მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია „თავისუფლების სიგნალი“ გაიმართება - 26 დეკემბერი 2019

ufleba.ge

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 29 დეკემბერს სოლიდარობის აქცია „თავისუფლების სიგნალი“ გაიმართება.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, 29 დეკემბერს იგეგმება, საქართველოს ყველა ქალაქში, სოფელსა და ასევე მსოფლიოში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, 19:00 საათზე „თავისუფლების სიგნალი“ გაისმას. ამავე განცხადებით გაფრინდაშვილის ოჯახი ყველას მოუწოდებს, შეუერთდნენ „თავისუფლების სიგნალს“.

„და კვლავაც მეგობრებო, შობისა და ახალი წლის დღეებს სხვანაირი მაგია აქვთ, მოდუნების და ძველი ტკივილების წაყრუების მაგვარი მაგია. ამიტომაც, ეს საქმე მომავლისკენ მიბრუნებულ მზერასაც გულისხმობს. თუმცა ზოგჯერ არის ძველი წლის მწარე წილი, რომლის გახსენების გარეშე მომავალი ვერ იარსებებს – უბრალოდ მომავალი, თორემ ბედნიერი და თავისუფალი – მით უფრო. ახლა ეს წილი ვაჟა გაფრინდაშვილია.

ჩვენ გადავწყვიტეთ, სიფხიზლისთვის, 29 დეკემბერს საქართველოში და მსოფლიოში, სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, თავისუფლების სიგნალი გაისმას!

ეს იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიგნალი – თავისუფლების სიგნალი, რომელსაც პირველ რიგში გავიგონებთ ჩვენ და ჩვენთან ერთად გაიგონებს მთელი მსოფლიო! გაიგონებენ პაციენტები და ექიმები, ექიმები და პაციენტები მთელი მსოფლიოდან და მათ შორის, ოსი ექიმები და პაციენტები, რომლებთანაც დროებით გაუგებრობამ გაგვყო. გავიგონებთ და გავიხსენებთ, რომ არ არსებობს იმაზე უფრო დიდი მნიშვნელოვანი რამ, იმაზე უფრო ზუსტი ნიშანი ადამიანად ყოფნის, ვიდრე თავისუფლებაა! და რომ თითოეული ადამიანის თავისუფლება არის ჩვენი, მილიონობით ადამიანის თავისუფლების საყრდენი და ეს სიგნალი იქნება ყველა ადამიანისთვის, ვისაც თავისუფლება უკანონოდ შეეზღუდა! და ეს სიგნალი იქნება იმედის სიგნალიც, რომ სასწაულები ხდება, და რომ სასწაულებს ხანდახან ადამიანებიც ახდენენ, ოღონდ ამისთვის ჩვენ ერთობლივი ძალისხმევა გვჭირდება! ცხადია, სიგნალი სიმბოლურია და პარალელურად უამრავ ნაბიჯს ვდგამთ, მაგრამ ხანდახან ნაბიჯებს ზურგის ქარიც სჭირდება, ქარი, რომელიც ყველა თქვენგანის მხარდაჭერას ნიშნავს!“, – ნათქვამია განცხადებაში.

საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებს. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია