მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ექიმები გრიპის ვირუსის მორიგ ტალღას ელოდებიან - 08 იანვარი 2020

ufleba.ge

ექიმები იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში გრიპის ვირუსის მორიგ ტალღას ელოდებიან. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჟვანიას კლინიკაში განუცხადეს.

მედიკოსების თქმით, მაღალი ცხელების, გახშირებული სუნთქვის, პირღებინების დროს პაციენტებმა უარი უნდა თქვან თვითმკურნალობაზე და მიმართონ ექიმს.

ჟვანიას კლინიკის ექიმი მაია ხერხეულიძე აცხადებს, რომ გრიპის ვირუსის დროს მშობლებმა ბავშვები სრულად გამოჯანმრთელებამდე უნდა დატოვონ სახლში. მაია ხერხეულიძის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ბაღში უშვებენ ბავშვს, რომელსაც სურდო აქვს და ახველებს. აღმზრდელებისთვის მთავარი რეკომენდაციაა, ხშირად გაანიავონ ოთახი და დაიცვან ჰიგიენის ნორმები.

„დეკემბრის ბოლოსთან შედარებით, ახლა სტაბილურია მდგომარეობა. ზრდის ტენდენცია ამ ეტაპზე არ გვქონია, თუმცა მაინც ველოდებით მეორე ტალღას. როგორც წესი, ეს არის იანვრის ბოლო, თებერვლის დასაწყისი. ამ პერიოდში არის ხოლმე მეორე ტალღა. დღევანდელ სიტუაციაში, სხვა რესპირაციულ ინფექციებთან ერთად, საკმაოდ ხშირია გრიპის ვირუსით მომართვიანობა. ჩვენი კლინიკის ბაზაზე გაცილებით მეტია „ბე“ ტიპის ვირუსი. H1N1-ის სიხშირე შედარებით იშვიათია და ასევე, შედარებით იშვიათია „ა“ ტიპის ვირუსით მომართვიანობის შემთხვევები.

შეცდომაა, როცა მშობლები გარკვეული ნიშნების მიმართ რჩებიან აუღელვებლები. ზოგჯერ არის, როდესაც ბავშვი იწყებს ღებინებას, უვლინდება ძლიერი თავის ტკივილი, როდესაც ბავშვი ტემპერატურასთან ერთად არის შედარებით სუსტად. ამ დროს, ბავშვს სახლში ტოვებენ, იწყებენ თვითმკურნალობას. თუ მაღალი ტემპერატურაა, 39-40-ია და სიცხის დამწევს არ ექვემდებარება; თუ ბავშვს აღენიშნება გახშირებული სუნთქვა, ასეთ შემთხვევაში ჯობს, ბავშვი ექიმმა ნახოს და მის მიერ დანიშნულ მკურნალობას მივყვეთ“, – აცხადებს მაია ხერხეულიძე.

მისივე თქმით, ასეთ დროს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში პირბადით გადაადგილება არის რეკომენდებული, რომელიც უნდა გამოიცვალოს ოთხ საათში ერთხელ მაინც.

„ძალიან ხშირად, თქვენ შეხვდებით ბაღში ბავშვებს, რომელთაც სურდო აქვთ, ახველებთ და მაინც, ბაღში დადიან, რაც არ არის სწორი, რადგან ეს ბავშვი წარმოადგენს ინფექციის წყაროს დანარჩენი კონტინგენტისთვის. აუცილებელი არის ოთახის ხშირი განიავება და ჰიგიენის ნორმების დაცვა. განსაკუთრებით, ხელების ხშირი დაბანა, რადგან გრიპის ვირუსი შესაძლებელია, გადაეცეს ხელის ჩამორთმევითაც. აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა ხველის და ცემინების დროს, რადგან ამ დროსაც ხდება ვირუსის გამოფრქვევა“, – განაცხადა გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული აკადემიური კლინიკის ექიმმა მაია ხერხეულიძემ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია