მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ადამ კინზინგერი - საქართველოსთვის დადგა დრო, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი - 08 აგვისტო 2020

საქართველოსთვის დრო დადგა, რათა გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე – „მშვიდობა და უსაფრთხოება რეგიონში: დეოკუპაციისთვის ბრძოლის 12 წელი“ განაცხადა.

როგორც კინზინგერმა აღნიშნა, აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი მხარს უჭერენ საქართველოს.

„მინდა გითხრათ, რომ ათვლის წერტილი არის 12 წელი. საქართველოსთვის დადგა დრო, გახდეს ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. ვფიქრობ, ჩემი მეგობრები დაეთანხმებიან, რომ ის ფაქტი, რომ საქართველო ოკუპირებულია, ვფიქრობ, არ უნდა გახდეს მიზეზი, რათა საქართველო არ გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ყველაზე ძლიერ პარტნიორებს შორის არის ავღანეთში ოპერაციების დროს. როდესაც ერთ სულ მოსახლეზე ჩართულობაზე ვსაუბრობთ, საქართველო მეორე გახლავთ აშშ-ის შემდეგ ავღანეთში ჩართულობის თვალსაზრისით და ვფიქრობ, ეს პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია მომავლისთვის. აშშ-ის კონგრესი, სენატი და პრეზიდენტი, ყველა მხარს უჭერს საქართველოს და გავაგრძელებთ ამის კეთებას“, – განაცხადა კინზინგერმა.

დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ, – ასე გამოხემაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე.

გახარიას თქმით, სპეკულაციების მიუხედავად, საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება.

„ადამ კინზინგერის განცხადებას ვაფასებ შემდეგნაირად: მიუხედავად, აი, ამ ვაკხანალიისა, ბრალდებისა,  მიუხედავად კერძო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის ბედით და მომავლით სპეკულირებისა, ჩვენ ვახერხებთ და ვაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ძირითად მიმართულებებზე. ესენია: ნატო, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, აშშ, ევროკავშირი.

ამ მიმართულებით როგორი სპეკულირებაც არ უნდა გააგრძელონ, საქართველოსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება. პირიქით, ეს ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში გახდა ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასდროს. სწორედ ამის შედეგია მსგავსი განცხადებები. დღეს საქართველო სრულად არის მზად ნატო-ს წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ. ეს არის პროცესი, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მშვიდობიანი განვითარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი პირობაა”, – განაცხადა გახარიამ.

ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება არის ჩვენი ხალხის მტკიცე არჩევანი და რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პრიორიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ამერიკელი კონგრესმენენის ადამ კიზინგერის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, საქართველოს აქვს ხელშესახები პროგრესი ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით.

„საქართველო თავის უსაფრთხოებას მომავალში, ისევე როგორც ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სტაბილურობას ხედავს ევროკავშირში და ნატო-ში. მადლიერნი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის და რასაკვირველია, აშშ არის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე ძლიერი საქართველოს მხარდაჭერაში, როდესაც საქმე ეხება გაწევრიანებას ნატო-ში. დღესაც საქართველო ნატო-ს არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს შორის არის ყველაზე დიდი შემადგენლობით წარმოდგენილი ავღანეთში, სხვა სამშვიდობო მისიებში და ჩვენ გვეამაყება, რომ ჩვენი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცების მხარდამხარ იცავენ მსოფლიოში მშვიდობას და თავისუფლებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მომზადებულია "პირველი არხის" მიხედვით. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია