მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
მოსახლეობაზე ზრუნვა თუ ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა - 06 აგვისტო 2020

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მოსაზრებით, მთავრობის მხრიდან მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გამოყოფა ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვაა.

როგორც ჟურნალისტებს გოცირიძემ განუცხადა, ხელისუფლება ხალხს დასცინის. მისი თქმით, მისი პარტია მთავრობას მოუწოდებდა, რომ შიმშილის ზღვარზე მისული ადამიანებისთვის ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გარეშე დახმარება გაეწია და ამ დროის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 530 მილიონი ლარიდან გაცემულია მხოლოდ 111 მილიონი.

ეს პროცესი პირველ აგვისტოს მორჩა, მაგრამ ვამბობდით, რომ წინასაარჩევნოდ გადამალული ექნებოდათ და სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყებდნენ გაცემას. დახმარების მიმღებების უდიდესი ნაწილიქართული ოცნებისაქტივი და მათი კოორდინატორები იქნებიან.

ამავე დროს, ადამიანებს ზეწოლას და 300 ლარიანი დახმარების მიცემას დაუწყებენ, თუქართული ოცნებისსაარჩევნო შტაბში იმუშავებენ. ეს არის ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა. ვალის სახით ხუთი მილიარდი ლარი ავიღეთ და ხალხის გადასახდელი ფულით მანიპულაციას ეწევა საქართველოს ხელისუფლება.

რატომ არ გასცეს ეს ფული, როცა კარანტინში გამოკეტილი ადამიანები შიმშილის პირას იყვნენ? ხალხი ახლა რატომ გაახსენდათ, წინასაარჩევნოდ? დიახ, ჩვენ ვითხოვდით, რომ დახმარება ყველა თვითდასაქმებულზე ყოველგვარი საბუთების გარეშე გაცემულიყო. ახლაც ამას ნაწილობრივ აკეთებენ, მაგრამ იმ 400 მილიონის ფარგლებში, რომელიც გადამალეს და მის გამოყენებას წინასაარჩევნოდ აპირებენ. სად არის 133 მილიონი, რომელიც კოვიდ ფონდში ბიზნესმა შეიტანა? მაშინ რატომ არ იყენებდნენ, როცა ხალხს უჭირდა?

ახლა გამოაცხადეს, რომ თურმე, ივანიშვილისა და მათთან დაახლოებული ბიზნესმენების ფული დახმარებებისთვის დაიხარჯებაო, ესეც არის მოსყიდვის ერთ-ერთი ფორმა. ფული, რასაც მთავრობა გასცემს, საგარეო ვალია და ჩვენი გასასტუმრებელია. ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც არაფერი გასცა. ჩვენი ზეწოლის შედეგია, რომ თვითდასაქმებულებისთვის დახმარება გამოეყოთ ისევე, როგორც კომუნალური გადასახადები დაეფარათ.

აანონსებენ, რომ იგივე ქმედებები ზამთარში გამეორდება, მაგრამ ეს ხელისუფლება ზამთარში არ იქნება. ხალხს როგორ დავეხმარებით, ოქტომბრის მერე გამოჩნდება. ოქტომბრის შემდეგ დანაპირები სახლში წაიღონ, ისინი არ იქნებიან, ოპოზიციური ხელისუფლება ვიქნებით და საზოგადოება ნახავს, ნამდვილი თანადგომა რას ნიშნავს“, – განაცხადა გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ მთავრობა აგრძელებს თავის მოწონებას, რომ აი, თითქოს ოპოზიციის რჩევას ვასრულებთ.

- ოპოზიციის კი არა, ხალხის მოთხოვნაა, რომ შეწყვიტეთ ხალხის ხარჯზე ჩვენი ფულის ფლანგვა და შანსის წართმევა ადამიანებისთვის, რომ თავისი შრომით გამოვიდეს სიღარიბიდან - დაწიეთ გადასახადები, მიეცით შანსი, რომ საპენსიო ფონდიდან თავისი არჩევანით გამოიყენონ ფული, - ამბობს ბოკერია.

მისი თქმით, სქემა, რომ მთავრობა ხალხს ფულს წაართმევს და მის მცირე ნაწილს წინასაარჩევნოდ გადაუგდებს, არ იმუშავებს და ეს უბრალოდ ქვეყნის მოსახლეობის დამცირებაა.   

გამოართვით ყველაფერი, 200 ლარი, კიტრი, პომიდორი, "რაზვადნოი კლუჩი"... მერე ხმა არ მისცეთ - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ 18  წლამდე მოქალაქეებს 200-200 ლარი დაურიგდებათ.

ამავე პარტიის გენერალური მდივანი გიგი უგულავაც ფიქრობს, რომ მოსახლეობამ ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გამოართვას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი ხმა ოპოზიციას მისცეს.

პარტია "გირჩის" ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ "დღის კურიერის" ეთერში მთავრობის ანტკრიზისულ გეგმას ნასესხები ფულის გადანაწილება უწოდა. მისი თქმით, ხელისუფლებას თავისი მმართველობის 8 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ეკონომიკის რეალურად გაჯანსაღების მიზნით და პანდემიის დროსაც მხოლოდ პიარზე გათვლილ ნაბიჯებს დგამს, რომელიც რეალურად მოსახლეობის სიღარიბეს ვერაფრით უშველის:

"ანტიკრიზისული პაკეტი უნდა გულისხმობდეს იმას, რომ კრიზისი უნდა იყოს დაძლეული. 17 წლამდე ბავშვებს ურიგებენ 200 ლარს ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ ამ ბავშვების ცხოვრება დაალომბარდა, აიღო სესხი ქვეყნის გარედან და დაურიგა ბავშვებს. სინამდვილეში ეს არის რომ ბავშვებს აძლევენ ფულს, რომელსაც რომ გაიზრდებიან რამდენიმე წელწადში მათი გასასტუმრებელი იქნება. არაფერი ამაში ანტიკრიზისული არაა, ეს არის გარედან მოტანილი ფულის განაწილება.

პანდემიის გარეშეც ჩვენ ვართ ჭაობში და ძალიან ძალიან ღარიბი ქვეყანა ვართ. პანდემიამ ახლა დაარტყა, თორემ მანამდე 8 წელია ხელისუფლებაში იყვნენ და რა გაკეთდა იმისათვის რომ საქართველო გამდიდრებულიყო? აქ გვაქვს სრული საგიჟეთი, რომ გადავხედოთ რას აკეთებს ეკონომიკური თვალსაზრისით ხელისუფლება, გვაქვს ბარდაგი, იმიტომ რომ გონზე არ იყვნენ, რა უნდა გაეკეთებინათ და სინამდვილეში როგორ იზრდება ეკონომიკა. პანდემიამდე მოვედით ძალიან ცუდად და ამას დაემატა პანდემია და პანდემიის დროს გადადგმული სრულიად გაუაზრებელი პიარზე გათვლილი ნაბიჯები და ათასგვარი შეზღუდვები,"- განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მსგავსი ფულის დარიგებები წინასაარჩევნო მოსყიდვაა, რადგან ადამიანები ისეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში არიან, რომ მზად არიან ამ ფულის სანაცვლოდაც კი მისცენ "ოცნებას" ხმა.  როგორც "გირჩის" ლიდერი ამბობს, ვიდრე  სწორი ეკონომიკური რეფორმა არ ჩატარდება, საქართველო მათხოვრების და ჩმორების ქვეყანა იქნება, სადაც მთავრობა თავისი მიზნის მიღწევას ასეთი მცირე რაღაცების დარიგებით მოახერხებს:

"ეს მოსყიდვაა  ცხადია, წინასაარჩევნოდ გაღატაკებულ მოსახლეობას ფულს ურიგებ. ეს არის ნასესხები ფულის გადანაწილება მოქალაქეებზე და კამათი იმაზე, ასე ჯობია, თუ ისე ჯობია, მაგას შინაარსი არ აქვს, მაშინ მათხოვრები დავრჩებით და სულ ვიკამათებთ იმაზე, როგორ ჯობია ნამათხოვრალი ფულის  განაწილება და ეს არაა გამოსავალი.

ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური ცვლილება ეკონომიკური წესრიგის, იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დადგეს და მოქალაქეები აღარ იყვნენ მათხოვრებივით და აღარ გვჭირდებოდეს გარედან შემოტანილი ფულის გადანაწილება და დარიგება.

ჩვენ გვჭირდება, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა საკუთარ ქვეყანაზე თვითონ აიღონ პასუხისმგებლობა და შეძლონ საკუთარი თავის შენახვა, ოჯახების შენახვა და მეგობრების და ახლობლების დახმარება. მანამ სანამ ამას არ მივაღწევთ და ასეთ სწორ რეფორმას არ გავატარებთ, მანამდე ვიქნებით მათხოვრების და ჩმორების ქვეყანა სადაც მთავრობა რაღაცებს დაგვირიგებს და გაგვიხარდება, არა მხოლოდ გაგვიხარდება, არამედ ადამიანების დიდი ნაწილი ამ ფულის სანაცვლოდ წავა და არჩევნებზე მხარს დაუჭერს "ოცნებას" ისეთ გაჭირვებულ დღეშია,"- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ იმ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომლის გადადგმაც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა რეალურად განვითარდეს:

"სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივები, რომელიც არის რეალურად ამ ქვეყნის მოქალაქეების საკუთრება, ეს უნდა იქცეს კერძო საკუთრებად. მანამ სანამ აქტივების დიდი ნაწილი სახელმწიფოს ხელშია და ძალიან მცირე მოქალაქეების, საუბარი კაპიტალისტურ სისტემაზე და თავისუფალ ბაზარზე არის ილუზია და ზღაპარი.

მეორე ისაა, რომ  მთავრობას მიაქვს იმაზე მეტი ფული ჩვენი ჯიბიდან ვიდრე სჭირდება იმ ფუნქციების შესრულებას, რაც უნდა ქონდეს მთავრობას. მთავრობის საქმეა, რომ თავდაცვას, სასამართლოს და საგარეო საქმეს მიხედოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ლარი არ იყოს ერთადერთი საშუალება გადახდის. მოქალაქემ ის ფული უნდა გამოიყენოს რომელსაც ენდობა,"- განაცხადა "გირჩის" ლიდერმა.

150, თუნდაც 200 ლარით "ქართულ ოცნებას" უნდა 4 წლით იყიდოს უფლება, ძარცვოს ბიუჯეტი - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა "დღის კურიერში" გააკეთა. ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წინასაარჩევნო პიარია.

"გახანგრძლივებული ეკონომიკური კრიზის შედეგად საიდან უნდა მოვიდეს ფული. ვალები კრიზისამდეც იმდენი დაუგროვა "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანას, რომ ახლა რაც ავიღეთ, მივედით ზღვარზე, 60% არის მთლიანი ჩვენი შიდა პროდუქტის. მეტ ვალს ვეღარ აიღებ პრაქტიკულად. შიგნით ბიზნესს საგადასახადო რეჟიმი და მთავრობის რეგულაციები კლავს.

შესაბამისად, როცა სამუშაო ადგილები იკარგება და უმუშევრობა ქვეყნის ნომერ პირველი პრობლემაა, მთავრობა უნდა ფიქრობდეს, რომ ხალხი მთავრობის შემყურე არ იყოს. ხალხი ამბობს, რომ მათ სურთ მთავრობამ ისეთი სივრცე შექმნას, იმუშაონ და ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი. 

გუშინ ახმეტაში მითხრა მოქალაქემ, ესენი მთავრობაში რომ დარჩნენ, 2021 წელი უფრო ცუდი იქნება, ვიდრე 2020 და 2022 უფრო უარესი, ვიდრე 2021. ხალხი ვერ ხედავს "ქართული ოცნების" და ივანიშვილის პირობებში გამოსწორების პერსპექტივას. ამიტომ ხალხი ამ დახმარებას კარგად ხვდება, რომ არის წინასაარჩევნო პიარი. 150, თუნდაც 200 ლარით, "ქართულ ოცნებას" უნდა 4 წლით იყიდოს უფლება, ძარცვოს ბიუჯეტი, ძარცვოს ხალხი, შეინარჩუნოს სიღარიბე, შეინარჩუნოს უმუშევრობა.

უდავოდ ეს არის საარჩევნო მოსყიდვის ფაქტი. როცა ჩვენ 23 მარტს დავდეთ გეგმა და ეს ყველაფერი აგვისტო-სექტემბერში გადმოგაქვს, არის მოსყიდვა," - განაცხადა "დღის კურიერში" ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გამიჭირდება, ახალ ანტიკრიზისულ პაკეტს პირდაპირ მოსყიდვა დავარქვა, მაგრამ ეს საპარლამენტო არჩევნებზე თავის გავლენას იქონიებს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა ჯურნალისტებს განუცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, წინასაარჩევნოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა როგორც წესი, პრობლემურია, თუმცა პანდემიის გამო, არასტანდარტული ვითარებაა, მით უმეტეს, როცა საუბარი იყო მთავრობის მიერ თანხების არასაკმარისი ოდენობით გამოყოფაზე.

როცა სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა წინასაარჩევნოდ ხორციელდება, როგორც წესი, პრობლემურია. წელს არასტანდარტული ვითარებაა, როცა პანდემიის გამო დამატებით მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები შეექმნათ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს და ამიტომ, პირდაპირ ვერ ვიტყვით, რამდენად შეიძლება საარჩევნოდ მოსყიდვა ეწოდოს. მით უმეტეს, მთავრობის მისამართით ამბობდნენ, რომ თანხები საკმარისი არ იყო და უფრო მეტის გამოყოფა იყო საჭირო.

გამიჭირდება, ახალ ანტიკრიზისულ პაკეტს პირდაპირ მოსყიდვა დავარქვა, მაგრამ ეს საპარლამენტო არჩევნებზე თავის გავლენას იქონიებს“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

ყოველგვარი ბრალდებები, სპეკულაცია, რომ სოციალურ პაკეტს, რომელიც დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა, აქვს წინასაარჩევნო ხასიათი, არის საფუძველს მოკლებული, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა პირველივე დღიდან ზრუნავს მოქალაქეებზე და ეს ზრუნვა გაგრძელდება ნებისმიერ პერიოდში, იქნება ეს წინასაარჩევნო, თუ საარჩევნო პერიოდში.

„ყველა დახმარების პაკეტი, რომელიც გაიცემა, უნდა იყოს პირველ რიგში საბიუჯეტო პარამეტრებში, ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ამა თუ იმ კომპენსაციის გაცემის, რა თქმა უნდა, საჭირო არის დათვლა და დრო საჭირო იყო, რათა ჩვენ შეგვეფასებინა უკვე კომპენსაციის მომთხოვნთა რაოდენობა. გახსოვთ, რომ თავიდან შეთავაზება გავაკეთეთ მოსახლეობისთვის როგორც თვითდასაქმებული ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვინც დაკარგავდა შემოსავალს და თავიდანვე ვერ განვსაზღვრავდით, რამდენი ადამიანი იქნებოდა ისეთი, რომელიც მიმართავდა მთავრობას ამა თუ იმ კომპენსაციის მისაღებად.

შესაბამისად, დრო მხოლოდ დასათვლელად კი არა, ყველას ერთად გვჭირდებოდა, რათა გვენახა, რომ თუნდაც 250 ათასმა ადამიანმა მიმართა სახელმწიფოს თვითდასაქმებულთა კომპენსაციის მისაღებად, გვენახა, რომ დაახლოებით იგივე რაოდენობის ადამიანმა მიმართა სახელმწიფო, რომ ჩვენ აგვენაზღაურებინა მათთვის სამსახურის დაკარგვის კომპენსაცია.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიწურა ყველა ვადა, რომელიც იყო განსაზღვრული ამ ადამიანების მხრიდან სახელმწიფოსთან მიმართვის გასაკეთებლად, შევაფასეთ, რა ფინანსური რესურსის დახარჯვა გახდებოდა საჭირო უკვე ამ კატეგორიების კომპენსაციების გასაცემად, ჩვენ უკვე შევძელით და დავინახეთ, რა ფინანსური რესურსი რჩება სახელმწიფოს, რომ გავანაწილოთ შემდგომ კატეგორიებზე და მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩვენი ვალი და ძირითადი ამოცანაა, ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან მოსახლეობის სოციალური დახმარება მოსყიდვა არ არის.

ამასთან, როგორც ვოლსკი აცხადებს, მტერი უნდა იყო, ხელისუფლებას მიუთითო იმაზე, რომ დღეს წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის პაკეტი მოსყიდვას წარმოადგენს.

„საქართველოში ძალიან რთული პერიოდია. მთელს მსოფლიოში ეკონომიკის ვარდნაა. აპრილ-მაისის პერიოდში ეკონომიკური ვარდნა 17 პროცენტამდე იყო. ახლა ნაკლებია, მაგრამ ეკონომიკა საგანგებოდ რთულ მდგომარეობაშია. ევროპული ანალიტიკა აჩვენებს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპულ ეკონომიკას ასეთი კრიზისი არ ჰქონია.

საგანგებოდ მნიშვნელოვანია, სოციალური პროგრამები გაგრძელდეს და ამას თუნდაც დაემატოს ანაზღაურება კომუნალური გადასახადების იმ ხალხისთვის, ვინც სოციალურად შეჭირვებულია. დახმარების მთელი მიმართულებებია, რაც მოსყიდვად ვერ ჩაითვლება. მტერი უნდა იყო, ხელისუფლებას მიუთითო იმაზე, რომ ეს მოსყიდვას წარმოადგენს.

მით უმეტეს, როცა მთავრობა არავის ეკითხება, საპარლამენტო არჩევნებში მხარს რომელ პარტიას უჭერს, ან თავის პოლიტიკურ პოზიციას შეცვლის თუ არა. როგორც ვიცი, კომუნალური გადასახადები თებერვლამდე გაგრძელდება.

იმედია, სამედიცინო დარგისა და ეკონომიკური გუნდის დახმარებით, ამ პერიოდს დავძლევთ, არჩევნებსაც მაღალ დონეზე ჩავატარებთ და მომავალი წლისთვის კიდევ უფრო მომზადებული ვიქნებით. ვისურვებდი, ოპონენტებს კონსტრუქციული წინადადებები ჰქონდეთ არსებულ ვითარებაზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მოსახლეობას ჰკითხეთ, მათზე ზრუნვა მოსყიდვაა, თუ ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულება? – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მისამართით კრიტიკა იმ შემთხვევაში იქნება ობიექტური, თუ ის ოპოზიციის ზრახვებს აყვება და მოსახლეობას არ დაიცავს.

ოპოზიციის სურვილებსა და ზრახვებს თუ ავყვებით, ალბათ, „კოვიდ 19“-ის ბრძოლის გზაზე ეს პოზიტიური შედეგიც არ უნდა დაგვედო, რომ მათ ხელისუფლების მიმართ ბრალდებები უფრო მაღალ ტონალობაში გაეჟერებინათ. სოციალური დახმარებები და პანდემიის პოზიტიური შედეგი მათ დესტრუქციულ გეგმას წინ ეღობება. ოპოზიციის განწყობებზე, სურვილებსა და ზრახვებზე რომ ავეწყოთ და მოსახლეობა არ დავიცვათ, ალბათ, მაშინ იქნება ხელისუფლების მიმართ კრიტიკა ობიექტური. მოსახლეობას ჰკითხეთ, მათზე ზრუნვა მოსყიდვაა, თუ ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულება?“- განაცხადა ხუნდაძემ.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ეპიდსიტუაციის გამო ტურიზმის აღდგენა ვერ მოხერხდა, საჭირო გახდა ხელისუფლებას სოციალური დახმარების შემდგომი ეტაპი დაეწყო.

საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, პანდემიის გამო საკმაოდ რთულ პერიოდს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ პოზიტიური, სხვებისგან გამორჩეული შედეგი დავდეთ, შესაძლო მეორე ტალღა არის საყურადღებო. გარდა იმისა, რომ დავიცავით მოსახლეობის ჯანმრთელობა, ეს შედეგი ბოლომდეა მისატანი. ასევე, მნიშვნელოვანია კონკრეტული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა მათი მხარდაჭერა.

ამიტომ, იყო ფინანსური დახმარებების პირველი ეტაპი, ეს იქნებოდა კომუნალური გადასახადები თუ სხვა დახმარებები. დღეს არის უკვე მეორე ეტაპი. იყო მოლოდინი, რომ შესაძლებელი იქნებოდა პოზიტიური ეპიდვითარების გამო ტურიზმი ამოქმედებულიყო, გახსნილიყო სხვადასხვა საწარმო და ეკონომიკური აქტივობა უფრო მაღალ ნიშნულზე ასულიყო, მაგრამ მოსალოდნელმა მეორე ტალღამ ეს მოლოდინები შეცვალა. ამიტომ ამ ეტაპზე აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან თითოეული ოჯახის და განსაკუთრებით, იმ მიზნობრივი ჯგუფების დახმარება, ვისაც ამ ვითარებაში ეს აუცილებლად ესაჭიროება“, – განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარებების გაცემის კიდევ ერთი ეტაპი განხორციელდება, რომლის საერთო ბიუჯეტი 480 მლნ ლარია.

17 წლის ჩათვლით საქართველოს ყველა მოქალაქე ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებს და პროგრამის ბიუჯეტი 170 მლნ ლარია.

ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მთავრობას მიმართა, თუმცა დოკუმენტაცია არ ჰქონდა გამართული, ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარი დაერიცხება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური მხარდაჭერის პროგრამა ზამთრის თვეებშიც გაგრძელდება, რისთვისაც 280 მლნ ლარი გამოიყო.

150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სახელმწიფო გარკვეული პერიოდის განმავლობაში სწავლის საფასურს დაუფინანსებს და ამაში 35 მლნ ლარი დაიხარჯება.

მომზადებულია „პირველი არხისა“ და „რუსთავი 2-ის“ მიხედვით.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია