მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველმა 2019 წელი შეაჯამა - 10 დეკემბერი 2019

„განსაკუთრებით გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა"

ufleba.ge

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებას მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება არჩეულ მოსამართლეთა კომპეტენტურობაში ვერ შეძლო.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში ყურადღება დაეთმო შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ნინო ლომჯარიას თქმით, წლის განმავლობაში ჩატარებული აქციების დროს ხშირად იყო ძალის გადამეტება, მათ შორის: 20-21 ივნისის მოვლენებზე, ასევე პანკისის ხეობაში ჰესებთან დაკავშირებულ აქციაზე.

სახალხო დამცველი წლის შემაჯამებელ განცხადებაში საუბარია ჰომოფობიური ჯგუფების მიერ 2019 წლის 14 ივნისს დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ ღირსების მარშის, ასევე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოჩვენებების ჩაშლის მცდელობის ფაქტებზე.

„ამ შემთხვევებში არაერთ ძალადობრივი ინციდენტის მიუხედავად, ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორები, ასევე ცალკეულ შემთხვევებში დაგვიანებული იყო ინდივიდუალურ ძალადობრივ ფაქტზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. საყურადღებოა რომ ხელისუფლება ამ ადამიანებს განიხილავდა, როგორც გამოხატვის უფლებით მოსარგებლე განსხვავებული მოსაზრების მქონე ჯგუფებს და არა როგორც მოძალადეებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი საკუთარ განცხადებაში საუბრობს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზეც.

„განსაკუთრებით გამოიკვეთა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური მმართველობის ფორმების მანკიერი პრაქტიკა. მონიტორინგის პროცესში, თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და დაწესებულებების თანამშრომლებთან კომუნიკაციის შედეგად დგინდება არაფორმალური მმართველობის სისტემური ხასიათი, რაც კონკრეტული პატიმრების პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებასა და დავის გადაწყვეტის არაფორმალური გზების არსებობას ადასტურებს. არაფორმალური მმართველობის და პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული ცალკეული პირებისთვის პრივილეგირებული მდგომარეობის პრობლემებზე და მისი მოგვარების საჭიროებაზე, აგრეთვე მიუთითებს ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტიც (CPT)“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.

2019 წელს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კვლავ, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა წარმოადგენდა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმწვავეს პრობლემად რჩება გადაადგილების თავისუფლება, ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა და ბორდერიზაციის პროცესი.

განცხადებაში ასევე საუბარია უმცირესობების უფლებებზე, შრომის უსაფრთხოებაზე, ჯანდაცვის სისტემასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე.

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია