მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
როგორ დავამარცხოთ ნევროზი - 12 დეკემბერი 2019

„ადამიანებს უბრალოდ მომსმენი, ჭირისა თუ ლხინის გამზიარებელი არ ჰყავთ“ 

ufleba.ge

ჩვენი რესპონდენტი 47 წლის მამაკაცია, რომელმაც თავისი სამაგალითო ბრძოლისუნარიანობით ნევროზი და დეპრესია თითქმის დაამარცხა. მან შემთხვევით მოისმინა ჩვენი მედია გეგმების შესახებ და თავად გამოთქვა საუბრის სურვილი.  ნუკრი (სახელი შეცვლილია მისივე თხოვნით) გვიყვება, თუ რა გადახდა ამ ეკლიან გზაზე. ვფიქრობთ, მისი პერიპეტიები სხვებისთვისაც გასათვალისწინებელი იქნება.

- ჯანმრთელობის პრობლემებით დავიბადე. თურმე ბევრს ვტიროდი. ერთხელაც, ასეთ ყოფაში დედაჩემმა რომ მომაკითხა, თურმე სახლის კედლის ღრიჭოდან ამოსრიალებული გველი ზედ ჩემ თავზე აყოყილა და უცნაური გამომეტყველებით დამყურებს. ერთი კი დაუღრიალია და უხსენებელსაც უკანვე უკრავს თავი, ამაზე მეც კი გავჩუმებულვარ. 

დედაჩემი სულ მეუბნებოდა, სახლის ფუძის გველთან „კომუნიკაციის“ შემდეგ უკვე ნაკლებად ტიროდიო. თავს ვერ დავდებ, შეიძლება ასეც ყოფილიყო. 

ვიზრდებოდი, მაგრამ განვითარების პრობლემები მქონდა. უკვე მოზრდილს ნორმალურად ლაპარაკი მიჭირდა, სიტყვებსა და წინადადებებს ერთმანეთზე წესიერად ვერ ვაბამდი. ამის გამო თანატოლები ცოტა კი დამცინოდნენ, არ ვბრაზდებოდი, თვითონაც კარგად მესმოდა.

ერთხელ მამაჩემმა სოფლის ექთანი მოიყვანა და ბაღჩაში დამტვრეულ ჭიქაზე გაჭრილი ტერფი უანესთეზიოდ დამიმუშავეს. ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი მდგომარეობა? ახლაც მახსოვს, ისე საზარლად ვღრიალებდი, თურმე მეზობელ უბანში ესმოდათ. 

მანამდე ექთანთან ერთად შარაგზიდან დამატებით ორი ჯანიანი კაცი მოიყვანა, რომ მაგრად გავეკავებინე; აი ჩემი პირის ამოქოლვაზე მაშინ არავის უფიქრია. 

მერვე-მეცხრე კლასში ვიქნებოდი, ჩემს დას ეპილეფსიის პირველი შეტევა რომ დაემართა. დღემდე მახსოვს მამაჩემის გულამოსკვნილი ქვითინი, მანამდე მეგონა მშობლები არასოდეს ტიროდნენ. შოკი იმხელა იყო, შემდგომი რამდენიმე ღამე მეღვიძებოდა, თითქოს ჩემი პატარა დის ჩრდილი თავზე მადგა და შველას მთხოვდა, ხოლო შორეთიდან ტირილის ხმა ისმოდა.

უბნელი ბავშვები დღისით იმდენ ფეხბურთს ვთამაშობდით, ბოლომდე დაღლა-მოქანცვა მშველოდა, შუაღამისას აჩრდილიც ვეღარ მაღვიძებდა.

- ფიქრობთ, ამ ყველაფერმა შემდგომ ცხოვრებაზე იმოქმედა?

- რასაკვირველია, ბაგების სტუდქალაქში ცხოვრებისას რომ გადავიღლებოდი, გული შენელებულად იწყებდა მუშაობას, თითქოს ჩერდებოდა. 

მერე, ბნელი და ცივი 90-იანების ბოლოს, ნერვებგამოფიტულს რაღაც მომენტში გული საერთოდ გამიჩერდა, არ ვაჭარბებ. ეგრევე წამოვხტი და საწოლზე გავიშხლართე, მგონი ამ მოძრაობამ მიშველა. გულმა ისევ დაიწყო რეჩხი, იმ ღამით ცოტა უსისტემოდ კი მუშაობდა, მაგრამ ცოცხალი ვიყავი. 

სწორედ მაშინ დავიწყე ექიმებთან აქტიური სიარული. ერთმა ცნობილმა კარადიოლოგმა ჯიქურ მკითხა, - ადამიანო, რა გჭირსო. ექიმო, მგონი ვკვდები-მეთქი. მერე ადექი და მოკვდი, ამისგან რა ტრაგედიას ქმნი, შენ რა, ამ საქმეში პირველი იქნები თუ უკანასკნელიო. 

არ დაგიმალავთ და ეს იყო ჩემთვის პირველი შემოლაწუნება პროფესიონალი ესკულაპისგან. მივხვდი, გულზე მეტად 90-იანებგამოვლილი სული უფრო  მტკიოდა. ე.წ. ჰოლტერის მეთოდითაც კი გამომიკვლიეს, წამლებიც დამინიშნეს, საგულედ და ბოლომდე დაწყვეტილი ნერვებისთვისაც.

- ამ მდგომარეობაში ექიმებთან სიარულს აგრძელებდით?

- ნევროზი ძალაუნებურად დასტაქრებთან მჭიდროდ გაკავშირებს. მათგან უბრალო ადამიანურ გაგებას, მოსმენას, შენი მდგომარეობის გაზიარებას უფრო ეძებ, ვიდრე სავსეფურცლიან დანიშნულებას. 

იქნებ დაკვირვებიხართ, ჩვენში პაციენტების უმეტესობა ექიმთან კაბინეტში თბილად ჩამოსაჯდომად, სასაუბროდ უფრო მიდის, ვიდრე რეალური ავადობის სამკურნალოდ. ჩემი თუ არ გჯერათ, მიდით ოჯახის ექიმების კაბინეტებთან და თავად დარწმუნდებით. იქ თითო ვიზიტზე დაზღვევის ექიმს მინიმუმ ნახევარი საათი აქვს გათვალისწინებული.  

ამ ქვეყანაში „გარდამავალი პერიოდი“ ისე გაგრძელდა (თანმდევი სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე), რომ დღეს გათითოკაცებულ საზოგადოებაში ადამიანებს უბრალოდ მომსმენი, ჭირისა თუ ლხინის გამზიარებელი არ ჰყავთ. 

მგონი, თავიდან მეც ამ დღეში ვიყავი. შემოვიარე სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, მუცლის ღრუს, კუჭის, ფილტვების, ჩიყვის და ა.შ. ბოლოს, ვაკის ძველი სტუდქალაქის ორსართულიან ჩაბნელებულ კორპუსში, დაახლოებით 70 წლის თერაპევტ ქალბატონთან მოვხვდი. 

მისმინა, ვალერიანის ძირები გამომიწერა დასაძინებლად და თან მირჩია, არ გინდა ცოტა ხნით სოფელში წახვიდე და დაისვენოო? ამ დღეებში ზუსტად შენნაირი, ახალგაზარდა პარლამენტარი მყავდა, რომელსაც მოულოდნელად გული წაუვიდა და გაითიშა, მასაც იგივე მკურნალობა გამოვუწრეო; მეც კი სულ სოფელში მივდივარ, იქ პატარა ბავშვებთან მთელი გულით ვბურთაობ, იქაურებს სულელი ვგონივარო. კარგი ექიმო, გავითვალისწინებ-მეთქი.

- გაითვალისწინეთ?

- როგორ არა, ხოლო იქ ბუნებაში უკვე ფიზიკური ვარჯიშიც მომინდა. პირველად მეზობლებმა ბაღში მორბენალი რომ დამინახეს, ამ საწყალმა ბოლომდე ხომ არ გააფრინაო, იფიქრეს. გაგიჟებული კი არა, თავიდან ხუთი წუთით დავიწყე და მერე დავფრინავდი, სუფთა ჰაერზე რაღა გამაჩერებდა. 

ფორესტ გამპივით ვიყავი იმდენს დავრბოდი, დარღვეულ სულიერ ბალანსს ამით ვინაზღაურებდი. თან ამ დროისთვის თბილისში შეყვარებული მყავდა დატოვებული და ხანდახან მასაც მგზნებარე წერილებს ვწერდი. სად მქონდა იმ დროს „მეილი“ და „ვოცაპი“. მოკლედ, იმ ეტაპზე ბუნების წიაღში ვარჯიში და შეყვარებულთან შორით წვა-დაგვა მშველოდა ნამეტნავად. 

მერე კი დაადო თავი და გათხოვდა ეს ჩემი შეყვარებული. მაგრამ ცალმხრივი სიყვარულიც კი უმაგრესი რამაა, თუკი მართლა დადაგული ხარ. მე კი ისე მიყვარდა ის კუდრაჭა ქუთაისელი, სოფლიდან ლექსებსაც კი ვწერდი, ხოლო ამისთვის ცეცხლოვან სტრიქონებს გახურებული სირბილისას ვთხავდი. 

ასეა, დღეს გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი სიყვარული კურნავს, ფიზიკური აქტივობაც კურნავს, ყველა ის პროცესი, როცა გული მადლიერებით და სიკეთითაა ივსება, სიძულვილისთვის ადგილი აღარსად რჩება.  

- სირბილი დედაქალაქში დაბრუნების შემდეგაც გააგრძელეთ? 

- რასაკვირველია. სამწუხაროდ, ჯერ ერთი, შემდეგ მეორე შეყვარებული გამითხოვდა, ვალერიანის ძირებიც აღარ მშველოდა, უკვე „დიაზეპამის“ აბებზე „შევჯექი“. მაშინ ურეცეპტოდ ყიდვა შეიძლებოდა, მეც არ ვიკლებდი. სიმართლე გითხრათ, მიღების პერიოდში მამშვიდებდა, მაგრამ მოგვიანებით უფრო ცუდად მხდიდა. ამ დროს ისევ სირბილი მშველოდა, რასაც არასოდეს ვწყვეტდი. 

ერთხელ, ისეთ დღეში ვიყავი, ქუჩაში შეხვედრილმა ნაცნობმა ხელი მკრა პირდაპირი მნიშვნელობით, - ძალიან ცუდად გამოიყურები, წადი თუ ჩემი ძმა ხარ და იმკურნალე, ასე ნუ დადიხარო. ურთიერთობაშიც ცოტა პრობლემური ვიყავი. მეორე შეყვარებულიც რომ გამითხოვდა, ზოგჯერ გულის სიღრმეში სუიციდზეც კი ვფიქრობდი. 

ისევ და ისევ ბევრმა ფეხით სიარულმა და ასევე გეგმიურმა სირბილმა გადამარჩინა, უაზროდ თვითგანადგურებაზე ხელი ამაღებინა. სული დაცემული მქონდა, ამ დროს სხეულმა აიღო საკუთარ თავზე დარტყმა. აიღო და ნელ-ნელა გამომიყვანა კიდევაც მდგომარეობიდან. 

- ცხოვრება როგორ გაგრძელდა?

- დედაჩემი ავადმყოფობდა, თბილისში ჩამოვიყვანე. კარდიოლოგმა წნევის წამალი და დღეში ნახევარი აბი დამამშვიდებელი „კოაქსილი“ გამოუწერა, სახელწოდება არასოდეს დამავიწყდება. სოფლიდან შემატყობინეს, არ შველოდა. ექიმს ვკითხე, როგორ მოვიქცეთ-მეთქი. ახლა უკვე დღეში მთელი აბი „კოაქსილი“ დალიოსო, მიპასუხა. 

ჩავედი სოფელში, იმ ღამით დედაჩემმა მთლიანი აბი მიიღო და მეორე დილით  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ ტელევიზორით გამოაცხადეს, რომ „კოაქსილმა“ სამედიცინო ექსპერიმენტი ვერ გაამართლა (პაციენტებს ზედმეტ ეიფორიაში აგდებსო) და ხმარებიდან ამოიღესო, რაღა დროსი იყო!

დედის უდროო დაღუპვა ისე განვიცადე, სახის გამომეტყველება შემეცვალა, თვითონაც მიჭირდა სარკეში საკუთარი თავის ცნობა. გლოვის 40-დღიან პერიოდში ყოველ ღამით „დიაზეპამს“ ვიღებდი, ხოლო თბილისში დაბრუნებული ყოველ დილა-საღამოს გიჟივით დავრბოდი. შუა სირბილისას მახსენდებოდა სიზმარში ნანახი დედა, დახმარებას რომ მთხოვდა და ამას ვერაფრით ვახერხებდი. 

ისევ და ისევ ქუჩაში ბევრმა სიარულმა, ძუნძულით სირბილმა გადამარჩინა. 

- დაოჯახებული თუ ხართ?

- დიახ, ოჯახიც შევქმენი, მაგრამ არც ეს გიშველის, თუკი საკუთარ თავთან ელემენტარულ ჰარმონიაში ვერ ხარ. ქალისთვის დამატებითი პრობლემების შექმნას კი მარტოობა თუ არ სჯობდეს. 

ბავშვი რომ ცოტა წამოიზარდა, მეკითხებოდა, შენთვის ვარჯიში კარგი არისო? თავიდან ვერ ვხვდებოდი, ამას რატომ მეკითხებოდა. თურმე ტელევიზიიდან ქართული არმიის ომახიანი შეძახილები ჰქონდა მოსმენილი და დამახსოვრებული, - „ჩვენ ვართ ქართული არმია, ჩვენთის ვარჯიში კარგია!“ მერე ისიც დამყავდა მოედანზე, მალე რომ დაიღლებოდა, იქვე ხეზე შემოსკუპდებოდა, იქიდან მიყურებდა.

- ექიმთან სიარული ამის შემდეგაც დაგჭირდათ?

- ნევროპათოლოგთან მირჩიეს მისვლა. თავისებურად გამსინჯა, თვალების ფსკერზე ჩამხედა, პატარა ჩაქუჩი მუხლებზე მირტყა რეაქციის შესამოწმებლად, ხელები გამაშლევინა, ცხვირთან მიმატანინა და მისთანები. საძილე დამამშვიდებელი გამომიწერა და გამომიშვა. მას მერე აღარ დავდივარ. 

გარდატეხის ასაკში მყოფმა შვილმა მთხოვა ფსიქოლოგთან მივეყვანე. გავიკითხე და ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მიმასწავლეს, რომელიც უცხოური გრანტით ბავშვებს უფასოდ ემსახურება. ისე „გემრიელად“ მიგვიღეს, კინაღამ მეც ვითხოვე იქვე ადგილზე მაკორექცირებელი კონსულტაცია. 

ჩემს შვილს სულ ხუთი ვიზიტი დაუნიშნეს. სამზე მივიყვანე, კმაყოფილი მეუბნება, - მამა, იცი რა არის, აქ ისე კარგად მიგებენ და მექცევიან, დანარჩენი ორი კონსულტაცია აღარ მჭირდებაო; ყველა ჩემ კითხვაზე ამომწურავი პასუხი მივიღე, ყველა დანარჩენს მეც კი ვხვდებიო. 

არასამთავრობო ორგანიზაციის ბრწყინვალე თანამშრომლებს მადლობა გადავუხადე დახმარებისთვის. აბა, ბავშვის ჯანმრთელობაზე ძვირფასი რა უნდა იყოს. აი მაშინ მივხვდი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობას. მას შემდეგ ბავშვს მსგავსი პრობლემა აღარ ჰქონია, ფსიქოლოგიის საფუძვლებითაც უფრო მეტად დაინტერესდა. 

- ჩვენს მკითხველს თქვენი გამოცდილებიდან რამე რჩევებს ხომ არ მისცემდით?

- ეს ცხოვრება ბრძოლაა და დღეს რომ გესაუბრებით ხელების არჩამოშვების, გამუდმებული ბრძოლის შედეგია. სადღაც ამოვიკითხე, ამქვეყნად რომ იცოცხლო, ეს ცხოვრება უნდა გიყვარდესო, სხვანაირად არაფერი გამოდის. თუ ადამიანს ელემენტარული მოტივაცია არ გექნება, ძვირფასი მედიკამენტი პანაცეა არ არის, მთავარია ყურები ნაადრევად არ ჩამოყარო. 

მე რომ თავის დროზე მარტო „დიაზეპამი“ მესვა და სახლში ვმჯდარიყავი... 

მე კი ფეხით ბევრს დავდიოდი და გეგმიურად დავრბოდი, ვცდილობდი გარემო შემეცვალა. დღეს ჩემთან ერთად სავარჯიშოდ 75 წელს მიტანებული ქალბატონი დადის; სულ განიცდის, მე აქ მოვდივარ ბილიკზე და ჩემი 40 წლის დანევროზებული შვილი ბინიდან ვერაფრით გამომყავსო.   

ექიმებსაც სულ ვერ გაამტყუნებ. არცერთ ექიმს ბოლომდე ვერ ეცოდინება პაციენტის შესახებ, მისი გენეტიკა, გადატანილი დაავადებები, ოჯახური მდგომარეობა, მიდრეკილებები და სხვა ათასი რამ. ეს ყველაფერი, უპირველესად, შენ თვითონ იცი, ამიტომ უნდა მოურო კიდევაც თავს. 

დღეს ორგანული პრობლემა თუ არ მექნება, კლინიკაში აღარ დავდივარ. გამპივით ფიზიკურ აქტივობას, სირბილს არასოდეს ვწყვეტ. წამლებიდან მაქსიმუმ საძილედ ბუნებრივი „სომნა რიცი“ ან „ატარაქსი“ თუ გამოვიყენო რიგრიგობით, ისიც იშვიათად. „დიაზეპამს“ წლებია დავემშვიდობე, ურეცეპტოდ ხომ აკრძალეს და ზოგი ჭირიც მარგებელია. 

ალბათ ნერვები სრულად არასოდეს იკურნება, მაგრამ სტაბილურობის მიღწევა, სიცოცხლის გახანგრძლივება სავსებით შესაძლებელია.  მე ამის მაგალითი ვარ და კარგი იქნება, თუ ჩემს მონაყოლს სხვებიც გაითვალისწინებენ. 

სულ ჩემი მორბენალი (პროფესიონალი) ძმაკაცის სიტყვები მახსენდება - „ირბინე სანამ ჯანმრთელი ხარ, თორემ ირბენ, როცა უკვე ავად გახდებიო“. 

ოშო და სადგურუ უკეთესად იტყვიან, მაგრამ მეც კი ვხვდები, რომ ადამიანის სხეულსა და სულს შორის აუცილებელი ბალანსი არ უნდა დაირღვეს, თორემ ავადმყოფობა იქვე, პირველივე მოსახვევში იმალება. ხოლო ბალანსის მისაღწევად გვეხმარება ღვთის რწმენა, მედიტაცია, ფიზიკური აქტივობა, სიარული და სირბილი შეუჩერებლად... სიყვარული გვშველის.  

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია