მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი გახარია - თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში - 09 აპრილი 2020

ufleba.ge

ქოლცენტრ 144-ზე ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რადგან მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქოლცენტრი – 144 რამდენიმე ხნის წინ აუცილებლობიდან გამომდინარე ჩაირთო, რომლის ძირითადი ამოცანაა საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ მოქალაქეებს გასცეს პასუხი.

„სულ რამდენიმე ხნის წინ, აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩაერთო ერთი ქოლცენტრი – 144, რომლის ძირითადი ამოცანა გახლავთ საგანგებო მდგომარეობის პირობების და საკანონმდებლო თავისებურებების შესახებ ჩვენს მოქალაქეებს გასცეს პასუხი. ეს ქოლცენტრი ფუნქციონირებს და ზარების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მოქალაქეებმა უკვე დეტალურად იციან, როგორია საგანგებო მდგომარეობის საკანონმდებლო სპეციფიკა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა 112-ის მნიშვნელობაზე ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და აღნიშნა, რომ 112 გახდა COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი, რადგან მოქალაქეს აძლევს საშუალებას, სიმპტომების გაჩენისთანავე მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია და გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ უნდა მიმართოს სტაციონარს.

„შემიძლია, ოფიციალურად განვაცხადო, რომ 112 სრულიად ახალი ხაზით აეწყო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და პირველად, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, რაც ნიშნავს ოჯახის და სოფლის ექიმს. ეს არის COVID-19-თან ბრძოლის პირველი ხაზი, რადგან თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, როგორც კი რაიმე ელემენტარული სიმპტომი ექნება – სიცხის მატება, სუნთქვის გართულება, მას შეუძლია აიღოს ტელეფონი, აკრიფოს 112.

112 მას მაშინვე დააკავშირებს მის ოჯახის ექიმთან ან სოფლის ექიმთან. ე.ი. ზარი შემოდის თბილისში, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან, ბრუნდება იმ გეოგრაფიაზე, საიდანაც ზარი ხორციელდება და ჩვენს მოქალაქეს აკავშირებს ოჯახის ან სოფლის ექიმთან. შემდგომ უკვე „ჩეკ ლისტის“ შესაბამისად ტარდება კონსულტაცია. თუ საჭიროა მოქალაქის გადაყვანა სტაციონარზე, მაშინ ის გადაჰყავთ რეგიონულ ცხელების ცენტრში, სადაც ის არის 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ მას უტარდება ტესტირება და იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ რომელ სტაციონარში გადაიყვანენ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ამით ვიცავთ ჩვენს მოქალაქეს, პირველივე სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში შეუძლია დარეკოს 112-ზე და მიიღოს ძალიან მაღალი ხარისხის ტელემედიცინის მომსახურება.

მეორე – ვიცავთ ჩვენს სასწრაფო დახმარების ქსელს, რომლის რესურსიც ახლა დასაზოგია და რა თქმა უნდა, ჩვენს სტაციონარებს. შემოსული 400 ზარიდან დაახლოებით 5-6 პროცენტი ბრუნდება უკან 112-ზე, რომ გადავიდეს სასწრაფო მომსახურების დონეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ოჯახის და სოფლის ექიმები უკვე სახლის პირობებში მართავენ პირველად სიმპტომებს, რომლითაც მათ ჩვენი მოქალაქეები მიმართავენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი პირველი ხაზი COVID-19-თან ბრძოლის. სწორედ ტელემედიცინა არის ის შესაძლებლობა, რომელიც სიმპტომების გაჩენისთანავე აძლევს მოქალაქეს საშუალებას, მიიღოს მაღალპროფესიონალური კონსულტაცია, გაერკვეს, უნდა დარჩეს სახლში თუ უნდა მიმართოს სტაციონარს და თუ მიმართავს ცხელების ცენტრს, მაშინვე ჩაუტარდება ტესტი და გაირკვევა, ეს არის COVID-19, თუ სხვა რამ და აქედან უკვე გადანაწილდება სტაციონარებში. ეს გვაძლევს საშუალებას, ის სტაციონარები, რომელიც ქვეყნის მასშტაბით COVID19-თან საბრძოლველად არის გამოყოფილი, იყოს მიზნობრივად დატვირთული. მინდა ყველას მოვუწოდო, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე, თუ გაქვთ სიცხე, გიჭირთ სუნთქვა, პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, უნდა დარეკოთ 112-ში, საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია