მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო 89-ე ადგილზეა - 22 იანვარი 2020

ufleba.ge

2019 წლის დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველო 89-ე ადგილზეა, ამ პოზიციას ჰონდურასთან ერთად ინაწილებს. შესაბამის კვლევას „ეკონომისტი“ აქვეყნებს.

ინდექსი ბრიტანული კომპანია „ეკონომისტ ინტელიჯენს იუნიტის“ (EIU) მკვლევარების მიერ არის შედგენილი. გასულ წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია არ შეცვლილა.

ამასთან, საქართველო დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში მე-19 ადგილს იკავებს. საქართველოს უმაღლესი 10 ქულიდან 5,42 ქულა აქვს მინიჭებული. წინა კვლევაში ეს მაჩვენებელი 5,50 იყო.

„ეკონომისტის“ მკვლევარების მიერ შედგენილი რეიტინგის პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: ნორვეგია, ისლანდია, შვედეთი, ახალი ზელანდია და ფინეთი. სიაში ბოლო ხუთ ადგილს კი, ჩადი, სირია, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კონგო და ჩრდილოეთ კორეა იკავებენ.

კვლევაში შეფასებულია დემოკრატიის მხრივ არსებული მდგომარეობა მსოფლიოს 165 ქვეყანასა და ორ ტერიტორიაზე.

დემოკრატიის ინდექსის შედგენისას გათვალისწინებულია ხუთი კატეგორია – საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი, სამოქალაქო თავისუფლებები, მთავრობის ფუნქციონირება, პოლიტიკური მონაწილეობა და პოლიტიკური კულტურა. თავის მხრივ, აღნიშნული კატეგორიები 60 ინდიკატორად იყოფა.

ჩამოთვლილი კატეგორიებიდან საქართველოს ყველაზე მაღალი – 7,83 ქულა საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის მხრივ აქვს მინიჭებული, ყველაზე დაბალი მაჩვენებლით – 3,21 ქულით კი, მთავრობის ფუნქციონირება არის შეფასებული.

კვლევაში მიღებული ქულების მიხედვით, ქვეყნები ოთხ კატეგორიად არის დაყოფილი – სრული დემოკრატია, შერყეული დემოკრატია, ჰიბრიდული რეჟიმი და ავტორიტარული რეჟიმი. საქართველო დოკუმენტში შეფასებულია როგორც „ჰიბრიდული რეჟიმი“.

2019 წლის კვლევა აჩვენებს, რომ დემოკრატიის საშუალო გლობალური ინდექსი გასულ წელთან შედარებით 5,48-დან 5,44-მდეა შემცირებული. ანგარიშის ავტორები აცხადებენ, რომ ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც „ეკონომისტ ინტელიჯენს იუნიტმა“ პირველად დაიწყო დემოკრატიის ინდექსის გამოქვეყნება 2006 წელს, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია