მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პაატა იმნაძე - ელემენტარულ წესებს თუ არ დავიცავთ, დამერწმუნეთ, რაც დღემდე მოვიდა, აღარ იქნება - 12 აგვისტო 2020

ელემენტარულ წესებს თუ არ დავიცავთ, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, დამერწმუნეთ, რაც დღემდე მოვიდა, აღარ იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა, კლიენტებთან ურთიერთობაში მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები.

„ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, შავი ზღვისპირეთს, კახეთს,  თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, დახურულ სივრცეებში არ ვატარებთ ნიღაბს, არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის რაც დღემდე მოვიდა, სამწუხაროდ, აღარ იქნება. ვითარება შეიძლება გახდეს ისეთივე, როგორიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია.

განსაკუთრებით მოვუწოდებ მათ, ვისი ბიზნესებიც ახლა მუშაობს, სასტუმროები იქნება თუ რესტორნები, ყველამ მაქსიმალურად დაიცვას წესები თავის კლიენტებთან ურთიერთობაში. ამაზე იქნება დამოკიდებული, რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ ასე მშვიდობიანად და ნელ-ნელა გავიდეთ ფონს და აციებამდე არ დაგვემუქროს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეული ჩვენგანის ამ პროცესში ჩართულობა“, – განუცხადა "პირველ არხს" იმნაძემ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი განცხადებით, კორონავირუსის საშიშროება არსად წასულა, კვლავ არსებობს და მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი საქმიანობა უნდა იყოს დღის წესრიგში.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გია ვოლსკი სვანეთთან დაკავშირებით მიღებულ შემზღუდავ ზომებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პანდემიასთან ბრძოლაში რა სტრატეგიასაც მიჰყვება, მხარდასაჭერია, მაგრამ ამავე დროს, თუ თავად საზოგადოება არ იქნება მობილიზებული, ყველანაირი ძალისხმევა უშედეგო იქნება.

„იგივე, სვანეთში 900 ადამიანი არის გარიდებული და საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი. უამრავი პროვოკაციული განცხადება იყო, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გამართულად მუშაობს, მაგრამ რესურსი ამოუწურავი არ არის. აქედან გამომდინარე, მათი მოქმედებები ინტენსიურია, მაგრამ მოსავლელი ხალხის რაოდენობამ გარკვეულ ლიმიტს არ უნდა გადააჭარბოს. ადამიანი არ მეგულება, არც ოპოზიციაში მათი დესტრუქციული ქმედებების მიუხედავად, რომელიც არ და ვერ ხედავს, თუ რამხელა საშიშროება აგვცდა, თუმცა ისიც დასანახია, რომ ეს საშიშროება არსად წასულა, კვლავ არსებობს და მთავრობისა და საზოგადოების ერთობლივი საქმიანობა უნდა იყოს დღის წესრიგში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია