მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
კორონავირუსის პოტენციური ვაქცინები და სამკურნალო პრეპარატები — ყველაფერი, რაც ვიცით - 02 მარტი 2020

ufleba.ge

მიუხედავად იმისა, რომ მედიცინას ჯერ არ აქვს ახალი კორონავირუსის ვაქცინა ან სამკურნალო საშუალება, ჯანდაცვის ექსპერტები და ფარმაცევტული კომპანიები მათ შესაქმნელად მთელ მსოფლიოში აქტიურად მუშაობენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით უკვე მიმდინარეობს მუშაობს 20-ზე მეტ პოტენციურ ვაქცინაზე, რომელთა მიზანიც კორნავირუსით გამოწვეული დაავადების, COVID-19-ის პრევენციაა.

თუმცა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები გამუდმებით აღნიშნავენ, რომ სულ მცირე ერთი წელი დასჭირდება რომელიმე ეფექტიანი ვაქცინის შექმნას და საჭირო თანხმობას მარეგულირებელთა მხრიდან.

ამასობაში, კლინიკურ ცდებს გადის რამდენიმე პრეპარატი, რომლებმაც პაციენტები უნდა განკურნოს ან სიმპტომები შეუმსუბუქოს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე უახლეს მიღწევას ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისა და პრეპარატების შესაქმნელად მეცნიერებს შორის გაჩაღებულ ყველაზე კეთილშობილ „შეჯიბრში“.

შესაძლო პრეპარატები

• ანტივირუსული პრეპარატი რემდესივირი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, უკვე არსებულმა ანტივირუსულმა პრეპარატმა რემდესივირმა ახალი კორონავირუსის სამკურნალო ნიშნები აჩვენა.

„ამჟამად არსებობს მხოლოდ ერთი პრეპარატი, რომელსაც ვფიქრობთ, რომ რეალური ეფექტი აქვს — ეს გახლავთ რემდესივირი“, — აღნიშნა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე ბრიუს ეილვარდმა.

რემდესივირი ექსპერიმენტული მედიკამენტია, რომელიც ადამიანებში ებოლას სამკურნალოდ გატესტეს, მაგრამ კვლევებმა დაადგინა, რომ ამისათვის ის არაეფექტიანი აღმოჩნდა.

ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Gilead Sciences-ის მიერ შექმნილმა ამ პრეპარატმა რამდენიმე ცდა უნდა გაიაროს.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ცნობით, ერთ-ერთი კლინიკური ცდა ნებრასკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, ქალაქ ომაჰაში მიმდინარეობს. პირველი მონაწილეა ამერიკელი, რომლის ევაკუაციაც იაპონიაში გაჩერებული საკრუიზო გემიდან მოხდა.

მონაწილეებს 200 გრამ რემდესივირს ინტრავენურად გაუკეთებენ საავადმყოფოში შეყვანისას, ათი დღის განმავლობაში კი კიდევ 100 გრამს. იქნება, კვლევის პლასებო ჯგუფიც, რომელიც მიიღებს რემდესივირის მსგავს ხსნარს, რომელიც მხოლოდ არააქტიურ ნივთიერებებს შეიცავს.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის დირექტორის, დოქტორ ენტონი ფოსის განცხადებით, პასუხი სულ მალე გვეცოდინება. თუ აღმოჩნდა, რომ პრეპარატი მოქმედებს, ხელთ გვექნება ეფექტიანი პრეპარატი, რომლის გავრცელებასაც დავიწყებთ.

მედიკამენტის მწარმოებლის, Gilead Sciences-ის განცხადებით, მარტიდან აზიაში დაიწყება კორონავირუსის 1000 პაციენტის ორი რანდომიზებული კვლევა რემდესივირზე.

ერთი მათგანი ჩატარდება მძიმე სიმპტომების მქონე 400 პაციენტზე, მეორე კი საშუალო სიმპტომების მქონე 600 პაციენტზე. კვლევა დაადგენს დოზირების სხვადასხვა ხანგრძლივობის ეფექტიანობას — ორივე ჯგუფში პაციენტები პრეპარატს ხუთი და ათი დღის განმავლობაში მიიღებენ.

აივ ინფექციის პრეპარატები: მთელ მსოფლიოში, მათ შორის ტაილანდსა და ჩინეთში, ექიმებმა მოსინჯეს აივ ინფექციისა და გრიპის წამლების კომბინაცია.

ამ კვლევათა შედეგების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ ნამდვილად არსებობს რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც აივ ინფექციის ანტირეტროვირუსული პრეპარატების კვლევა ღირს. აივ-ის მსგავსად, კორონავირუსები რნმ ვირუსებია. წლების წინ, 2002-2004 წლებში, მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) ეპიდემიისას, აივ-ის პრეპარატებისა და ანტივირუსული წამლების კომბინაციამ გამოაჯანმრთელა ზოგიერთი პაციენტი. SARS სხვა სახის კორონავირუსით არის გამოწვეული. კვლევის შედეგების ნახვა შესაძლებელია ჟურნალ Thorax-ში.

„წინა კორონავირუსული ეპიდემიებიდან (SARS და MERS) ჩინეთმა ისწავლა ანტირეტროვირუსული და ანტივირუსული მედიკამენტების სხვა მიზნებით გამოყენებაც, გლობალური ჯანდაცვისათვის სახიფათო ამ ახალი ვირუსული დაავადებების ნაწილობრივ სამკურნალოდ“, — ამბობს იელის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მკვლევარი, დოქტორი სტენ ვერმანდი.

შესაძლო ვაქცინები

მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მოღვაწე რამდენიმე კომპანია აცხადებს, რომ მათ უკვე შექმნეს პოტენციური ვაქცინა მას შემდეგ, რაც ვირუსის შესახებ გენეტიკური ინფორმაცია მიიღეს.

ახალი ტიპის კორონავირუსი გასული წლის დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ქალაქ უხანში გამოჩნდა და მალევე მოჰყვა შესაძლო ვაქცინები. შედარებისათვის გეტყვით, რომ წარსულში მეცნიერებს 20 თვე დასჭირდათ SARS-ის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის დაწყებამდე.

თუმცა, რეალობა ის გახლავთ, რომ ჯანდაცვის მარეგულირებელი ორგანოები პოტენციურ ვაქცინებს მწვანე შუქს სულ მცირე ერთი წელი არ უნთებენ. ფოსი ქრონოლოგიას დეტალურად აღწერს.

— პირველი კლინიკური ცდის პირველი ფაზა დაახლოებით ორ თვეში უნდა დაიწყოს.

— ცდაში 45 ადამიანი უნდა ჩაერთოს და დაახლოებით სამ თვეს გაგრძელდეს. მკვლევრებმა უნდა დაადგინონ, არის თუ არა ვაქცინობის კანდიდატი საშუალება უსაფრთხო და იმუნოგენური.

— შემდეგ ფაზაში ასობით ადამიანი უნდა ჩაერთოს და ექვს-რვა თვეს გაგრძელდეს.

გამომდინარე აქედან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდა პოტენციური ვაქცინის უსაფრთხოობა და ეფექტიანობა, ფოსის თქმით, გამოყენებისთვის მზად ის წელს ვერ იქნება.

ახლა კი მიმოვიხილოთ ზოგიერთი კანდიდატი ვაქცინა:

Moderna ცდებს აპრილში დაიწყებს: ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Moderna-მ ექსპერიმენტული ვაქცინა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტს უკვე გაუგზავნა და აცხადებს, რომ ცდების პირველ ფაზას აპრილში დაიწყებს.

Moderna, რომელიც ინფორმაციული რიბონუკლეინის მჟავას (ი-რნმ) იყენებს, მიზნად ისახავს ისეთი პრეპარატის შექმნას, რომელიც სხეულში უჯრედებს მიმართავს ცილების წარმოქმნისკენ, რითაც მათ დაავადებისგან თავი უნდა დაიცვან ან წინააღმდეგობა გაუწიონ.

კომპანიის განცხადებით, ამ ტექნოლოგიას დადებითი შედეგები აღმოაჩნდა ექვსი სხვადასხვა ვაქცინის ცდების პირველ ფაზაში, რომელთაგან ერთ-ერთი ახლა ცდების მეორე ფაზაშია. თუმცა, Moderna-ს ჯერ არ დაუმზადებია დამტკიცებული ვაქცინა თავის ი-რნმ პლატფორმის გამოყენებით.

Novavax-ი და Inovio: კანდიდატი ვაქცინების შექნის შესახებ ასევე იუწყებიან ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანიები, Novavax-ი და Inovio. Novavax-ი იმედოვნებს, რომ საკუთარი ვაქცინის ტესტირების პირველ ფაზას მაისში ან ივნისში დაიწყებს.

სხვა მხარეთა ძალისხმევა: როგორც თავადვე აცხადებენ, ვაქცინის შექმნაზე გამალებით ასევე მუშაობენ აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი; ჩინეთის ბიოტექნოლოგიური კომპანია Clover-ი, რომელიც ამ საქმეში ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანია GlaxoSmithKline-თან თანამშრომლობს; ისრაელის ბიოლოგიურ კვლევათა ინსტიტუტი; აშშ-ის ფარმაცევტული გიგანტი Johnson & Johnson-ი; იაპონიის ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტი.

მეცნიერება ამ ახალ დაავადებას აუცილებლად დაამარცხებს, როგორც სხვა არაერთი დაუმარცხებია. ყველაფერი მხოლოდ დროის საკითხია.

მოამზადება "პირველმა არხმა" CNN-ის მიხედვით.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია