მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალებაზე უარს ამბობს - 31 ივლისი 2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალებას არ აპირებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, არ აპირებს იმავეს გამეორებას, რაც ოქრუაშვილისა და უგულავას შემთხვევაში გააკეთა.

„სამი თვის წინ მივიღე ჩემთვის ძალიან რთული, საზოგადოების ნაწილისთვის ძნელად გასაგები ან პირდაპირ მიუღებელი გადაწყვეტილება და შევიწყალე ორი ადამიანი. ეს ადამიანები მათი პრეტენზიის მიუხედავად, იყვნენ არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ დამნაშავეები და შევიწყალე, როგორც დამნაშავეები.

ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, თუმცა ეს ურთულესი გადაწყვეტილება მივიღე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. პირადად ჩავთვალე, რომ ეს ნაბიჯი გზას გაუხსნიდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის რეფორმას, იმას, რაც მიგვიყვანდა მშვიდობიან და სამართლიან არჩევნებამდე, დესტაბილიზაციის საშუალებას არ მისცემდა იმ ძალებს, რომლებსაც არც არჩევნები სურთ, არც ქვეყნის წარმატება. დღეს მე ამას არ გავიმეორებ.

ჩემს წინაშე დასმულ კითხვას ასე ვუპასუხებ – მე ამ პიროვნებას არ შევიწყალებ. ჩემზე კიდევ უფრო კარგად ქართულმა საზოგადოებამ იცის ყველაფერი მის შესახებ და იცის, რატომ არ მივიღებ შეწყალების გადაწყვეტილებას. ასევე, ისიც იცის, რომ ჩემ გადაწყვეტილებაზე ვერავინ და ვერაფერი მოახდენს გავლენას.

დღეს მნიშვნელოვანია, ყველამ დაიწყოს მზადება არჩევნებისთვის, რათა ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ქვეყნის ურყევი გზა დემოკრატიისკენ. ეს არის ჩემი ამ ქვეყანაში მოღვაწეობის მთავარი მიზანი და ამ გზას არ გადავუხვევ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება ორბელიანების სასახლეში, მხატვარ მამუკა ცეცხლაძისა და 10 წლის მუსიკოს ცოტნე ზედგენიძის კარანტინში შექმნილი ნამუშევრების წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ღონისძიებას მიწვეული სტუმრები, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მანამდე, ორბელიანების სასახლეში მყოფმა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რურუას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა.

საქართველოს პრეზიდენტმა ძალიან გაბედული გადაწყვეტილება მიიღო ორ სხვა საქმესთან დაკავშირებით, რაც აქ პოლიტიკური სიტუაციის დეპოლარიზებას ისახავდა მიზნად. საბოლოო ჯამში, ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იქნება. 8 მარტის შეთანხმება მოიცავდა მნიშვნელოვან დაპირებას, რომ თავიდან იქნებოდა აცილებული სასამართლო პროცესში პოლიტიკური ჩარევა. ამ დაპირებას არ აქვს ვადები. დაპირება, რომელიც მხარეებმა აიღეს, გათვალისწინებულია წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დღესვე, გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა როგორც საქართველოს ოპოზიციურ პარტიებში, ისე უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებმაც სალომე ზურაბიშვილს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდეს.

საქართველოს ყველა მეგობრის ამოცანაა, ცივილიზებული ფორმით სცადონ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა კიდევ უფრო მეტ შარში არ გახვიოს, სწორედ ამას ემსახურება მათი გზავნილები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი რურუა თავისუფალი უნდა იყოს და ძალადობის ფაქტები არ უნდა ფიქსირდებოდეს.

„რურუა უნდა იყოს თავისუფალი, რადგან ეს პრინციპულ, სიმბოლურ საკითხად იქცა, ძალადობის ფაქტები აღარ უნდა გვქონდეს არც ერთი. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ გზას გააგრძელებს ძალაუფლებას დაკარგვის შიშით და ეს შიში რაციონალურია, ამით თავს ვერ გადაირჩენს, მაგრამ შარი ქვეყნისთვის იქნება კიდევ უფრო მეტი, ვიდრე მთელი ამ წლების განმავლობაში იყო ივანიშვილისა და მისი გარემოცვის ქმედებების გამო“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე – „გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებით რა პასუხი გასცა საერთაშორისო პარტნიორებს ივანიშვილმა“, ოპოზიციონერი დეპუტატი პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მთლიანად ვერ აიგნორებს საერთაშორისო პარტნიორების გზავნილებს.

„მე ასე არ ვიტყოდი, რომ პასუხი გასცა, რაღაც ასეთ უძლეველ რაინდად, თუნდაც ბოროტ რაინდად ვერ წარმოადგენ. ჩვენ ვნახეთ, რომ ვერ აიგნორებს ამ გზავნილებს მთლიანად. ეს კარგია ქვეყნისთვის. რურუას შემთხვევა, კიდევ ერთი აშკარა მაგალითია, როგორ ასრულებს სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთას, მნიშვნელოვანი, სიმბოლური ფაქტორია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როგორც მან აღნიშნა, გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, რა მეთოდით, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

„ჩვენი ყველას ამოცანა, ნებისმიერი მექანიზმით ამ შემთხვევის დახურვაც, ანუ ივანიშვილის მხრიდან რურუას გათავისუფლება, რა მეთოდს გამოიყენებს, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლა პასუხი კი არ იქნება, იქნება პრობლემა ქვეყნისთვის, რომელსაც ივანიშვილი ქმნის. თან ამას აკეთებს ისე, რომ ეს მასაც ვერაფერს ახეირებს, უფრო მეტიც, დიდ პერსონალურ შარში გახვევს. უბრალოდ ჩვენი თვითმიზანი ეს არ არის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამასთან, ბოკერია მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს.

„ეს თუ იქნა პრეზიდენტი, მხოლოდ კარგი იქნება ქვეყნისთვის. სწორედ ამიტომ მოუწოდებენ ჩვენი ქვეყნის მეგობრები ამისკენ“ , – აღნიშნა დეპუტატმა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანას პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.

„პოლიტიკურად მორჩილმა სასამართლომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაავალა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმარი და საარჩევნო პროცესში  პოლიტიკური პატიმრით შესვლა ნიშნავს იმას, რომ დაუკარგავს ნდობას არჩევნებს და მის შედეგებს როგორც ამომრჩევლის, ასევე საერთაშორისო პარტნიორების თვალში“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლება მოუწევს.

„უკვე კეთდება განცხადება როგორც ევროპარლამენტიდან, ასევე ამერიკის კონგრესიდან, პრეზიდენტს მოუწოდებენ, შეიწყალოს გიორგი რურუა. მოუწევთ გათავისუფლება და ეს რაც უფრო სწრაფად გაკეთდება, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის.

ქვეყანას ელახება პოლიტიკური სახე. ეს მოქმედებს ეკონომიკაზე, ინვესტიციებზე, ქვეყანაში აღრმავებს სიღარიბეს. ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილების, ანუ, პოლიტიკური დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება აფერხებს ქვეყნის განვითარებას.

გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია. სალომე ზურაბიშვილმა კეთილი ინებოს, დაუჯეროს პარტნიორებსა და იმ ქვეყნებს, რომელთაც პანდემიის პირობებში 5 მილიარდი ლარის დახმარება გაუწიეს ქვეყანას და შეიძლება, კითხვის ნიშანი დაესვას ამ დახმარების სრულყოფილად გამოყოფის საკითხს“, – განაცხადა გოცირიძემ.

ამასთან, დეპუტატის განმარტებით, რურუას გათავისუფლების იურიდიული მექანიზმი შეწყალება ან სტრასბურგის სასამართლოა.

„ქვეყანაში უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, ეს არის მთავარი მოთხოვნა. იურიდიული მექანიზმი არის ორი – შეწყალება ან სტრასბურგის სასამართლო. სტრასბურგი არის გრძელი გზა, რაც არჩევნებამდე ვერ მოესწრება. არჩევნების პროცესში შესვლა პოლიტიკური პატიმრით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს არჩევნების ლეგიტიმაციას.

კვლავ გაგრძელდება განცხადებები დასავლელი პარტნიორების მხრიდან. რაც კონგრესმენებმა და ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, იგივე თქვა დიპლომატიური ენით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. დიპლომატის ნათქვამი, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება და შეწყვიტეთ პოლიტიკური დევნა.

თუ ამას ივანიშვილი ვერ ხვდება, მიახვედრებენ. ივანიშვილი მაშინ ხვდება, როცა საფრთხე მის ჯიბეს დაემუქრება და ამას გრძნობს. ეს რომ არ ეგრძნო, დღეს ციხეში იქნებოდნენ ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა. მოუწევთ, გიორგი რურუას გათავისუფლება, მაგრამ ნუ აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს. ეს დროულად გააკეთონ და ამის მექანიზმია შეწყალება“, – განაცხადა რომან გოცირიძე.

აბსოლუტურად ნათელია, რომ გიორგი რურუას საქმეზე არის სრული კონსოლიდაცია, მათ შორის პოლიტიკურ სპექტრში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, გიორგი რურუას საქმეზე ოპოზიციის ერთობლივი გაცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ერთი კონკრეტული მოქალაქე დღეს არის სისტემის მსხვერპლი.

„პოლიტიკურად, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლოს მსგავსი გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან აზიანებს პოლიტიკურ კლიმატს. სწორედ ამას გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორებიც. სწორედ ამიტომ იყო გიორგი რურუას საქმე 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი. ეს გამოსავალი დღეს იქნებოდა პრეზიდენტის მხრიდან გიორგი რურუას შეწყალება. ვფიქრობ, პრეზიდენტს, რომელმაც უკვე გადადგა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების, დღეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს როგორც ზეპარტიულ სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებულ ადამიანს. მგონია და ვიმედოვნებ, რომ ამ შანსს პრეზიდენტი ხელიდან არ გაუშვებს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო კლიმატის შესაქმნელად მნიშვნელოვანია, სამართლებლივი და პოლიტიკური დევნა გამოირიცხოს.

„თავიდანვე, ვიდრე 8 მარტის შეთანხმება იქნებოდა მიღწეული, ვამბობდით, რომ ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო კლიმატისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს სამართლებლივი და პოლიტიკური დევნა, მით უმეტეს იმ ადამიანებისა, რომლებიც რაღაცნაირად დაკავშირებულნი არიან მედიასთან ან პოლიტიკასთან. როდესაც ოთხწლიანი პატიმრობა მიესჯება ადამიანს, რომელსაც ეს კონკრეტული დანაშაული ნამდვილად არ აქვს ჩადენილი, ეს ნიშნავს, რომ ხვალ, ზეგ შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი აღმოჩნდეს უსამართლო განაჩენის მსხვერპლი. საერთოდ, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისზე რა ჭორები დადის, თუ ადამიანს უსჯიან, მას უნდა მიუსაჯონ კონკრეტულად იმ დანაშაულისთვის, რომელიც მართლა აქვს ჩადენილი და კონკრეტულად მტკიცებულებების საფუძველზე“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, ბურჯანაძის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა გვარს, არამედ საუბარია პრინციპზე, რომ არ შეიძლება, ადამიანი, რომელსაც კონკრეტული დანაშაული არ ჩაუდენია, მხოლოდ იმიტომ იყოს ციხეში, რომ ის ამჟამად პოლიტიკურად მიუღებელია.

„განცხადებაში შემთხვევით არ თქმულა, რომ აქ გვარს არ აქვს მნიშვნელობა. აქ არ არის ლაპარაკი კონკრეტულ პიროვნებაზე. ლაპარაკია პრინციპზე, რომ არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც კონკრეტულად ეს დანაშაული არ ჩაუდენია, მხოლოდ იმიტომ ჩასვა ციხეში, რომ შენთვის ამ ეტაპზე პოლიტიკურად მიუღებელია. ძალიან საინტერესოა ქალბატონი კელის განცხადებაც, რომელიც პირდაპირ ამბობს, მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყოoს. ეს ნიშნავს, რომ არ სჯერა ამ გადაწყვეტილების სამართლიანობის“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ლოგიკური იქნება, პრეზიდენტმა შეწყალების უფლება კიდევ ერთხელ გამოიყენოს.

„ქართულ ოცნებას“ უნდა, თავის ამომრჩეველს აჩვენოს, თითქოსდა არის პრინციპული. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ სპეკულირებს იმით, რომ, სამწუხაროდ, ბატონ რურუას წარსული სამართლიანად, თუ უსამართლოდ კითხვის ნიშნებს ნამდვილდ აჩენს საზოგადოებაში და არ არის პოპულარული რურუას დაცვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ არ აქვს მნიშვნელობა, მე და თქვენ გვაქვს თუ არა კითხვის ნიშნები რურუას წარსულთან დაკავშირებით, თუ ეს კითხვის ნიშნები ხელისუფლებას ჰქონდა, მაშინ იმ საქმეებზე დაეჭირა, გამოეძიებინა და ეთქვა, რომ დამნაშავეა ან უდანაშაულოა. ხელისუფლება რურუას მექანიზმს დროის გასახანგრძლივებლად იყენებს, რომ ოპოზიციას არც თუ პოპულარული განცხადებები გააკეთებინოს და ამაზე ითამაშოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საზოგადოება, რომელიც გააკეთებს ანალიზს, რა ხდება, სწორ დასკვნებს გამოიტანს. გრდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ უნდა, თავის ამომრჩეველს აჩვენოს, რომ დიდად არ ენაღვლება, დასავლეთი რას იტყვის. ვითომ, ის დამოუკიდებელია და აქვს იმის რესურსი, რომ დასავლეთს შეეწინააღმდეგოს. ეს ძალიან დიდი ტყუილი და ილუზიაა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

გიორგი რურუასთან დაკავშირებით სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით რურუას უკვე მისჯილი აქვს შესაბამისი ვადა, ამაში პოლიტიკურ სარჩულს მე ვერ ვხედავ, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, წლების განმავლობაში მართლმსაჯულების სისტემა მუშაობს გამართულად.

„გვქონდა საშუალება, რომ გამჭვირვალედ გვენახა ამ პროცესის მიმდინარეობა. სასამართლომ მიიღო განაჩენი, შესაბამისად, დღეის მდგომარეობით რურუას უკვე მისჯილი აქვს შესაბამისი ვადა სასამართლოს მიერ. ამაში პოლიტიკურ სარჩულს მე ვერ ვხედავ და რა თქმა უნდა, სრულიად გამოვრიცხავ პოლიტიზებული გადაწყვეტილების მიღებას. ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, ეს არის მათი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვფიქრობ, გიორგი რურუას საქმე არ არის გამონაკლისი იმ საქმეებისგან, რომლებიც საქართველოს სასამართლოებში თვეში ათეულობით გამოდის, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, თუკი რომელიმე მსჯავრდებული, მათ შორის გიორგი რურუა, არის უკმაყოფილო თავისი განაჩენით, ამისთვის არსებობს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოები.

„კარგი იქნება თუ ამ პროცესების პოლიტიზება არ მოხდება და მხარეებს, მათ შორის რურუას, შეეძლება, თავისი არგუმენტებით თავისივე სიმართლე ამტკიცოს შემდგომ ისტანციაში“, – განაცხადა წულუკიანმა.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდა სენატორ ჯიმ რიშისა და ევროპარლამენტარ კუბილიუსის მოწოდებას საქართველოს პრეზიდენტისადმი, რომ შეიწყალოს გიორგი რურუა, თეა წულუკიანმა აღნიშნა: „სენატორის ტვიტერი აქ, სვანეთში ჯერ არ ამოსულა, ამიტომ არ ვიცი, ეს ხუმრობით. რაც შეეხება ცოტა უფრო სერიოზულად, ეს არის ლობიზმი და ლობიზმის გამოვლინება, ლობიზმი ვინც იცის რაც არის, ის ხვდება, რაც ხდება. მე კი ვიტყოდი, რომ სამწუხაროდ, ლობიზმი ისეთი ინსტიტუტია, რომელიც ხანდახან იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ესა თუ ის კანონმდებელი, სენატორი იქნება, თუ კონგრესმენი შეყვანილი იქნეს შეცდომაში. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, ის არის დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში და მე ვერ ვიქნები საქმის კურსში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილება შეიძლება ჰქონდეს მას მიღებული, ან საერთოდ გეგმავს თუ არა ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღებას.“

გიორგი რურუა, ჩემთვის არც პოლიტიკურ პერსონას წარმოადგენს, არც მედიასთან დაკავშირებულ პირს, რადგან ვიცით მისი დამოკიდებულება და ჩართვის ხარისხი მედიაში, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისი თქმით, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანა მიუღებელია, ხოლო შეწყალება პრეზიდენტის უფლებაა.

„რაც შეეხება პრეზიდენტის მხრიდან შეწყალებას ან პროცესს, რომელიც სასამართლოში წარიმართა, ერთი მხრივ, სასამართლო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის ამ წლების განმავლობაში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების დახმარებით, ჩემთვის მიუღებელია, ეჭვი შევიტანო ამ დამოუკიდებელი შტოს გადაწყვეტილებაში და, მეორე მხრივ, ასევე ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოს, პრეზიდენტის ნება და დისკრეციული უფლებაა, შეიწყალებს თუ არა კონკრეტულ პატიმარს“, – განაცხადა წილოსანმა.

როგორც დეპუტატი ამბობს, მნიშვნელოვანია, პოზიციის მიუხედავად, კანონის წინაშე ყველა ადამიანი იყოს პასუხისმგებელი.

რეჟისორი გოგა ხაინდრავა, გიორგი რურუას შეწყალების წინააღმდეგია. მისი მოსაზრებით, უკვე მსჯავრდებული პოლიტპატიმარი არ არის.

რეჟისორმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსს წერილი გაუგზავნა.

"თქვენ, ბატონო კუბილიუს, როგორც ევროკავშირის მოქალაქე და ევროპარლამენტის დეპუტატი, "პოლიტპატიმრებად“ რაცხთ სისხლის სამართლის დამნაშავეებს, ვისაც საკუთარ ქვეყანაში, საქართველოში, ბრალი მიუძღვით უმძიმეს კრიმინალურ დანაშაულებებში და ეს მათი ბრალი დადასტურებილია სუვერენული ქვეყნის სასამართლოს მიერ.

მეტიც, ეს ადამიანები წარმოადგენენ სწორედ იმ რეჟიმს, რომლის მიმართ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გამოტანილი აქვს არა ერთი ვერდიქტი, სადაც პარტია "ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები იმხილებიან სისტემურ, უმძიმეს დანაშაულებებში, ისეთებში, როგორიც არის წამება, პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა, მკვლელობები, გატაცებები, ბიუჯეტის ქურდობა, რეკეტი, სხვისი ქონების ძალადობრივი მითვისება!

თქვენ, ბატონო კუბილიუს, იყენებთ რა ევროპარლამენტარის მაღალ სტატუსს, ფაქტობრივად აშანტაჟებთ ქართულ საზოგადოებას და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, როდესაც დაჟინებით მოითხოვთ, "პოლიტპატიმრების" გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და ჟორიკა რურუას განთავისუფლებას. გვემუქრებით რა, ევროპის ფინანსური ინსტიტუტების მიერ, ამ საერთო საკაცობრიო უბედურების, პანდემიის ჟამს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის გამოყოფილი დახმარების შეჩერებით?!

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს თქვენი საქციელი შესაბამისად არის შეფასებული ქართული საზოგადოების მიერ. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, როგორც არავინ მსოფლიოში, კარგად ვიცით რა აქვთ ჩადენილი და რას წარმოადგენენ, თქვენთვის „პოლიტპატიმრები“ და ჩვენთვის კრიმინალები რურუა, უგულავა და ოქრუაშვილი. ასევე გარწმუნებთ, რომ თქვენ ამომრჩევლებსაც ლიეტუვაში, კოლეგებს და ოპონენტებს ევროპარლამენტში, აუცილებლად ეცოდინებათ ვის ქომაგობთ თქვენ საქართველოში. აი რა მიზნით და რა მიზეზით, ამის ახსნა მათთვის, თქვენთვის მომინდია,"- წერს გოგა ხაინდრავა წერილში.

ამ ფონზე, დღის ბოლოსკენ პრემიერი გახარია პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა, 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.

მომზადებულია „პირველი არხისა“ და „რუსთავი 2-ის“ მასალების მიხედვით.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია