მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
The Washington Times გიორგი გახარიას სტატიას აქვეყნებს - საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას - 25 თებერვალი 2020

ufleba.ge

ამერიკული გამოცემა The Washington Times აქვეყნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სტატიას, სათაურით – „საქართველო იმსახურებს ნატო-ს წევრობას – ქვეყანას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოებისთვის“. პუბლიკაციაში საქართველოს მთავრობის მეთაური ყურადღებას ამახვილებს შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით და ხაზს უსვამს საქართველოს როლს ამ მიმართულებით.

„ბოლო დღეებში უკრაინაში საომარი მოქმედებების განახლება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რა დევს სასწორზე შავი ზღვის რეგიონში, რომელიც კონკურენტი გეოპოლიტიკური ძალების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. შავი ზღვა წარმოადგენს ბუფერულ ზონას ევროპის აღმოსავლეთის ფლანგზე, რითაც წვლილი შეაქვს ევროპის, ნატო-ს და აშშ-ის ინტერესების დაცვაში მტრულად განწყობილი ძალებისგან. ამავე დროს, შავი ზღვა, ძვირადღირებული პროდუქციით, მათ შორის დიდი ოდენობის ამერიკული ექსპორტით, იქცევა ვაჭრობის გზაჯვარედინად ევროპიდან აზიაში და აზიიდან ევროპაში უმოკლესი მარშრუტის თვალსაზრისით. შავი ზღვა ასევე მდებარეობს სასიცოცხლო მნიშვნელობის ენერგორესურსების სატრანზიტო მილსადენების გეოგრაფიულ არეალში, რომლებიც მიედინება ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებისკენ“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერი.

სტატიის თანახმად, რუსეთისთვის შავი ზღვა წარმოადგენს კარიბჭეს ისეთი სანუკვარი, მაგრამ დაშორებული ფრონტებისკენ, როგორიცაა სირია, ჩრდილოეთ აფრიკა და აღმოსავლეთ შუაზღვისპირეთის გარკვეული რეგიონები. თუმცა, შავი ზღვის საზღვრებს გარეთ გასასვლელად, ასევე მასში აშშ-ის და სხვათა შემოსვლის თავიდან ასაცილებლად, რუსეთმა უნდა განახორციელოს ზეწოლა შავიზღვისპირა სხვა ქვეყნებზე, რომლებიც მდებარეობენ ბოსფორის სიახლოვეს. ბოსფორის სრუტე, თურქეთის გავლით, ერთმანეთთან აკავშირებს შავ ზღვას და მსოფლიო ოკეანის უფრო მსხვილ ნაწილებს სამხრეთით.

ხსენებული ზეწოლა გამძაფრდა რუსეთის მიერ უკრაინისგან ყირიმის მიტაცების შემდეგ. მანამდე კი, 2008 წელს, რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაცია, საქართველოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი სტრატეგიული სანაპირო ტერიტორიის – აფხაზეთის ჩათვლით. რუსეთის მხრიდან ჩვენი მიწების უკანონო ოკუპაცია დღესაც გრძელდება. რუსეთის მცდელობები, შეიტანოს დესტაბილიზაცია ბალკანეთის რეგიონში, განსაკუთრებით კი შავი ზღვისპირა ქვეყნებში, ცალსახად დასტურდება დოკუმენტურად. რუსეთს არ სჭირდება ამ ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ოკუპაცია, რათა განახორციელოს თავისი სტრატეგიები შავ ზღვაზე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ შავ ზღვას ესაზღვრება ნატო-ს სამი წევრი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი, ასევე ნატო-ს ასოცირებული წევრი – საქართველო. შავი ზღვის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს გამოწვევას, რომლის გადაწყვეტაც შეუძლებელია საქართველოს მხარდაჭერის გარეშე. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მიღწევების, ასევე დასავლური და ტრანსატლანტიკური მიზნებისადმი დადასტურებული ერთგულების წყალობით, საქართველო წარმოადგენს ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობის ახალი სტრატეგიების არსებითი მნიშვნელობის ქვაკუთხედს.

„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას, რისთვისაც ჩვენ დიდ მადლიერებას გამოვხატავთ. აშშ-ის მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები, – მაგალითად, აშშ-ის თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი, – ასევე აღიარებენ საქართველოს უნიკალურ უნარს, შეასრულოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი შავ ზღვაზე. შავი ზღვის უსაფრთხოება, უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებში დღევანდელობის სხვა ახალ აქტუალურ საკითხებთან ერთად, წარმოადგენდა ჩვენი შეხვედრის მთავარ თემას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. ესპერმა აღნიშნა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობა და მისი არსებითი როლი ამ ახლად წარმოქმნილ გამოწვევებთან ბრძოლაში. საქართველო უკვე ხარჯავს თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტზე მეტს თავდაცვაზე და ჩვენ მხარში ვუდგავართ აშშ-სა და ნატოს ყოველთვის და ყველგან, სადაც მათ ეს ესაჭიროებათ“, – ნათქვამია სტატიაში.

ამასთან, სტატიის თანახმად, დავოსის ბოლო ფორუმზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მოუწოდა ნატო-ში საქართველოს დაუყოვნებლივ მიღებისკენ სრულუფლებიანი წევრის სტატუსით, მიუთითა რა შავ ზღვაზე უსაფრთხოების და ნატო-ს მხრიდან შესაბამის გამოწვევებზე პასუხის გაცემის მზარდ საჭიროებაზე. უკრაინაში ვიზიტის დროს კი თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თურქეთისა და ნატო-ს მტკიცე დამოკიდებულება შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართ. გარდა ამისა, თურქეთი უკვე დიდი ხანია აღიარებს, რომ შავი ზღვა წარმოადგენს რეგიონის სტრატეგიული კონტექსტის გეოპოლიტიკურ ცენტრს.

პრემიერ-მინისტრის სტატიაში ნათქვამია, რომ „რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატო-ში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატო-მ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატო-ს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატო-ს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატო-ში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება. მეტი საქართველო ნატო-ში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს დემოკრატიას და მზარდ ეკონომიკას.

მანამდე კი, საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატო-ს სხვა წევრებთან, რათა განამტკიცოს შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც ბოლო წლებში გულისხმობდა ნატო-ს ოპერაციებისთვის კარგად გაწვრთნილი მებრძოლების მომზადებას და ნატო-სა და აშშ-ის თავდაცვითი მოქმედებების გაფართოებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკის განთავსებას და ხშირი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას. ჩვენი მიზანია ერთობლივი წვრთნების გაფართოება, ჩვენი პორტების უფრო აქტიურად ჩართვა და ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.

სტატიაში გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ ქართველები სამართლიანად ამაყობენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანსატლანტიკურ ალიანსში შეტანილი უზარმაზარი წვლილით.

„ჩვენი მიზანია დასავლურ ცივილიზაციასთან და ღირებულებებთან ჩვენი კავშირის და ღრმა ფესვების დემონსტრირება პრაქტიკული მოქმედებებით, რომლებიც აათმაგებს ჩვენს სიმტკიცეს და თავდაცვისუნარიანობას მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ღირებულებებს არ იზიარებს. შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს დასავლური ერთსულოვნების ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით უნდა შეასრულონ ჩვენმა მეგობრებმა ნატო-ში თავიანთი დაპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სტატიაში, რომელიც ამერიკულ გამოცემაში The Washington Times გამოქვეყნდა.

სტატიის ქართულ თარგმანს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია