მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნინო ლომჯარია - ჩვენი ვალია არა გავლენიანი პირების, არამედ მათგან ადამიანების დაცვა - 21 იანვარი 2020

ufleba.ge

ჩვენი ვალია ადამიანების გავლენიანი, მაღალი თანამდებობის პირებისგან დაცვა და არა მათი დაცვა ,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლომჯარია ამ კომენტარით მის მიმართ საქართველოს იუსტიციის მინისტრის კრიტიკას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ის უნდა იყოს ყველას ომბუდსმენი.

ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველი დაიცავს ყველას უფლებას, ვის მიმართაც ადამიანის უფლებები დაირღვევა. თუმცა, ლომჯარიას განმარტებით, ამ შემთხვევაში მან იუსტიციის მინისტრისგან კონკრეტული მაგალითები ვერ მოისმინა.

„სახალხო დამცველის ფუნქცია არის ის, რომ ადამიანები, მოქალაქეები დაიცვას სწორედ გავლენიანი პირებისგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან, მათ შორის იუსტიციის მინისტრისგანაც. შესაბამისად, ჩვენი ვალია ადამიანების მათგან დაცვა და არა მათი დაცვა. ამიტომ, ვერ ვხვდები კონკრეტულად რას გულისხმობენ. თუ მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებები, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი ყველას უფლებას დაიცავს, თუმცა ამ შემთხვევაში მე ვერ მოვისმინე კონკრეტული მაგალითები, რა შემთხვევებზე აქვს საუბარი იუსტიციის მინისტრს“ ,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველი ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარდგა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნინო ლომჯარიას მიმართა და დაინტერესდა, არის თუ ის ყველას ომბუდსმენი.

„ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი პროგრესზე. ამ ანგარიშში ერთი სიტყვა არ არის ნათქვამი თანამშრომლის გაჭირვებაზე და მე მინდა, ჩემი სიტყვის დასასრულ, გაჩვენოთ ჩვენი თანამშრომლების გაჭირვება, ქალების და მამაკაცების, თუ რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა.

თქვენ არ ხართ ყველას ომბუდსმენი? ბიძინა ივანიშვილის ომბუდსმენი თქვენ არ ხართ, როცა ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას და მის ოჯახს. მე თქვენი დაცვა არ მახსოვს და არც მჭირდება, არ ხართ ჩემი ომბუდსმენი.

ახლახან მოვისმინე, ისიც ცოტა დაგაგვიანდათ, ბატონი ანრის მცირეწლოვანი შვილები დაიცავით და როგორღაც, გახდით მათი ომბუდსმენიც. სხვა მაგალითი სად არის, რომ თქვენ პოლიციელი, დეპუტატი, მინისტრი ან სასჯელაღსრულების თანამშრომელი დაიცავით, რომლებსაც აფურთხებენ, სცემენ, წიხლებს ურტყამენ. ეს არ არის ამ ანგარიშში. თუ ეს არ არის არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა, როდესაც ხარ დედაჩემის ასაკის ექთანი და პატიმარი გაფურთხებს და წიხლებს გირტყამს, ეს არ არის კონვენციის მესამე მუხლი, რომლის პრევენციაც თქვენ ჩემთან ერთად გევალებათ?“ – მიმართა წულუკიანმა ლომჯარიას.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია