მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მამუკა ხაზარაძე - ანაკლიის პორტსა და ქალაქს აუცილებლად ავაშენებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ - 22 დეკემბერი 2019

ufleba.ge

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ქალაქი ანაკლია უნდა აშენდეს! ეს არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ამოცანა, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის ინტერესის გამო შეაჩერა, – ამის შესახებ პარტიის, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ პარტიის ყრილობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს გადააქცევს კავკასიის მთავარ კარიბჭედ, მძლავრ ფინანსურ და ლოჯისტიკურ ჰაბად მთელს მსოფლიოში.

„ანაკლია მოგვცემს საშუალებას მივიღოთ შავ ზღვაზე მოცურავე გემების 75%, რომელიც დღეს ქართულ პორტებში ვერ შემოდის. ანაკლიის პორტი, ქალაქი ანაკლია და სპეციალური ეკონომიკური ზონა დაასაქმებს ათეულობით ათას ადამიანს, როგორც სამეგრელოდან, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან, და მკვეთრად გაზრდის შემოსავლებს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ანაკლია ასევე არის ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი. მხოლოდ ქალაქი ანაკლია პირველ ეტაპზე მოიზიდავს 3 მილიარდზე მეტ უცხოურ ინვესტიციას. ეს შეთანხმება საერთაშორისო ბანკებთან უკვე მიღწეულია. ანაკლიის პორტსა და ქალაქს ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრების შემდეგ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, „დევნილების აფხაზეთში დაბრუნების გზაზე პირველი გაჩერება სწორედ ანაკლია იქნება, სადაც ისინი მიიღებენ ღირსეულ სამუშაო ადგილს და საცხოვრებელს“.

დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დაფუძნდა. პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი კი ბადრი ჯაფარიძეა. პარტიის დამფუძნებლები ასევე არიან „შენების მოძრაობისა“ და „ახალი მემარჯვენეების“ წევრები, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია