მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საიდან ჩნდება ახალი ვირუსები - 17 აპრილი 2020

ufleba.ge

COVID-19-ის პანდემიის გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის გამოჩენამ საზოგადოებას შეახსენა, რომ ცხოველები ხშირად ახალი ვირუსების წყარო არიან. SARS-CoV-2-ს ქალაქ უხანის ბაზრობას უკავშირებენ, სადაც ველური ცხოველებით ვაჭრობა იყო გაჩაღებული, თუმცა ეს ფაქტი გადაჭრით ამ დრომდე ვერ დასტურდება. ვირუსის ყველაზე სავარაუდო წყაროდ ღამურა გამოვლინდა, მაგრამ მეცნიერები ბოლომდე არც იმაში არიან დარწმუნებული, რომ SARS-CoV-2-ის პირდაპირი წყარო ღამურა იყო.

საინტერესოა, როგორ ჩნდება ახალი ვირუსები გარემოში და როგორ იწყებენ ისინი ადამიანთა ინფიცირებას? დროში განაწილებისა და მექანიზმის თვალსაზრისით, ყველა ვირუსს უნიკალური წარმოშობა აქვს, მაგრამ არსებობს ზოგადი ფაქტები, რომლებიც ყველა სახეობის ვირუსს ერგება.

პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ არის ის, რომ ვირუსები ერთი სახეობიდან მეორეში იშვიათად გადადის. იმისათვის, რათა ვირუსი წარმატებით გადავიდეს ახალი სახეობის მასპინძელ ორგანიზმში, მას რამდენიმე რამ უნდა შეეძლოს.

პირველ რიგში, საკუთარი თავის გამრავლების გზით, მას უნდა შეეძლოს ინფექციის ჩამოყალიბება ახალ მასპინძელში. მრავალი ვირუსი მხოლოდ სპეციფიკური ტიპის უჯრედებს აინფიცირებს, მაგალითად, ფილტვის ან თირკმლის. უჯრედზე თავდასხმისას, ვირუსი ეკვრის უჯრედის ზედაპირზე არსებულ კონკრეტულ რეცეპტორ მოლეკულებს და შესაბამისად, შეიძლება ვერ შეძლოს სხვა ტიპის უჯრედების შებოჭვა. ანდაც, რაიმე მიზეზთა გამო, უჯრედში შესულმა ვირუსმა შეიძლება საკუთარი თავის რეპლიკაცია ვერ შეძლოს.

მას შემდეგ, რაც ის ახალ მასპინძელს დააინფიცირებს, ვირუსს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის იმ ოდენობით რეპლიკაცია, რომ სხვებშიც გადავიდეს და დააინფიციროს. ასეთი რამ იშვიათად ხდება და ვირუსთა უმეტესობის ასეთი გადახტომა სრულდება ე. წ. ჩიხიანი მასპინძლით, საიდანაც ვირუსს სხვაზე გადასვლა აღარ შეუძლია და თანდათან კვდება.

მაგალითად, გრიპის ვირუს H5N1-ს, ანუ ე. წ. ფრინველის გრიპს, ადამიანთა დაინფიცირება შეუძლია ფრინველებიდან, მაგრამ ადამიანთა შორის გავრცელებისას ძალიან შეზღუდულია. ზოგჯერ ვირუსები ასეთ ბარიერს სძლევენ და ახალ მასპინძელში გადახტომას ახერხებენ, რითაც ქმნიან ახალი ეპიდემიის გავრცელების გადადების ჯაჭვს.

გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში წარმოებული კვლევების შედეგად, უკვე ვიცით ზოგიერთი მექანიზმი, რომელსაც წვლილი შეაქვს სახეობიდან სახეობაში ვირუსის გადახტომაში. გრიპის ვირუსი ამის კლასიკური მაგალითია. ეს ვირუსი შეიცავს გენომის რვა სეგმენტს და თუ ერთსა და იმავე უჯრედს ორი სხვადასხვა ვირუსი დააინფიცირებს, შეიძლება ერთმანეთს შეერიოს ორივეს სეგმენტები და წარმოიქმნას ვირუსის ახალი სახეობა. თუკი ახალი ვირუსის ზედაპირზე არსებული ცილები მნიშვნელოვნად შეიცვალა ამჟამად ცირკულირებადი გრიპის ვირუსი შტამებისგან, მაშინ მის მიმართ იმუნიტეტი აღარავის ექნება და ახალ ვირუსს სწრაფად გავრცელება შეეძლება.

გრიპის ვირუსის ასეთ ცვლილებას ანტიგენური წანაცვლება ეწოდება. მეცნიერთა აზრით, სწორედ ასეთი რამ მოხდა 2009 წელს, H1N1-ის ეპიდემიისას; ცვლილება მოხდა ღორებში, რომლებისგანაც ვირუსი ადამიანებში გადავიდა და გავრცელებაც დაიწყო. ეს ასევე გახლავთ იმის გენეტიკური მტკიცებულება, რომ ეს მექანიზმი შეიძლება მოქმედებდეს კორონავირუსებშიც, თუმცა მისი როლი SARS-CoV-2-ის გამოჩენაში ჯერ განსაზღვრული არ არის.

ახალი ვირუსები შეიძლება გაჩნდეს ვირუსის გენომში მომხდარი გენეტიკური მუტაციების შედეგადაც. ასეთი რამ უფრო ხშირია იმ ვირუსებში, რომლებიც გენეტიკური ინფორმაცია დნმ-ის ნაცვლად, მისსავე მსგავს რნმ მოლეკულაშია ჩაწერილი. ასე იმიტომ ხდება, რომ ამ ვირუსებს (კორონავირუსების გარდა) არ აქვთ რეპლიკაციის დროს დაშვებული შეცდომების შემოწმების გზა. რეპლიკაციის დროს მომხდარ მუტაციათა უმეტესობა ვირუსს აზიანებს, მაგრამ ზოგიერთ მათგანს პირიქით, ახალი მასპინძლის უფრო ეფექტიანად დაინფიცირების საშუალებას აძლევს.

ახალი კორონავირუსი

საინტერესოა, რა მოხდა SARS-CoV-2-ის შემთხვევაში? გენომის ბოლოდროინდელი ანალიზები მიუთითებს, რომ დღევანდელის მსგავსი ფორმა წლებია ცირკულირებს. ამ ვირუსის უახლოესი ნათესავი გამოვლინდა ღამურებში. თუმცა, სავარაუდოდ, ამ ვურისსა და SARS-CoV-2-ს დაახლოებით 70 წლის წინ ჰყავდათ საერთო წინაპარი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ვირუსებს საერთო წინაპარი ჰყავდათ, მას შემდეგ ათეულობით წლის განმავლობაში მიმდინარე ევოლუციამ ისინი დააცალკევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ SARS-CoV-2 ადამიანებში შეიძლება ან პირდაპირ ღამურიდან გადმოვიდა, ან რომელიმე შუამავალი სახეობის საშუალებით. მაგალითად, ახლო ნათესავი ვირუსები იპოვეს პანგოლინებში. თუმცა, SARS-CoV-2-ის ზუსტი გზა საიდუმლო იქამდე დარჩება, ვიდრე ბუნებაში მის ახლო ნათესავ სახეობებს არ ვიპოვით.

ასევე უცნობია, რა შეიცვალა ვირუსში, რამაც მას ადამიანების ასე ადვილად დაინფიცირების საშუალება მისცა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში კორონავირუსებიდან სამი დიდი დაავადება გავრცელდა — SARS-ი, MERS-ი და COVID-19, სავრაუდოა, რომ ეს არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც კორონავირუსები ადამიანებში გადმოხტნენ და ახალი ეპიდემია გამოიწვიეს.

ვირუსები მსოფლიოში ყველა ცხოველში ცირკულირებს, მაგრამ ადამიანზე გადმოხტომა მათ მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, როდესაც ამის შესაძლებლობა აქვთ, ანუ ჩვენი და ცხოველების კონტაქტის დროს. ადამიანები ახალ ვირუსებთან კონტაქტში ყოველთვის შედიან, როდესაც ახალ ზონებს ითვისებენ და მთელს პლანეტაზე ვრცელდებიან. თუმცა, ვირუსების მომრავლების ყველაზე საუკეთესო საძირკველი მაინც ველურ ბუნებაში ადამიანთა საქმიანობამ და გარეული ცხოველებით ვაჭრობამ შექმნა.

გარდა ამისა, ამას ემატება ჩვენი გლობალური კავშირები, რაც ახალ ვირუსს სულ რამდენიმე დღეში მთელ მსოფლიოში გავრცელების საშუალებას აძლევს. ამიტომ, საჭიროა ჩვენს თავზე ავიღოთ გარკვეული პასუხისმგებლობა მაშინ, როდესაც ვაზიანებთ ბუნებრივ გარემოს და ვზრდით ადამიანებში ვირუსების გადმოხტომის ალბათობას.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია