მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მოქალაქეებს ქონებას გაფრთხილების გარეშე გაუყიდიან?! - 20 ივნისი 2012

[for.ge]
გიორგი ბექაური

ძალიან მალე სააღსრულებლო ბიუროს წარმოუდგენელი უფლება მიენიჭება. უახლოეს მომავალში პარლამენტი საკრედიტო დავალიანების აღსრულების შესახებ ახალი კანონის მიღებას გეგმავს, რომლის თანახმად, აღმასრულებელს უფლება ექნება, მოქალაქის ქონება აუქციონზე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაყიდოს.

ეს ამბავი სააშკარაოზე ლეიბორისტებმა გამოიტანეს. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა იოსებ შატბერაშვილმა განაცხადა, ამ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ასეულ ათასობით მოქალაქე ქუჩაში აღმოჩნდება, რადგან, დღევანდელი მონაცემებით, 300 000-მდე სხვადასხვა სახის უძრავი ქონება ბანკშია ჩადებული და იპოთეკითა დატვირთული.

კანონპროექტის ცვლილებების მიხედვით, აუქციონზე გაყიდული ქონებიდან მიღებული თანხის 7 პროცენტი აღსრულების ბიუროს დაერიცხება.

„რა თქმა უნდა, ეს 7 პროცენტი, ბანკების მიერ ხალხისგან ამოღებული ზეპროცენტების მსგავსად სააკაშილის წინასაარჩევნო ყულაბაში მოხვდება. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის სახით, ხელისუფლებას მთავარი დამფინანსებელი გამოეცალა, წინასაარჩვენო კამპანიის დასაფინანსებელი ფულის საშოვნელად სააკაშვილმა და მისმა ბანკებმა კიდევ უფრო მეტი მონდომებით დაიწყეს ხალხის ძარცვა. ამის ნათელი მაგალითია ეს კანონპროექტიც.

ყველამ კარგად იცის, რომ დღევანდელი ე.წ პარლამენტი კანონებს მხოლოდ სააკაშვილის მითითებებით იღებს, სააკაშვილის, რომელმაც საჯაროდ ვითომდა დატუქსა თავისივე კუთვნილი ბანკების ფიქტიური მფლობელები, განუსაზღვრელად მაღალი პროცენტებისა და კბალური პირობების გამო”, - განაცხადა შატბერაშვილმა, რომელმაც მოუწოდა პარლამენტს, „თავისი უსარგებლო მოღვაწეობის ბოლო თვეებში მაინც გამოიჩინოს ადამიანურობა და მთავრობის მიერ მომზადებული აღნიშნული კანონპროექტი არ მიიღოს“.

უმრავლესობაში კი იმის ნაცვლად, რომ ამგვარი ცვლილებები დაეგმოთ, მხოლოდ ბანკების გულმოწყალეობის იმედი აქვთ. ნაციონალი პარლამენტარები ვარაუდობენ, რომ ბანკები დებიტორებს ვალის გადახდას დააცდის, მათთან თანამშრომლობის გზას აირჩევს და ვალის გადავადებისა და რესტრუქტურიზაციის თაობაზე შეთანხმებას მიაღწევს.

„პრეზიდენტი ამბობს, რომ ბანკებმა კარგად უნდა აწონ-დაწონოს და კარგად გააანალიზოს, თუ რა ურჩევნიათ მათ და რა უფრო ღირებულია მათთვის: ბინებისა და ქონების იპოთეკით დატვირთვით მიღებული მოგება, რომელიც საბანკო-საფინანსო საქმიანობაში ნებისმიერი სოლიდური ბანკისთვის ძალიან მწირი სეგმენტია თუ აქედან გამოწვეული პრობლემები - უსახლკაროდ დარჩენილი ხალხი, რა პრობლემაც სახელმწიფოსაც მძიმედ აწევს და რაც შეიძლება, ანტისაბანკო განწყობებად ჩამოყალიბდეს.

ასეთი განწყობა კი არა მხოლოდ ამ ადამიანებში, არამედ ზოგადად, საზოგადოებაში გაჩნდება, რაც გამოიხატება ბანკების მიმართ უნდობლობაში, დეპოზიტების გაუხსნელობაში, მათთან თანამშრომლობაზე უარის თქმაში, რაც საბოლოო ჯამში, არც ბანკების ინტერესებში შედის”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომელიც დავალიანების მქონე დებიტორებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას ვალის გადახდის დაცდაში და დავალიანებების გადავადება-რესტრუქტურიზაციაში ხედავს.

ამასთან, უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ ბანკებმა სამომავლოდ უნდა გაითვალისწინოს, თუ რა ოდენობისა და ზომის სესხებს გასცემს და როგორ ქონებას ტვირთავს იპოთეკით.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ, ეროვნული ბანკის ახალი საკასო ცენტრის გახსნის ცერემონიალზე საბანკო სექტორი ადამიანთა ჯგუფების გაღატაკებაში დაადანაშაულა და მათ იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდა.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ის ბოლო პერიოდში ხვდება ადამიანებს, რომლებიც ბანკების მიერ ბინების წართმევის შედეგად ქუჩაში დარჩნენ. სააკაშვილის მიმართვას „საქართველოს ბანკის”, „თიბისი ბანკის”, „პროკრედიტ ბანკის” და სხვა კომერციული ბანკების ხელმძღვანელი პირები პირადად ისმენდნენ.

ამ ყველაფრის შედეგი კი იქნება ის, რომ ახალი ცვლილებით აღმასრულებელი მოქალაქის ქონებას აუქციონზე ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაყიდის. ყვავილოვანი ხელისუფლება ამბობს ერთს, ფირობს მეორეს და აკეთებს მესამეს...

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია