მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დასკვნამ დაგვანახა, რომ ე.წ. გერმანული მოდელი შესაბამისია კონსტიტუციასთან - ოპოზიცია ეუთო/ოდირის დასკვნაზე - 06 თებერვალი 2020

ufleba.ge

ეუთო/ოდირის ექვს პუნქტიან დასკვნას განსხვავებულად კითხულობს უმრავლესობა და ოპოზიცია.

"ეუთო/ოდირის დასკვნამ ხელისუფლების ტყუილი გამოააშკარავა, ჩვენი მოთხოვნები სამართლიანია და ხელისუფლებას დათმობა მოუწევს" - ამბობენ ხელისუფლების ოპონენტები.

ოპოზიციის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საარჩევნო მოდელის მიღებისთვის ქვეყანას კონსტიტუციის შეცვლა არ სჭირდება, როგორც ამას უმრავლესობა ამტკიცებდა.

"ჩვენ ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენს მიერ წარდგენილი საარჩევნო სისტემის ვერსია იყო სრულიად მართებული და შესაბამისი კონსტიტუციასთან.

ოდირში მიიჩნევენ, რომ წინადადება, რომელიც წარვადგინეთ, გერმანულ მოდელზე დაფუძნებული საარჩევნო სისტემა, უნდა იყოს განხილული და შემდგომ მიღებული," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

როგორც "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, ოპოზიცია მზადაა ეუთო/ოდირის მიერ შემოთავაზებული ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

"იქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ეს არის არაკონსტიტუციური მოდელი. იქ არის საუბარი იმაზე, რომ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. არის კონკრეტული რეკომენდაციები. ჩვენ მზად ვართ ეს რეკომენდაციები გავითვალისწინოთ. რეკომენდაციები ძირითადად არის ტექნიკური და არა შინაარსობრივი ხასიათის. რაც მთავარია, ხაზგასმულია, რომ შეთანხმება უნდა იყოს მიღწეული პოლიტიკურ აქტორებს შორის. მზად ვართ პარლამენტშიც განვიხილოთ, მას შემდეგ რაც კეთილი ნება გამოჩნდება ხელისუფლების მხრიდან, რომ მზად არიან მიიღონ ეს მოდელი," - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განმარტებით კი, კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა აღარ არსებობს.

"ამ დასკვნის მიხედვით, იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ არანაირი კონსტიტუციური ცვლილებები არ სჭირდება. მას სჭირდება უბრალოდ უმრავლესობა, რომელიც "ქართულ ოცნებას" ოპოზიციის მხარდაჭერის შემთხვევაში ნამდვილად აქვს. ასე რომ პრობლემა ამ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით ნამდვილად არ არსებობს.

თუ ამ კანონპროექტის განხილვა არ უნდა "ქართულ ოცნებას", მაშინ დროულად უნდა შემოეთავაზებინა არა 100/50-ზე, არამედ სხვა უფრო პროპორციულთან დაახლოებული საარჩევნო სისტემა," - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

შეესაბამება თუ არა, საქართველოს კონსტიტუციას, ე.წ. გერმანული მოდელი? ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებული არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ ის სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი პროექტის მიღება შესაძლებელია პარლამენტში უბრალო უმრავლესობით. ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ეუთოც მოუწოდებს მხარეებს, დავა საარჩევნო სისტემაზე ფართო კონსენსუსით გადაწყვიტონ. ეუთო/ოდირის დასკვნა  "ევროპულმა საქართველომ " გაასაჯაროვა, - აღნიშნულია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციაში. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია