მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი განცხადებას ავრცელებენ - 05 თებერვალი 2020

ufleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა, – ამის შესახებ საუბარია ამერიკელი სენატორების – ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი აცხადებენ, რომ შეხვედრის დროს საუბარი იყო მათ მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილზე, რომელშიც სენატორებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში დემოკრატიის შესუსტების შესახებ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილი ჩვენი ბოლო წერილის შემდეგ, კიდევ ერთხელ გამოვთქვით შეშფოთება საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის შესუსტების შესახებ. ჩვენ ასევე განვიხილეთ სიტუაცია აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რომელიც 2008 წლის შემდეგ რუსეთს აქვს ოკუპირებული. რუსეთი აგრძელებს ღობეების გადმოწევას საქართველოს ტერიტორიაზე და ყოველ ჯერზე ახდენს მისი პატარა ნაწილების ანექსიას. აშშ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის ერთგულია, მაგრამ ჩვენ კვლავ უნდა დავინახოთ პოზიტიური გაუმჯობესება. ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს იყოს სრულყოფილი, მაგრამ მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ სერიოზული მიდგომა აქვს დემოკრატიისკენ სწრაფვისადმი“, – განაცხადა სენატორმა რიშმა.

როგორც ჯინ შაჰინმა აღნიშნა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარტნიორობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს.

„მოხარული ვიყავი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრით და მქონდა შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნების პარტნიორობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე მესაუბრა. კერძოდ, დემოკრატიისადმი და კარგი მმართველობისადმი საქართველოს ერთგულებაზე. სენატორი რიში და მე დიდი ხანია, მხარს ვუჭერთ საქართველოს დემოკრატიაზე მშვიდობიან გადასვლას და ეს მხარდაჭერა ორპარტიულია. 2012 წელს ჩვენ ვმონაწილეობდით საქართველოს ისტორიულ არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებად და მივესალმეთ პროგრესს. როგორც ადრეც ვთქვი, დემოკრატია გრძელვადიან ძალისხმევას საჭიროებს და საქართველო ამ პროცესში რუსეთის მხრიდან გამოწვევის წინაშე დგას. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრ გახარიას და საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ვალდებულებები და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყოს სასამართლოს დამოუკიდებლობას, წინ წასწიოს დაპირებული საარჩევნო რეფორმა და პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას“, – განაცხადა შაჰინმა.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია