მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
უკურეაქცია საქართველოში - 21 ივნისი 2012

[foreignpress.ge] 
ჰეილი სვითლენდ ედვარდსი

თბილისი, საქართველო – ამ კვირაში, თბილისის გეების უფლებების დამცველი მოძრაობის არაოფიციალურ შტაბში (მეორე სართულზე განთავსებულ პატარა, მკრთალად განათებულ, სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ და ახალშობილი კნუტებით დასახლებულ ოფისში) განწყობა იმედიანი და იმავდროულად პირქუშია.

„არასდროს ეს პრობლემები ასეთი ცხადი არ ყოფილა, როგორც ახლა“ – მითხრა ეკა აღდგომელაშვილმა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის დირექტორმა, „ეს გარღვევაა“.

მას ეთანხმება ირაკლი ვაჭარაძეც, ორგანიზაცია „იდენტობის“ აღმასრულებელი დირექტორი, ორგანიზაციისა, რომელიც გეების, ლესბოსელების, ბისექსუალების და ტრანსსექსუალების პრობლემებზე მუშაობს. „ეს დიდი პოზიტივია“, თქვა მან. „თუმცა დაწერეთ ისიც, რომ ეს საშიშიც არის. პირველი შემთხვევაა, როდესაც დაგვემუქრნენ, ფიზიკურად დაგვემუქრნენ“.

გეი დაჯგუფებების პრობლემებთან დაკავშირებულმა თემამ საჯარო სივრცეში 17 მაისის შემდეგ გადაინაცვლა. ამ დღეს ჰომოფობიის წინააღმდეგ „ლგბტ“ საზოგადოების წარმომადგენლებმა აღლუმი გამართეს, რასაც ქვეყნის ისტორიაში პირველად, მათსა და მართლმადიდებელ მღვდლებსა და მათ მხარდამჭერებს შორის, რომლებმაც ქუჩა გადაკეტეს, ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ჩხუბი მოჰყვა.

ამ ფაქტმა საერთაშორისო მედიის ყურადრება მიიპყრო, მოგვიანებით კი „ლგბტ“ ჯგუფის წევრები შეხვდნენ შეერთებული შტატების, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის ელჩებს და სხვა უცხოელ დიპლომატებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებმაც პირობა დადეს, რომ შემდეგი დემონსტრაციების დროს „ლგბტ“ ჯგუფებს დაიცავენ.

აქტივისტების თქმით, ეს „ლგბტ“ საზოგადოების მცირე გამარჯვება იყო, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ანალოგიური უფლებების მდგომარეობა უმძიმესია. მაგალითად, მოსკოვმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ შემდეგი 100 წლის განმავლობაში გეი აღლუმების გამართვა უკანონო იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველებიც და საქართველოს მთავრობაც არ არიან დადებითად განწყობილნი „ლგბტ“ საზოგადოების მიმართ (2011 წლის გამოკითხვის თანამხად ქართველების 90%-სთვის ჰომოსექსუალიზმი კატეგორიულად მიუღებელია), მთავრობის პოლიტიკამ, რომელიც ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან და ევროსაბჭოსთან დაახლოებას გულისხმობს, ეთნიკური, რელიგიური და სოციალური უმცირესობების დაცვის თვალსაზრისით მთელი რიგი კანონების მიღება განაპირობა.

ასეთი ქმედებებით საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საზოგადოების შექება დაიმსახურა, თუმცა ის თავდასხმის ობიექტად იქცა, როგორც ოპოზიციური პარტიებისთვის, ასევე ძლიერი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, რომელიც მუდმივად აკრიტიკებს მთავრობას „ტრადიციული ქართული ღირებულებების“ უგულებელყოფის გამო – ბრალდება, რომელიც რეზონანსულია ღრმად კონსერვატიულ მოსახლეობაში.

შარშან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთად შეეცადნენ ჩაეგდოთ ახალი კანონპროექტის მიღება, რომელიც რელიგიურ უმცირესობებს ლეგალურ სტატუსს ანიჭებს, უწოდებდნენ რა მას „სახიფათოს“ და „არაქართულს“. წელს მათ ანალოგიური ეპითეტები გამოიყენეს „ლგბტ“ საზოგადოების საჯარო დემონსტრაციების აღწერისას.

გასულ თვეში, ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, სოციალური თვალსაზრისით კონსერვატიულმა ოპოზიციურმა პარტიამ, მთელი რიგი საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგინა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად კრძალავდა, როგორც ერთსქესიან ქორწინებას, ასევე „ჰომოსექსუალიზმისა და უხამსობის პროპაგანდას“, და მოითხოვდა „მორალური კრიტერიუმების“ გაურკვეველი სიის ცხოვრებაში რეალიზებას, რომელიც თითქოს უნდა დაეცვათ საჯარო მოხელეებს. მართალია, ეს კანონპროექტი კონსერვატორი ამომრჩევლების ხმების მოპოვებაზე გათვლილი ფანდი იყო, თუმცა აღდგომელაშვილი აცხადებს, რომ მისი ორგანიზაცია ელოდება, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების და მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე ასეთი რიტორიკა მოიმატებს.

„ლგბტ“ საზოგადოება უკვე მიიჩნევს თავს ცხარე პოლიტიკური თავდასხმების და მისგან გამომდინარე სოციალური რეაქციების ობიექტად. გასულ თვეში, 17 მაისის აღლუმის ირგვლივ ატეხილი ხმაურის შემდეგ, „იდენტობა“ იძულებული გახდა თბილისის ოფისი დაეტოვებინა, მას შემდეგ რაც მეზობლებმა აგრძნობინეს, რომ მათთვის მიუღებლები არიან. გაჩნდა ასევე ახალი ჰომოფობიური და გეების საწინააღმდეგო ქართულენოვანი ჯგუფები facebook-ში, ამათგან ერთ-ერთი ჯგუფის წევრების აზრით, საუკეთესო გზა გეების დახოცვაა.

„მე ვფიქრობ, მათ გადაწყვიტეს, ცოცხლად დაგვწვან“ – თქვა მშვიდად ვაჭარაძემ. „ამაშია საქმე; ჩვენთვის ძალიან ამაღელვებელი დროა; ასეთი ხმაური ჩვენს გარშემო, არასდროს ყოფილა, თუმცა…“, ის გაჩერდა, რათა შესაფერისი სიტყვა მოეძებნა „ჩვენ არ გვინდა, რომ გვეშინოდეს“.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია