მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ჰიბრიდული სიმინდის პროგრამის მონაწილე უსახლკაროდ დარჩა - 21 ივნისი 2012

[კახეთის საინფორმაციო ცენტრი] 
ნატალია სარქისაშვილი

ბაკურციხეში მცხოვრებმა ნოდარ ლუაშვილმა ჰიბრიდიული სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართვის და უხვი მოსავლის მიღების მიზნით, გასულ წელს 10 ჰექტრამდე ნაკვეთი იჯარით აიღო. ნოდარ ლუაშვილმა აიღო სესხიც, მიწა დაამუშავა, სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან კონტრაქტიც გააფორმა და სათესლე სიმინდის მიღებას ელოდებოდა. კორპორაციამ ის მოატყუა და სიმინდი აღარ მისცეს. გლეხმა სესხის გადახდა ვეღარ შეძლო. გუშინ ის პოლიციის ძალით მოხუც მშობლებთან ერთად სახლიდან გამოასახლეს.

„ტელევიზიის მეშვეობით გავიგე, რომ მთავრობა ახორციელებდა სიმინდის პროგრამას, რომელიც იყო უხვმოსავლიანი. წავედი, ავიღე იჯარით 10 ჰექტარი მიწა. ავიღე სესხიც. მოვხანი, დავამუშავე მიწა, გავაფხვიერე. მივაკითხე სოფლის მეურნეობის სამსახურს გურჯაანში. იქიდან ლაგოდეხში გამგზავნეს, სადაც ოთხი დღე და ღამე რიგში ვიდექი, რომ კუთვნილი სათესლე სიმინდი ამეღო, დამეთესა და მოსავალი მიმეღო. ლაგოდეხში მითხრეს, ერთ კვირაში, ერთ თვეში, 20 დღეში, ასე გადადება, გადადება ხდებოდა. ბოლოს სათესლე მასალა ვეღარ მივიღე.

– რატომ არ მოგცეს სათესლე სიმინდი?

– არ ვიცი. ჯერ მეუბნებოდნენ, სიმინდს მიიღებთ, განაცხადი შეავსეთო. მიწის საბუთი მომთხოვეს, მოხნული რომ მქონდა ნამდვილად ის 10 ჰექტარი.

– ჩამოვიდნენ და შეამოწმეს?

– კი, ბანკის თანამშრომლებიც გამომაყოლეს. შეამოწმეს მიწა, რომ ნამდვილად მოხნული და დამუშავებული იყო, მაგრამ უშედეგოდ. დამირეკეს აგვისტოს პირველ რიცხვებში, სიმინდი მიიღეთო, მაგრამ აგვისტოში სიმინდი რად მინდოდა. ვერაფერს ვეღარ მოვიყვანდი და ვერც ვერაფერს ვეღარ გავაკეთებდი. ტყუილად მატარეს ასე და მახარჯინეს ცალკე გზის ხარჯები, იქ ღამის თევა და ხედავთ ახლა რა დღეშიც ვარ.

– ეს სესხი რისთვის აიღეთ, რაში უნდა მოგეხმარათ თანხა?

– სესხი ავიღე იმიტომ, რომ მიწა დამემუშავებინა, მერე სიმინდს შეწამვლა უნდოდა. ავიღე იმისთვის, რომ მესარგებლა, სიმინდი მომეყვანა, ვენახისთვისაც მომევლო და რაღაცა მოსავალი ამეღო, რომ ცოტა წელში გავშლილიყავი. სხვის ხელში შემყურე არ ვყოფილიყავი და ჩემი თავისთვის და ოჯახისთვის მიმეხედა. მაგრამ ვერც სიმინდი მოვიყვანე, ვენახიც 100%–ით დაისეტყვა და ისე მოხდა, რომ სახლს მაცლევინებენ და ვრჩები ქუჩაში, უსახლკაროდ. ეს ყველაფერი გამოიწვია მაგ ამერიკულმა სიმინდმა და ტყუილმა დაპირებებმა მთავრობისგან, ტელევიზიაში ათასგვარმა რეკლამებმა, რომ ვარიგებთ სიმინდს, მოსახლეობამ უხვმოსავლიანი სიმინდი მიიღოს და ა. შ. 10 ჰექტარი მიწა მქონდა მოხნული და 1 ჰექტრის თესლიც არ მომცეს.

– თქვენ რომ მაჩვენეთ, სოფლის მეურნეობის კორპორაციასთან კონტრაქტი 2011 წლის 8 აპრილს არის გაფორმებული, ანუ ვალდებულება აიღეს, რომ სათესლე მასალას მოგცემდნენ და რა გახდა პირობის დარღვევის მიზეზი?

– კონტრაქტი აგერ მიდევს, მაგრამ 1 კილო არ მოუციათ. ხელთ მაქვს საბუთები, რომ მე სიმინდი უნდა მიმეღო, მაგრამ არანაირი სიმინდი არ მიმიღია. ფინანსურად დავზარალდი და სესხს ვეღარ ვიხდიდი. ვენახიც ისე დაისეტყვა, რომ ერთი მტევანი ყურძენი ვერ მოვწყვიტე. მთელი სოფელია მოწმე.

– სიმინდი რომ ვერ მიიღეთ, დამუშავებულ ადგილში რატომ არაფერი არ დათესეთ?

– რა დამეთესა? მატარეს, მატყუეს, ამასობაში დრო გავიდა და დაგვიანდა. აგვისტოს დასაწყისში მე რომ თესლი გამომეტანა, ნოემბერში და დეკემბერში სიმინდი მოვა კაცო? აბა, როგორ, არანაირად. თებერვლის თვიდან მაგ საქმეს დავდევდი, რომ მინდოდა მარტის თვეში სიმინდი დამეთესა.

– სხვა სახლი გაქვთ? სად უნდა წახვიდეთ?

– სახლი კი არა, არაფერი აღარ მაქვს. ხედავთ ბარგსაც და ყველაფერსაც. გავალ და ვიქნები ქუჩაში. ალბათ, ეგ საქართველოს მთავრობის მოთხოვნაა, რომ ხალხი ესე დარჩეს ქუჩაში. მე ვცდილობდი რაღაცა გამეკეთებინა ჩემი ოჯახისთვის, მესარგებლა და ბოლოს ოჯახი კი არ ვასარგებლე, პირიქით დავრჩი ქუჩაში. რომ იტყვიან ბოლომდე ტყავი გამაძრეს და რაღა უნდა მქონდეს? ეხლა მარტო ეს ტანსაცმელიღა მაქვს და ეს ძველი ავეჯი, აქვე უნდა დავწვა, ცეცხლი უნდა მოვუკიდო. რად მინდა, სად წავიღო, სახლი მე აღარ მაქვს და კარი“.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა 2011 წლიდან დაიწყო. პროგრამას სოფლის მეურნეობის კორპორაცია ახორციელებდა. პროგრამის მიზანი იყო საქართველოში სიმინდის მოსავლიანობისა და წარმოებული სიმინდის ხარისხის ამაღლება. რატომ ვერ მიიღო ნოდარ ლუაშვილმა კონტრაქტის დადების მიუხედავად სიმინდის სათესლე მასალა, კორპორაციიდან კომენტარი ვერ მივიღეთ.

გლეხების თქმით, პროგრამამ არ გაამარლა და ისინი მოგების ნაცვლად, დაზარალდნენ. 2012 წლის დასაწყისში დაზარალებულმა გლეხებმა არასამთავრობო ორგანიზაციაც დააფუძნეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, „სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მოხდა კრედიტების გაცემა და ამ კრედიტების უზრუნველსაყოფად თითოეულ მათგანს საცხოვრებელი სახლი აქვს ბანკში ჩადებული და უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია