მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„ბესელიას სილაქი“, ანუ ქალთა ბედი საქართველოში - 07 ოქტომბერი 2019

გიორგი ჰერელი

1989 წლის 9აპრილს დაღუპული 21 მომიტინგიდან 17 ქალი იყო. მათ შორის, 16 წლის ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი და თამარ ჭოველიძე.

მერე ნანატრი დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და ერთმანეთს დავერიეთ. აფხაზეთში ომის წაგების შემდეგ ჭუბერის უღელტეხილზე გადმოსვლისას, დაუზუსტებელი მონაცემებით, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა; უმეტესობა ბავშვები, მოხუცები და ქალები იყვნენ. ისინი სიცივისგან ავადდებოდნენ და მიცვალებულებს, ხშირ შემთხვევაში, იქვე გზის პირას ასაფლავებდნენ.

ბნელ და ცივ 90-იანებში ისევ ქალები დაადგნენ თურქეთ-საბერძნეთის გზას, გაღატაკებული ოჯახების გადასარჩენად. ავტობუსის საბარგულში იმალებოდნენ, რომ საზღვარზე გაეღწიათ. ყოფილა შემთხვევა, ჰაერის უკმარისობის გამო ცოცხალი ვეღარ ამოუყვანიათ.  

„კაიბიჭობის“ მიმდევარი ქმრები გამოგზავნილი ფულით „ქალებში სიარულს“ არ იკლებდნენ. „მდედრთან მუდმივად ცხოვრება ისედაც ხომ არაქურდულია, ძმაო!“

დღემდე ქვეყანაში გოგონების თითქმის მონური შრომა გამოიყენება, მაგალითად, სუპერმარკეტებში. ხშირად შეპირებულ მცირე ხელფასსაც არ აძლევენ ან ათასი საბაბით ისე აკლებენ, დროულად გაქცევის გარდა სხვა გზა არ რჩებათ. ხომ დადიხართ საყიდლებზე, გინახავთ რომელიმეში დიდი ხნის განმავლობაში მომუშავე? ვერც ნახავთ, რადგან იქ ორ-სამ თვეში ახლებს იღებენ წარმატებით მოსატყუებლად.

ზოგიერთი ამითაც ვერ კმაყოფილდება და თანამშრომლებს ფარულად უთვალთვალებს, „მარკეტიდან რამე ხელს არ გააყოლონო“. ყველას გეხსომებათ ამაზე აგორებული სკანდალი რომ ჩაფარცხეს ჩვენებურად, „ქართულად“.

ერთი ცნობილი მოდური მაღაზიის მფლობელი ადრე სულაც არ მალავდა, რომ გასახდელში მოწყობილი ფარული სათვალთვალოთი უამრავი ლამაზი ქალი „დათვალიერებული“ ჰყავდა.

ასეთ სცენას ვაწყდები, ერთ-ერთ ხალხით სავსე სუპერმარკეტში გალეშილი მთვრალი გამყიდველს ლანძღავს და ამაზე ხმას არავინ იღებს. გოგონა ლუდს არ ატანს, რადგან ეს ტიპი თურმე ყოველდღე გამომტყვრალი შედის და თანამშრომლებს ბოლო სიტყვებით თათხავს.

- რა გინდა, არ დავლიო და ასე მოვკვდე? - ამ სიტყვებით ბოთლი მიაქვს და მაინც აგინებს, 18-19 წლის გოგონას დამცველი კი გარშემო არავინაა. პირიქით, სახედაკარგულ მამრს იცავენ, - მიეცი ლუდი, ხომ ხედავ ცუდად არისო.

კახეთში 100 ლარის გამო მაზლი რძალს კლავს და მცირე ეჭვიც არ წუხებს, რომ ამ საქმეში მტყუანია. სასამართლოზეც თავი მედგრად უჭირავს.

- შენ რა, ქალი მართლა 100 ლარის გამო მოკალი? - ეკითხება მაინც მოსამართლე.

ოქროსა და სპილენძის გააფთრებული, ღია წესით მოპოვების გამო ავადდებიან და კვდებიან კაზრეთელი, ბოლნისელი ქალები და ამაზეც დიდად თავის შემწუხებელი არავინაა. პროცენტულად ყველაზე მეტი მკერდმოკვეთილი ამ რაიონში ცხოვრობს. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფებს სხვა გზა აღარ დარჩენიათ იმის გარდა, რომ სადმე ირმის რქები იშოვონ და მისგან დამზადებული ერთგვარი სითხე დალიონ, ვიღაცას უთქვამს კიბოს შველისო.

დასავლეთიდან მატარებლით გამოტანებული ირმის რქები კაზრეთში მეც კი გამიგზავნია, როცა მის შედეგს საერთოდ არ ვკითხულობ.

20 ივნისის ღამეს ადამიანები თვალებს კარგავენ და ამ ტრაგედიაზე მთავარი პასუხისმგებელი შს მინისტრი ქვეყნის პირველი პირი ხდება. თვალამოთხრილ მაკა გომურს დღემდე დაზარალებულის სტატუსიც მინიჭებული არა აქვს.

შუშის თვალი ხომ ჩაუდგეს, მეტი რაღა გინდათ? - ამ კითხვაზე დღევანდელ საქართველოში ხელს ბევრი მოაწერდა.

20 ივნისის აქციის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლე მარიამ სარქისიანს 7 წლის შვილი სახლში მშიერი ჰყავს, გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, თქვენც ხომ შვილების პატრონები ხართო? ეს მას შემდეგ ხდება, რაც ჯიქურის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას სასამართლო ძალაში ტოვებს.

„კაცი ცუდად არის, კვდება, ეტლში ზის და სად უნდა გაიქცეს, რომ არ უშვებენ? ვაპირებ, საელჩოებში მისვლას და ჩემი მდგომარეობის თქმას, ბევრ აქტიურობას ვაპირებ, მაგრამ თავს ვიკავებ, რომ არავინ გავაღიზიანო. გირაოს სახით ბინას ვდებ, 15 კვადრატში ვცხოვრობ და იმას ვდებ, რომ გამოუშვან. ეტლში ზის, მეტი რაღა უნდათ, რომ არ ითვალისწინებენ? გული გაქვთ?

გახარიას, ბიძინას, ყველას მოგმართავთ, თქვენ ხომ შვილების პატრონები ხართ, გაითვალისწინეთ. არ არსებობს ერთი ადამიანიც, ვინც გულთან ახლოს მიიტანს ჩემ ოჯახურ მდგომარეობას და ჩემ ქმარს გამოუშვებს? არ არსებობს ერთი ადამიანი მთავრობაში, ვინც გვერდით დამიდგება? 7 წლის შვილი ახლა სახლში მშიერი მყავს. სრულიად მარტო ვარ!“, - ამბობს მარიამ სარქისიანი.

ბოლო დღეებში, ფონიჭალასა და ვარკეთილში გოგონები მრავალსართულიანი კორპუსიდან ვარდებიან და იღუპებიან. ერთ-ერთი მათგანი 14 წლის იყო. ორივე შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძვრება.

ოჯახის ყველა წევრი კარგად რომ იყოს, ამისთვის უბრალოდ აუცილებელია ოჯახის მთავარი ქალი, თუ  ქალები (დედა, მეუღლე) თავს ცუდად მაინც არ გრძნობდნებო, - ასე ნათქვამია. სახელმწიფოც ხომ დიდი ოჯახია და პატარა უჯრედებისგან შედგება.

ამ დროს ჩვენში საკუთარი დედის გინებას აგრძელებენ, როცა სხვის შეგინებულზე (თუ დაგინებულზე) შეიძლება მკვლელობა ჩაიდინონ ხელის აუკანკალებლად. აქ ხომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაუსრულებელი „ბო..შვილი ვიყო, ჩემი კარგი ..., ჩემი დედა ...“ „კაიბიჭობის“ ერთ-ერთი უმაგალითო გამოვლინებაა.

ჰოდა, ალალი იყოს „ბესელიას სილაქი“ ყველა იმ მამრზე, ვინც ცდილობს ჩვენში ღრმად ჩაბუდებული სიმახინჯეები „კაიბიჭობად“ შემოგვასაღოს. 

ასევე გამოქვეყნდა "რადიო თავისუფლების" ვებგვერდზე: www.radiotavisupleba.ge

 

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია