მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ელჩი - უხანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს პირადად ვესაუბრე, თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, აქვთ საკვებიც და საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტებიც - 25 იანვარი 2020

ufleba.ge

ჩინეთში საქართველოს საელჩო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა, – ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შორის ახალი კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

როგორც ელჩი განმარტავს, ქალაქ უხანში, რომელიც ვირუსის გავრცელების მთავარ კერად მიიჩნევა, საქართველოს სამი მოქალაქეა. არჩილ კალანდიას ინფორმაციით, ისინი უსაფრთხოდ არიან.

„საელჩოს 24 საათიან რეჟიმში აქვს კონტაქტი ჩვენს თანამემამულეებთან, როგორც ქალაქ უხანში, ასევე, ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში. ბოლო ინფორმაციით, ქალაქ უხანში იმყოფება საქართველოს სამი მოქალაქე. მათთან დღეს პირადად მქონდა საუბარი. ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, აქვთ საკვებიც და მედიკამენტებიც საჭიროების შემთხვევაში. ამ ქალაქში დროებით შესვლა-გასვლა აკრძალულია და კარანტინია გამოცხადებული. აქედან გამომდინარე, მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღნიშნულ ქალაქში ყოფნა მოუწევთ“, – აღნიშნა ელჩმა.

ელჩი განმარტავს, რომ უშუალოდ უხანში უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით უპრეცედენტო ზომები ხორციელდება. ასევე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ტარდება ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში.

„ჩინეთის სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში ჩინეთის ხელისუფლება ახორციელებს შესაბამის პრევენციულ, სანიტარულ ზომებს.  ჩვენი მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. მათგან ნაწილმა დატოვა ჩინეთის ტერიტორია, ნაწილი უსაფრთხო გარემოშია.

ჩვენი საელჩოს ცხელი ხაზი ფუნქციონირებს 24 საათიან რეჟიმში და საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ ჩვენს ვებგვერდზე, ასევე „ფეისბუქგვერდზე“, ჩინეთის ყველაზე გავრცელებულ სოციალურ ქსელშიც გავავრცელეთ ინფორმაცია, განცხადებები, რომ ცხელ ხაზზე (+86 13716877635) დაგვიკავშირდნენ საჭიროების შემთხვევაში“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, არჩილ კალანდიას თქმით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ვირუსის გავრცელების გამო პანიკა არ შეიმჩნევა.

„ჯერჯერობით, პანიკა არ არის არც ჩინეთში ზოგადად და საბედნიეროდ, არც ჩვენს მოქალაქეებში. ჩინეთში დღეს დაიწყო ახალი წელი და რეალურად, ეპიდემიის პიკს ელოდებიან თებერვლის დასაწყისში, როცა ჩინეთის სხვადასხვა რეგიონში ასობით მიმოფანტული ადამიანი დაუბრუნდება თავიანთ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს. ვითარება საკმაოდ რთულია, რადგან მატულობს ინფიცირებულთა რაოდენობა, მაგრამ შესაბამისი ზომებიც მიღებულია და ყველა აეროპორტში,  სადაც კი შეიძლება ქალაქებიდან გასვლა-შესვლა, მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებია მიღებული, მთელი ჩინეთის მასშტაბით“, – განაცხადა ჩინეთში საქართველოს ელჩმა.

პოპულარული სტატიები
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2020 ყველა უფლება დაცულია