მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პაატა იმნაძე - კორონავირუსი არსად წასულა, წესებს თუ არ დავემორჩილებით, მოგვიწევს შეზღუდვების დაწესება - 10 აგვისტო 2020

მესტია არის ის შემთხვევა, როდესაც კორონავირუსმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ არსად წასულა და თუ წესებს ყველა არ დავემორჩილებით, იძულებულები გავხდებით, შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მესტიის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მესტია ჩაიკეტა, მისი წითელ ზონად გამოცხადებაზე საუბარი ნაადრევია.

„სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია, ვამბობთ. მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება, რომ კორონა არის ჩვენ გვერდით და შედეგი სახეზე გვაქვს. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც კორონამ თვალნათვლივ დაგვანახა, რომ არსად წასულა და თუ წესს ყველა არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებულები გავხდებით, რომ ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. ერთადერთი, რაც შემიძლია მოვუწოდო ყველას, არის, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები.

მესტია, პრაქტიკულად, გადადის გამკაცრებულ რეჟიმზე, მაგრამ წითელ ზონაზე ჯერ ლაპარაკი ზედმეტია. იქ უკვე მუშაობს ხუთი რაზმი, მეექვსე გზაშია და ხვალიდან კიდევ ერთი ამდენი დაემატება. მასობრივი კვლევები იქნება ჩასატარებელი, მერე შეგვიძლია ვთქვათ, როგორია სიტუაცია მთლიანად მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა იმნაძემ.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – უშგულსა და ლენჯერში წესდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოქმედი რეგულაციები, მათ შორის საკარანტინო შეზღუდვები. ამასთან, ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და მოსახლეობის მასობრივი ტესტირება, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, იზღუდება მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა-გასვლა, რასაც საპატრულო პოლიცია და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები გააკონტროლებენ. ასევე, წესდება შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.

გარდა ამისა, დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოში აღნიშნავენ, რომ თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ჰიგიენა.

„კოვიდ-19“-ის ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინო ზონებში განათავსებენ. ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს გაივლის სავალდებულო კარანტინს. უკვე შექმნილია რეგიონული შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს უზრუნველყოფს.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დარეკონ 112-ზე“, – აცხადებენ საკოორდინაციო საბჭო.

მათივე ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერსა და დაბა მესტიაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგად აღებული 30 სინჯიდან კოვიდინფიცირების 16 შემთხვევა დადასტურდა.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია Stop CoVid, რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთან შესაძლო კონტაქტს და იმ სივრცეებში გადაადგილებას, სადაც ინფიცირების რისკი მაღალია“, – აღნიშნავენ საბჭოში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია