ufleba.ge
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ახალი კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის გამო, გლობალურად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ნაადრევად მიიჩნევს.
ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ეპიდემია ამ დროისთვის მხოლოდ ჩინეთშია. თუმცა შესაძლოა, ის გლობალურ საფრთხედაც იქცეს. კვლავ უცნობი რჩება ვირუსის გამომწვევი წყარო, ასევე ისიც, თუ რამდენად მარტივად ვრცელდება ვირუსი.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა აეროპორტებში განხორციელდეს „მგზავრების შემოწმება, როგორც ყოვლისმომცველი შემაკავებელი ზომების ნაკრები. ყველა ქვეყანამ უნდა მიიღოს ზომები კორონავირუსის შემთხვევების დასაფიქსირებლად“. ასევე ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია, ისეთი მარტივი პროცედურების დაცვა, როგორიცაა ხელების ხშირი დაბანა, ხველისა და დაცემინების დროს სახის იდაყვით დაფარვა.
როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, ჩინეთმა მიიღო ზომები, რომელსაც ქვეყანა ადეკვატურად მიიჩნევდა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ქვეყანა განაგრძობს მათთან თანამშრომლობას და გამჭვირვალედ მიაწვდის ინფორმაციას.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის ახალ შტამს 18 ადამიანი ემსხვერპლა, 634 კი ინფიცირებულია. გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქ უხანის გარეთაც, ჰებეის დასახლებაში. ამ დროისთვის ჩინეთს იზოლაციაში უკვე სამი ქალაქი აქვს მოქცეული, რომლის მოსახლეობაც საერთო ჯამში 18 მილიონს შეადგენს, მათ ქალაქის დატოვების შესაძლებლობა აღარ აქვთ.
"საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე ყველა სხვა ქვეყნის მსგავსად არსებობს", – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ინფორმირებული ჩინეთში არსებული მდგომარეობის შესახებ, ხოლო ხელისუფლებამ საეჭვო შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად უნდა გამოავლინოს.
„ახალი ვირუსის საქართველოში გავრცელების რისკი სხვა ქვეყნების მსგავსად არსებობს. ჩვენი პროგნოზით, საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, შესაძლოა, ვირუსის ექსპორტი მოხდეს. ეს ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩინეთიდან საქართველოში ჩამოდიან, პოტენციურად შეიძლება, იქცნენ ვირუსის გადამტანად. განსაკუთრებით, ეს ეხება იმ ადამიანებს, ვინც ჩინეთის იმ რეგიონებიდან ჩამოდიან, სადაც ვირუსი გავრცელდა.
ამავე დროს, საქართველოს მოქალაქეებმაც ჩინეთში მოგზაურობის დროს მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. ხელისუფლებამ კი საეჭვო შემთხვევები სწარაფად უნდა გამოავლინოს, გამოიძიოს და დიაგნოზი დასვას. საჭიროების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ინფიცირებულთა სწრაფი იზოლაცია. საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ჩინეთში მიემგზავრება, ვირუსთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ.
აუცილებელია მათი გაფრთხილება და ქცევის წესებთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაცემა. ძირითადი რჩევა იქნება ჰიგიენის დაცვა და უსაფრთხო საკვების მიღება. მათ თავი უნდა შეიკავონ თევზეულისა და სხვა ბაზრობებზე მისვლისგან. ასევე, უნდა მოერიდონ ადამიანებს, ვისაც აქვს გრიპის ან გაციების ნიშნები, ასევე გამოიყენონ დამცავი ნიღაბი. რაც შეეხება საკვებს, აუცილებელია, თავი შევიკავოთ უმი ხორცპროდუქტებისა და რძის მიღებისგან“, – განაცხადა დომენტემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ სილვიუ დომენტესთან ინტერვიუს სრულ ვერსიას 26 იანვარს, 10:30 საათზე, „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“ მოისმენთ.