არის ყურადღება. გარდა იმისა, რაც კანონმდებლობით ეკუთვნით და რაზეც ჩვენ ვზრუნავთ, რომ ეს კანონები კიდევ გაუმჯობესდეს და მეტი სარგებელი მიიღონ, უმთავრესი მათ მიმართ გამოჩენილი ყურადღებაა. 

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთაგან, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 492 კაცია დარჩენილი, აქედან 149 თბილისში ცხოვრობს. დარწმუნებული ვარ, ზეიმს დღესაც ვინმე გამოაკლდებოდა, გარდაიცვლებოდა. 

საერთოდ, წინააღმდეგი ვარ, რომ განსაკუთრებით 9 მაისის, 26 მაისის ტიპის სახელმწიფო დღესასწაულების რაღაც ზედმეტი პოლიტიზება მოვახდინოთ. ნახეთ, რა უმსგავსობას აქვს ადგილი სხვადასხვა მხრიდან. ერთმა მხარემ მარტო წითელი დროშები მოიტანა, დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული სიმბოლიკა, დროშებიც ხომ უნდა მოეტანათ? აქ მარტო წითელი დროშების ტრიალი რას ნიშნავს? 

მეორე მხარის ზედმეტად აჟიტირებული ქცევაც კრიტიკას ვერ უძლებს. აგერ მსოფლიო ომის ვეტერანების, 90-წელს გადაცილებული ადამიანების უკან დგანან, „ტრუბაში“ ჩაბერვით აწუხებენ. ამ ხალხს უნდა მოვეფეროთ, დარწმუნებული ვარ, ისინი თავს საქართველოსთვის დებდნენ და არა საბჭოთა კავშირისთვის. მაშინ ასეთი სახელმწიფო იყო, ჩვენ არ აგვირჩევია ის ქვეყანა, რომელშიც დავიბადეთ და ეს რეალობაა. 

ხაზს ვუსვამ, ამ ხალხმა თავი, უპირველესად, საქართველოსთვის დადო.

- ამაზე ქართველების მიერ შეტანილი წვლილიც მეტყველებს...

- დიახ, მეორე მსოფლიო ომში 300 ათასზე მეტი ჩვენი თანამემამულეა დაღუპული. ჩვენ ეს სტატისტიკა გაკეთებული გვაქვს, ამ წუთში ზუსტ ციფრებს ვერ გეტყვით, მაგრამ საქართველომ ამერიკასა და ინგლისზე მეტი მსხვერპლი გაიღო. ეს პატარა ციფრები არ არის. ამას რიცხოვნობით გეუბნებით, რომ უფრო მეტი დაიღუპა და პროცენტულად რომ ავიღოთ, უზარმაზარი მაჩვენებლებია.

- ჩვენი ქვეყანა რა ნაბიჯებს დგამს ვეტერანთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად?

- აქ გარკვეული კითხვის ნიშნები არის. რასაკვირველია, რაც საბჭოთა კავშირის დროს შეღავათები ჰქონდათ, დღეს ასეთი არ აქვთ. მაგრამ იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რაც დღეს ქართულ სახელმწიფოს აქვს, ნამდვილად ბევრი საქმე კეთდება. მაგალითად, წინა 9 მაისს ვეტერანებს პენსიები გაუორმაგეს. სხვა რა, მეტი ყურადღება სჭირდებათ ამ ადამიანებს. 92 წლის კაცს გართობა არ უნდა და რამე მსგავსი, წამალი და ჯანმრთელობა, რადგან ამას ასაკი მოითხოვს. 

ვლადიმერ იმნაძე – გენერალი, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების მონაწილე, 1996 წლიდან 1999 წლამდე – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსი, 1999 წლიდან 2001 წლამდე – დასავლეთის ოპერატიული მიმართულების სარდლის პირველი მოადგილე, 2001წლიდან 2002 წლამდე – სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი, 2002 წელს – სახმელეთო ჯარების სარდალი, 2002 წელს – ოპერატიული დერპარტამენტის უფროსი, 2003 წელს – გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, 2004 წლიდან 2005 წლამდე – შინაგანი ჯარების სარდლის პირველი მოადგილე, 2005 წლის შემდეგ – უმუშევარი. დაჯილდოებულია „ვახტანგ გორგასლის“ მესამე ხარისხის ორდენით, საბრძოლო მედლით „მხედრული მამაცობისათვის“, მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია