მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველი - პენიტენციური დაწესებულებები გადატვირთულია და პერსონალის ნაკლებობა შეიმჩნევა - 24 დეკემბერი 2019

ufleba.ge

პენიტენციური დაწესებულებები გადატვირთულია და პერსონალის ნაკლებობა შეიმჩნევა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული.

ომბუდსმენის აპარატი სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ვიზიტები განხორციელდა ყველაზე დიდ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთისა და დახურული ტიპის პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. ანგარიშში გაანალიზდა  სისტემური და თითოეული დაწესებულებისთვის დამახასიათებელი ასპექტები.

„ვინაიდან, დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის, რაც თავის მხრივ პატიმრებს შორის ძალადობასა და ჩაგვრას განაპირობებს, მონიტორინგის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსს დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობის მასშტაბების და მისი გამოვლინებების შესწავლა წარმოადგენდა“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ანგარიშში მითითებულია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში.

„დაწესებულებები გადატვირთულია და შეიმჩნევა პერსონალის ნაკლებობა, რის გამოც ადმინისტრაციას აქვს ცდუნება, „წესრიგის შენარჩუნების“ და კონფლიქტების მოგვარების ფუნქცია არაფორმალურ მმართველებს გადააბაროს. ის დაწესებულებები, სადაც არაფორმალური მმართველობის გავლენა მაღალია, პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება. ფსიქოლოგიური ძალადობა ძირითადად გამოძალვაში, დამცირებაში, გარიყვასა და სხვა ქმედებაში გამოიხატება. კრიმინალური სუბკულტურა განსაკუთრებით შეიმჩნევა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც არაფორმალური მმართველები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან და სხვა პატიმრებს აიძულებენ, დაემორჩილონ არაფორმალურ წესებს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, გამოვლინდა, რომ პატიმრები სათანადოდ არ იცნობენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს და კრიმინალური სუბკულტურის გავლენითა და რეპრესიის შიშით, უარს ამბობენ საჩივრის უფლების გამოყენებაზეც.

ასევე ანგარიშში ხაზგამსულია, რომ ცალკეული გამონაკლისების გარდა, პატიმრებს არ უსაუბრიათ ციხის თანამშრომელთა მხრიდან პატიმრებზე ფიზიკურად ძალადობის ფაქტებზე. ძირითადად, ფსიქოლოგიურ ძალადობასა და არაეთიკურ მიმართვებზე საუბრობენ.

ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დეესკალაციის ოთახებში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსების პრაქტიკა, რასაც სახალხო დამცველი წლებია, სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობად აფასებს.

„როგორც ვიზიტის შედეგად გაირკვა, დეესკალაციის ოთახებში პატიმრები უმეტეს შემთხვევაში, მაქსიმალური ვადით (72 საათით) გადაჰყავთ და შესაძლოა, ერთი და იგივე პირი დეესკალაციის ოთახში ფაქტობრივად უწყვეტად იყოს მოთავსებული, წუთებისა და საათების ინტერვალებით. დაწესებულებებში ფსიქო-სოციალური მხარდამჭერი სერვისებისა და სიტუაციის მართვის სხვა რესურსის არარსებობის გამო, ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივი დროით ათავსებს პატიმარს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივად მოთავსება და სათანადო ფსიქიატრიული დახმარების მიუწოდებლობა, არღვევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას.

სამწუხაროა, რომ შესაბამისი სამსახურები არ ახდენენ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოვლენას და დოკუმენტირებას. კერძოდ, ექიმი არ ადგენს დაზიანების შესაძლო კავშირს წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ექიმი ახდენს დაზიანებების დოკუმენტირებას შესაბამისი ფორმის მიხედვით და უგზავნის იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, გამოძიება ეფექტიანად არ მიმდინარეობს“, – ნათქვამია სპეციალური პრევენციული ჯგუფის ანგარიშში.

ამასთან, სახალხო დამცველი კვლავ არადამაკმაყოფილებლად აფასებს საცხოვრებელ, სამარტოო და შიდა კლასიფიკაციის საკნებსა და საშხაპეებში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას. ანგარიშში წერია, რომ დახურულ დაწესებულებებში ასევე გამოწვევად რჩება პატიმრებისთვის ერთ საათზე მეტი ხნით გასეირნების უფლების მინიჭება, რაც მძიმედ აისახება მათ ჯანმრთელობაზე.

ანგარიშში პენიტენციურ ჯანდაცვაზეც არის ყურადღება გამახვილებული და აღნიშნულია, რომ ამ კუთხით კვლავ პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია, სამედიცინო დოკუმენტაციის სათანადო წარმოება, სამედიცინო კონფიდენციალობის დაცვა, სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. პერსონალის ნაკლებობის პირობებში რთულდება ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების მიწოდებაც.

ამასთან, სახალხო დამცველი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ანგარიშის გამოქვეყნებამდე სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა ანგარიშში გაკეთებული შეფასებების თაობაზე.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური გარკვეულ ნაწილში იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის გამიზნული აქვს დიდი პენიტენციური დაწესებულებების შედარებით მცირე დაწესებულებებად გარდაქმნა. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს დაწესებულებების გარდაქმნის იდეას, იმ შემთხვევაში თუ მათი მიზანი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მსჯავრდებულის ქცევის პოზიტიური ცვლილებისკენ, რეაბილიტაციისა და შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციისაკენ მიმართული სისტემის განვითარება იქნება“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და სხვა სახელმწიფო უწყებებმა სათანადოდ განიხილონ და გაანალიზონ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები და გადადგან დროული ნაბიჯები რეკომენდაციების ეფექტური იმპლემენტაციისთვის.

სახალხო დამცველი აღნიშნულ ანგარიშს საქართველოს პარლამენტსაც გაუგზავნის.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია