მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მაგდა ხოჭოლავა - არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს - 05 აგვისტო 2020

ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავა, რომელსაც ბრალად უკანონო საექიმო საქმიანობა ედება, განცხადებას ავრცელებს.

მინდა განცხადებით გამოვეხმაურო გუშინ, 4 აგვისტოს საქართველოს პროკურატურის მიერ, ჩემ მიმართ, წარდგენილ უსაფუძვლო ბრალდებებს, უკანონო საექიმო საქმიანობასთან დაკავშირებით.

პირველ რიგში, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს და იმედი მაქვს, მალე სასამართლოს მიერ მიღებული იქნება ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილება.

ასევე, მინდა გამოვეხმაურო ტელევიზიით არასწორად გავრცელებულ სრულიად უსაფუძვლო და აბსურდულ ბრალდებას, იმის თაობაზე, რომ თითქოს გამოძიებისგან თავის არიდების მიზნით, განზრახ დავტოვე ქვეყანა და "გავიქეცი" იტალიაში.

უნდა აღინიშნოს, რომ 25 წელზე მეტია აქტიურად ვეწევი ლიცენზირებულ, დამოუკიდებელ საექიმო საქმიანობას ანესთეზია-რეანიმაციის მიმართულებით, საიდანაც 10 წელი ვმუშაობდი შესაბამისი ლიცენზიის ფარგლებში, ანესთეზიოლოგად საქართველოში და ბოლო 15 წელიწადია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ იტალიაში ბერგამოს სააუნივერსიტეტო კლინიკაში, რამაც განაპირობა, განვითარებული მოვლენების დროს, ჩემი ქვეყანაში არყოფნა.

შესაბამისად, ვაცხადებ, რომ გაჟღერებული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მეტიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდი საგამოძიებო ორგანოებთან და სიმართლის დადგენის მიზნით, მომავალშიც მზად ვარ,"- აცხადებს ანესთეზიოლოგი მაგდა ხოჭოლავა.

იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი, რომელსაც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მომხდარი ფაქტის გამო ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავასთან ერთად ლიცენზიის გარეშე ანესთეზიოლოგიური და რეანიმატოლოგიური მომსახურების გაწევას ედავებიან, ასევე განცხადებას ავრცელებს.

აგაცი ეხმაურება პროკურატურის ინფორმაციას და ადასტურებს თანამშრომლობას ქართველ ექიმებთან 2016-2018 წლებში. იტალიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ პაციენტების განკურნების პროცესი ემყარებოდა მინიმალურ ინვაზიურ, თანამდეროვე სამედიცინო ჩარევებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

მსურს გამოვეხმაურო 4 აგვისტოს პროკურატურის ინფორმაციას და ასევე იმ ინფორმაციას, რაც მედიასაშუალებებით გავრცელდა. მინდა დავადასტურო, რომ ჩვენ, იტალიელმა ექიმებმა წარმატებით ვითანამშრომლეთ ქართველ ექიმებთან 2016-2018 წელს პაციენტების განკურნების პროცესში. ეს პროცედურები ემყარებოდა მინიმალურ ინვაზიურ, თანამდეროვე სამედიცინო ჩარევებს სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ადგილობრივი ექიმების მიდგომებით პაციენტების მკურნალობასთან დაკავშირებით, რადგან მათ გამოავლინეს უნარი, გამკლავებოდნენ მთელ მკურნალობის პროცესს. როგორც წინასწარ, პროცედურის ჩატარების პროცესში და ასევე პროცედურის ჩატარების შემდგომძალიან მოტივირებულ და მაღალ პროფესიონალურ დონეზე.

მიუხედავად ზოგიერთი სამწუხარო სამედიცინო გართულებისა, რომლებიც საერთო ჯამში ჯანდაცვის სფეროში არსებობს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს თანამშრომლობა წარმატებული იყო და ქართველ პაციენტებს საშუალება მისცა თანამედროვე მკურნალობის საშუალებები მიეღოთ.

შოკირებული და აღშფოთებულები ვართ იმ დეზინფორმაციით, რომელიც ადგილობრივი მედიის მხრიდან გავრცელდა. ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა ქართველი კოლეგებისადმი როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში.

ჩვენ ვეყრდნობით სათანადო კვლევას და გამოძიებას. იმედი გვაქვს საბოლოოდ, სიმართლე გაიმარჯვებს,"- აღნიშნულია იტალიელი ექიმი რობერტო აგაცი განცხადებაში.

დაკავებული ექიმების საქმეზე, "დღის კურიერის" ეთერში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ისაუბრა. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი ზაალ კაპანაძის განცხადებით, უკანონო სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით, ორი ექიმის ბრალეულობა იკვეთება.

"პაციენტთან დაკავშირებით, ჩვენ შესწავლა დავიწყეთ. რაც შეეხება უკანონო სამედიცინო საქმიანობას, აქ იკვეთება ორი ექიმის ბრალეულობა, ესენი არიან, ექიმი ხოჭოლავა და ყიფიანი. ყიფიანმა სამედიცინო მანიპულაცია განახორციელა იმ მიმართულებით, რაშიც მას შესაბამისი სეტიფიკატი არ ჰქონდა. ის სერტიფიცირებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, სისხლძარღვთა ქირურგიაასა და კარდიო ქირურგიაში.

რაც შეეხება ანესთეზიოლოგ ხოჭოლავას, ის გახლავთ იტალიის მოქალაქე, რომელსაც არ აქვს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სერტიფიკატი. ამის გათვალისწინებით, მას არ ჰქონდა უფლება საქართველოში რაიმე ტიპის სამედიცინო მანიპულაცია ჩაეტარებინა,"- აღნიშნავს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი ზაალ კაპანაძე.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს იურისტის მიერ ნათქვამს, სადაც ის ამბობს, რომ იტალიის მოქალაქე ექიმს, სერტიფიკატი იტალიაში აქვს აღებული და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო და იტალია მიერთებულები არიან საერთო შეთანხმებას, შესაძლოა, ბრალდების მხარემ ეს სასამართლო პროცესზე თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ - ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი პასუხობს და ამბობს, რომ ექიმს, ვისაც უცხო ქვეყნის სერტიფიკატი აქვს, შეუძლია მიმართოს კლინიკას, რომელსაც ის საქართველოში ჩამოჰყავს, შემდეგ კი ისინი წარმოადგენენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, თუმცა მას ეს არ გაუკეთებია.

"თუ საქართველოში აღებული სერტიფიკატი აქვს ექიმს, მას შეუძლია სამედიცინო მანიპულაცია სერტიფიკატით გათვალისწინებულ ფარგლებში განახორციელოს, თუმცა ექიმს, ვისაც უცხო ქვეყნის სერტიფიკატი აქვს, შეუძლია მიმართოს კლინიკას, რომელსაც ის საქართველოში ჩამოჰყავს, შემდეგ კი ისინი წარმოადგენენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. დოკუმენტებში უნდა ეწეროს, თუ რა ტიპის ოპერაციის ჩასატარებლად ჩამოდის ექიმი საქართველოში. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნულ ექიმს მსგავსი დოკუმენტაცია არ ჰქონია და მას რეგულირების სააგენტოში არანაირი განცხადება არ გაუკეთებია. ის იტალიის მოქალაქეა და საქართველოში უკანონო საექიმო საქმიანობას აწარმოებდა,"- აცხადებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი ზაალ კაპანაძე.

დაზარალებული ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ გამოძიების დასრულებამდე ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.

"სისხლის სამართლის საქმეში ჩვენ დაზარალებული მხარეს არ წარმოვადგენთ. სასამართლოზე შუამდგომლობით პროკურატურა შედის.  აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს სამართლებრივად ამ საქმეზე რაიმე სახის შუამდგომლობის დაყენების საშუალება. ბატონი მირზა, პაციენტის მამა ითხოვს სამართლიანობის აღდგენას, ვინაიდან 20 თვის განმავლობაში ადამიანი ეძებს ნუგეშს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობა შეიცვალოს. რეგულირების სააგენტოდან მოპოვებული მტკიცებულებით, საერთოდ არ ჰქონდათ ამ ექიმებს საქმიანობის ლიცენზია. დაცვის მხარის სტრატეგია როგორი იქნება მათი საქმეა. ექსპერტიზები დანიშნულია, გაცნობილი ვარ სისხლის სამართლის საქმეს და მტკიცებულება, რომ ამ ხალხს, ლიცენზია და სერთიფიკატი არ ჰქონდათ, ფაქტია. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაძლებელია დამატებითაც აღმოჩნდეს ვინმე საბრალდებო სკამზე,"-განაცხადა "დღის კურიერში"  ნათია ცირეკიძის ოჯახის ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა.

კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 25 წლის ნათია ცირეკიძის მამა აცხადებს, რომ ვიდრე მის შვილს ოპერაციას გაუკეთებდნენ, დაპირება მიიღეს, რომ ოპერაციას უცხოელი სპეციალისტები ჩაატარებდნენ, თუმცა რეალურად შედეგი სხვა დადგა.

"ვიმყოფებოდით კლინიკაში, ამჟამად დაკავებულ ბატონ ყიფიანთან მქონდა შეხვედრა. რომელმაც მითხრა, რომ უცხოელი სპეციალისტები იტალიიდან ჩამოჰყავდათ და ატარებდნენ ამ პროცედურას. ჩვენც დავთანხმდით, მაგრამ სამწუხაროდ, სხვა მხრივ წავიდა ყველაფერი.

ასეთ გართულებას არ ველოდით. ერთხელ ჩატარებული გვქონდა სექტემბერში და საერთოდ 5 წუთიანი პროცესი იყო. სიხშირის აბლაცია უნდა მომხდარიყო. ერთხელ ჩაუტარდა, მაგრამ ტკივილი არ მოუხსნა და შემდეგ გადაწყვიტეს მეორედ ჩატარება, რა დროსაც მოხდა ეს უბედური შემთხვევა, შეცდომა დაუშვეს, დატოვეს უჟანგბადოდ ანესთეზიოლოგმა და გამოიწვია ეს შედეგი.

პრობლემა იმაშია, რომ გვეუბნებიან ერთს, რომ ჩაატარებს უცხოელი სპეციალისტი და ახლა გვიხსნიან, რომ სულ სხვამ ჩაატარა. ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ უცხოელ სპეციალისტებთან გვქონდა კავშირი. მეც მქონდა გასაუბრება მათთან რამდენიმე წუთით ადრე, სანამ ამ პროცედურას დაიწყებდნენ, ამიხსნეს რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. შემდეგ სულ სხვანაირად განვითარდა მოვლენები," - აღნიშნა მირზა ცირეკიძემ.

ცირეკიძის თქმით, მისი შვილის ჯანმრთელობის არანაირი გაუმჯობესება არ აღინიშნება.

"საერთოდ ვერაფერს ვერ პროგნოზირებენ და ვერაფერს ვერ გვეუბნებიან. ყოველდღე უარესდება, უკეთესობა არ არის," - განაცხადა კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ქალის მამამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ბრალდებული დირექტორისა და კიდევ ერთი თანამშრომლის მხარდამჭერები შეიკრიბნენ.

აქციას შეუერთდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, მაგდა ხოჭოლავას წლებია იცნობს და მას ლიცენზია ჰქონდა, უბრალოდ, განახლება სჭირდებოდა.

"ქალბატონ მაგდას ვიცნობ დაახლოებით 30 წელია. არის რეანიმატოლოგი - ანესთეზიოლოგი, რომელიც მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და შემდეგ წავიდა იტალიაში, არის იტალიის მოქალაქე. ჩამოდიოდა ჩვეულებრივად, აქ აქვს აღებული ლიცენზია. მუშაობდა აქ ანესთეზიოლოგად დაახლოებით 25-30 წლის წინ, სანამ წავიდოდა იტალიაში. იქ არის ერთი ტექნიკური საკითხი - განახლება სჭირდებოდა ამ საბუთებს და ეს განახლება არ გაუკეთებია, იმიტომ რომ იტალიაში ცხოვრობს და იქ მუშაობს,"-განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ბრალდებული ექიმების ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი აცხადებს, რომ საქმის მასალების მიხედვით არათუ აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოთ, არამედ ბრალდებულებადაც კი არ უნდა იყვნენ ცნობილნი.

"გადმომეცა საქმის მასალები. გავეცანი სრულად და დეტალურად და მხოლოდ გამიღრმავდა ის საფუძველი, რომ აბსოლუტურად არ არსებობს დანაშაული ამ ადამიანების ქმედებაში, არცერთი მუხლით რაც წარმოდგენილია ბრალში, არ არსებობს საფუძველი იმისა, რომ არათუ აღკვეთის ღონისძიება და პატიმრობა შეეფარდოთ, საერთოდ, ბრალდებულებად იყვნენ ცნობილი,"-განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს სამსახურებრივ გულგრილობას, ხოლო ვახტანგ ყიფიანს თაღლითობას და უკანონო საქმიანობას ედავებიან, რაც შეეხება ექიმ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიის მოქალაქეა, მას ლიცენზიის გარეშე ანესთეზიოლოგიური და რეანიმატოლოგიური მომსახურების გაწევაში ედება ბრალი. 

საქმე ეხება 25 წლის ქალს, რომელიც უკვე 20 თვეა კომატოზურ მდგომარეობაშია. 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ოპერაციის ავტორის კვალიფიკაციის შემოწმება გამოძიებამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს მოთხოვნა პაციენტის ოჯახმა დააყენა. დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

მომზადებულია „რუსთავი 2-ის“ მიხედვით.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია