მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მმართველ პარტიას ხელისუფლებისგან კრიმინალებად შერაცხულები აფინანსებენ - 21 ივნისი 2012

[netgazeti.ge]
მაია მეცხვარიშვილი

მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის, ბიზნესმენებისა და მოქმედი ჩინოსნების გარდა, ის ადამიანებიც არიან, რომლებიც მოქმედი ხელისუფლების მიერ სხვადასხვა დროს დააკავეს, როგორც ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები.

კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 19 ივნისის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიებიდან ყველაზე მეტი შემოწირულობა - 1 768 492 ლარი მმართველმა პარტიამ მიიღო 75 ფიზიკური პირისგან.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მსხვილ შემწირველებს შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ მოქმედმა ხელისუფლებამ კრიმინალური ქმედებებისთვის დააკავა. მაგალითად, მმართველ პარტიას 40-40 ათასი ლარი შეწირეს ფიზიკურმა პირებმა - სერგო ლაბარტყავამ და თამაზ ჯამაგიძემ. კუდ-ის თანამშრომლებმა ისინი 2010 წლის 30 მარტს დააკავეს, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებმაც, შსს-ს ინფორმაციით, მეწარმეს თაღლითურად გამოსძალეს 370 000 ლარი, რის სანაცვლოდაც ჰპირდებოდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხების შემცირებას. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თუმცა, როგორც კონტროლის პალატის მასალებშია მითითებული, ამ ადამიანებმა წელს სოლიდური თანხები შეწირეს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".

ელგუჯა ბერუაშვილი, რომელმაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 20 ათასი ლარი გადაურიცხა, ასევე, კუდ-ის მიერ იყო დაკავებული, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი. ორგანიზებული ჯგუფი კი შედგებოდა საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის, ბუნებრივი თხევადი გაზისა და მაგისტრალური გაზსადენების სისტემების ზედამხედველობის სამმართველოს თანამშრომლებისგან. მათ ბრალად ედებოდათ დიდი ოდენობით ქრთამის აღება, რაც ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

12 ათასი ლარი გადაურიცხა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ზურაბ ინასარიძემ, შპს "იბერია თრეიდინგის" მფლობელმა, რომელიც, ასევე, კუდ-ის მიერ იყო დაკავებული, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი. კუდ-ის ინფორმაციით, რომელიც ამავე უწყების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, აღნიშნული ჯგუფის წევრებმა კორუფციული გარიგებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტს დაუმალეს რამოდენიმე ათეული ათასი ლარის საბაჟო გადასახადები.

მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის კრიმინალური წარსულის მქონე პირების გარდა არიან, ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლების მაღალჩინოსნების ახლო ნათესავები ან იმ ფირმების წარმომადგენლები არიან, რომლებიც წლების მანძილზე სარგებლობენ საბიუჯეტო დაკვეთებით.

კანონით დაშვებული შემოწირულობის მაქსიმალური ოდენობით - 60 000 ლარით მმართველ პარტიას დაეხმარა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ძმა, ბიზნესმენი იაგო ჩოჩელი. ჩოჩელის კიდევ ერთი ფირმის - "ბერტას" წარმომადგენელმა ვასილ სულხანიშვილმა - 12 ათას ლარიანი შემოწირულობა გაიღო მმართველი პარტიისთვის.

სს "ანა ჯგუფის" (ეს ჰოლდინგი აერთიანებს ხორც-პროდუქტების მწარმოებელ ქარხანა "მითანას", საკონდიტრო ფაბრიკა "ტკბილ ქვეყანას" და სადისტრიბუციო კომპანია "კანტს") დამფუძნებელმა ამირან ქორთიაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას" 60 ათასი ლარი გადაურიცხა.

ასევე, 60 ათასი ლარი გადაურიცხა მმართველ პარტიას სს "მადნეულის" ფინანსურმა დირექტორმა მიხეილ ესიაშვილი, შესყიდვების დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილი, წარმოების დირექტორმა ჯამბულატ ჯაყელმა, გენერალურმა დირექტორმა გიორგი დევაძემ. ჯამში, "მადნეულის" მენეჯმენტის წარმომადგენლებმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 240 ათასი ლარი შეწირეს.

პარლამენტარ ლაშა დამენიას ძმა, ბიზნესმენი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახაბერ დამენია მმართველ პარტიას, ასევე, 60 ათასი ლარით შეეწია. დამენიას პარტნიორებმა კომპანიაში "გუტიძე დამენია ჩანტლაძე სოლუშენს"(კომპანია მუშაობს ლობირებაზე, უძრავი ქონების მართვასა და სხვა საკითხებზე) - იზაბელა გუტიძემ და დავით ჩანტლაძემ (გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი და პრეზიდენტ სააკაშვილი ადმინისტრაციის უფროსის, ასევე, ყოფილი მოადგილე) ამდენივე შემოწირულობა გაიღეს მმართველი პარტიისთვის. აღნიშნული კომპანიის კლიენტები არიან ფინანსთა სამინისტრო, სს "მადნეული", "საქართველოს რკინიგზა", "ენერგო პრო ჯორჯია" და სხვა უმსხვილესი დაწესებულებები საქართველოში.

შპს "კანოს" დირექტორმა და 60%-ანი წილის მფლობელმა ნოდარ ალადაშვილმა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 60 ათასი ლარი გადაუხადა, ხოლო 40%-ანი წილის მფლობელმა ილია ალადაშვილმა - 7000 ლარი. სამშენებლო კომპანია "კანოს" მიერ შესრულებულ პროექტებს შორისაა: რამდენიმე გადასასვლელი ხიდი თბილისში, ქუთაისის, გორის, ოსიაურის, კაპიტნარის სამხედრო ბაზები, აშშ-ს საელჩო დიღომში, "ქართუ ჯგუფის" ბიზნეს-ცენტრი სოლოლაკში, რამდენიმე თეატრის რეკონსტრუქცია თბილისში და ა.შ.

გასული წელს შეცვლილი კანონის შესაბამისად, იურიდიულ პირებს აღარ აქვთ პარტიების დაფინანსების უფლება, თუმცა მმართველ პარტიას, როგორც კონტროლის პალატის მასალებიდან ჩანს, ეს არ უქმნის პრობლემას, რომ კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯმენტისგან, როგორც ფიზიკური პირებისგან მიიღოს სოლიდური შემოწირულობები.

მმართველი პარტიის 60 ათას ლარიან შემწირველებს შორისაა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მამა შოთა აბულაძე, რომელიც, თავის მხრივ, არის შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ის დირექტორი და 50%-ანი წილის მფლობელი. აღნიშნული კომპანია საბიუჯეტო სახსრებით აწაროებს სამშენებლო საქმიანობას შიდა ქართლში. ამ რეგიონის გუბერნატორის მოადგილე კი აბულაძის სიძეა.

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 25 ათასი ლარი გადაურიცხა შპს "იბოლიას" დირექტორმა და 15%-ანი წილის მფლობელმა იოსებ მაკრახიძემ, მისი კომპანია კი წლების მანძილზე მუშაობს საბიუჯეტო დაკვეთებზე, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ეგიდით წარმოებს.

მმართველი პარტიის შემწირვეებს შორის არიან სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები: მაგალითად, 25 ათასი ლარი გადაურიცხა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" შსს-ს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტის) უფროსის მოადგილემ ჯონი ოთარაშვილმა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მიხეილ გიგაურს, საკუთარ რეზიუმეში მითითებული აქვს, რომ წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, თუმცა მან "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 15 ათასი ლარი შეწირა.

კონტროლის პალატის მონაცემებით, ამავე პერიოდში, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 19 ივნისამდე, პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 43 923,50 ლარის შემოწირულობა მიიღო 6 ფიზიკური პირისგან. აქედან 10 562,50 ლარი თავად პარტიის თავმჯდომარემ მანანამ კობახიძემ გადარიცხა. მსხვილ შემწირველებს შორის არიან, ასევე, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ეკონომისტი ნოდარ ხადური (11 361 ლარი) და მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილი (2000 ლარი).

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია